ქალაქ ყვარლის ტერიტორიისა და მდინარე დურუჯის ხეობის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №323
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ ყვარლის ტერიტორიისა და მდინარე დურუჯის ხეობის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ
ყვარლის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში უაღრესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ა. ქალაქს, მის მოსახლეობასა და მიმდებარე ტერიტორიებს ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება ემუქრება. მდინარის ხეობის სათავეში დაგროვილია დიდძალი ნაშალი ქანი. თოვლის დნობისა და წვიმების თანხვედრის შემთხვევაში, რითაც ხასიათდება კახეთი, უაღრესად იზრდება ღვარცოფის მოვარდნის ალბათობა. მკვეთრად გაუარესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა. რეალური საფრთხე ექმნება ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარეულ საფარს, ცხოველთა სამყაროსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
ღვარცოფული პროცესების პერიოდულობის გათვალისწინებით და კატასტროფული მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით:
1. ქალაქ ყვარლის ტერიტორია და მდინარე დურუჯის ხეობა 2001 წლის 15 აგვისტოდან გამოცხადდეს საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარმა სამმართველომ (ო. ტაველიშვილი), გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე), ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ნ. ბერაძე), ყვარლის რაიონის გამგეობამ (დ. ლაფაჩიშვილი) განსაზღვრონ საგანგებო ეკოლოგიური ზონის რეჟიმი, დაამუშაონ და დაამტკიცონ განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმები მოსალოდნელი ღვარცოფსაშიში სიტუაციის თავიდან აცილებისა და უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით.
3. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და სამუშაოთა დაჩქარებისათვის ტოპოგრაფიული, საპროექტო, მდინარე დურუჯის მყარი ნატანის დინამიკის მოდელირების სამუშაოები და ქალაქ ყვარლის, მისი მოსახლეობისა და მიმდებარე ტერიტორიების ღვარცოფული ნატანებისაგან დაცვისა და მდინარე დურუჯის კალაპოტის დარეგულირების გენერალური სქემის შესადგენი პროგრამა შეასრულონ „საქქალაქპროექტმა“, სს „საქწყალპროექტმა“, „საქნაპირდაცვამ“ და საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახურმა, ხოლო სამშენებლო და მდინარე დურუჯის კალაპოტის დარეგულირების სამუშაოები – ქალაქ ყვარლის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ განახორციელოს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხების კოორდინაცია.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარმა სამმართველომ ყვარლის რაიონის გამგეობასთან ერთად უზრუნველყოს:
ა) ქალაქ ყვარლის მოსახლეობისათვის ღვარცოფსაშიშროების დროულად შეტყობინების მიზნით დროებითი საგუშაგოს მოწყობა გაძლიერებული მორიგეობის რეჟიმის შემოღებით;
ბ) მოსახლეობის სწავლება ღვარცოფსაშიშროების შეტყობინების სიგნალებისა და მათი მიღების შემთხვევაში ქცევისა და მოქმედების წესების შესახებ;
გ) შესაძლო სტიქიური უბედურების ზონიდან წინასწარ შერჩეულ უსაფრთხო რაიონებში მოსახლეობის დროულად გაყვანის მიზნით ძირითადი და სათადარიგო მარშრუტების დაგეგმვა.
5. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს მდინარე დურუჯის ხეობაში ღვარცოფსაშიშროების ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზი მოსახლეობისათვის დროულად შეტყობინების მიზნით.
6. ეთხოვოთ მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწიონ დახმარება მდინარე დურუჯის ხეობაში მოსალოდნელი მოვლენების ზემოქმედებისა და ნეგატიური შედეგების შესუსტების გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელებისათვის.
ე. შევარდნაძე