საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „სამეწარმეო“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებად;

გ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას“.

3. 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 184-ე მუხლში სიტყვები „აგრეთვე, მეწარმე ფიზიკური პირების მიერ მიღებულ შემოსავლებზე“ შეიცვალოს სიტყვებით „აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე“.

5. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე. ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ამ კოდექსის მე-8 მუხლის  მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“

6. 186-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „დ“ პუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში“, ხოლო სიტყვა „სამეწარმეო“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური“.

7. 209-ე მუხლის:

ა) სათაურსა და მე-2 ნაწილში სიტყვა „სამეწარმეო“ შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „სამეწარმეო საქმიანობისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკური საქმიანობისათვის“, ხოლო სიტყვები „სამეწარმეო საქმიანობას“– სიტყვებით „ეკონომიკურ საქმიანობას“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 8 ივნისი.

№2056-IIს