„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის N138 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100111, 10/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №1/04

2011 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმIII, 04.06.2008,№80,მუხლი859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 10%.

7. სარეზერვო ანგარიში – უცხოური ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის წარმოადგენს ბანკის სპეციალურ სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში, რომელიც გამოიყენება უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების შესანახად. ეროვნული ვალუტით სავალდებულო რეზერვების დაცვის მიზნებისათვის სარეზერვო ანგარიშად გამოიყენება ბანკის ეროვნული ვალუტის ანგარიშსწორების ანგარიში ეროვნულ ბანკში.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მოზიდულ სახსრებში არ გაითვალისწინება კომერციული ბანკის კაპიტალი ან მასთან გათანაბრებული სახსრები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული „სუბორდინირებული სესხი“.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

„41. თანხების უცხოური ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხოს არა უგვიანეს დასაცავი პერიოდის დაწყების დღის 15:30 საათამდე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, სარეზერვო ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება მომდევნო სამუშაო დღეს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე, მაგრამ არა უმეტეს მინიმალური რეზერვების თანხისა, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი. დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხა ეროვნულ ვალუტაში ჩაირიცხება ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.“.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ვალუტის მინიმალურ რეზერვებზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი, შემდეგი პირობებით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი მეტია ან ტოლია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება მინიმალური რეზერვის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ნაშთი ნაკლებია მინიმალურ რეზერვებზე (დასაცავ ნაშთზე), პროცენტის დარიცხვა განხორციელდება საშუალო ნაშთის იმ თანხაზე, რომელიც აღემატება ეროვნულ ვალუტაში საშუალო მოზიდული სახსრების 5%-ს;

გ) დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნული ვალუტით, ბანკის შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.

51. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი მინიმალურ სავალდებულო რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშვება საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო მონაცემების კორექტირების შედეგად.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის წინადადებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია:

ა) ბანკი გაათავისუფლოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისაგან;

ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევაში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან;“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

2011 წლის 20 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) არის 5%.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებისა და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით.

    მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.

გ. ქადაგიძე