საქმე ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი #18183/05)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ს
მეორე სექცი ის
განჩინება
საქმე „ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”
(განაცხადი №18183/05)
2010 წლის 8 ივნისი
ქ. სტრასბურგი
წინამდებარე განჩინება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ის შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.
საქმეში: ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, თავმჯდომარე,
დანუტე ჯოშიენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ანდრეას შაიო
ნონა წოწორია,
კრისტინა პარდალოსი,
გვიდო რაიმონდი, მოსამართლეები
და სალი დოლე, სექციის რეგისტრატორი,
განიხილა რა საქმე პალატის 2010 წლის 18 მაისის სხდომაზე, გამოიტანა შემდეგი განჩინება:
1. პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (№18183/05), რომელიც სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ორი მოქალაქის, ბატონ გივი ხაინდრავასა (შემდგომში – „გ ანმცხადებელი”) და ქალბატონ მარი ძამაშვილის (შემდგომში – „გ ანმცხადებელი ქალბატონი”) მიერ, 2005 წლის 7 აპრილს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში, „კ ონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე.
2. სასამართლოს წინაშე განმცხადებლებს წარმოადგენენ ბატონი ზაზა ხატიაშვილი და ქალბატონი ცირა ჯავახიშვილი, ადვოკატები თბილისიდან. საქართველოს მთავრობა (შემდგომში– „მთავრობა”) წარმოდგენილია ბატონ ბესარიონ ბოხაშვილის – ყოფილი სახელმწიფო წარმომადგენლის მიერ.
3. განმცხადებელი განსაკუთრებით ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა იგნორირება გაუკეთეს მისი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გამოძიების ჩატარების არაერთგზის მოთხოვნას.
4. განმცხადებლის მიერ, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების შესახებ მთავრობას 2006 წლის 28 აგვისტოს ეცნობა (სასამართლოს რეგლამენტის 54§2 „ბ” მუხლი). იმავე დღეს, სასამართლომ, განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა გადაწყვიტა (კონვენციის 29§3 მუხლი).
ფაქტები
1. საქმის გარემოებები
5. განმცხადებელები დაიბადნენ შესაბამისად, 1938 და 1959 წელს. ისინი ცხოვრობენ თბილისში და მეუღლეები არიან.
6. 1997 წელს, დილის 4 საათზე, განმცხადებელს თავს დაესხნენ საკუთარ სახლში, მარტვილის რაიონში (სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეული). ის თავის არეში ძლიერ იქნა ნაცემი სამი (ან ორი) პირის მიერ ავტომატის კონდახითა და წიხლებით.
7. განმცხადებლის თანახმად, მეორე დღეს, მისი ოჯახის წევრებმა პოლიციაში შეიტანეს საჩივარი, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ამის შემდეგ განმცხადებელმა თვითონ მიაგნო თავდამსხმელთაგან ორს – დ.პ.-სა და გ.ტ.-ს, განაიარაღა ისინი და თავისთან, სახლში მიიყვანა. შემდეგ ის დაუკავშირდა გ.მ-ს, მარტვილის რაიონის პროკურორსა და ვ.ბ.-ს - მის თანაშემწეს, რათა მათ დაეკითხათ დაკავებული პირები და ბოლოს და ბოლოს რეაგირება მოეხდინათ საჩივარზე.
8. განმცხადებელმა ვიდეოფირზე ჩაიწერა აღნიშნული შეხვედრა, რომელიც მის სახლში, 1998 წლის 24 სექტემბერს შედგა. საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერიდან შემდეგი ელემენტები იკვეთება : რაიონის პროკურორისა და მისი თანაშემწისთვის ორი დაკავებული პირის ვინაობის გამხელის შემდეგ, განმცხადებელი განმარტავს, რომ საქმე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 1997 წლის ერთ-ერთ ღამეს, მასზე განახორციელეს თავდასხმა მისი მოკვლის მიზნით. პროკურორისა და მისი თანაშემწის წინაშე ორივე აღნიშნულმა პირმა დაადასტურა, რომ განმცხადებელზე სადავო თავდასხმა მათ ა.გ.-ს – ადგილობრივი პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მამის – ბრძანებით განახორციელეს. მათ განმარტეს, რომ ა.გ.-ს დავალებით, განმცხადებელზე განხორციელებული თავდასხმა ისეთი სიმძიმის უნდა ყოფილიყო, რომ ეს უკანასკნელი მომკვდარიყო. თუ აღნიშნული მიზანი მიღწეული იქნებოდა, თავდამსხმელები 50.000 აშშ დოლარს მიიღებდნენ, მაშინ როდესაც არასასიკვდილო დარტყმების მიყენება მათ მხოლოდ 1.500 აშშ დოლარს მოუტანდა. ა.გ.-მ მათ ასევე მისცა «კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატები. მესამე თავდამსხმელი, ვინმე გ.ჩ-უა, მეტსახელად კო-ია (შემდგომში «კო-ია»), სავარაუდოდ, შუამავლის როლს არსულებდა. ამის შემდეგ დ.პ. და გ.ტ. ყვებიან კო-იასთან მათი პირველი შეხვედრის შესახებ, რომელიც მიტოვებულ სახლში შედგა და რომლის ადგილმდებარეობაც მათ მიუთითეს. გ.ტ.-ს თანახმად, კო-იას სურდა, რომ განმცხადებელი «სასტიკად ყოფილიყო ნაცემი»რათა «მისი ასაკიდან გამომდინარე, ის მიყენებული დარტყმებისაგან მომკვდარიყო». გადაღებული დიალოგებიდან ირკვევა, რომ დ.პ. და გ.ტ. სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის, მათ შორის, მკვლელობისა და ადამიანის გატაცებისთვის იძებნებოდნენ და რომ ერთ-ერთი მათგანი მიმალვაში იმყოფებოდა რეგიონის ერთ-ერთი ციხიდან გაქცევის შემდეგ. განმცხადებელი მათ ტყეებში 4 თვის განმავლობაში ეძებდა. ასევე გაირკვა, რომ აღნიშნულმა პირებმა განმცხადებლის მეზობელი, 78 წლის ქალბატონი მოკლეს. აღნიშნული მკვლელობის მიზეზები განმცხადებელმა თავად გამოიკვლია. გარდა ამისა, საუბრებიდან ირკვევა, რომ ხსენებულ ი ადამიანის გატაცების საქმეებში, დ.პ. და გ.ტ. ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელთან კავშირში მოქმედებდნენ.
9. აღნიშნულ შეხვედრას განმცხადებლის სამი თუ ოთხი მეზობელი დაესწრო. მათ სიგარეტი და სასმელი წყალი მისცეს დ.პ.-სა და გ.ტ.-ს, რომლებიც გრძელ სკამზე, გვერდიგვერდ ისხდნენ და თავისუფლად შეეძლოთ მოძრაობა და ჟესტიკულაცია. მეზობლების თანდასწრებით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან მხოლოდ დ.პ.-ს და ისიც მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში სცემა და რომ მან დაინდო გ.ტ., რომელიც მასზე სადავო თავდასხმის დროს, შედარებით ჰუმანურად იქცეოდა. ამის შემდეგ, განმცხადებელი მათ იცავდა და ვერავინ გაბედავდა აღნიშნული ორი პირის დამცირებას, ვიდრე ისინი განმცხადებლის სახლში ცხოვრობდნენ და მის საკვებს ინაწილებდნენ.
10. დასასრულს, განმცხადებელი პროკურორებს ეუბნება, რომ მისი მიზანი, პირისპირ შეეხვედრებინა ისინი ბოროტმოქმედებთან, მიღწეულია და რომ ახლა უკვე მათ უნდა მოეხდინათ შემდგომი რეაგირება. პროკურორებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ამის შემდგ, განმცხადებელი ოთახიდან გავიდა და «კალაშნიკოვის» სისტემის ორი ავტომატით დაბრუნდა, რომელიც მან დ.პ.-სა და გ.ტ.-ს დაუბრუნა და გააფრთხილა, რომ თუკი ისინი აღნიშნულ იარაღს ერთხელ კიდევ გამოიყენებდნენ, ინანებდნენ, განმცხადებელმა მათ ასევე დაუბრუნა მჭიდები, რომლებიც ვაზნებისგან დაცალა. განმცხადებელმა თქვა, რომ «თუ პროკურორები მათ არ დააკავებდნენ, მაშინ, პირადად მას, დამნაშავეთა შემდგომი დაკავების არავითარი მიზეზი აღარ ჰქონდა». შემდეგ განმცხადებელმა პროკურორები გააფრთხილა, რომ პროკურატურის მხრიდან რეაგირებას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დაელოდებოდა. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ ა.გ. მასთან მისულიყო და უარეყო ის სიცრუე, რაც მის პატიოსნებას ზიანს აყენებდა (იხ. §12 ქვემოთ), წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იძულებული გახდებოდა თავად გაესწორებინა ანგარიში. ამის შემდეგ განმცხადებელი დაემუქრა ა.გ.-სა და მისი გვარის მატარებელ ყველა პირს. აღნიშნულზე ერთ-ერთ პროკურორს მყისიერი რეაქცია ჰქონდა. განმცხადებელმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ მას არ გულისხმობდა. განმცხადებელმა პროკურორები გააფრთხილა, რომ თუკი ის იძულებული გახდებოდა, პირადად ეძია შური და შემდ ე გ ტყეში გახიზნულიყო, ამაზე პროკურორები იქნებოდნენ პასუხისმგებელნი და მათ სთხოვა, «ეს არ დაეშვათ». განმცხადებელმა იკითხა, როგორ შეიძლებოდა, რომ ის საქმის კურსში იყო ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხელდაფარებული დანაშაულის შესახებ, მაშინ როდესაც პროკურორებმა ამაზე არაფერი იცოდნენ. ამაზე ერთ-ერთმა პროკურორმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭირო იყო დაზარალებულის მიერ საჩივრის შეტანა. განმცხადებელმა მას ურჩია, რომ იმის მაგივრად, რომ დალოდებოდა დაზარალებულის მისვლას შესაბამის ორგანოებში, ზოგჯერ თვითონაც მისულიყო დაზარალებულთან. თუმცა, განმცხადებლის თქმით ყოველივე ეს «ხელისუფლებას არ აინტერესებდა». ერთ-ერთმა პროკურორმა მას უპასუხა რომ ეს «ერთ დღეს მაინც შეიცვლებოდა». ამის გამო განმცხადებელი აღშფოთდა და ჰკითხა მათ,თუ რა შეიძლებოდა მას,მოსვლოდა იმის მოლოდინში,სანამ «რამე შეიცვლებოდა» და ვინ დაიცავდა მას,თუ ხვალ კიდევ ვინმე მივიდოდა მის მოსაკლავად. რაიონის პროკურორმა დამნაშავეებს შესთავაზა დანებება და მიმალვაში ყოფნის შეწყვეტა. სანაცვლოდ, ის მათ «ჰუმანური ჟესტის» გაკეთებასა და გამოსწორებაში დახმარებას დაპირდა. განმცხადებლებმა დანებებაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
11. იმის გამო, აღნიშნული შეხვედრის მიუხედავად, პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია, განმცხადებელი პირდაპირ ა.გ.-სთან მივიდა,რათა გაერკვია ის მიზეზები, რომლებმაც ის აიძულეს, მისი მკვლელობა შეეკვეთა. აღნიშნული საუბრის შინაარსი უცნობია. თუმცა, საქმიდან ირკვევა, რომ ამ ორ პიროვნებას დიდი ხნის მტრობა ჰქონდათ. განმცხადებლის თანახმად, სწორედ აღნიშნული რევანშის მცდელობებისთვის ბოლოს მოსაღებად და მათი მამის დასაცავად დააკავეს ის ა.გ.-ს ვაჟებმა, პოლიციელებმა, 2000 წელს (იხ. შემდგომ).
12. 2000 წლის 12 იანვარს, განმცხადებელი დაკავებულ და ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი ფულის გამოძალვაში, იარაღის უკანონო ტარებაში, შენახვასა და გადატანაში, აგრეთვე. სხვისი თავისუფლების ხელყოფაში. საქმიდან ირკვევა, რომ 1994 წლის დეკემბერში, ა.გ.-ს ვაჟი, ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ბოროტმოქმედთა ჯგუფმა გაიტაცა. განმცხადებელმა ა.გ.-ს შეუთვალა, რომ მას გამტაცებლებთან კონტაქტი ჰქონდა და შეეძლო მისი შვილის გათავისუფლებაში დახმარება თანხის სანაცვლოდ. ა.გ. დათანმდა გამოსასყიდი თანხის გადაცემაზე მისი ვაჟის გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ ა.გ.-მ უარი განაცხადა გამოსასყიდის გადახდაზე. ამის გამო, განმცხადებელი დაემუქრა ა.გ.-ს და მოითხოვდა გამოსასყიდი თანხის გადახდას. მიიღო რა უარი, მან ა.გ. და მისი ძმისშვილი დაახლოებით ერთი საათით დააპატიმრა. ა.გ.-მ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ განმცხადებელმა მისი ძმისშვილი გაათავისუფლა. გასამართლდა რა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 12 თებერვალს, განმცხადებელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
13. განცხადებლის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში, 2000 წლის 7 აპრილს, აბაშის რაიონის პროკურორმა დაკითხა კო-ია, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმის გამო იყო დაკავებული. კო-იას მტკიცებით, 1997 წლის ერთ ღამეს, მან, დ.პ.-მ და გ.ტ.-მ იქეიფეს და მთვრალები იყვნენ, მათ გადაწყვიტეს განმცხადებელთან მისვლა „მის საცემად”. როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, დ.პ.-მ და გ.ტ.-მ განმცხადებელი „უმოწყალოდ” სცემეს, მაგრამ პირადად მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. კო-ია ამტკიცებდა, რომ ა.გ.-ს აღნიშნულ ინციდენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მისი თქმით, დ.პ.-მ და გ.ტ.-მ იმის გამო დაადანაშაულეს ა.გ., რომ განცხადებელმა ისინი დააკავა და სცემა. კო-ია ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა ისიც დაიჭირა, სცემდა და მისგან მოითხოვდა, ეღიარებინა, რომ მისი მკვლელობა ა.გ.-მ შეუკვეთა. უარი თქვა რა აღიარებაზე, კო-იამ გაქცევა მოახერხა. კო-იამ პროკურორს აცნობა, რომ გ.ტ. გარდაიცვალა, მაგრამ დ.პ.-ს მისამართი ერთმა პიროვნებამ იცოდა, რომლის ვინაობაც მან პროკურორს გაუმხილა.
14. 2001 წლის 20 აპრილს, კო-იამ ციხიდან მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, იუსტიციის მინისტრსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და აცხადებდა, რომ 2000 წლის 7 აპრილის დაკითხვის დროს, მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, რამაც იგი აიძულა განმცხადებელი დაედანაშაულებინა. ის ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ის მონაწილეობდა დ.პ.-სა და გ.ტ.-სთან ერთად განმცხადებელზე 1997 წელს მოწობილ თავდასხმაში, ა.გ.-ს მიერ შეკვეთილი მკვლელობის განხორციელების მიზნით. მისივე მტკიცებით, ის პირადად აწარმოებდა ა.გ.-სთან მოლაპარაკებებს, დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში თანხის მიღებასთან დაკავშირებით. ვინაიდან განმცხადებელი გადარჩა, სამმა თავდამსხმელმა, ა.გ.-ს მიერ დაპირებული 50.000 აშშ დოლარის ნაცვლად მხოლოდ 1.500 აშშ დოლარი მიიღეს. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამი ბოროტმოქმედი ამაოდ ცდილობდა ა.გ.-ს მიერ დაპირებული 50.000 აშშ დოლარის მიღების გეგმის განხორციელებას. ერთ დღეს ისინი განმცხადებელმა იპოვა, გათოკა და სახლში მიიყვანა. პირველი 2 დღის განმავლობაში, განმცხადებელი მათ სცემდა, მაგრამ შემდეგ კარგად ეპყრობოდა. დ.პ.-სა და გ.ტ.-სგან განსხვავებით, კო-იამ გაქცევა მოახერხა. თავის წერილში, კო-ია განმცხადებელს პატიებას სთხოვდა იმისთვის, რომ ასე სულმდაბლად უღალატა და ა.გ.-ს მიეყიდა. ის ამკიცებდა, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ადრე აცნობა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ მისი ჩვენებები გაქრა.
15. 2001 წლის 17 მაისის საჩივრით, რომელიც 2001 წლის 22 მაისს იქნა შეტანილი, განმცხადებელმა ქალბატონმა გენერალურ პროკურორს წარუდგინა წინამდებარე განჩინების მე-6-10 პარაგრაფებში მოყვანილი ფაქტები და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. მან გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოები არ ინტერესდებოდნენ აღნიშნული საქმით, მაშინ, როდისაც მათ მყისიერი რეაგირება მოახდინეს მისი მეუღლის დაკავების მიზნით. განმცხადებელი ქალბატონი მიიჩნევდა, რომ ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ასეთი შერჩევითი მიდგომა განპირობებული იყო ა.გ.-ს ოჯახის წევრების – პოლიციელების პროფესიული სტატუსით. რაც შეეხება ა.გ.-ს, ის მართავდა თავის ოჯახურ კლანს, რომლის წარმომადგენლებიც რეგიონში მაფიოზებივით მოქმედებდნენ. განმცხადებელმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი (იხ. §8 ზემოთ) რაიონის პროკურატურაში ინახებოდა. მან მოითხოვა მის მეუღლეზე 1997 წელს განხორციელებული თადასხმის ფაქტზე გამოძიების ჩატარება და ა.გ.-ს, როგორც დანაშაულის შემკვეთის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
16. ზემოხსენებულ საჩივარში განმცხადებელმა ქალბატონმა ასევე განმარტა, რომ 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გ.ტ. საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული, მაშინ, როდესაც კო-ია ციხეში იყო, ხოლო დ.პ. დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა.
17. 2001 წლის 26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილის რაიონულ პროკურატურას (შემდგომში “მარტვილის პროკურატურა”) გადასცა 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, საუბრების ტექსტები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული შიდასამსახურებრივი გამოძიების შედეგები. 2001 წლის 30 ივლისს, მარტვილის პროკურატურამ განიხილა აღნიშნული საქმის მასალები და განმცხადებელი ქალბატონის საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული დადგენილება გაუქმდა ზემდგომი თანამდებობის პირის სახელზე საჩივრის შეტანის შემდეგ. გამოძიება განახლდა 2002 წლის 5 მარტს.
18. 2002 წლის 7 მარტს, მარტვილის პროკურორის თანამშემწემ განმცხადებელი ციხეში მოინახულა,რათა იგი დაეკითხა მის წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის თაობაზე. განმცხადებელმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის მარტვილის პროკურატურის ორგანოებს საერთოდ არ ენდობოდა და საქმეში ამ პროკურატურას აცილების შესახებ განაცხადა. განმცხადებლის მტკიცებით, ის მზადყოფნას აცხადებდა, სხვა რაიონის პროკურატურის მიერ ყოფილიყო დაკითხული.
19. იმავე 2002 წლის 7 მარტს, იგივე პროკურორმა კო-ია მოინახულა ციხეში,რათა იგი განმცხადებლის წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის თაობაზე დაეკითხა, მაგრამ კო-იამ ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე იმ მოტივით, რომ ის მარტვილის პროკურატურის ორგანოებს საერთოდ არ ენდობოდა და,თუ საქმე გადაეცემოდა სხვა რაიონის ან გენერალურ პროკურატურას, ის მზად იქნებოდა თანამშრომლობისთვის.
20. დაკითხვისას ა.გ. ამტკიცებდა, რომ მას განმცხადებლისთვის ზიანის მიყენების არავითარი ინტერესი არ ჰქონდა და,შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა მკვლელობის დამკვეთი.
21. ზემოხსენებული ელემენტების საფუძველზე, 2002 წლის 25 მარტს, მარტვილის პროკურატურამ განმცხადებელს უარი უთხრა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე (სსსკ-ის 28-ე მუხლის ა) პუნქტი). კერძოდ, აღინიშნა, რომ გ.ტ. გარდაიცვალა, რომ დ.პ. როგორც ეჭვმიტანილი სხვა საქმეებში, იძებნებოდა და რომ განმცხადებელი უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. პროკურატურის შიდა გამოძიებამ სადავო ვიდეოჩანაწერში არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით (იხ. §23 ზემოთ), ისევე როგორც სისხლისსამართლებრივმა გამოძიებამ, არ გამოავლინა განმცხადებელი ქალბატონის მიერ, მისი მეუღლის სახელით შეტანილ საჩივარში ხსენებული, დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირები. გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, განმცხადებელს არასდროს წამოუწევია 1997 წელს, მისი სიცოცხლის ხელყოფის საკითხი.
დაბოლოს,აღნიშნულ იქნა, რომ განმცხადებელი ქალბატონის “ილუზიების” საპირისპიროდ, მისი მეუღლე დამნაშავე იყო წაყენებულ ფაქტებთან მიმართებაში და რომ აღნიშნულის გამო მას სისხლისსამართლებრივი მსჯავრი დაედო 2001 წლის 12 თებერვალს.
22. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ აღნიშნული დადგენილება გენერალურმა პროკურატურამ 2002 წლის 3 აპრილს გააუქმა და საქმე მარტვილის პროკურატურას ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა.
23. 2002 წლის 7 მაისს, გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელ ქალბატონს აცნობა და ასევე შეატყობინა მას, რომ ჩატარდა შიდა გამოძიება და ბრალდება გ.მ.-ს მიერ დამნაშავეთა მფარველობის შესახებ, რომელიც სხვათა შორის, მას შემდეგ გათავისფლებულ იქნა თანამდებობიდან და აგრეთვე, რეგიონში მისი ხელმძღვანელების მიერ, არ დადასტურდა. გენერალური პროკურატურის აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 25 მარტის დადგენილების გადასინჯვა და გაუქმება განმცხადებელი ქალბატონის წერილის ერთ-ერთ გაზეთში, 2002 წლის 1 აპრილს გამოქვეყნების შედეგს წარმოადგენდა (იხ. §27 ქვემოთ).
24. 2002 წლის 27 მაისს, განმცხადებელმა ქალბატონმა მარტვილის პროკურორს კვლავ მოსთხოვა მისი მეუღლის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ზომების მიღება. მან კმაყოფილება გამოხატა გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 25 მარტის დადგენილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
25. 2002 წლის 27 მაისს, განმცხადებლის ადვოკატმა, წარმოადგინა რა იგივე ფაქტები,რაც განმცხადებელმა ქალბატონმა, მარტვილის პროკურატურას მიმართა. დაეყრდნო რა სსსკ-ის შესაბამის დებულებებს, მან მოითხოვა გამოძიების გაგრძელება მისი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით და მისი დაზარალებულად ცნობა. მან ასევე მოითხოვა, ა.გ.-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მისი კო-იასთან დაპირისპირება.
26. 2002 წლის 10 ივნისს, მარტვილის პროკურატურამ ადვოკატს ხელახლა უთხრა უარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე (სსსკ-ის 28-ე მუხლის „ა”) პუნქტი) და დადგენილებაში 2002 წლის 15 მარტის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტები და მოტივები გაიმეორა. აღნიშნული ახალი დადგენილება არაფერს ამბობს დამატებითი გამოძიების შესახებ, რომელიც,სავარაუდოდ, ჩატარდა.
27. იმის გამო, რომ შესაბამისი ორგანოებიდან პასუხი არ მიიღო, განმცხადებელმა ქალბატონმა საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელიც გაზეთ „ახალი თაობის” 2002 წლის 1 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. ის კითხვებს სვამდა იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც შესაბამისი ორგანოები მის ოჯახს უარს ეუბნებოდნენ თავდასხმის გამოძიების უფლებაზე, რომლის მსხვერპლიც მისი მეუღლე გახდა, მაშინ, როდესაც, ამ უკანასკნელთან მიმართებაში, მათ გამოიჩინეს გულმოდგინება მისი დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის მიზნით. მიუთითა რა იმ პროკურორთა გვარები, რომლებსაც მან და მისმა მეუღლემ, სხვადასხვა დროს, ამაოდ მიმართეს, განმცხადებელმა ქალბატონმა მოითხოვა, რომ მის საჩივარს, ბოლოს და ბოლოს, ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა.
28. აღნიშნული წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მხარეთა მიერ დაუზუსტებელ დღეს, გ.მ. და ვ.ბ., მარტვილის ყოფილი პროკურორი და მისი იმდროინდელი თანაშემწე, დაიკითხნენ. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ორივე პროკურორმა დაადასტურა განმცხადებლის სახლში, 1998 წლის 24 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის დეტალები, როგორც ეს ზემოთ, 8-10 პარაგრაფებშია მოცემული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამსახურში დაბრუნებისთანავე, გ.მ.-მ სიტყვიერი შეტყობინება გადასცა ოლქის პროკურორსა და პოლიციის კომპეტენტურ სამსახურებს. პროკურორთა დაკითხვის დანარჩენი ნაწილი უცნობია.
29. 2004 წლის 10 მარტს, განმცხადებელმა მიმართა გენერალურ პროკურორს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტისთვის ნათელის მოფენის მიზნით. მან ასევე მოითხოვა პროკურატურის იმ თანამშრომელთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებსაც, 1997 წლიდან მოყოლებული, არავითარი შემდგომი მსვლელობა არ მიუციათ მისი სხვადასხვა საჩივრისათვის. განმცხადებელი აქცენტს აკეთებდა ორი პროკურორის დაკითხვის ოქმებისა და კო-იას 2001 წლის 2 აპრილის წერილის შინაარსზე (იხ. §§ 14 და 28 ზემოთ) და აზუსტებდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები მარტვილის პროკურატურაში ინახებოდა. აღნიშნული საჩივრიდან ასევე ირკვევა, რომ განმცხადებელმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 25 მარტის დადგენილების გაუქმებისა და საქმის მარტვილის პროკურატურისთვის დამატებითი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაცემის თაობაზე პირველად გენერალური პროკურატურის 2002 წლის 7 მაისის წერილიდან შეიტყო (იხ. §23 ზემოთ). მაგრამ, ინფორმაციის შემდგომი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მას მარტვილის პროკურატურიდან, პროცედურის შემდგომი მიმდინარეობის შესახებ არავითარი პასუხი არ მიუღია. აღნიშნული მიზეზის გამო, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ გენერალურ პროკურატურას საქმე ჩამოერთმია მარტვილის პროკურატურისთვის და თვითონ ეწარმოებინა გამოძიება მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.
და ბოლოს, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკა (რომელიც „ვარდების რევოლუციის” შემდგომ მოვიდა ქვეყნის სათავეში), რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი მოხელეების დასჯას, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაუსჯელნი იყვნენ, მას იმედს უსახავდა, რომ მისი საქმის გამოძიების ბედთან დაკავშირებით.
30. 2004 წლის 25 მარტს, გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნული განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნა მოთხოვნასთან ერთად, რომ გადამოწმებულიყო, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, მიღებულ იქნა თუ არა რაიმე გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით და შეესაბამებოდა თუ არა ის კანონს. გატარებული ღონისძიებების შედეგები უნდა გადაგზავნილიყო გენერალურ პროკურატურაში. საოლქო პროკურატურას აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია.
31. 2004 წლის 30 სექტემბერს, განმცხადებელმა, 2004 წლის ივნისში დანიშნული გენერალური პროკურორის წინაშე გაასაჩივრა ზემოაღნიშნული რეაგირების არარსებობა და გააპროტე ს ტა მისი 2004 წლის 10 მარტის საჩივრის გადაგზავნა საოლქო პროკურატურისთვის. მან ხელახლა წამოაყენა გამოძიების ჩატარების მოთხოვნა, ამყარებდა რა იმედს ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნაზე. თავის საჩივარში, განმცხადებელი გამოხატავდა დიდ იმედგაცრუებას რიგითი მოქალაქეების ბედთან დაკავშირებით, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ძველი რეჟიმის დამხობის შემდეგ ისინი სამართალს იპოვნიდნენ. მან შეახსენა, რომ “ვარდების რევოლუციის” დანაპირები იყო კანონის უზენაესობა. განმცხადებლის თქმით, ეს იყო მისი უკანასკნელი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვამდე.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
30. იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 24 §§ 1, 2 და 4, 2005 წლის 25 მარტამდე არსებული რედაქციით
«1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების, სახელმწიფო ორგანოთა და არასახელმწიფო ორგანიზაციათა შეტყობინებების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობების საფუძველზე.
4. მომკვლევი, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღძრან საჯარო ბრალდების საქმე, მიიღონ ზომები დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად, არ დაუშვან უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.»
მუხლი 24 §§ 1, და 4, 2005 წლის 25 მარტს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად
«1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 125-ე (ცემა) და 148-ე (ცილისწამება) გათვალისწინებულ დანაშაულთა შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით (...)»
მუხლი 235 § 1
«1. საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2. საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.
[მე-4 პარაგრაფი ამოღებულ იქნა]. »
მუხლი 29 §1 დ), რომელიც ამოღებულ იქნა 2005 წლის 25 მარტს
«სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ: ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია – ამ პირის აღმოჩენამდე ან ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უადრეს 6 თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან.»
მუხლი 113 § 2 ა)
«მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურატურის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას.»
მუხლი 235 §§ 1 და 2
1. საჩივარი შეაქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელიც კანონით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება. (...)
2. (...) საჩივარი პროკურორის მოქმედების ან გადაწყვეტილების გამო უნდა გადაეცეს ზემდგომ პროკურორს (...).
მუხლი 242 §1, 2005 წლის 25 მარტამდე არსებული რედაქციით
«1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:
ა) დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ (კოდექსის 269-ე მუხლი) ;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება.»
მუხლი 242 §1, 2005 წლის 25 მარტს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად
«1. ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ:
ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება;
ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება (...).»
მუხლი 261 §1, 2005 წლის 25 მარტამდე არსებული რედაქციით
« 1. დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.»
მუხლი 261 §1, 2005 წლის 25 მარტს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად
«დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება (...). »
მუხლი 263 § 1
«1. წინასწარი გამოძიების დაწყების საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა (...) ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები (...)»
მუხლი 265 §§ 1 და 4
«1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.
4. (შეტანილ იქნა ცვლილებები 2005 წლის 25 მარტს) ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება. თუ პირი დაკავებულია, მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში. დანარჩენ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შეიძლება წინ უძღოდეს მიღებული ცნობების შემოწმება, რაც 20 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.»
მუხლი 268 §2, ამოღებული იქნა 2005 წლის 25 მარტს
«სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორსა და დანაშაულის შემტყობინებელ პირს.»
მუხლი 269, ამოღებული იქნა 2005 წლის 25 მარტს
«დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომთან ან სასამართლოში მისი გამოტანის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში.»
სამართალი
1. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
33. თავის 2005 წლის 7 აპრილის განაცხადში, განმცხადებელი ჩივის, რომ მას მრავალრიცხოვან საჩივრებზე არავითარი პასუხი არ მიუღია და ამტკიცებს, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ეფექტური გამოძიების არარსებობა წარმოადგენდა კონვენციის მე-2 მუხლის I-ლი პარაგრაფის დარღვევას, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.”
ა. დასაშვებობა
1. კონვენციის მე-2 მუხლის გამოყენებადობასთან დაკავშირებით
34. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის გამოყენებადობა მხარეთა შორის დისკუსიის საგანი არ გამხდარა. თავის მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი გადაურჩა დ.პ.-სა და გ.ტ.-ს მიერ – ორი კერძო პირის, რომლებიც სავარაუდოდ ა.გ.-ს – პოლიცის ორი მაღალჩინოსნის მამის ინსტრუქციებით მოქმედებდნენ - მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას. 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან, სხვადასხვა მონაწილეთა საუბრებიდან და პროკურორების, გ.მ.-სა და ვ.ბ.-ს (იხ. §§ 8,14 და 28 ზემოთ) შემდგომი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დ.პ. და გ.ტ. მიზნად ისახავდნენ განმცხადებელზე სასიკვდილო თავდასხმის განხორციელებას და რომ ამასთანავე, ისინი „კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. განმცხადებელი ნაცემი იქნა თავის არეში კონდახებითა და წიხლებით (იხ. §6 ზემოთ). კო-ია-ს თანახმად, რომელიც სადავო თავდასხმას ესწრებოდა, დ.პ.-მ და გ.ტ.-მ განმცხადებელი „უმოწყალოდ” სცემეს და იმედგაცრუებულნი დარჩნენ, გაიგეს რა, რომ მსხვერპლი გადარჩა (იხ. §§ 13 და 14 ზემოთ). გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ დ.პ., გ.ტ., და კო-ია განმცხადებელთან მივიდნენ და რომ ეს უკანესკნელი ნაცემი იქნა, როგორც ეს აღწერილია, არასდროს გამხდარა მხარეთა შორის დავის საგანი.
35. წინამდებარე საქმის გარემოებებისა და მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.პ.-მ და გ.ტ.მ განმცხადებლის მიმართ განახორციელეს მოპყრობა, რომელმაც, განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, განმცხადებელი გადარჩა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს კონვენციის მე-2 მუხლის გამოყენების საფუძველი (იხ. სხვათა შორის, Makaratzis c. Grèce [GC], no 50385/99, §§ 49-55, 20 décembre 2004).
2 რაც შეეხება სასამართლოს კომპეტენციას ratione temporis
35. მთავრობას მიაჩნია, რომ განაცხადის აღნიშნული ნაწილი დაუშვებელია, ვინაიდან ratione temporis თვალსაზრისით, შეუსაბამოა კონვენციის დებულებებთან. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ეყრდნობა საქმეში „მოლდოვანი და სხვები” ჩამოყალიბებულ მოსაზრებას (Moldovan et autres, et Rostas et autres c. Roumanie (déc.), no 41138/98 et 64320/01, 13 mars 2001), რომლის თანახმად, სასამართლო არის კომპეტენტური ratione temporis გამოძიების ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით, როდესაც ფაქტები, რომლებიდანაც აღნიშული ვალდებულება გამომდინარეობს, მოცემულ სახელმწიფოსთან მიმართებაში კონვენციის ძალაში შესვლამდე მოხდა.
36. განმცხადებელი ეწინააღმდეგება აღნიშნულ მოსაზრებას.
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს. შესაბამისად, თუკი ფაქტებს ადილი ჰქონდა 1997 წელს, ანუ აღნიშნულ თარიღამდე, ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოძიება აღნიშული თარიღის შემდეგ ჩატარდა. გარდა ამისა, 2001 და 2004 წლებს შორის პერიოდში, განმცხადებელი რეგულარულად მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოებსა და მათ სხვადასხვა წარმომადგენლებს საქმის ეფექტურად გამოძიების მოთხოვნით (§15 და შემდგომი პარაგრაფები ზემოთ).
39. სასამართლო შეახსნებს, რომ ახლახანს, დიდმა პალატამ განიხილა სასამართლოს სხადასხვა პალატების მიერ, მსგავს საქმეებში, მათ შორის,საქმეში „მოლდოვანი და სხვები” – რომელზეც მთავრობა მი უ თითებს – ჩამოყალიბებული პოზიცია აღნიშნულ სფეროში მიდგომებს შორის განსხვავების დასადგენად (Šilih c. Slovénie [GC], no 71463/01, §§ 148-151, 9avril 2009).აღნიშნული სიტუაციის გამოსწორების მიზნით, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, ეფექტური გამოძიების ჩატარების პროცედურული ვალდებულება ცალკე არსებულ, დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულება კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ ასპექტებთან დაკავშირებულ აქტებს გულისხმობს, დიდი პალატის თანახმად, მან შესაძლოა მოგვიყვანოს ცალკე არსებული და დამოუკიდებელი „ჩარევის” დასკვნამდე. ამ თვალსაზრისით, ხსენებული პროცედურული ვალდებულება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე განცალკევებადი ვალდებულება, რომელიც ეკისრება სახლმწიფოს მაშინაც კი, როდესაც მატერიალურ ასპექტებს შესაბამის თარიღამდე ჰქონდა ადგილი (ibid, §159).
40. სასამართლოს პრაქტიკისა და წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მას აქვს 1999 წლის 20 მაისის შემდგომი პროცედურული ხასიათის აქტების/ხარვეზების განხილვის ratione temporisკომპეტენცია.
41. შედეგად, მთავრობის არგუმენტი უარყოფილ უნდა იქნ ე ს.
2. მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით
42. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა, როგორც ასეთი, არ აყენებს მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებულ არგუმენტს, სასამართლოს აზრით, სასურველია, წინამდებარე განჩინების 53-ე პარაგრაფში მოყვანილი მთავრობის არგუმენტების ამ კუთხით განხილვა.
43. აღნიშნული არგუმენტების საპასუხოდ, განმცხადებელი ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 10 ივნისის დადგენილება მისთვის საერთოდ არ გაუგზავნიათ და რომ მთავრობას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება აღნიშნული გაგზავნის შესახებ, რათა დაესაბუთებინა მისი მტკიცებების სიმართლესთან შესაბამისობა. განმცხადებელი სასამართლოს ყურადღებას ასევე მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომ განაცხადის მთავრობისთვის კომუნიფიცირებამდე, ის გამუდმებით აპროტესტებდა მის სხვადასხვა საჩივრებზე კომპეტენტური ორგანოების მხრიდან პასუხის არარსებობას. განმცხადებლის თქმით, პირველად მთავრობამ მას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 10 ივნისის დადგენილება მხოლოდ სასამართლოს მიერ მისი პრეტენზიების კომუნიფიცირების შემდეგ, კერძოდ, 2006 წლის დეკემბერში გაუგზავნა. აღნიშნული დროისთვის უკვე შეუძლებელი იყო აღნიშნული დადგენილების გასაჩივრების მიზნით ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების გამოყენება.
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის შე ნ იშვნაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებელმა კანონიერ ვადებში არ განახორციელა ზემდგომი ორგანოებისთვის ან სასამართლოებისთვის მიმართვა 2002 წლის 10 ივნისის დადგენილების გასაჩივრების მიზნით (სსსკ-ის 269-ე მუხლი), სასამართლოს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დადგენილება განმცხადებელს დროულად გაეგზავნა, სსსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად. (შეადარეთ,mutatis mutandis, საქმესთანMoumladze c. Géorgie, no 30097/03, §§ 45-50, 8 janvier 2008). ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროსასამართლოსთვის მიმართვის მომენტში, 2005 წლის 7 აპრილს, განმცხადებელი კონკრეტულად ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე მარტვილის პროკურატურიდან პასუხი არ მიუღია (იხ. §§2 და 33 ზემოთ). წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს არავითარი მიზეზი არა აქვს, ეჭვი შეიტანოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეში. გარდა ამისა, საქმიდან არ ირკვევა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, განცხადებელს არასაკმარისი გულმოდგინება ან პასიურობა გამოეჩინოს (იხ. მაგალითად, §§24 და 25 ზემოთ). სამაგიეროდ, ირკვევა, რომ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, მარტვილის პროკურატურის მხრიდან რეგულარულად ჰქონდა ადგილი განმცხადებელთან კომუნიკაციის ნაკლებობასა და არარსებობასაც კი. ამგვარად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 25 მარტის დადგენილება გენერალური პროკურატურის მიერ გადასინჯულ იქნა არა განმცხადებელის მ ო თხოვნით, რომლისთვისაც აღნიშნულის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ შეუტყობინებიათ (იხ. §29 ზემოთ), არამედ, განმცხადებელი ქალბატონის წერილის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ (იხ. §§ 22, 23 და 27 ზემოთ). საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ 2004 წლის 10 მარტს, განმცხადებელს არ ეცნობა 2002 წლის 10 ივნისს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ხელახალი უარის შესახებ (იხ. §29 ზემოთ). ასეთ პირობებში, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს განმცხადებლის მტკიცებას, რომლის თანახმად, მან 2002 წლის 10 ივნისის სადავო დადგენილება მხოლოდ 2006 წლის დეკემბერში, ანუ წინამდებარე განაცხადის მთავრობისთვის კომუნიფიცირების შემდეგ, მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უკანასკნელს სასამართლოსთვის არავითარი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2006 წლის დეკემბერში დადგენილების გაგზავნამ განმცხადებელს არ მისცა მთავრობის მიერ დასახელებული, სსსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული მიმართვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გაუქმდა 2005 წლის 25 მარტის კანონით ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. (იხ. §32 ზემოთ).
45. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ თვლის, რომ განაცხადეის აღნიშნული ნაწილი აწყდება მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის პრობლემას.
4. დასკვნა
46. ზემოაღნიშნული მოსაზრებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზია არ არის დაუშვებელი სხვა მიზეზთა გამო, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
ბ. არსებითი მხარე
ა) მხარეთა არგუმენტები
47. მთავრობა მიიჩნევს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შეტყობინება განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მიიღეს მხოლოდ 2001 და არა 1997 წელს (იხ. §15 ზემოთ).
48. გარდა ამისა, მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2001 წლის 17 მაისსა და 2002 წლის 27 მაისს, შესაბამისად, განმცხადებლის მეუღლემ და ადვოკატმა მოითხოვეს ა.გ.ს ეჭვმიტანილად ცნობა. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებას უკვე დადგენილი ჰქონდა, რომ არ არსებობდა აღნიშნული პირის ეჭვმიტანილად ცნობის საფუძველი (§§ 15 და 25 ზემოთ).
49. უფრო კონკრეტულად, მთავრობის აზრით, განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის დროს, დაკითხულ იქნენ გ.მ. და ვ.ბ. - მარტვილის ყოფილი პროკურორი და მისი თანაშემწე. მათ დაადასტურეს განმცხადებლის სახლში, 1998 წლის 24 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე დასწრების ფაქტი, ასევე დ.პ.-სა და გ.ტ.-ს მტკიცება, რომლის თანახმად, ა.გ. იყო და ნ აშაულის დამკვეთი. კომპეტენტურმა გენერალურმა ინსპექციამ განიხილა პროკურორ გ.მ.-ს უმოქმედობის გასაჩივრებული ფაქტი და არ დაადგინა მის უმოქმედობაში ბოროტმოქმედთა მფარველობის ფაქტის არსებობა. გარდა ამისა, დაუდგენელ დროს და დაუდგენელ მიზეზთა გამო, რომელსაც მთავრობა არ აზუსტებს, აღნიშნული პიროვნება გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან პროკურატურის ორგანოების მიერ.
50. მთავრობა ამტკიცებს, რომ კო-იას მიერ განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო (იხ. §19 ზემოთ), საგამოძიებო ორგანოებმა, განმცხადებლის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, აღნიშნული პირის დაკითხვის ოქმის მოპოვების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. და ეს იმის დადგენის მიზნით, რომ კო-იას თქმით, ა.გ.-ს არავითარი კავშირი არ ჰქონდა განმცხადებელზე განხორციელებულ თავდასხმასთან. კო-იას აღნიშნული ჩვენების გათვალისწინებით, რომელსაც, სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით, მტკიცებულების ძალა აქვს, განმცხადებლისა და მისი მეუღლის პრალდებები, მთავრობის მტკიცებით, „საეჭვო და სრულიად არაგონივრულია”, მით უფრო, რომ ა.გ.-მ აღნიშნულ დანაშაულთან ყოველგვარი კავშირის არსებობა უარყო. რაც შეეხება 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერს, მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დ.პ.-სა და გ.ტ.-ს ჩვენებები განმცხადებელმა იძულების გზით მოიპოვა, რაც, სხვათა შორის, კო-იამ ზემოაღნიშნულ ჩვენებაშიც დაადასტურა.
51. მთავრობა განმცხადებელს ედავება, რომ მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობასა და საქმეში ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელშეწყობაზე, ისე, რომ არ განუმარტავს აღნიშნულის მიზეზი და არც აცილება მოუთხოვია. მთავრობა არ თვლის, რომ განმცხადებლის თვალში, არსებობდა მარტვილის პროკურატურისთვის აცილების მიცემის საფუძველი, იმ თვალსაზრისით, რომ 2001 წლის 17 მაისსა და 2002 წლის 27 მაისს, მისმა მეუღლემ სწორედ აღნიშნულ უწყებაში შეიტანა სხვადასხვა საჩივრები (იხ. §§ 15 და 24 ზემოთ).
52. დასკვნის სახით, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქმის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002 წლის 10 ივნისის დადგენილებას წინ უძღოდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი გამოძიება.
53. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული დადგენილება, რომელიც განმცხადებელს დროულად გაეგზავნა, ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 269-ე მუხლი). იგივე დადგენილება განმცხადებელს მეორედ გაეგზავნა 2006 წლის დეკემბერში და ამ უკანასკნელს მასთან დაკავშირებით არავითარი საჩივარი არ შეუტანია.
54. განმცხადებელი ეწინააღმდეგება მთავრობის არგუმენტს და შეახსენებს, რომ იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, მისი ჩატარება უნდა დაევალოს რეალურად დამოუკიდებელ ორგანოს. აღნიშნული პრინციპის საწინააღმდეგოდ, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება ჩაატარა მარტვილის პროკურატურამ, რომელსაც არც დამნაშავეები დაუსჯია და არც მათი მფარველი სახელწიფო მოხელეები.
55. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მთავრობა არ უარყოფს მის სახლში, 1998 წლის 24 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე გ.მ.-სა და ვ.ბ.-ს - მარტვილის ყოფილი პროკურორისა და მისი თანაშემწის დასწრების ფაქტს, რაც აღნიშნული ვიზიტის ვიოდეოჩანაწერითაც დადასტურდა. განმცხადებლის თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულომა პირებმა დამნაშავეთა აღიარება მოისმინეს, მათ რეაგირება უნდა მოეხდინათ, დაეკითხათ ისინი, მოეხდინათ მათი დაკავება და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, რათა ჩატარებულიყო ეფექტური გამოძიება. აღნიშნული ოფიციალური პროცედურის ფარგლებში, დაკავებული პირები დაადასტურებდნენ ან უარყოფდნენ მიცემულ ჩვენებებს და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებდნენ, მოპოვებულ იქნა თუ არა აღნიშნული ჩვენებები განმცხადებელის მიერ ზეწოლის გზით, როგორც ამას მთავრობა კო-იას ჩვანებაზე დაყრდნობით აცხადებს. ამგვარად, განმცხადებლის აზრით, ბოროტმოქმედებისა და მის ქმედებებს სამართლებრივი და სათანადო კვალიფიკაცია მიეცემოდა.
ბ) სასამართლოს შეფასება
56. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი,რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უფლებას, კონვენციის უმნიშვნელოვანეს მუხლებს შორის ფიგურირებს და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელზეც დაფუძნებულია ევროპის საბჭო. სასამართლომ უკიდურესი ყურადღებით უნდა განიხილოს პრეტენზიები აღნიშნული დებულების დარღვევის შესახებ (Natchova et autres c. Bulgarie [GC], nos 43577/98 et 43579/98, § 93, CEDH 2005‑VII).
57. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის I-ლი პარაგრაფის პირველი წინადადება სახელმწიფოს ავალდებულებს, არამხოლოდ თავი შეიკავოს სიკვდილის განზრახ და უკანონოდ გამოწვევისგან, არამედ, ასევე მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ პირთა სიცოცხლის დასაცავად. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას, უზრუნველყოს სიცოცხლის უფლება კონკრეტული სისხლის სამართლის კანონმდებლობის შექმნით, რომელსაც ექნება პირის წინააღმდეგ მიმართული ხელყოფის შემაკავებელი ძალა და დაეყრდნობა დარღვევათა პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის (Karagiannopoulos c. Grèce, no 27850/03, §53, 21 juin 2007). ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული დებულება ასევე მოიცავს სახელმწიფოთა პოზიტიურ ვალდებულებას, პრევენციულად მიიღონ პრაქტიკული ხასიათის ზომები იმ პირთა დასაცავად, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია(Scavuzzo-Hager et autres c. Suisse, no 41773/98, §51, 7 février 2006).
58. გარდა ამისა, სასამართლო შეახსნებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება, კონვენციის I მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან კომბინაციაში, „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყო.ნ ამ (...) კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები,” გულისხმობს და მოითხოვს ოფიციალური ეფექტური გამოძიების რომელიმე ფორმით ჩატარებას, როდესაც ძალის გამოყენებამ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის ჩამდენი სახელმწიფოს წარმომადგენელია თუ მესამე პირი (Tahsin Acar c. Turquie [GC], no 26307/95, §220, CEDH 2004‑III). აღნიშნული მოსაზრება ეხება წინამდებარე საქმესაც, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ განხორციელებულმა მოპყრობამ ამ უკანასკნელის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო (იხ. §§34 და 35 ზემოთ). კერძოდ, საგამოძიები მოქმედებები უნდა იყოს გაღრმავებული, მიუკერძოებელი და ყურადღებიანი (McCann et autres c. Royaume-Uni, 27 septembre 1995, §§ 161-163, série A no 324).
59. გამოძიების ფორმა, რომელიც აღნიშნული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს, შესაძლოა, გარემოებების შესაბამისად, სხვადასხვაგვარი იყოს. მიუხედავად ამისა, როგორიც არ უნდა იყოს გამოყენებული ფორმა, შესაბამისმა ორგანოებმა ინფორმაციის მიღებისთანავე დანიშნულებისამებრ უნდა იმოქმედონ, და მათ პირის ოჯახის წევრს არ უნდა გადააბარონ საჩივრის ფორმალურად შეტანის ინიციატივა ან აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა (Tahsin Acar, arrêt précité, § 221 ; Finucane c. Royaume-Uni, no 29178/95, §67, CEDH 2003-VIII).
60. გარდა იმისა, რომ ჩატარებული გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი და მსხვერპლის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი, ის ასევე უნდა იყოს ეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ჩატარდეს გონივრული ტემპითა და გულმოდგინებით, რომ მან საზოგადოებას უნდა მისცეს მასზე თვალყურის დევნების საკმარისი უფლება და შესაბამის შემთხვევაში, დასრულდეს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიკაციითა და(Varnava et autres c. Turquie [GC], nos 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 et 16073/90, § 191, CEDH 2009‑... ; Oğur c. Turquie [GC], no 21594/93, § 88, CEDH 1999-III). ამ შემთხვევაში, საქმე ეხება არა შედეგთან, არამედ საშუალებებთან დაკავშირებულ ვალდებულებას. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც მათთვის გონივრულობის ფარგლებში იყო ხელმისაწვდომი ინცინდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვების მიზნით (Tanrıkulu c. Turquie [GC], no 23763/94, §§ 109, CEDH 1999-IV). ნებისმიერი ხარვეზი, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას პასუხისმგებელი პირის ან პირების გამოვლენაში, შესაძლოა იქცეს მთლიანობაში გამოძიების არაეფექტურობის გამომწვევ მიზეზად (Aktaş c. Turquie, no 24351/94, § 300, CEDH 2003-V).
61. სასამართლო იძულებულია, აღიაროს, რომ შესაძლოა, არსებობდეს სირთულეები ან დაბრკოლებები, რომლებიც, განსაკუთრებულ სიტუაციაში ხელს უშლის გამოძიების წინსვლას. თუმცა, ხელისუფლების ორგანოების სწრაფი პასუხი, როდესაც საქმე ეხება გამოძიების ჩატარებას სასიკვდილო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს საზოგადოების ნდობის შენარჩუნების უმთავრესი ფაქტორი, თანასწორობის პრინციპის პატივისცემის დაცვითა და უკანონო აქტებში მონაწილეობის, მათი შეწყნარების ან შეთანხმებით მათ ჩადენაში შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით (McKerr c. Royaume-Uni, no 28883/95, §§ 111 et 114, CEDH 2001-III ; Brecknell c. Royaume-Uni, no 32457/04, § 65, 27 novembre 2007).
62. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იძულებულია დაასკვნას, რომ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი, რომლის ობიექტიც განმცხადებელი გახდა, საკმარისად იქნა მიტანილი პროკურატურამდე, კომპეტენტურ უწყებამდე, რომელიც სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, 261-ე მუხლის პირველი და 265-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ვალდებული იყო, ყოველ შემთხვევაში, 2005 წლის 25 მარტამდე, დაუყოვნებლივ მოეხდინა ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამის შემთხვევაში, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დებულება გარკვეულწილად შეიცვალა 2005 წლის 25 მარტის ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონით, პროკურატურას მაინც ეკისრება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ვალდებულება, როდესაც მას ეცნობება დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ, ისევე როგორც გამოძიების ჩატარების ვალდებულება პასუხისმგებელ პირთა გამოვლენის მიზნით (იხ. §32 ზემოთ).
63. იმ შემთხვევაშიც კი,თუ კომპეტენტურ ორგანოებს 1997 წლიდანვე არ ეცნობათ აღნიშნულის შესახებ, როგორც ამას განმცხადებელი ამტკიცებს, (იხ. §§7, 15 და 47 ზემოთ) სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანოები განმცხადებელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის წინაშე ორ პროკურორსა და სავარაუდო დამნაშავეებს შორის, 1998 წლის 24 სექტემბერს შემდგარი შეხვედრისთანავე დადგნენ. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლო 1999 წლის 20 მაისს, საქართველოსთან მიმართებაში კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მომხდარ აქტებს და/ან პროცედურულ ხარვეზებს განიხილავს ზემოთ, 38-40 პარაგრაფებში მითითებულ მიზეზთა გამო.
64. ამგვარად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, პროკურორები 1999 წლის 20 მაისამდე რამდენიმე თვით ადრე, პირისპირ შეხვდნენ სავარაუდო დამნაშავეებს, მაგრამ მათ კვლავაც არ მოუხდენიათ რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ევალებოდათ, განმცხადებლის მიერ წერილობითი საჩივრის ოფიციალურად შეტანის ლოდინის გარეშე, მოეხდინათ ამ უკანასკნელის მყისიერ მოთხოვნებზე რეაგირება, რათა დაეკავებინათ სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც ამ უკანასკნელმა თვითონ მოძებნა, მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოთა უმოქმედობის აღმოფხვრის მიზნით. განმცხადებელზე თავდასხმა განხორციელდა რა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ პატარა რაიონში, საქმის მასალებიდან და განსაკუთრებით, საქმის სხვადასხვა მონაწილეთა 1998 წლის 24 სექტემბრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ განმცხადებელი, სავარაუდო დამნაშავეები, დანაშაულის სავარაუდო დამკვეთი, რაიონის პროკურორი და მისი თანაშემწე ერთმანეთს კარგად იცნობენ. სავარაუდოდ, სწორედ დისტანციის აღნიშნული ნაკლებობის, ან სასამართლოსთვის უცნობი სხვა მიზეზის გამო, პროკურორებმა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველდღიური ცხოვრებით იყვნენ დაკავშირებულნი, თავს უფლება მისცეს, საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას, არჩევანი განმცხადებლის კანონიერი მოთხოვნების იგნორირების სასარგებლოდ გაეკეთებინათ. სასამართლო კატეგორიულად გმობს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული უწყებების მიერ მათი უმთავრესი ფუნქციების შეუსრულებლობა წინამდებარე საქმეში კერძო პირთა შორის ანგარიშსწორების საფუძველი გახდა, რომელიც, თვით განმცხადებლის თქმით, მხოლოდ 2000 წლის 12 იანვარს, მისმა დაკავებამ დაასრულა (იხ. §11 ზემოთ).
65. შემდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 7 აპრილს, კო-იას დაკითხვის დროს (იხ. §13 ზემოთ), პროკურატურის ორგანოებს ხელახლა ეცნობათ განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ, ისე, რომ ამას მათი მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, კო-იას მიერ აღნიშნულ დღეს მიცემული ჩვენებები საკმარისი რაოდენობის ელემენტებს შეიცავდა იმისათვის, რომ პროკურატურას ინფორმაცია გადაემოწმებინა, კერძოდ, მოეხდინა აღნიშნული პირისა და განმცხადებლის დაპირისპირების ორგანიზება და ეცადა კონტაქტის დამყარება იმ პირთან, რომელსაც უნდა სცოდნოდა დ.პ.-ს სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ.
66. რაც შეეხება განმცხადებელი ქალბატონის მიერ, დაკავებული მეუღლის სახელით, 2001 წლის 22 მაისს შეტანილ ოფიციალურ საჩივარსა და შემდგომ საჩივრებს, რომლებიც განმცხადებელმა კომპეტენტურ ადგილობრივ და ეროვნულ ორგანოებში შეიტანა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის არგუმენტის საპირისპიროდ, ა.გ.-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გარდა, განმცხადებელი გარკვევით ითხოვდა მისი სიცოცხლის ხელყოფისა და პროკურატურის ორგანოს დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას (იხ. §§15 in fine, 24, 25 და 29 ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, ოფიციალური საჩივრის არარსებობის პირობებშიც კი, კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი იყვნენ, გამოძიება განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაეტარებინათ (იხ. ბევრ სხვას შორის და ზემოხსენებული საქმეების გარდა, Kelly et autres c. Royaume-Uni, no 30054/96, § 94, 4 mai 2001).
67. რაც შეეხება მარტვილის პროკურატურის მიერ 2001-2002 წლებში ჩატარებული გამოძიების ეფექტურობას, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები 2001 წლის 22 მაისს, საჩივრის შეტანიდან 2001 წლის 30 ივლისამდე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე პირველად უარის თქმამდე პერიოდში. განმცხადებლის მტკიცების გარდა, რომლის თანახმად, მარტვილის პროკურატურამ სრული უმოქმედობა გამოიჩინა, აღნიშნულ საკითხზე საქმეში სხვა ინფორმაცია არ არსებობს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ აღნიშნული დადგენილების გაუქმების შემდეგ ადგილი ჰქონდა კო-იასა და განმცხადებლის დაკითხვის მცდელობას. მაგრამ აღნიშნული პირების მოთხოვნაზე, ენახათ პროკურატურის სხვა სამსახურების მიერ გამოკვლეული საქმე, იმის გამო, რომ მათ მარტვილის პროკურატურის მიმართ ნდობა არ გააჩნდათ, არავითარი რეაგირება არ მომხდარა. მთავრობის მტკიცების საპირისპიროდ, აცილების მოთხოვნები განმცხადებლისა და კო-იას მიერ მკაფიოდ იყო ფორმულირებული 2002 წლის 7 მარტის დაკითხვების დროს (იხ. §§18 და 19 ზემოთ) და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ისინი არ შეიძლებოდა აშკარად დაუსაბუთებლად ყოფილიყო მიჩნეული. აღნიშნული მოთხოვნების განხილვის გარეშე, მარტვილის პროკურატურამ ორივე პირს სიმართლის დადგენის მიზნით არასაკმარისი თანამშრომლობა უსაყვედურა, რითაც დაასაბუთა 2002 წლის 25 მარტის დადგენილება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დადგენილება შემდგომში გაუქმდა, არაფერი არ იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უკანასკნელად უარის თქმის შესახებ დადგენილების მიღებამდე დამატებითი გამოძიება ჩატარდა. მაგალითად, საქმიდან არ ირკვევა, რომ კო-იას აღიარება, რომელიც ეხება განმცხადებლის მკვლელობის ორგანიზებას ა.გ.-ს წაქეზებით და რომლის შესახებ საგამოძიებო ორგანოებს 2001 წლის აპრილიდან ეცნობათ (იხ. §§ 14 და 29 ზემოთ), რაიმე სახის გადამოწმებას დაექვემდებარა, რომ რაიონის პროკურორისა და მისი თანაშემწის ჩვენებები, რომლებიც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს ადასტურებს, სისხლისსამართლებრივი გამოძიების სხვა აქტების ჩატარების ობიექტი გახდა, რომ მოხდა განმცხადებლის დაპირისპირება კო-იასთან ან კიდევ ა.გ.-სთან და რომ დ.პ.-ზე ძებნა გამოცხადდა. რაც შეეხება პროკურატურის შიდა გამოძიების დასკვნებს, რომლებიც შემდგომში სისხლის სამართლის გამოძიების დროს იქნა გამოყენებული, მთავრობას სასამართლოს წინაშე არც აღნიშნული დასკვნები წარმოუდგენია და არც სადავო ადმინისტრაციული გამოძიების სხვა მასალები (იხ. §§21, 23 და 49 ზემოთ).
68. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიონის პროკურატურის ორგანოების დუმილის მიუხედავად, რომლებსაც გენერალურმა პროკურატურამ რამდენჯერმე მოსთხოვა ანგარიშის ჩაბარება, ამ უკანასკნელმა არ მოახდინა ეფექტური რეაგირება (იხ. §30 ზემოთ). ამასთანავე, განმცხადებლის მოთხოვნა, საქმე ჩამორთმეოდა მარტვილის პროკურატურას, რათა გამოძიება რეალურად დამოუკიდებელ უწყებას ჩაეტარებინა, უპასუხოდ დარჩა. მაშასადამე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულმა პროკურატურამ მანამდე უკვე გამოავლინა უუნარობა, ემოქმედა ადგილობრივი ცხოვრების სხვადასხვა მოქმედი პირებისგან სრულიად დამოუკიდებლად, რომ ა.გ. იყო ადგილობრივი პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მამა და რომ განმცხადებელი, სხვათა შორის, მოითხოვდა, იმავე რაიონის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ის ფაქტი, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქმის გამოძიება მარტვილის პროკურატურას მიანდო, ცუდად შეთავსებადია იმ სახელმწიფო მოხელეების იერარქიული, ინსტიტუც ი ური და პრაქტიკული დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან, რომლებსაც ევალებათ კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე გამოძიების ჩატარება (იხ. სხვათა შორის, Ergi c. Turquie, 28 juillet 1998, §§ 83-84, Recueil des arrêts et décisions 1998‑IV ; Scavuzzo-Hager et autres, précité, §§ 78, 81 et 82).
69. ზემოაღნიშნული მოსაზრებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა განმცხადებლის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში ეფექტური გამოძიების ჩატარების პოზიტიური ვალდებულება.
70. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას პროცედურული კუთხით.
II. კონვენციის სხვა დებულებების სავარაუდო დარღვევის შესახებ
71. კონვენციის მე-3 მუხლის კუთხით, განმცხადებლები ჩივიან, რომ განმცხადებლის მიმართ სადავო თავდასხმის დროს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. გარდა ამისა, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ კომპეტენტური ორგანოების არაპირდაპირი უარი თავდამსხმელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. კონვენციის მე-13 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებლები ასაჩივრებენ სასამართლოში პროკურატურის უმოქმედობის გასაჩივრების სამართლებრივი შესაძლებლობის არქონას, რომლიც მსხვერპლებიც ისინი გახდნენ.
72. კონვენციის მე-2 მუხლის დადგენილი დარღვევის გათვალისწინებით (იხ. §70 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ მან განიხილა წინამდებარე განაცხადში წამოჭრილი უმთავრესი სამართლებრივი საკითხი. საქმის ფაქტების ერთობლიობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-3, მე-6 და მე-13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული სხვა პრეტენზიების ცალკე განხილვის აუცილებლობა (Kamil Uzun c. Turquie, no 37410/97, § 64, 10 mai 2007).
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
73. კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად,
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. ზიანი
74. მიუთითებს რა ასანიძის საქმეზე (“ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ” (GC), #71503/01, §§199-201, CEDH, 2004-II), განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში განცდილი ზიანის სანაცვლოდ, სასამართლომ მას მინიმუმ 150.000 ევრო უნდა მიაკუთვნოს.
75. მთავრობა მოთხოვნილ თანხას დაუსაბუთებლად და გადაჭარბებულად მიიჩნევს.
76. თავის მხრივ, სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ რომ გამოძიების არასრულყოფილი ხასიათისა და ქართული სახელმწიფოს მხრიდან მისი ძირითადი ფუნქციების შეუსრულებლობის გამო (იხ. §§64-69 ზემოთ), განმცხადებელმა უდავოდ განიცადა მორალური ზიანი. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობს რა სამართლიანობის პრინციპით, სასამართლო განმცხადებელს მიაკუთვნებს 12.000 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
ა) ხარჯები და დანახარჯები
77. განმცხადებელი, ყოველგვარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, მოითხოვს 1.000 ევროს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით. მთავრობა უარყოფს აღნიშნულ მოთხოვნას და მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
78. სასამართლო შეახსენებს, რომ რეგლამენტის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე წამოყენებული თითოეული პრეტენზია უნდა იყოს დაანგარიშებული, შესაბამის გრაფებში განაწილებული და თანდართული აუცილებელი მტკიცებულებებით გამყარებული, რის გარეშეც, სასამართლოს შეუძლია, ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოს აღნიშნული მოთხოვნა (Svipsta c. Lettonie, no 66820/01, §170, CEDH 2006-...ამონარიდები).
79. აღნიშნული პრინციპების გამოყენებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით განმცხადებლისთვის თანხის მიკუთვნების საფუძველი.
გ) საურავი
80. სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად :
1. დასაშვებად აცხადებს განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წამოყენებულ პრეტენზიებს ;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას, განმცხადებლის ნაწილში;
3. აცხადებს, რომ განცალკევებულად არ განიხილავს დანარჩენ პრეტენზიებს;
4. ადგენს, რომ
ა) მოპასუხე სახელმწიფომ, განმცხადებელს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განჩინების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, უნდა გადაუხადოს 12.000 (თორმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის, რომელსაც დაემატება ნებისმიერი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეიძლება გადასახდელი გახდეს;
ბ) აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება, გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი ;
5. უარყოფს დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ფრანგულ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2010 წლის 8 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
სალი დოლე ფრანსუაზ ტულკენსი
სექციის რეგისტრატორი თავმჯდომარე