შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2008-2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
2008-2009
საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა−
საქართველოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით,
ესწრაფვიან რა განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ტექნიკური თანამშრომლობით,
აცნობიერებენ რა რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს,
მიზნად ისახავენ რა ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას,
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების შედეგად, 2008 წლის 15 მაისს გაფორმებული ოქმის საფუძველზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
(1) ახორციელებენ რა 1998 წლის 11 მაისით დათარიღებულ შეთანხმებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ხელშეწყობა აღმოეჩინოს პროექტებს, მას შემდეგ რაც შემოწმების შედეგად დადგინდება ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა. ამავდროულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი სახსრებით გამოყოფს პერსონალს და საქონელს და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, ფინანსურ დახმარებას მთლიანობაში მაქსიმუმ 8.000.000 ევროს (სიტყვიერად: რვა მილიონი ევრო) ოდენობით მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი პროექტებისათვის.
(2) გერმანია-საქართველოს ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებია:
1. „საქართველოში ეკონომიკის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა” (ახალი პროექტი), რომლისთვისაც გამოიყოფა მაქსიმუმ 7.250.000 ევრო (სიტყვიერად: შვიდი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი ევრო);
2. „საქართველოს კონტროლის პალატის ხელშეწყობა” (მიმდინარე პროექტის გაფართოება), რომლისთვისაც გამოიყოფა მაქსიმუმ 750.000 ევრო (სიტყვიერად: შვიდასორმოცდაათი ათასი ევრო);
(3) გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისს გაფორმებულ შეთანხმებაზე დაყრდნობით და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის, უკვე ადრე შეთანხმებული, ან კავკასიის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა:
1. „საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა (ფაზა I)”, რომლისთვისაც გამოიყოფა მაქსიმუმ 300.000 ევრო (სიტყვიერად: სამასი ათასი ევრო);
2. „საქართველოში სამართლისა და სასამართლოს სისტემის ხელშეწყობა”;
3. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამართლისა და იუსტიციის რეფორმის ხელშეწყობა”;
4. „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა საქართველოში” (2009 წლის ბოლომდე);
5. „სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამა” (2009 წლის ბოლომდე);
6. „სამხრეთ კავკასიაში ქალაქების ქსელის ხელშეწყობა” (2009 წლის ბოლომდე);
7. „სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა” (2010 წლის დასაწყისიდან);
8. „ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”;
9. „სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა დაცულ ტერიტორიებსა და ტყეებში”;
10. კავკასიაში სოფლის მეურნეობის დარგში განათლების ხელშეწყობა”;
11. „გამოკვლევებისა და ექსპერტთა ფონდი საქართველოში”;
12. „გამოკვლევებისა და ექსპერტთა ფონდი სამხრეთ კავკასიაში”;
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტების ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.
(4) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა მე-3 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული პროექტის განხორციელებას აკისრებს შპს ფიზიკურ-ტექნიკურ ფედერალურ უწყებას ( PTB) , ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტში დასახელებული სხვა პროექტების განხორციელებას აკისრებს შპს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას ( GTZ).
(5) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული თითოეული პროექტისათვის საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას, ყოველი შესაბამისი პროექტის უწყვეტი განხორციელების მიზნით და ზრუნავს იმაზე, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც დაეკისრებათ პროექტის განხორციელება, შეასრულონ მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში დასახელებული პროექტებისათვის საჭირო სამუშაოები.
(6) მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი პროექტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს მთავრობის შეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით.
(7) მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დაფინანსების შესახებ თანხმობები უქმდება ისე, რომ არ მოხდება მათი შეცვლა სხვა პროექტებით, თუ თანხმობის გაცემის წლიდან 8 წლის განმავლობაში არ გაფორმდება აღნიშნული პროექტების განხორციელების და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, მათი დაფინანსების ხელშეკრულებები. 2008 წელს გაცემული თანხმობებისათვის ეს ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბერს. თუ აღნიშნულ ვადაში პროექტების განხორციელებისა და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდება პროექტების დაფინანსების თანხების მხოლოდ ნაწილზე, მაშინ გაუქმების ეს პირობა შეეხება მხოლოდ იმ ნაწილობრივ თანხმებს, რომლებზეც ამგვარი ხელშეკრულებები არ იქნა გაფორმებული.
მუხლი 2
პირველი მუხლის მე-2 პუნქტში, ასევე პირველი მუხლის მე-3 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი პროექტების დეტალები და ასევე შესასრულებელი სამუშაოები და ვალდებულებები განისაზღვრება განხორციელებისა და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, დაფინანსების ცალკეული ხელშეკრულებებით, რომლებიც უნდა დაიდოს იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ან უნდა დაეკისროთ პროექტების განხორციელება პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. პროექტების განხორციელების და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, დაფინანსების ხელშეკრულებები რეგულირდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3
(1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებითა და სახსრებით პირველ მუხლში აღნიშნული პროექტებისათვის მიწოდებულ საქონელს, სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, სალიცენზიო, აეროპორტის, ნავსადგურის, იმპორტისა და ექსპორტის და სხვა ოფიციალური გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, თავის თავზე იღებს საწყობით სარგებლობის გადასახადებს და უზრუნველყოფს, რომ შეუფერხებლად მოხდეს საქონლის განბაჟება. გადასახადებისაგან გათავისუფლება ეხება ასევე საქართველოში შეძენილ საქონელსა და მომსახურებას.
(2) წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების დებულებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით დაფინანსებულ საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში აღნიშნული განხორციელებისა და ასევე, შესაბამის შემთხვევებში, დაფინანსების ხელშეკრულებების დადებასა და მათ განხორციელებასთან.
მუხლი 4
ყველა სხვა შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებაზეც ვრცელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისს დადებული შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის დებულებები.
მუხლი 5
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.
შესრულებულია თბილისში 2008 წლის 19 დეკემბერს ორ დედნად, თითოეული გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
| გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
|