განჩინება- გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისრაციის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
2011 წლის3 იანვარი
ქ. თბილისი
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა სპს „ულევი აგროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 204496562) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს მიმართ არსებული რეგისტრაციის გაუქმების საკითხები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 27 დეკემბერს კრედიტორთა კრებაზე მოვალე შპს „ულევი აგროს“ გაკოტრების მმართველი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, კერძოდ, მისი დირექტორი ნოდარ პაპუკაშვილი კრედიტორებისა და სასამართლოს წინაშე წარსდგა მოვალის გაკოტრების ანგარიშით. გაკოტრების მმართველის განმარტებით, შპს „ულევი აგროს“ სამეურვეო ქონების რეალიზაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ მესამე აუქციონის ჩატარების შედეგად და სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 52626,15 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაექვსი მთელი თხუთმეტი მეასედი) ლარი შეადგინა. გაკოტრების მმართველმა სასამართლოს წარუდგინა 13 (ცამეტი) კრედიტორის მხრიდან წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობა გაკოტრების ანგარიშის მოწონებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თობაზე. ეს კრედიტორები არიან: სს „ბანკი რესპუბლიკა“, შპს „ კოლხი“, შპს „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „ვესტ ინვესტი“, შპს „ბიბილო“, შპს „შარმ თრეიდინგი“, შპს „სემელი“, შპს „არგო“, შპს „ცენტრ პლაზა“, შპს „საქანელა“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „ევრო ფუდი“ და შპს „ინტერთრეიდი“ (ჯამში 704752,7) (შვიდას ოთხი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი მთელი შვიდი მეათედი) ლარის მოთხოვნის მქონე კრედიტორები). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2010 წლის 27 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე წარმოდგენილი იყო 906965,73 (ცხრაასექვსი ათს ცხრაას სამოცდახუთი მთელი სამოცდაცამეტი მეასედი) ლარის მოთხოვნათა მქონე კრედიტორები, მათ ერთხმად მოიწონეს და დაუჭირეს მხარი გაკოტრების ანგარიშს და მასში გადმოცემულ სქემას თანხის განაწილების თაობაზე.
2010 წლის 30 დეკემბერს გაკოტრების მმართველმა სასამართლოს წარუდგინა საგადასახადო დავალებები, რომლებიც ადასტურებენ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის გაკოტრების ანგარიშის შესაბამისად შპს „ულევი აგროს“ კრედიტორთა შორის თანხების განაწილების ფაქტს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე, ხოლო აღნიშნულის თაობაზე გაკოტრების მმართველისაგან და კრედიტორთაგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი გაკოტრების ანგარიში და ის გარემოება, რომ 2010 წლის 27 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ კრედიტორთაგან არც ერთს არ გაუხდია სადავოდ ხსენებული ანგარიში და კრედიტორები დაეთანხმნენ მას, ამასთან, ისიც, რომ კრედიტორთა შორის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შესაბამისად უკვე განაწილდა სამეურვეო ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა, ცხადყოფს შპს „ულევი აგრო“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველების არსებობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასრულდეს მოვალე შპს „ულევის აგროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 204496562) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს) დაევალოს შპს „ულევის აგროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 204496562) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე