საქართველოს საარბიტრაჟო პალატის დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 070211, 07/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1. შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2. არბიტრაჟი – საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი.

3. არბიტრაჟის თავმჯდომარე – საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში.

4. არბიტრი – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.

5. საარბიტრაჟო კოლეგია – საქმის განმხილველი შემადგენლობა ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობა, რომლებიც უფლებამოსილი არიან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად განიხილონ მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა.

6. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.

7. დებულება – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.

8. დავა – პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმებით დაექვემდებარა არბიტრაჟს.

9. მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით.

10. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება.

11. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე.

12. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით – პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

13. მესამე პირი – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.

14. მტკიცებულება – ნებისმიერი საბუთი, ნივთმტკიცება ან მოწმის ჩვენება, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები.

16. საარბიტრაჟო შეთანხმება (საარბიტრაჟო დათქმა) – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

    მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.

2. არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც საარბიტრაჟო წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

3. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამ დებულებით განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი პროცესუალური მოქმედება.

4. მხარეები საქმის წარმოებას იწყებენ ამ დებულებაში და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმე დაამთავრონ მორიგებით ან მორიგდნენ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარადგინონ არბიტრაჟში.

5. მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომელიც ადგენს ამ დებულებით დადგენილი დავის განხილვისა და გადაწყვეტისაგან განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.

    მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა

არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან, რომელთა რაოდენობასაც განსახილველი დავის სირთულიდან გამომდინარე განსაზღვრავს და ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.

    მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება განუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარადგინოს არბიტრაჟში არა უგვიანეს 7 დღის ვადაში, იმ დღიდან როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნის ან იმ საფუძვლის შესახებ, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები.

2. არბიტრი ვალდებულია საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებსა და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

3. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

4. არბიტრაჟს შეუძლია ერთ-ერთი ან ორივე მხარის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) არბიტრმა განაცხადა თვითაცილება;

ბ) არბიტრი გარდაიცვალა;

გ) არბიტრს არ აქვს შესაძლებლობა განიხილოს დავა.

5. არბიტრის აცილების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები

1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;

ბ) ადგილობრივი დათვალიერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

5. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თვითონ გაწიოს რაიმე ხარჯი.

6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს:

ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;

ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;

დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

    მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა

1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს:

ა) 10 000 ლარამდე დავის საგანზე – 500 ლარს დღგ-ი ს გარეშე;

ბ) 10 001-დან 100 000 ლარამდე დავის საგანზე – 500 ლარს მიმატებული 10 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 4% დღგ-ი ს გარეშე;

გ) 100 001-დან 500 000 ლარამდე დავის საგანზე – 4 100 ლარს მიმატებული 100 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 2% დღგ-ს გარეშე;

დ) 500 001-დან 1 000 000 ლარამდე დავის საგანზე – 12 100 ლარს მიმატებული 500 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 1,5% დღგ-ი ს გარეშე;

ე) 1 000 001 ლარის ზემოთ დავის საგანზე – 19 600 ლარს მიმატებული დავის საგნის 0,5% დღგ-ი ს გარეშე.

2. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს დღგ-ი ს გარეშე.

3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი დღგ-ი ს გარეშე, ხოლო მაქსიმალური 30000 ლარი დღგ-ი ს ჩათვლით.

    მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი

1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:

ა) ფულის გადახდევინების შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – გადასახდელი თანხით;

ბ) ნივთის (ქონების) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

2. საარბიტრაჟო მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში თვითონ განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება. თუ მის მიერ მითითებული ღირებულება აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟი.

3. თუ ერთ სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.

4. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.

5. თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან დამატებით გადახდევინება.

    მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა და გადავადება

1. საარბიტრაჟო ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი მოქმედების შესრულება მოითხოვა არბიტრაჟისაგან. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

2. არბიტრაჟს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

    მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

თუ მხარეთა შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება, იმ მხარის მიერ გაწეული საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დაეკისრება მეორე მხარეს. თუ საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

    მუხლი 10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება

1. მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ განსაზღვრეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების ოდენობა და წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

3. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, ხოლო თუ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

4. თუ სარჩელზე უარის თქმა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

5. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80%.

    მუხლი 11. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა

1. ამ დებულებითა და არბიტრაჟის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის დანიშნული გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა, შეიძლება გააგრძელოს არბიტრაჟმა მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

4. არბიტრაჟის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს, რომ მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მოქმედების განხორციელებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს შესასრულებელი მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე.

    მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

2. უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს, რომ:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

    მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა

1. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.

2. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება. დადგენილებაში უნდა მიეთითოს თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.

3. არბიტრაჟს შეუძლია მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, მოსთხოვოს აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილებას აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.

    მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება

1. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს არბიტრაჟის დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ:

ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია;

გ) უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავაზე, რომელზეც არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;

დ) დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ე) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნა შესრულებული.

2. მხარეთა თხოვნით, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის გამოხმობის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

    მუხლი 15. საარბიტრაჟო სხდომა და საქმის განსახილველად მომზადება

1. არბიტრაჟში საქმეები განიხილება ზეპირი მოსმენით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მხარეები წინააღმდეგი არიან საქმის ზეპირ მოსმენაზე.

2. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სხდომა არის დახურული. წარმოდგენილი საბუთები, მტკიცებულებები, წერილობითი თუ ზეპირი განცხადებები არ შეიძლება გამოქვეყნდეს საჯაროდ და არ შეიძლება გადაცემული და გამოყენებული იყოს სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.

3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც ერთ-ერთი მხარე წარუდგენს არბიტრაჟს, არა უგვიანეს მეორე დღისა უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.

    მუხლი 16. შეტყობინება და დაბარება

1. მხარეებს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ (საცხოვრებელ) მისამართზე მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, უკანასკნელ სამუშაო ადგილას ან ელექტრონულ მისამართზე. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ, საცხოვრებელ, სამუშაო ადგილის ან ელექტრონულ მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას. შეტყობინება ადრესატს შესაძლებელია ჩაბარდეს ასევე არბიტრაჟის სამუშაო ადგილზე.

2. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონის შემთხვევაში – სატელეფონო საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;

გ) დეპეშით დაბარების შემთხვევაში – უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

3. თუ შეტყობინების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი შეტყობინებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მისამართზე – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. შეტყობინების ჩაბარება ამ პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე, ან კურიერის (ფოსტის) სპეციალურ ბლანკზე მიმღების ხელმოწერით.

4. თუ პირველად გაგზავნისას ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება, მისი გაგზავნა უნდა განხორციელდეს ხელმეორედ იმავე ან არბიტრაჟისათვის ცნობილ ადრესატის სხვა მისამართზე. ხელმეორედ შეტყობინების გაგზავნა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ პირველად შეტყობინების გაგზავნის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ან არ მუშაობს იმ მისამართზე, რომელზეც გაგზავნილ იქნა შეტყობინება და ადრესატის სხვა მისამართის შესახებ არბიტრაჟისათვის უცნობია. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი ადრესატის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე ჩაბარების მცდელობის დღეს.

5. წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ ასევე შეიძლება ჩაბარდეს მხარის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად და წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შესახებ თავად აცნობოს მას.

6. თუ ადრესატმა ან ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა წერილობითი შეტყობინების მიღებაზე, ამის შესახებ შეტყობინების მიმტანი აკეთებს სათანადო აღნიშვნას და უბრუნებს არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის ჩაბარების მცდელობის დღეს და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.

7. თუ საქმის წარმოება არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ შეიძლება ჩაბარდეს მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. წერილობითი შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს შეტყობინების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

8. მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის (მათ შორის, ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის) შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობების უქონლობის შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს.

9. თუ საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო ამ მუხლით დადგენილი წესით და არბიტრაჟისათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, ასევე არ წარუდგენია თავისი პოზიცია და მტკიცებულებები, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მეორე მხარე არ მოითხოვს საქმის განხილვის გადადებას.

    მუხლი 17. საჯარო შეტყობინება

1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის არბიტრაჟის შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება და არბიტრაჟის მიერ ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, არბიტრაჟს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არბიტრაჟის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

    მუხლი 18. მხარეთა უფლებები

1. მხარეები საარბიტრაჟო პროცესში სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ ამ დებულებით და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟმა უნდა აცნობოს მოპასუხეს.

3. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის.

4. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

    მუხლი 19. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა

1. მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი დადგენილებით განუხილველად დატოვებს სარჩელს და დაუბრუნებს მოსარჩელეს.

    მუხლი 20. თანამონაწილეობა არბიტრაჟში

1. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

    მუხლი 21. თანამონაწილეთა უფლებები

1. თანამონაწილეები სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლებიც ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვთ მხარეებს.

2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მიანდონ ერთ-ერთ თანამონაწილეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ფორმდება მინდობილობის მიცემის წესით.

    მუხლი 22. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით

1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მხარეთა პაექრობის დაწყებამდე აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს ჩვეულებრივი სარჩელის მიღებისა და განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

2. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრება თ მისი ყველა მოვალეობა.

    მუხლი 23. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე

1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს განცხადებით, რათა დაუშვას იგი მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.

2. თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არბიტრაჟი დაადგენს, რომ მისი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს სხვა პირის უფლება-მოვალეობებს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, არბიტრაჟი ვალდებულია ასეთი პირი საქმეში ჩართოს მესამე პირად,დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე.

    მუხლი 24. არბიტრაჟის კომპეტენცია

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისა თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე და არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ ასეთი განცხადება არბიტრაჟს უნდა წარედგინოს შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში, ან ამ ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

3. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში, რომელსაც არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

    მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვა

1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება განსახილველ საქმეზე პირველი საარბიტრაჟო სხდომის დღეს. არბიტრაჟში საქმეები განიხილება ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

2. საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება შედგეს არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ ადგილას.

3. საარბიტრაჟო სხდომის თავმჯდომარე ხსნის და უძღვება სხდომას, აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, იმას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე გამოძახებულ პირთაგან, მხარეებს განუმარტავს აცილების უფლების შესახებ.

4. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები მიზნად არ ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

5. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის არსის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (კოლეგიური შემადგენლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი წევრის) მოკლე მოხსენებით, რის შემდეგაც არბიტრაჟი მოისმენს მოსარჩელის და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. მოსარჩელის შემდეგაც, სიტყვა ახსნა-განმარტებისათვის ეძლევა მოპასუხესა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირს.

6. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ იწყება შეკითხვების სტატია. შეკითხვებს პირველად სვამს მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გ ა რემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს შეკითხვები.

7. შეკითხვების შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია გამოაქვეყნოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შემდგომაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობისათვის სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს, ხოლო შემდგომ მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე და მისი წარმომადგენელი, გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზეც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.

8. მას შემდეგ,რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.

9. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟი გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სხდომაზე გამოცხადდება მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. არბიტრაჟს შეუძლია გადაწყვეტილების გამოცხადება გადადოს არა უმეტეს 14 დღით, რის შესახებაც უნდა აცნობოს მხარეებს.

    მუხლი 26. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი

1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ არბიტრაჟში სარჩელის შეტანა წერილობითი ფორმით.

2. მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს მხარეთა დასახელება და მისამართები, მოთხოვნა, გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაერთოს დანართში მითითებული საბუთების ასლები. საჭიროების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია დაავალოს მოსარჩელ ე ს საბუთების დედნების წარმოდგენა, რომლებიც საქმის განხილვის დამთავრების შემდგომ დაუბრუნდება უკან.

3. სარჩელი და მასზე თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მოპასუხე და მესამე პირიც არის საქმეში.

4. სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება მოპასუხეს, რომელსაც უფლება აქვს არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

    მუხლი 27. შეპასუხების გამოუყენებლობა

თუ საარბიტრაჟო განხილვის პროცესში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ, ხოლო თუ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლების გამოყენებაზე.

    მუხლი 28. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. არბიტრაჟის გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მისი გამოტანის თარიღი და ადგილი.

3. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ეგზემპლარები უნდა გაეგზავნოთ მხარეებს მისი გამოტანიდან 14 დღის ვადაში.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.

6. დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა მომართვიდან 14 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მორიგების დამტკიცების საკითხი, ან თუ საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს მხარეები და მათი მონაწილეობით საარბიტრაჟო სხდომაზე გადაწყვიტოს მორიგების დამტკიცების საკითხი.

    მუხლი 29. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება

1. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:

ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებზე;

ბ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

გ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა;

დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში;

ე) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ.

2. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა განახლდება და საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან იქნება განხილული.

    მუხლი 30. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მხარეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ არბიტრაჟს გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებაში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები.

2. არბიტრაჟმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს განცხადება და გამოიტანოს გადაწყვეტილება. თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, არბიტრაჟი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეიტანს შესაბამის შესწორებას ან უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში, თავისი ინიციატივით გაასწოროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები.

4. მხარეებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ არბიტრაჟს, რათა მან სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანი საკითხები. განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

5. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. მხარეებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დ ღის ვადაში მოსთხოვონ არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

    მუხლი 31. საქმის წარმოების შეჩერება

1. არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

ბ) თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ;

გ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

2. არბიტრაჟს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;

გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობით;

დ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, ხოლო „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება არა უმეტეს ერთი თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო არბიტრაჟი უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა.

    მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება

1. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს ან სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ბ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

გ) მხარეები მორიგდნენ;

დ) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;

ე) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

2. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო არბიტრაჟს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დაუნიშნოს მას წარმომადგენელი;

ბ) სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;

გ) საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული;

დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადდა;

ე) სასამართლოს ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ვ) მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი;

ზ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

3. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს არბიტრაჟს ამ დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვით.

    მუხლი 33. დასკვნითი დებულებები

1. დებულება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. დებულება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.