საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. 217-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი: „სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საგადასახადო შემოწმების ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმებას ატარებენ საგადასახადო ორგანოები სხვა მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს არ წარუდგინოს სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან;“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო შემოწმება, რომელსაც ატარებს საგადასახადო ორგანო, შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს გეგმური და საკონტროლო.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–34 ნაწილები.
,,31. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბალანსების, დეკლარაციების, ანგარიშგებების, ცნობების, განმარტებების, დასკვნებისა და სხვა მონაცემების საფუძველზე.
32. გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, წელიწადში არა უმეტეს ერთხელ, გადასახადის გადამხდელისათვის ათი დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინებით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების საგანი და საფუძველი, ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო.
33. საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება წერილობითი შეტყობინების გარეშე, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობას, ან როდესაც:
ა) უკანასკნელმა საგადასახადო შემოწმებამ გამოავლინა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები, ან არსებობს ისეთი ფაქტები, რომლებიც დანამდვილებით მეტყველებენ ასეთ დარღვევებზე;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გადასახადის გადამხდელის საშუალებების წარმოშობას;
გ) არსებობს ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ;
დ) საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალობა;
ე) არ არის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადსახდელად საჭირო დოკუმენტები.
34. გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების ასახვის სისწორე, საჭიროების შემთხვევაში, დგინდება იმ საწარმოს შემხვედრი შემოწმებით, რომელთანაც გადამხდელს აქვს ეკონომიკური კავშირები. შემხვედრი შემოწმებისას გადამხდელის პირველადი საბუთები და სააღრიცხვო მონაცემები შეუდარდება იმ საწარმოს შესაბამის მონაცემებს, საიდანაც მიღებულია ან რომელზედაც გაცემულია სახსრები და მატერიალური ფასეულობები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 8 ივნისი.
№927–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 08.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №927. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, №927, 08.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197861/