„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №70
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით(სსმ III, 26.07.2010წ.,№90,მუხ.1334) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში და ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გამოყენებულ ტერმინებს.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა
1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყოველწლიურად – საბიუჯეტო წლის ბოლოს, გარდა:
ა) იმ აქტივებისა და ვალდებულებებისა, რომელთა ინვენტარიზაციაც ჩატარდა საანგარიშგებო წლის 1 ოქტომბრის შემდეგ;
ბ) უძრავი ქონებისა, რომელთა ინვენტარიზაციაც ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც;
გ) საბიბლიოთეკო ფონდებისა, რომელთა ინვენტარიზაციაც ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც;
დ) აქტივების იჯარით გადაცემისა და გამოსყიდვისას – გადაცემისა და გამოსყიდვის დროს გადასაცემ/გამოსასყიდ აქტივებზე, ასევე ქონების სარგებლობაში გადაცემის სხვა შემთხვევისა (მაგ., უზუფრუქტი, ქირა, თხოვება, პროგრამების განმახორციელებლებზე აქტივების ხელშეკრულებით გადაცემა და სხვა);
ე) აქტივებისა, რომლებიც ინვენტარიზაციის მომენტში შესაძლებელია იმყოფებოდნენ ორგანიზაციის გარეთ – ორგანიზაციიდან მათ გასვლამდე;
ვ) ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, ლიკვიდაციის დროს – სალიკვიდაციო ბალანსის შედგენის წინ;
ზ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სამართლებრივი ფორმის შეცვლისას – სამართლებრივი ფორმის შეცვლის დროს;
თ) ორგანიზაციის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლისას – მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივებისათვის;
ი) აქტივების დატაცების, ბოროტად გამოყენების, შენახვის წესების დარღვევისას – დატაცების, ბოროტად გამოყენების, შენახვის წესების დარღვევის შედეგად, დაზიანების ფაქტის დადგენისთანავე;
კ) ხანძრის ან სტიქიური უბედურებისას –ხანძრის ან სტიქიის შემდგომ;
ლ) აქტივებისა და ვალდებულებების გადაფასების შემთხვევაში – გადაფასების დროს, გადაფასებას დაქვემდებარებულ აქტივებსა და ვალდებულებებზე;
მ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ინვენტარიზაცია უნდა დასრულდეს საანგარიშგებო წლის ბოლოს, ხოლო გადაულახავი ძალის მოქმედების, მათ შორის: სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, მძიმე კლიმატური პირობების და სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად, რომელთა წინასწარი განჭვრეტაც ორგანიზაციისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო, ორგანიზაცია დროებით თავისუფლდება სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების ვალდებულებისაგან იმ ვადით, სანამ შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით ინვენტარიზაციის ჩატარება.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის დროს ორგანიზაციის იმ არაფინანსური აქტივების, რომლებიც შენახულია/განთავსებულია ტერიტორიულად განცალკევებულ ადგილებში, საინვენტარიზაციო აღწერა შესაძლოა ჩატარდეს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე სამუშაო ჯგუფების მიერ.
4. თუ აქტივებზე დადგენილია ჯგუფური პასუხისმგებლობა, ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ჯგუფის ხელმძღვანელის ან ჯგუფის ერთ-ერთი წევრის შეცვლის დროს.
5. სავალდებულო ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ტარდება როგორც შერჩევითი, ასევე აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია.
6. ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი იმ მატერიალური მარაგების საინვენტარიზაციო აღწერა, რომლებიც ორგანიზაციაში შიდა აღრიცხვის წესების არარსებობის გამო საცნობარო მუხლებში არ არის აღრიცხული, ტარდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ხოლო ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციიდან გასული მატერიალური მარაგების აღწერა უნდა მოხდეს ცალკე (ექსპლუატაციიდან გასვლის მიზეზების ჩვენებით) და აღნიშნული აღწერის შედეგები არ უნდა აისახოს ინვენტარიზაციის აქტში.“.
3. მე-5 მუხლის:
ა)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის შერჩევა თანამშრომლებისგან/მოსამსახურეებისგან ხდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად, ორგანიზაციის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში, კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.“.
4. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. სამუშაო ჯგუფების მიერ შესაძლებელია ჩატარდეს იმ აქტივების საინვენტარიზაციო აღწერა, რომელთა მოცულობის გამო ვერ იქნება უზრუნველყოფილი ინვენტარიზაციის დასრულება დადგენილ ვადებში; ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით დადასტურებული საინვენტარიზაციო აღწერის შედეგები წარედგინება საინვენტარიზაციო კომისიას, რომელიც აღწერის შედეგებს დაურთავს და ასახავს ინვენტარიზაციის აქტში.“.
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.სამუშაო ჯგუფის შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საინვენტარიზაციო ობიექტი (აქტივები და ვალდებულებები, ადგილმდებარეობა, მატერიალური პასუხისმგებელი პირი) ჯგუფის წევრთა რაოდენობა, შემადგენლობა, ჯგუფის უფროსი და ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები განისაზღვრება ხელმძღვანელის ბრძანებით.“;
ბ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით, ხოლო მატერიალური პასუხისმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ, როგორც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა, მიეთითება ინვენტარიზაციის აქტში და საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდება ადგილმდებარეობის მიხედვით;“;
გ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მატერიალურად პასუხიმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობას საინვენტარიზაციო კომისია ამოწმებს ორგანიზაციის ბუღალტერიასთან ერთად;“.
7. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აღწერით (დათვლის, აწონვის, აზომვის და სხვა ტექნიკური გაანგარიშებების გზით) განახორციელოს ფაქტ ობრივი ნაშთების შემოწმება, მატერიალურად პასუხისმგებელი პირის აუცილებელი მონაწილეობით, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არარსებობის შემთხვევაში აღწერას ახორციელებს კომისია და აღნიშნულზე მიეთითება საინვენტარიზაციო აღწერის უწყისში და ასევე აღინიშნება აქტში.“.
8. მე-8 მუხლის:
ა) მე-4 – მე-7პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დიდი რაოდენობით ასაწონი მარაგების აღწერის დროს, აწონვის მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს ცალკე უწყისებში, რომლებიც დღის ბოლოს ან სამუშაოს დასრულებისას დაჯამდება და გამოყვანილი ჯამი გადაიტანება საინვენტარიზაციო აღწერაში.
5. აზომვების, გაანგარიშების და აწონვის მონაცემები თან უნდა დაერთოს საინვენტარიზაციო აღწერას.
6. საინვენტარიზაციო აღწერები ხელმოწერილი უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში, პირი აღწერის ბოლოს იძლევა ხელწერილს მასზე, რომ კომისიამ აქტივები შეამოწმა მისი თანდასწრებით, კომისიის წევრებთან არა აქვს პრეტენზია და აღწერილ აქტივებს ღებულობს პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად, ხოლო თუ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს კომისიის წევრებთან და აღწერის შედეგებზე გააჩნია პრეტენზია, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ინვენტარიზაციის აქტში.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ორგანიზაციის ბუღალტრული ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხულ მატერიალურ ფასეულობებზე, საინვენტარიზაციო კომისია ატარებს ცალკე საინვენტარიზაციო აღწერას.“;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საინვენტარიზაციო აღწერაში ჩანაწერების ამოშლა და გადასწორება დაუშვებელია. შეცდომის დაშვებისას აღწერილობის ყველა ეგზემპლარზე უნდა გადაიხაზოს არასწორი ჩანაწერები და იქვე ჩაიწეროს სწორი ჩანაწერი. შესწორებაზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მატერიალურად პასუხისმგებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;
დ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის აქტით, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრი.
18. საინვენტარიზაციო კომისიამ ინვენტარიზაციის აქტში უნდა ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულებები ინვენტარიზაციის შედეგებზე, შეიტანოს წინადადებები გამოვლენილ ნაკლოვანებებზე/ზედმეტობებზე, ერთგვაროვანი აქტივების დანაკლისსა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლაზე, ასევე ნორმის ფარგლებში დანაკლისების ჩამოწერაზე.“;
დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. უვარგისად ქცეულ აქტივებზე შედგება ასევე ცალკე აღწერა, ხოლო ინვენტარიზაციის აქტში მიეთითება უვარგისად ქცევის მიზეზი და პირი, რომლის ბრალეულობითაც იქცა აქტივი უვარგისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
9. მე-9 მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აღურიცხავი აქტივების გამოვლენის შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს როდის ან ვისგან იქნა მიღებული აღურიცხავი ობიექტი, ამ ობიექტზე გაწეული დანახარჯები რა პერიოდში და როგორ არის ასახული ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგებაში და მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ასახავს ინვენტარიზაციის აქტში და ახდენს აქტივების მარკირებას.
5. იჯარით აღებულ და იჯარით გაცემულ (ან სარგებლობაში მიღების ან გადაცემის სხვა შემთხვევაში) ძირითად აქტივებთან დაკავშირებით, საინვენტარიზაციო კომისია ამოწმებს აქტივების შენახვისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ დოკუმენტებს. აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, აკეთებს შესაბამის მითითებას ინვენტარიზაციის აქტში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მიღება ან გაფორმება.“;
ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საინვენტარიზაციო აღწერილობაში აღინიშნება დაუმთავრებელი მშენებლობის ობიექტის დასახელება და შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რომელიც განისაზღვრება მისი ფიზიკური შემოწმებით, ამ ობიექტზე ცალკეული სახის სამუშაოების, კონსტრუქციული ელემენტების, მოწყობილობების და ა.შ. მიხედვით.“.
10. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შენახვისა და გამოყენების ადგილებზე, მატერიალურად პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
11. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კულტივირებული აქტივებიდან მოზრდილი პროდუქტიული და მუშა პირუტყვი შეიტანება საინვენტარიზაციო აღწერილობებში, რომელშიც მიეთითება: პირუტყვის ნომერი, სახელი, დაბადების წელი, ჯიში და ცოცხალი წონა.“.
12. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინვენტარიზაციის აქტში შეიტანება ნაღდი ფულის ნაშთი, რომე ლსაც უდარებენ ინვენტარიზაციის დაწყების დღეს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს და განსაზღვრავენ საინვენტარიზაციო აღწერის შედეგებს.“.
13. მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შედარების უწყისში აისახება საინვენტარიზაციო აღწერის შედეგები –სხვაობა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტ ობრივ ნაშთებს შორის.
5. საინვენტარიზაციო აღწერის შედეგების გასაფორმებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგისტრები, რომლებშიც გაერთიანებულია როგორც საინვენტარიზაციო აღწერილობათა, ასევე შედარების უწყისების მაჩვენებლები.“.
14. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინვენტარიზაციო აღწერის შედეგებს იხილავს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რაზეც ფორმდება სპეციალური ოქმი. ოქმში მოყვანილ უნდა იქნეს დაწვრილებითი ცნობები დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობების მიზეზებისა და დამნაშავე პირების შესახებ, ასევე, გასატარებელი ღონისძიებები ფაქტ ობრივი მონაცემების საბუღალტრო ჩანაწერებთან განსხვავებების რეგულირების შესახებ.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი