ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და ორივე ქვეყნის დანიშნულ ავიაკომპანიებისათვის რეგულარული რეისების შესრულებისას დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
სურთ რა შეიტანონ ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 1993 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“); და
ითვალისწინებენ რა აღნიშნული შეთანხმების მე-19 მუხლს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 1993 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. შეთანხმების მთლიან ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. 1-ლი მუხლის 1(ბ) პუნქტში ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“:
2.1. საქართველოსთან მიმართებაში შეიცვალოს შემდეგნაირად: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და/ან ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ან ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლების მიერ დადგენილი ნებისმიერი ფუნქცია.“.
2.2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართებაში შეიცვალოს შემდეგნაირად: „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაცია ან ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლების მიერ დადგენილი ნებისმიერი ფუნქცია.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს დანიშნული მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.“.
5. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დანიშნული და ამგვარად მიღებული ნებართვით ავიასაწარმოს, ნებისმიერ დროს შეუძლია ხაზების ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ფრენის განრიგები დამტკიცებულია ამ შეთანხმების მე-13 მუხლის დებულებათა შესაბამისად.“.
6. მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ გააფორმონ შეთანხმებები კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ:
a) თავისი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან:
б ) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ შეთანხმებაში მყოფი ყველა ავიასაწარმო
a) ფლობენ მიმოსვლის უფლებას შესაბამის მარშრუტებზე და სეგმენტებზე.
б) შეესაბამებიან მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამგვარ შეთანხმებებში.
в) ბილეთის გაყიდვისას განუმარტავენ მომხმარებელს თუ რომელი ავიასაწარმო გაუწევს მომსახურებას თითოეულ სექტორზე და თუ რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მომხმარებელი კომერციულ გარიგებაში.“
7. შეთანხმების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტარიფები
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს უფლება აქვთ მოითხოვონ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების ტარიფები.
2. საავიაციო ხელისუფლებების მიერ ჩარევა უნდა შემოიფარგლებოდეს:
a) დისკრიმინაციული ტარიფებისა და საქმიანობის თავიდან აცილებით;
б) მომხმარებლების დაცვით არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდული ტარიფებისაგან, რომლებიც გამოწვეულია ავიაგადამზიდველის დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით ან ავიასაწარმოებს შორის შეთანხმების საფუძველზე;
в) ავიასაწარმოების დაცვით იმ ტარიფებისაგან, რომლებიც ხელოვნურადაა დაწეული პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფოებრივი სუბსიდირების ან დახმარების საფუძველზე.“
8. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული, ვარგისად ან მოქმედად აღიარებული სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება აღიარებული როგორც ვარგისი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები აღემატება ან უტოლდება კონვენციის შესაბამისად უკვე არსებულ ან მომავალში დაარსებულ მინიმალურ სტანდარტებს.“
9. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციია მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება და მოითხოვება საჰაერო გადამზიდველისაგან მისი რეგისტრირებისას; საჰაერო გადამზიდველებისაგან, რომელთა საქმიანობის ან/და მართვის ადგილი ან ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, მათ ტერიტორიაზე განთავსებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა უნდა იმოქმედონ ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. ამ პუნქტში საავიაციო უშიშროების სტანდარტებზე მითითება მოიცავს ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც შეტყობინებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინასწარ მიაწვდის მეორე ხელშემკვრელ მხარეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი აპირებს შეტყობინება გააკეთოს ნებისმიერი განსხვავების თაობაზე.“
10. მე-10 მუხლის სახელწოდება „საავიაციო უშიშროება“ შეიცვალოს „საავიაციო უშიშროება და ფრენის უსაფრთხოება“ და დაემატოს ახალი 6-12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„6. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
7. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არაეფექტურად უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ სტანდარტებს, მაშინ პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რომლებიც მინიმალურად საჭიროა ამ სტანდარტების შესასრულებლად, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები მათი შესაბამისი შესწორებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ზომებს 15 დღის ან სხვა შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
8. მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რაც დადგენილია კონვენციის 33-ე მუხლით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი მხარის ავიასაწარმოს (ავიასაწარმოების) მიერ და რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობის და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“) რეალური მდგომარეობის გარკვევის მიზნით, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას.
9. თუ ნებისმიერი ამგვარი შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, ან
б) სერიოზულ ეჭვს, კონვენციით იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტური წარმართვისა და შენარჩუნების ნაკლოვანება.
მაშინ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისათვის, შეუძლია დაასკვნას რომ, მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობა მინიჭებული საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე და ასევე მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
10. იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების განსახორციელებელი უფლება ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს (ავიასაწარმოების) მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე იქნება უარყოფილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ, მეორე ხელშემკვრელი მხარეს უფლება აქვს გამოიტანოს დასკვნა, რომ წარმოიშობა სერიოზული საფუძველი, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე მუხლის მე-9 პუნქტში.
11. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სარგებლობს უფლებით შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს (ავიასაწარმოების) საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი შემოწმების ან ამგვარი შემოწმების უარყოფის ან კონსულტაციის და სხვაგვარი საქმიანობის უფლების უარყოფის შედეგად, ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
12. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოქმედება წინამდებარე მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტების მიხედვით ვერ გაგრძელდება, როგორც კი ამ მოქმედების განხორციელების საფუძველი შეწყვეტს არსებობას.“
11. შეთანხმების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ტევადობა და ფრენების განრიგი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს სამართლიანად განახორციელონ კონკურენცია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის.
2. ტევადობა ნებისმიერ შეთანხმებულ ხაზზე განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
3. ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები წარუდგენენ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად ფრენის განრიგებს მათი დაწყების თარიღამდე 60 დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდი შეიძლება შემცირდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
4. ფრენის განრიგი, შეძლებისდაგვარად უნდა ითვალისწინებდეს შეთანხმებულ საჰაერო ხაზზე მიწოდებულ მომსახურებას კვირის დღეების განმავლობაში თანაბრად, რეალური მოთხოვნის გათვალისწინებით და იგი წინასწარ თანხმდება მომსახურე აეროპორტებთან და საააერნაოსნო სამსახურებთან.“.
12. შეთანხმების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარშრუტების განაწესი
1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო (ავიასაწარმოები) განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას:
| საწყისი პუნქტი | შუალედური პუნქტი | დანიშნულების პუნქტი | პუნქტები საზღვრებს გარეთ |
| საქართველო | პუნქტები მესამე ქვეყნებში | ნებისმიერი პუნქტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საჰაერო მიმოსვლა | პუნქტები მესამე ქვეყნებში |
2. მარშრუტები, რომელზედაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო (ავიასაწარმოები) განახორციელებს საჰაერო მიმოსვლას:
| საწყისი პუნქტი | შუალედური პუნქტი | დანიშნულების პუნქტი | პუნქტები საზღვრებს გარეთ |
| აზერბაიჯანის რესპუბლიკა | პუნქტები მესამე ქვეყნებში | ნებისმიერი პუნქტი საქართველოში, სადაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საჰაერო მიმოსვლა | პუნქტები მესამე ქვეყნებში |
შენიშვნები:
1. ნებისმიერი ერთი ან ყველა შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება იქნეს გამოტოვებული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ ნებისმიერი ერთი ან ყველა რეისის შესრულებისას იმ პირობით, რომ მიმოსვლა იწყება ან წყდება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო.
2. შუალედური პუნქტები და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები, აგრეთვე ამ პუნქტებიდან კომერციული უფლებების გამოყენების (მინიჭების) საკითხი განისაზღვრება საავიაციო ხელისუფლებებს შორის ცალკე მოლაპარაკების გზით.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების უფლება განახორციელოს მგზავრის გადაყვანა, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარისა და მესამე ქვეყნის ტერიტორიებს შორის (მე-5 ჰაერის თავისუფლების გამოყენება) წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ცალკეული მოლაპარაკებების საგანს.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის უფლების მინიჭება, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ფოსტა და ტვირთი, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ცალკეული მოლაპარაკებების საგანს.
მუხლი 2
წინამდებარე ოქმი, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, ძალაში შედის შეთანხმების მე-19 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 2009 წლის 20 მაისს, ორ პირად ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)