შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480270000.02.002.000393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 13/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა (ცნება „საქართველოს მთავრობა“ გულისხმობს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას“) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხთა შორის არსებულ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული კავშირების განვითარების მისწრაფებით,

იღებენ რა მხედველობაში, რომ ორმხრივი ურთიერთობები საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში დაეფუძნება მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების დებულებებს, ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებს, ასევე, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს,

მიაჩნიათ რა, რომ საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობა და ურთიერთქმედება უნდა განვითარდეს ურთიერთდახმარების საფუძველზე,

სურთ რა, მხარეთა შორის კავშირგაბმულობის საშუალებათა შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამყარონ მჭიდრო სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ურთიერთობები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებენ და გააფართოებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობათა, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების დებულებათა და ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, იმოქმედებენ თავიანთ უფლებამოსილებათა და შესაძლებლობათა ფარგლებში.

    მუხლი 2

მხარეები საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის ორგანიზაციებში ყველა ცვლილების, ასევე, კავშირის მომსახურებაზე ურთიერთანგარიშსწორების წესის თაობაზე, ერთმანეთს აცნობებენ წინასწარ, ამ ცვლილებების დაწყების სავარაუდო თარიღამდე სამი თვით ადრე.

    მუხლი 3

მხარეები ურთიერთსასარგებლო პირობებით უზრუნველყოფენ რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის პროგრამების გადაცემის, სპეციალური კავშირისა და საფოსტო გზავნილების, ტელეკომუნიკაციის ყველა სახის მომსახურების თავიანთ სახელმწიფოთა ტერიტორიის გავლით თავისუფალი ტრანზიტის განხორციელებას. ტრანზიტი განხორციელდება წინასწარი თანხმობითა და მხარეთა შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებული მიმართულებებით, განრიგითა და ტარიფებით.

რადიოელექტრონულ საშუალებათა საზღვარზე გადაადგილება განხორციელდება მხარეთა შესაბამისი ორგანოების წინასწარი ნებართვით.

    მუხლი 4

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საფოსტო ფულადი გზავნილების გაცვლის წესი და ნაღდი ფულადი ურთიერთანგარიშსწორების განხორციელება განისაზღვრება მხარეთა შესაბამის უწყებებს შორის სპეციალური შეთანხმებებით.

    მუხლი 5

მხარეები ორგანიზაციას გაუწევენ საფოსტო გადაზიდვებს როგორც სახმელეთო, ისე საავიაციო გზით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში.

    მუხლი 6

შეთანხმების შესრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება და გადარიცხვები ელექტროკავშირის სფეროში განხორციელდება მხარეთა შორის მოქმედი შეთანხმებების შესაბამისად.

კავშირგაბმულობაში გაწეული მომსახურების ყოველგვარი ურთიერთანგარიშსწორება განხორციელდება ცენტრალიზებულად შესაბამისი სამსახურებისა და უფლებამოსილი ბანკების მეშვეობით მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7

მხარეები მიმართავენ ყოველმხრივ ძალისხმევას და აღმოუჩენენ სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას – „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის საინფორმაციო სივრცის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 8

მხარეები ერთმანეთის მიმართ არ გამოიყენებენ დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც შეაფერხებენ ან გაართულებენ მხარეთა კავშირგაბმულობის ადმინისტრაციის საქმიანობას მესამე სახელმწიფოებსა და არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    მუხლი 9

მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას სატელევიზიო და რადიო პროგრამების გავრცელების ორგანიზაციისა და მეორე მხარის პერიოდული გამოცემების თავიანთ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელმოწერასა და საცალო გაყიდვაში.

    მუხლი 10

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას გაუწევენ სასაზღვრო რაიონებში რადიოსიხშირეთა გამოყენებას თავიანთ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობებისა და მოქმედი წესების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად. ასეთი კოორდინაცია განხორციელდება კორესპონდენციის გაცვლისა და ცალკეული შეთანხმებების ხელმოწერის გზით.

    მუხლი 11

მომსახურების გაწევაში მონაწილე კავშირგაბმულობის ყველა დაწესებულება თანაბრად ვალდებულია მომხმარებლების წინაშე დროულ და ხარისხიან მომსახურებაზე. კავშირგაბმულობის საერთაშორისო ხაზის უხარისხო მუშაობაზე საჩივრების განხილვის წესი განისაზღვრება მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებითა და ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებით.

    მუხლი 12

კავშირგაბმულობის დაწესებულებების საფოსტო მუშაკებს, ტექნიკურ პერსონალს, ტელეგრაფისტებს, ტელეფონისტებს შორის სამსახურებრივი ინფორმაციის, ასევე სამსახურებრივი საბუთების გასაცვლელად გამოყენებულ იქნება რუსული, ინგლისური და ფრანგული ენა.

მხარეთა სახელმწიფოებს შორის გადასაგზავნი საფოსტო გზავნილებისა და ტელეგრამების მისამართები გაფორმდება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 13

მხარეები მხარს დაუჭერენ თავიანთი ოპერატიულ-ტექნიკური მართვის სისტემების ურთიერთქმედებას მოქმედი ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად.

მხარეები საგანგებო სიტუაციებისას კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფენ შეტყობინებათა პრიორიტეტულ გადაცემებს.

მხარეები დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს კავშირგაბმულობის სახელმწიფოთაშორის ხაზებზე ავარიების შედეგების ლიკვიდაციისას.

აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას ურთიერთქმედების წესი შემუშავებულ და შეთანხმებულ იქნება მხარეთა კავშირგაბმულობის ადმინისტრაციების მიერ.

    მუხლი 14

მხარეები კოორდინაციას გაუწევენ სახელმწიფოთაშორისი მნიშვნელობის მქონე კავშირგაბმულობის ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესებსა და ნორმებს.

მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს ერთობლივი საწარმოების შექმნაში.

    მუხლი 15

მხარეები ისწრაფვიან შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად და სატელეკომუნიკაციო სისტემების უნიფიცირების მაქსიმალური დონის მისაღწევად.

    მუხლი 16

შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების საკითხებთან წამოჭრილი დავები გადაწყდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მოლაპარაკებების გზით.

    მუხლი 17

მხარეთა წერილობითი თანხმობით შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებით და რომლებიც წარმოადგენენ შეთანხების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან შეთანხმების 18 მუხლის დებულებების თანახმად.

    მუხლი 18

შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების თარიღიდან.

შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, თუ არც ერთი მხარე, მორიგი პერიოდის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლისა და ამ შეთანხმების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

    მუხლი 19

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებას წყვეტს „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ხელმოწერილია ქ. ბაქოში, 1993 წლის 3 თებერვალს.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2000 წლის 22 მარტს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.

შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში მხარეები გამოიყენებენ ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

 

               (ხელმოწერილია)

 

       აზერბაიჯანის რესპუბლიკის 

              მთავრობის სახელით

 

                  (ხელმოწერილია)