შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპების შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეები“,
სურთ ხელი შეუწყონ ურთიერთშორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას თანასწორობისა და ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე,
ცნობენ, იმ ზომების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის წარმატებით გაფართოებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაზე,
ითვალისწინებენ იმ ღრმა ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი აქვს მონაწილე მხარეების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში,
ესწრაფვიან მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობებში მონაწილე მხარეების ეკონომიკის ინტეგრირებას,
ითვალისწინებენ სხვა ხელმოწერილ ორმხრივ დოკუმენტებს ურთიერთშორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა და განვითარების დარგში,
ეყრდნობიან თანასწორუფლებიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მონაწილე მხარეებმა დაადგინეს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ძირითადად ხორციელდება მხარეთა სამეურნეო სუბიექტებს შორის მათი საკუთრების ფორმებისა და დაქვემდებარებისაგან დამოუკიდებლად, მონაწილე მხარეთა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულების დამდებ სუბიექტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე.
მუხლი 2
მონაწილე მხარეებს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ განახორციელონ მნიშვნელოვანი სახის პროდუქციის მიწოდება, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმით, მონაწილე მხარეთა მთავრობების უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
მუხლი 3
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით მონაწილე მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და შექმნიან აუცილებელ პირობებს ინვესტიციების მოზიდვისა და წახალისებისათვის, აგრეთვე განახორციელებენ დაბეგვრის რეგულირების ღონისძიებებს.
ამ მუხლში აღნიშნული საკითხები რეგულირდება შესაბამისი შეთანხმებების დადების გზით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით.
მუხლი 4
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემოიღებენ ისეთ ადმინისტრაციულ, სამართლებრივ, ფინანსურ და სხვა შეზღუდვებს, რომლებიც არ გამოიყენება შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის მიმართ, ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონლის მიმართ. მონაწილე მხარეები თავს შეიკავებენ მოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება მეორე მონაწილე მხარეს მიაყენოს ზიანი, კერძოდ:
სავაჭრო პარტნიორებთან არათანაბარი პირობების გამოყენება სრულფასოვან მიწოდებაზე;
პარტნიორისათვის დამატებითი პირობების იძულებითი წაყენება, რომლებიც თავიანთი ხასიათით ან სავაჭრო პრაქტიკით არ არიან დაკავშირებული ხელშეკრულებებში ან საოქმო გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებულ ურთიერთმიწოდების მოცულობებთან და ფასებთან.
მუხლი 5
მონაწილე მხარეები თავს იკავებენ უმნიშვნელოვანესი სახის პროდუქციის რეექსპორტისაგან, რომლის მიწოდება ხორციელდება ამ შეთანხმების ოქმის თანახმად, მონაწილე მხარეთა ურთიერთთანხმობის გარეშე.
აღნიშნული დებულების დამრღვევი მონაწილე მხარე კომპენსაციას უკეთებს ზარალს რეექსპორტით მიღებული სავალუტო შემოსავლის მთლიანი ოდენობით.
მუხლი 6
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მონაწილე მხარეების საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება თავისუფალი საბაზრო ფასებით.
უმნიშვნელოვანესი სახეობების პროდუქციის ურთიერთმიწოდების მოცულობების შეფარდება განისაზღვრება მსოფლიო ფასებში.
მუხლი 7
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, ურთიერთდახმარება გაუწიონ ტექნოლოგიურად ურთიერთდაკავშირებულ წარმოებებს, კოოპერირებულ, დარგობრივ და დარგთაშორისი კავშირებით გათვალისწინებულ და სხვა პროდუქციის მიწოდების შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლებიც სამთავრობათაშორისო შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 8
მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწარმოების შექმნას, აგრეთვე დაავალებენ შესაბამის მონაწილე მხარეთა ორგანოებს ჩაატარონ სამუშაოები მშენებლობის ერთობლივი ინვესტირებისათვის, ობიექტების რეკონსტრუქციისათვის და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფორმების განვითარებისათვის.
მუხლი 9
მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამეურნეო სუბიექტების ტვირთების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის წესი განისაზღვრება ორივე მონაწილე მხარის ნორმატიული აქტებით და მხარეთა შესაბამის ორგანოებთან ადრე ხელმოწერილი შეთანხმებებით.
მონაწილე მხარეებმა დათქვეს, რომ ერთ-ერთი მხარის საქონლის ტრანსპორტირება შესაძლებელია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ არ ილახება რომელიმე მონაწილე მხარის ეროვნული უშიშროება.
ერთი მონაწილე მხარის ტვირთის ტრანზიტი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე საბაჟო დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ანიჭებს რა მნიშვნელობას შავი ზღვის ნავსადგურებიდან პროდუქციის მიწოდებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისათვის, საქართველოს მხარე ვალდებულებას კისრულობს ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტვირთების დაცვას, შავი ზღვის ნავსადგურებში შემოსული ტვირთის დროულად დაცლას, გადამუშავებას და დანიშნულებისამებრ მათ გაგზავნას.
მუხლი 10
საჭიროების შემთხვევაში, მოცემულ შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
მონაწილე მხარეები დაავალებენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში მოამზადონ და გააფორმონ შეთანხმებები ეკონომიკური თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებაში.
მუხლი 11
ამ შეთანხმების განმარტებისა და გამოყენებისას წამოჭრილი დავის შემთხვევაში, მონაწილე მხარეები მას გადაჭრიან მოლაპარაკების გზით საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენებით.
მუხლი 12
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მონაწილე მხარეები წერილობით გაცვლიან შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ შესრულებულია ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის და მოქმედებს მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილე მხარე არ მოითხოვს მის დენონსირებას, რაც უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მეორე მონაწილე მხარისათვის ექვსი თვით ადრე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 8 მარტს, 1996 წელს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
რომელიმე მუხლის ინტერპრეტაციის დროს უთანხმოების შემთხვევაში მონაწილე მხარეები იხელმძღვანელებენ რუსული ტექსტით.
| საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |