ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობისა (საქართველოს მთავრობა – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის განვითარების მიზნით ხელი მოეწეროს ამ ოქმს, რომელიც ემყარება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 1994 წლის 27 ივლისს ხელმოწერილ ხელშეკრულებას. თანამშრომლობის პროგრამას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთის მთავრობის სახელით თურქეთის პრემიერ-მინისტრის სამსახურთან არსებული „ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო“(EKETIB).
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა EKETIB-ის სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ტექნიკურ დახმარებასა და სწავლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციითა და შესაბამის სახელმწიფო და კერძო სექტორების სტრუქტურებთან თანამშრომლობით, ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების მომცველი კონკრეტული პროექტების საშუალებით.
ორივე მხარის მიერ დანიშნული იქნება სპეციალისტები ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში პროექტების შესამუშავებლად. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მოცემული ნუსხით.
1. ენერგეტიკა;
2. ინფრასტრუქტურა (ტრანსპორტი, საკომუნიკაციო სისტემები და სხვა);
3. პრივატიზაცია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სარეაბილიტაციო პროგრამები;
4. საბანკო და საფინანსო სისტემა;
5. სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მელიორაცია, მეთევზეობა;
6. მრეწველობის სისტემის რეაბილიტაცია;
7. საშუალო და მცირე საწარმოები;
8. ტურიზმი;
9. ჯანმრთელობის დაცვა;
10. გარემოს დაცვა;
11. თანამშრომლობა განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის დარგებში;
12. პროექტების კვლევა და მიღება;
13. კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და სხვა).
14. მარკეტინგი და ვაჭრობის საკითხები.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებები
a) პროექტების გაცნობის, მომზადებისა და განხორციელების პერიოდში საქართველო-თურქეთის სპეციალისტთა ჯგუფის უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციით;
b) ქართველ სპეციალისტთა ხარჯების ანაზღაურება;
c) ოფისის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაში დახმარება;
d) პროგრამის საკოორდინაციო ოფისის რეგისტრაციის ხელშეწყობა;
e) მიიღებს შესაძლო ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს თურქი ექსპერტები სათანადო სტატუსით, მათი საქართველოში მივლინების დროს.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის ვალდებულებები EKEBIT-ის მეშვეობით
a) პროგრამის საკოორდინაციო ოფისის კომპიუტერითა და ოფისის ინვენტარით აღჭურვა;
b) პროგრამის საკოორდინაციო ოფისისათვის, ადგილობრივი კადრის ჩათვლით, პერსონალის შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელფასების გადახდა;
c) პროგრამის საკოორდინაციო ოფისისათვის სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და დაქირავება;
d) თურქ სპეციალისტთა ხელფასისა და მგზავრობის თანხების ანაზღაურება;
e) ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების დადგენისათვის საჭირო თანხების უზრუნველყოფა;
f) ტექნიკური დახმარების პროექტებისა და სასწავლო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა;
g) დახმარების კოორდინაციისათვის გამოცდილი სპეციალისტების უზრუნველყოფა;
h) საინფორმაციო პროგრამების განხორციელებაში დახმარების მიზნით, საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
აღნიშნული ოქმის ფარგლებში განხორციელებული ყოველი პროექტი მიიღება მხარეების მაკოორდინირებელი და შემსრულებელი დაწესებულებების მონაწილეობით შექმნილი დამოუკიდებელი შეთანხმების საფუძველზე.
აღნიშნული ოქმის ფარგლებში, ქართველი და თურქი კოორდინატორებისა და პროექტებთან დაკავშირებული სხვა მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით, პერიოდულად საქართველოსა და თურქეთში მოეწყობა წლიური მუშაობის შემაჯამებელი თათბირი, რომელზეც შეფასდება საქმიანობის განვლილი ეტაპები და განიხილება წლიური პროგრამები.
ეს ოქმი ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2000 წლის 15 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში. დებულებების განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
| თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
|