საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე განსახორციელებელ მშენებლობებზე ფასთა ცვლილებების ინდექსების დამუშავებისა და ინვესტიციების ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №195
1998 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე განსახორციელებელ მშენებლობებზე ფასთა ცვლილებების ინდექსების დამუშავებისა და ინვესტიციების ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
თავისუფალი ფასების პირობებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე განსახორციელებელ მშენებლობაში სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცებისა და ინვესტიციების ეფექტინად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრისა და მენაშენეებსა და მენარდე ორგანიზაციებს შორის შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორებისათვის შეიმუშაოს და დანერგოს 1984 წლის სახარჯთაღრიცხვო ნორმებითა და ფასებით განსაზღვრული ღირებულებისა და საანგარიშო პერიოდამდე მისი ცვლილების ინდექსის მიხედვით გაანგარიშების მეთოდი.
2. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ბერიძე) ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს რეგიონების მიხედვით სამშენებლო რესურსებზე (საშენი მასალები, კონსტრუქციები, ნაკეთობები, სამშენებლო მანქანები, მუშათა ხელფასები) მოქმედი თავისუფალი (საბაზრო) ფასების შესახებ ინფორმაციების ყოველთვიურად შეკრება და სამინისტროსათვის გადაცემა.
3. დადგინდეს, რომ:
ა) მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციების საექსპერტო დასკვნები გაიცემა მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო (მიმდინარე-საპროგნოზო) ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) მშენებლობის დამკვეთი საპროექტო და დამფინანსებელი ორგანიზაციებისათვის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო და სახელშეკრულებო ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებული ყველა მეთოდიკური მითითებისა და განმარტების დამუშავება-გაცემა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაა, დადგენილი წესის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე