სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №357

1998 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ

 ქვეყნის ეკონომიკა, მისი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა აგროსამრეწველო კომპლექსი ვერ განვითარდება თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება-დანერგვის გარეშე.

მიმდინარე აგრარული რეფორმის მეორე ეტაპის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დარგის მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა და მისი აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

სასოფლო - სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის დროულად და სათანადო დონეზე განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თამარ გოდერძიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ოთარ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი

ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

როზა ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი მაღლაკელიძე – მსოფლიო ბანკისა და IFAD-ის საქართველოს  სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის დირექტორი

ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი

ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი.

2. კომისიამ განსაზღვროს სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის სტრატეგიული მიმართულებები და ორგანიზება გაუწიოს რეფორმის პროგრამის შემუშავებას.

3. რეფორმის ძირითად ამოცანად მიჩნეულ იქნეს:

ა) სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

ბ) აგრარულ სექტორში მეცნიერების, განათლებისა და წარმოების მაქსიმალური ინტეგრაცია;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში აგრარული მეცნიერებისა და განათლების როლის მნიშვნელოვანი ამაღლება;

დ) თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების წარმოებაში დანერგვის სისტემისა და მექანიზმის სრულყოფა;

ე) აგრარული მეცნიერების, განათლების და დანერგვის სისტემის ადაპტაცია საბაზრო ურთიერთობების პირობებისადმი;

ვ) აგრარული მეცნიერებისა და განათლების სისტემის ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტებთან;

ზ) სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;

თ) აგრარულ სექტორში საგადასახადო, ფასწარმოქმნის, საფინანსო-საკრედიტო და სადაზღვევო სისტემების სრულყოფა;

ი) შიდა ბაზრის დაცვასთან, ექსპორტ-იმპორტის რეგულირებასთან, პროდუქციის ხარისხის მართვასა და მარკეტინგულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კვლევის გაფართოება; ამ სფეროში განათლებისა და დანერგვის მექანიზმის ჩამოყალიბება;

კ) ფერმერთა და მეწარმეთა სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებით უზრუნველყოფის, განათლების, დანერგვის, ინფორმაციული და მარკეტინგული მომსახურების სისტემის სრულყოფა;

ლ) საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში არასამთავრობო ფერმერთა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ( ბ. გულუა)გააძლიეროს მუშაობა მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის განხორციელების საქმეში საერთაშორისო დახმარების მოზიდვის მიზნით.

ე. შევარდნაძე