დებულება -საარბიტრაჟო საქმის წარმოების წესის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი – არბიტრი+“-ს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საარბიტრაჟო საქმის წარმოების წესის შესახებ
მიღებულია პარტნიორთა საერთო კრების
2011 წლის25მარტის№9გადაწყვეტილებით
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით, კანონით და დებულებით დადგენილი წესით, განიხილოს პირთა (მხარეთა) თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
ბ) არბიტრი – არბიტრაჟის წევრი;
გ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი – არბიტრი+“;
დ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დირექტორი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის პარტნიორთა საერთო კრების მიერ დანიშნული სხვა პირი;
ე) კანონი – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
ვ) დებულება – წინამდებარე დებულება.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ დავას.
2. საარბიტრაჟო საქმის წარმოებისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს ცალკეულ საარბიტრაჟო მოქმედებათა შესრულების დროს.
3. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი ნორმისგან განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისთვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით ან დებულებით.
4. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, აგრეთვე გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
5. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
6. საქმის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ასევე განახორციელოს კანონით და დებულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
7. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტი, არბიტრაჟი იყენებს სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი სამართლებრივი აქტიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
8. თუ არ არსებობს დებულების ნორმა, რომელიც აწესრიგებს საარბიტრაჟო საქმის წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობის ან დებულების იმ ნორმით დადგენილი წესი, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი უფლებამოსილია დაეფუძნოს საარბიტრაჟო და საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
მუხლი 3. საარბიტრაჟო საქმის წარმოების ხარჯები
1. საარბიტრაჟო საქმის წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და საარბიტრაჟო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
4. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე;
დ) საარბიტრაჟო საქმის წარმოების დასრულების შემდეგ უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განცხადებაზე.
5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“და „დ“ ქვეპუნქტ ებ ისა, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 500ლარისა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 0,5%-ს,მაგრამ არანაკლებ 50და არა უმეტეს 200ლარისა, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დავის საგნის ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
7. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 10000ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 20000ლარს.
8. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ მის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
9. თუ ერთი საარბიტრაჟო სარჩელი სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან, სამართლებრივი ურთიერთობიდან) გამომდინარე რამდენიმე მოთხოვნას შეიცავს, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
10. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც წარდგენილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
11. თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
12. ისეთ ქონებრივ-სამართლებრივი დავაზე, რომელზეც შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების დადგენა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 40000ლარით.
13. საარბიტრაჟო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) საარბიტრაჟო საქმის განხილვასთან დაკავშირებით, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული თანხები;
ბ) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის ასანაზღაურებელი თანხები;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხები;
დ) ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
ე) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ვ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
14. ცალკეულ შემთხვევებში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, აგრეთვე გადაუდოს ან გაუნაწილვადოს მას არბიტრაჟის ხარჯების გადახდა ან შეამციროს მათი ოდენობა.
15. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება არბიტრაჟის ხარჯების გადახდისაგან არ ათავისუფლებს მეორე მხარეს აღნიშნული ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან.
16. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა ყოველდღიური თანხა.
17. არბიტრაჟის ხარჯები, დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა, ხოლო თუ ასეთი მოქმედება არბიტრაჟის ინიციატივით ხორციელდება, მაშინ ამ თანხას ორივე მხარე იხდის თანაბარწილად.
18. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო საქმის წარმოების ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ იმ მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს თანხა მიეკუთვნება საარბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
19. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს საარბიტრაჟო მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს.
20. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო საქმის წარმოების ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 4. საარბიტრაჟო ვადები
1. საარბიტრაჟო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.
2. თუ საარბიტრაჟო ვადა კანონით, დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით არ არის განსაზღვრული, მას ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი, რომელმაც ვადის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო საქმის წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარეების მიერ ან კანონით დაწესებული ვადა და იმ საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
3. საარბიტრაჟო ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
4. საარბიტრაჟო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღრულია მისი დასაწყისი.
5. საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.
6. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე. უქმე დღედ ითვლება საქართველოს შრომის კანონმდებლობი თ გათვალისწინებული უქმე დღეები, ხოლო დასვენების დღედ – შაბათი და კვირა.
7. საარბიტრაჟო მოქმედება, რომლის შესასრულებადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ან საბუთები ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
8. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ეს წესი არ ვრცელდება არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისათვის განსაზღვრულ საარბიტრაჟო ვადაზე. ვადის შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, ხოლო შეჩერებული ვადის დენა განახლდება საქმის წარმოების განახლების დღიდან.
9. საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს (არბიტრაჟს) შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
11. საარბიტრაჟო მოქმედების შესრულებისათვის დებულებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული ვადა, თუ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა ან არბიტრაჟმა, თუ დადგინდება, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.
12. განცხადება ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს უნდა წარედგინოს წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს საპატიო მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო ვადის გაშვება, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
13. საარბიტრაჟო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დრულად ვერ შეასრულა საარბიტრაჟო მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
მუხლი 5. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
1. არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ უწყებით (წერილობითი შეტყობინებით). იმავე საშუალებით არბიტრაჟში იბარებენ ასევე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
2. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
3. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
4. წერილობითი შეტყობინება (უწყება) ადრესატს ბარდება ფოსტის ან კურიერის მეშვეობით. უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე. თუ ადრესატის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას უარი განაცხადეს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება მუდმივმოქმედ არბიტრაჟს (არბიტრაჟს).
5. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება დასაბარებელი პირისათვის ჩასაბარებლად. ამ შემთხვევაში პირი, რომელსაც დაევალა უწყების ჩაბარება, ვალდებულია უკან დააბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი, რომელზეც აღნიშნული იქნება ადრესატის ხელმოწერა.
6. მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაითვლება ჩაბარებულად, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
7. თუ მხარის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია, რის გამოც ვერ ხერხდება უწყების ან სხვა დოკუმენტის პირადად ან გადასაცემად ჩაბარება, არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება განახორციელოს ადრესატის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ან რეგისტრაციის ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით მოქმედ თვითმმართველობის ორგანოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენით. არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიყენოს შეტყობინების სხვა საშუალებებიც (საჯარო შეტყობინება და სხვ.).
მუხლი 6. მხარეები არბიტრაჟში
1. არბიტრაჟში მხარეებად შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო საქმის წარმოება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე, ხოლო თუ დადგინდა, რომ მხარე ქმედუუნარო იყო საარბიტრაჟო შეთანხმების დადების მომენტში, არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს.
3. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ მათი ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წარმოჭრილ ნებისმიერ საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით და დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივრონ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) გადაწყვეტილებები და დადგენილებები.
4. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო საქმე აწარმოონ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლებად შეიძლება გამოვიდნენ ადვოკატები და სხვა ქმედუნარიანი პირები, ორგანიზაციის საქმეებზე – ასევე ამ ორგანიზაციის თანამშრომლები.
5. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაფორმებული უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მინდობილობაში (რწმუნებულებაში). ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს იგი, სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, რომელშიც დაინტერესებული მხარე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას (რწმუნებულებას) გასცემს სამხედრო მოსამსახურე. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემული მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციის მიერ.
6. მინდობილობა (რწმუნებულება) იურიდიული პირის ან იმ ორგანიზაციის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, გაცემული უნდა იყოს იურიდიული პირის (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.
7. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
8. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე გააუქმოს მის მიერ გაცემული რწმუნებულება (მინდობილობა) და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც მან წერილობით უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე წარმომადგენელს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონისა და დებულების შესაბამისად განხორციელებული ყველა მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. მხარის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ მისი განხილვის გადადების საფუძველს.
9. წარმომადგენელს უფლება აქვს საარბიტრაჟო საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც მან დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და/ან აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.
10. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
11. თუ საარბიტრაჟო საქმის წარმოების დროს დადგინდება, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, არბიტრაჟს შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად, შეცვალოს თავდაპირველი საარბიტრაჟო მოსარჩელე სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელით. თუ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანდო საარბიტრაჟო მოსარჩელე ან ეს უკანასკნელი არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელით, არბიტრაჟი შეწყვეტს საარბიტრაჟო საქმის წარმოებას იმ მოტივით, რომ არსასათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ საარბიტრაჟო სარჩელზე.
12. თუ საარბიტრაჟო საქმის წარმოების დროს დადგინდება, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟს შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი საარბიტრაჟო მოპასუხე სათანადო საარბიტრაჟო მოპასუხით. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი საარბიტრაჟო მოპასუხის სათანდო საარბიტრაჟო მოპასუხით შეცვლაზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს საარბიტრაჟო სარჩელს.
მუხლი 7. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
2. საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3. მტკიცებულებებს არბიტრაჟში წარადგენენ მხარეები. არბიტრაჟს უფლება აქვს შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, აგრეთვე თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მხარეები მტკიცებულებების წარდგენისა და მათი გამოთხოვის შესახებ განცხადებების/შუამდგომლობების აღძვრის უფლებით სარგებლობენ არბიტრაჟის პირველ სხდომამდე. სხვა შემთხვევაში მხარეთა განცხადებები/შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების წარდგენის ან მათი გამოთხოვის შესახებ განიხილება დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
5. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით თავად ვერ შეძლეს მტკიცებულებათა მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს უფლება აქვს მხარეთა შუამდგომლობით თავად გამოითხოვოს მტკიცებულებები ან ამ მიზნით მიმართოს სასამართლოს. ამის თაობაზე არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება და საქმის წარმოება ჩერდება მტკიცებულებების მიღებამდე.
6. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდილი ძალა არა აქვთ.
7. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც არა აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის.
8. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
9. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
10. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს არბიტრაჟ ის სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
11. ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას.
12. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, კერძოდ, ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მუხლი 8. ექსპერტიზა
1. თუ საარბიტრაჟო საქმის განხილვასთან დაკავშირებ ულ საკითხ ზე არბიტრაჟს არ გააჩნია სპეციალურ ი ცოდნა, იგი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟისგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება.
2. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, ვის დაევალა ექსპერტიზის ჩატარება და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად არბიტრაჟი ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
3. ექსპერტის შერჩევის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები და წარუდგინონ კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის დაევალა ექსპერტიზის ჩატარება და იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს არბიტრაჟი.
4. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალებს არბიტრაჟს წარუდგენენ მხარეები.
5. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, არბიტრაჟს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას.
6. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შეფასების მიზნით ექსპერტს დაუსვან შეკითხვები.
7. ექსპერტის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებულო არ არის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.
9. თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.
10. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია დადასტურებულად ჩაითვლება.
11. ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ხოლო თუ ექსპერტიზა არბიტრაჟის ინიციატივით ინიშნება, მისი ჩატარების ხარჯებს გაიღებენ მხარეები თანაბარწილად.
მუხლი 9. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
1. საარბიტრაჟო საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო სარჩელი.
2. საარბიტრაჟო სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;
ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), საარბიტრაჟო მოპასუხის სახელს, გვარს და მისამართს, ასევე არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონს (მათ შორის, მობილურს), ელექტრონულ ფოსტას და ფაქსს;
გ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნას;
დ) გარემოებებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას;
ე) მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ გარემოებებს;
ვ) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს;
ზ) დავის საგნის ფასს;
თ) საარბიტრაჟო მოსარჩელის ხელმოწერას;
ი) საარბიტრაჟო სარჩელისათვის თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
3. საარბიტრაჟო სარჩელს თან უნდა დაერთოს:
ა) მხარეთა შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საარბიტრაჟო დათქმას;
ბ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ი დოკუმენტ ი;
გ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს.
4. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს იმდენი ასლით, რამდენიც საარბიტრაჟო მოპასუხეა.
5. თუ საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილია ამ მუხლის მე-2პუნქტის „ა-ე“, „თ“, ი“ქვეპუნქტებით, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი რომელიმე პირობის დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენიდან 10დღის ვადაში გამოიტანს დადგენილებას, რომლითაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საარბიტრაჟო სარჩელი არ მიიღება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს. ყველა სხვა შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელი ითვლება მიღებულად მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან მეთერთმეტე დღეს.
6. საარბიტრაჟო სარჩელი მისი მიღებიდან 5დღის ვადაში თანდართულ დოკუმენტებთან და დებულებასთან ერთად უნდა გაეგზავნოს საარბიტრაჟო მოპასუხეს, რომელსაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე დაუნიშნავს ვადას საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოსადგენად. საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 5დღეზე ნაკლები და 15დღეზე მეტი.
7. საარბიტრაჟო შესაგებელში მითითებული უნდა იყოს:
ა) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება;
ბ) მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ საარბიტრაჟო შესაგებელი შეაქვს წარმომადგენელს) სახელს, გვარს და მისამართს, ასევე არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონს (მათ შორის, მობილურს), ელექტრონულ ფოსტას და ფაქსს;
გ) ცნობს თუ არა საარბიტრაჟო მოპასუხე საარბიტრაჟო სარჩელს;
დ) თუ არ ცნობს საარბიტრაჟო სარჩელს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი საარბიტრაჟო შესაგებელი;
ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებ ს;
ვ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს საარბიტრაჟო მოპასუხე საარბიტრაჟო სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას;
ზ) არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობები;
თ) სხვა საკითხებ ი, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისათვის.
8. საარბიტრაჟო შესაგებელი და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები უნდა გაეგზავნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
9. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს წარადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობითი მოსაზრებები საარბიტრაჟო შესაგებელზე ამ უკანასკნელის მიღებიდან 5დღის ვადაში.
10. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ან საარბიტრაჟო აქტი იმავე დავის საგანზე სარჩელის დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
დ) საქმე არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის განსჯადი;
ე) საქმე არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ვ) საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ზ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არ შეავსო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ დადგენილი ხარვეზი.
11. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება, რომელიც ჩაბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს. ამ უკანასკნელს იმავდროულად უბრუნდება საარბიტრაჟო სარჩელი, თანდართული დოკუმენტები და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.
12. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის დადგენილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა.
13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა ხდება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
14. არბიტრაჟი შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს მიიღებს, თუ:
ა) შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელსა და პირვანელ საარბიტრაჟო სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
15. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს არბიტრაჟის პირველ სხდომამდე.
მუხლი 10. გამოუცხადებლობა და დოკუმენტების წარუდგენლობა
1. თუ ერთ-ერთი მხარე არბიტრაჟის სხდომაზე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, არბიტრაჟი საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე.
2. თუ არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე.
3. დოკუმენტის წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ისეთი მიზეზით, რომელსაც არბიტრაჟი არასაპატიოდ მიიჩნევს, ართმევს მხარეს უფლებას, წარადგინოს დოკუმენტი ან შეასრულოს მოქმედება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე მხარე ეთანხმება დოკუმენტის წარდგენას ან მოქმედების შესრულებას.
4. დებულების მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის გამოცხადების, დოკუმენტის წარდგენის ან სხვა საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადებას, დოკუმენტის წარდგენას ან/და სხვა საარბიტრაჟო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მუხლი 11. არბიტრაჟის სხდომა
1. თუ საარბიტრაჟო საქმის არსებითი განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის ფორმით, არბიტრაჟი ატარებს სხდომას (არბიტრაჟის სხდომა, ზეპირი მოსმენა), რომელსაც ხსნის, უძღვება და ხურავს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
2. მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები, აგრეთვე არბიტრაჟის სხდომის დარბაზში მყოფი სხვა პირი, თუ ასეთი დაშვებულია სხდომაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილონ არბიტრაჟის განკარგულებას.
3. არბიტრაჟის თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად და განუმარტავს მხარეებს აცილების უფლების შესახებ.
4. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოთხოვის, აგრეთვე საარბიტრაჟო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი განცხადებები და შუამდგომლობები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული არბიტრაჟის სხდომამდე და რომ ეს არ მომხდარა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით არბიტრაჟის სხდომა შეიძლება გადაიდოს.
5. არბიტრაჟის სხდომის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. არბიტრაჟის ახალ სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არბიტრაჟი მხარეებს ასევე დაავალებს დანიშნულ ვადაში წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებების წარმოდგენას, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს. თუ მხარე თავს არიდებს ამ მოვალეობის შესრულებას საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით და არბიტრაჟს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები.
6. საარბიტრაჟო საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას არბიტრაჟის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რის შემდეგაც არბიტრაჟის თავმჯდომარე აკეთებს მოხსენებას საქმის შესახებ, მოკლედ გადმოსცემს საარბიტრაჟო სარჩელსა და საარბირტრაჟო შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებს, რომლებიც უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მასალებს.
7. არბიტრაჟის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის, ხოლო შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
8. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მხარეებმა შეიძლება წარმოაყენონ ახალი მოსაზრებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული არბიტრაჟის სხდომამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.
9. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი ახსნა-განმარტებას მიიღებს მხოლოდ ამ მხარისაგან.
10. არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ სტადიაზე თითოეულ მხარეს შეუძლია დაუსვას შეკითხვები მეორე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
11. არბიტრაჟის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მხარეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
12. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს არბიტრაჟი. იგი ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას, სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას, იღებს დადგენილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წარმოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ დადგენილებებს. არბიტრაჟი იღებს დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და საქმის არსებითი განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად, ერთ სხდომაზე და თუ შესაძლებელია, შესვენების გარეშე. ამ მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს სიტყვისათვის ან/და არბიტრაჟის სხდომის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვროს დრო.
13. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, განიხილოს და შემოწმოს საქმეში არსებული მტკიცებულებები.
14. საქმეში არსებული მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ იწყება მხარეთა პაექრობა, რომელიც შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ – საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
15. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნის მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
16. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება, კანონით და დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 12. არბიტრაჟის გადაწყვეტილება
1. საარბიტრაჟო საქმის არსებითი განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება, კანონით და დებულების ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. არბიტრს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის საქმეს.
3. გადაწყვეტილების გამოტანსას არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი ან/და სხვა სამართლებრივი აქტი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელი.
4. გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით.
5. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრაჟის კოლეგიურ შემადგენლობას, მას ჩამოაყალიბებს ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე ან ერთ-ერთი არბიტრი და ხელს აწერს ყველა არბიტრი, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დადგენაში, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე არბიტრიც. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას უნდა გაუკეთდეს შენიშვნა არბიტრთა ხელმოწერის წინ.
6. არბიტრაჟს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
7. გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
8. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა, არბიტრაჟის სხდომის მდივანი (მისი ყოფნის შემთხვევაში), საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა არბიტრაჟი, მხარეები, წარმომადგენლები და დავის საგანი.
9. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნისა და საარბიტრაჟო მოპასუხის შესაგებლის შესახებ.
10. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს არბიტრაჟის მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება არბიტრაჟის დასკვნები, აგრეთვე მოსაზრებები, რომლებითაც არბიტრაჟი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონი ან/და სხვა სამართლებრივი აქტი, რომლითაც არბიტრაჟი ხელმძღვანელობდა.
11. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნებს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებისა თუ მისი მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შესახებ, მითითებას საარბიტრაჟო საქმის წარმოების ხარჯების განაწილების თაობაზე.
12. თუ მხარეები არ მოითხოვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ან ამას ითვალისწინებს საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების შესავალი, აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილების ჩამოყალიბებით.
13. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრაჟის სხდომის დამთავრებისას, რა დროსაც იგი უფლებამოსილია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებით. არბიტრაჟი უფლებამოსილია გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, მაგრამ არა უმეტეს 15დღისა, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე დარჩენილია უფრო ნაკლები ვადა – ამ უკანასკნელის გასვლამდე. არბიტრაჟმა დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მოამზადოს მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 15დღის ვადაში, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე დარჩენილია უფრო ნაკლები ვადა – ამ უკანასკნელის გასვლამდე.
14. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
15. არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოთ (გადაეცეთ) მხარეებს დებულების მე-5მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 13. დადგენილება
1. თუ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ შეეხება საარბიტრაჟო საქმის არსებით გადაწყვეტას, მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ან არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება.
2. დადგენილების გამოტანა ხდება წერილობითი ფორმით, ხოლო არბიტრაჟის სხდომაზე გამოტანილი დადგენილება აისახება არბიტრაჟის სხდომის ოქმში.
3. დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) დადგენილების გამომტანი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა, არბიტრაჟის სხდომის მდივანი (მისი ყოფნის შემთხვევაში და თუ დადგენილება სხდომაზე მიიღება), მხარეები, მათი წარმომადგენლები და დავის საგანი;
გ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილ იქნა დადგენილება;
დ) მოტივები, რომლებითაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი მივიდა თავის დასკვნამდე, აგრეთვე კანონი და/ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობდა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი;
ე) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) დასკვნა იმ საკითხის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მიიღება დადგენილება.
4. არბიტრაჟს დადგენილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
მუხლი 14. საჩივარი
1. დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) დადგენილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში (არბიტრაჟში).
2. საჩივრის შეტანის ვადაა 12დღე, რომელიც აითვლება მხარისათვის დადგენილების ასლის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
3. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ერთ თვის ვადაში.
4. საჩივარის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს (არბიტრაჟს) შეუძლია საჩივარი განხილოს ზეპირი მოსმენითაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
მუხლი 15. საარბიტრაჟო საქმის წარმოების შეწყვეტა
1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საარბიტრაჟო საქმის წარმოებას, თუ:
ა) არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ან საარბიტრაჟო აქტი (გადაწყვეტილება, განჩინება) იმავე დავის საგანზე სარჩელის დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო საქმის წარმოების შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
გ) მხარეები მორიგდნენ;
დ) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი პირის გარდაცვალებისას (იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ლიკვიდაციისას), სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
ე) არ არსებობს დავის საგანი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო საქმის წარმოება შეწყდება არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – მოტივირებული დადგენილებით.
3. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
4. საარბიტრაჟო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არბიტრაჟის დადგენილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა.
მუხლი 16. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
1. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) საარბიტრაჟო საქმის წარმოებისას დადგინდა ისეთი გარემოება, რომელიც საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, გარდა დებულების მე-9მუხლის მე-10პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღება განხორციელდა ისეთი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც პირდაპირ არ ითვალისწინებდა დათქმას საარბიტრაჟო საქმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში განხილვის შესახებ და მხარე კანონით დადგენილ ვადაში ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) მიერ შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ამ ვადების საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში – გადაწყვეტილების გამოტანამდე განაცხადებს, რომ იგი წინააღმდეგია საარბიტრაჟო საქმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში განხილვაზე. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მხარემ საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ განახორციელა ისეთი საარბიტრაჟო ქმედება, რომელიც ადასტურებს მის თანხმობას საარბიტრაჟო საქმის განხილვაზე;
გ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ გამოიხმო საარბიტრაჟო სარჩელი.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საარბიტრაჟო სარჩელი, თუ არბიტრაჟის სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდება.
3. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
4. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ არბიტრაჟის დადგენილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა.
5. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 70%,ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 90%.
მუხლი 17. საარბიტრაჟო საქმის წარმოების გადადება და შეჩერება
1. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა. მხარის მოთხოვნით საქმის განხილვის გადადება დაიშვება, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია საარბიტრაჟო საქმის განხილვის გაჭიანურებად.
2. საარბიტრაჟო საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ, რომლებმაც გამოიწვიეს შეჩერება.
3. საარბიტრაჟო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არბიტრაჟის დადგენილებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა.
მუხლი 18. არბიტრაჟის სხდომის ოქმი
1. არბიტრაჟის სხდომის შესახებ, როგორც წესი, ოქმი არ დგება. ოქმი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ამას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს ან მოითხოვს რომელიმე მხარე.
2. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის და ცალკეულ საარბიტრაჟო მოქმედებათა ძირითად მომენტებს.
3. ოქმს ადგენს არბიტრაჟის თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.
4. ოქმის შედგენა ხორციელდება არბიტრაჟის სხდომაზე ან ამ უკანასკნელის გარეშე ცალკეულ საარბიტრაჟო მოქმედებათა შესრულების დროს.
5. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც მათი აზრით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.
6. ოქმი მომზადებულ და ხელმოწერილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 3დღისა არბიტრაჟის სხდომის დამთავრების ან ცალკელ საარბიტრაჟო მოქმედებათა შესრულების შემდეგ.
7. ოქმს ხელს აწერს არბიტრაჟის თავმჯდომარე, ასევე სხდომის მდივანი, თუ იგი მონაწილეობს სხდომაზე.
8. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერები თან უნდა დაერთოს საქმეს.
9. არბიტრაჟის სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საარბიტრაჟო საქმეს. შენიშვნებს განიხილავს საქმის განმხილველი არბიტრი მათი შეტანიდან 5დღის ვადაში და გამოიტანს დადგენილებას შენიშვნების შესახებ.
მუხლი 19. საარბიტრაჟო საქმის გადასინჯვა
1. მხარეთა შეთანხმებით ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში არბიტრაჟი უფლებამოსილია გადასინჯოს განხილული საქმე.
2. საქმის გადასინჯვა წარმოებს მხარეთა შეთანხმების ფარგლებში, ხოლო თუ ეს უკანასკნელი არ არსებობს, არბიტრაჟი საქმეს იხილავს საერთო წესით, ამ მუხლში მოცემული თავისებურებების გათვალისწინებით. არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო საქმის გადასინჯვის საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საქმის გადასინჯვა დაიშვება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის განცხადებით, თუ:
ა) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენდა არბიტრაჟის განხილვის საგანს ან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა არბიტრი, რომელსაც კანონის ან დებულების თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე ან აღმოჩნდება, რომ მისი მოწვევა არ აკმაყოფილებდა კანონითა და დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) საქმე განხილულ იქნა არბიტრაჟის სხდომაზე მხარის მონაწილეობის გარეშე, რომელიც მოწვეული იყო არბიტრაჟის სხდომაზე კანონითა და დებულებით დადგენილი წესით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და აღნიშნულის თაობაზე მან დროულად ვერ აცნობა არბიტრაჟს;
დ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;
ე) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ვ) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია, აგრეთვე დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
ზ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა ან მათ წარმომადგენელთა, აგრეთვე არბიტრის დანაშაულებრივი ქმედება;
თ) აღმოჩნდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ან საარბიტრაჟო აქტი (გადაწყვეტილება, განჩინება), რომელიც გამოტანილია არბიტრაჟში საქმის წარმოების დამთავრებამდე იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით.
3. საქმის გადასინჯვა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“და „ზ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ხოლო დოკუმენტის სიყალბის შემთხვევაში – აგრეთვე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
4. საქმის გადასინჯვის შედეგად მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) უფლებამოსილია:
ა) გააუქმოს ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (დადგენილება);
ბ) უცვლელად დატოვოს არსებული გადაწყვეტილება.
6. საქმის გადასინჯვა დაუშვებელია, თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხი განხილულია კანონით დადგენილი წესით.