საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№502
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 29/11/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №502

2000 წლის 29 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და „საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №372 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. VI თავის 22-ე მუხლის ბოლო წინადადებაში ნაცვლად სიტყვისა „პირველი“ ჩაიწეროს სიტყვა „ერთ-ერთი“.

2. VII თავის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატს ქმნის:

ა) კანონშემოქმედებისა და იურიდიული სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რეფორმასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და მიწის მართვის სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საგარეო ურთიერთობათა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის მართვის საკითხებში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და მიმდინარე პროექტების კოორდინაცია;

გ) კადრების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა კადრების აღრიცხვის, შერჩევისა და განაწილების ორგანიზაცია, აგრეთვე კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია და განხორციელება;

დ) მიწის აღრიცხვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის ბაზრის განვითარების არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

ე) მიწის მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზაცია და განხორციელება; მიწის კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) მიწის რეფორმისა და საადგილმამულო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის რეფორმის სამუშაოთა ორგანიზაცია და შესრულების ზედამხედველობა, საადგილმამულო ურთიერთობებში მონაწილეობა;

ზ) მიწათმოწყობისა და მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამიწათმოწყობო სამუშაოთა ორგანიზაცია, სახელმწიფო და სხვა საჭიროებისათვის მიწის გამოყოფის, მისი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგულირება და აღრიცხვა, განაშენიანებისა და სხვადასხვა მშენებლობის ობიექტების შესახებ დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის ორგანიზაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სამუშაოთა ორგანიზაცია და განხორციელების ზედამხედველობა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის ინტეგრაციისა და მისი შემდგომი გამოყენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება;

ი) კონტრაქტების მომზადებისა და მონიტორინგის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; კონტრაქტების მომზადება, სამუშაოთა სისრულისა და ხარისხის მონიტორინგი, აგრეთვე შესრულებული სამუშაოების მიღების ორგანიზაცია;

კ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაცია, წარმართვა და შიდასაუწყებო კონტროლის განხორციელება;

ლ) ცენტრალური ბუღალტერია, რომლის ძირითადი ამოცანაა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზაცია და წარმართვა;

მ) საქმეთა მმართველობა, რომლის ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტის მუშაობისა და სისტემაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზაცია.“.

3. VIII თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი“.

ე. შევარდნაძე