საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№475
1997 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №348 ბრძანებულებით.
1.2. კომისია დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ხელმძღვანელობს შესაბამისი დარგობრივი ნორმატიული აქტებით და თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
1.3. კომისია არ არის იურიდიული პირი და არ გააჩნია იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტები (ანგარიშსწორების ანგარიში, ბეჭედი და ა.შ.).
1.4. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, ხოლო მისი თითოეული წევრი – კომისიის თავმჯდომარის (სახელმწიფო მინისტრის) წინაშე.
1.5. კომისია მუშაობას წყვეტს მისი ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების გამოცემის შემდეგ.
2. კომისიის ამოცანები
2.1. კომისია სათანადო ორგანოების მეშვეობით შეიმუშავებს და პრაქტიკულად ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ყველა რეგიონში ეროვნული ვალუტის – ლარის, როგორც ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად საბოლოო დამკვიდრებისათვის ხელსაყრელი პირობების მომზადებას.
2.2. მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრების უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტებს.
2.3. ფულის მიმოქცევის სისტემის შემდგომი სრულყოფის მიზნით კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ეკონომიკის მართვის საკითხებს; საჭიროების შემთხვევაში იძლევა სათანადო რეკომენდაციებს.
3. კომისიის უფლება-მოვალეობანი
3.1. კომისიას უფლება აქვს თავისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ნებისმიერი ორგანოებისაგან (სახელმწიფო კანცელარია, სამინისტროები, უწყებები და სხვ.) მოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია.
3.2. კომისიას შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ მოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში შექმნას სამუშაო ჯგუფები.
3.3. კომისიის ცალკეულ წევრს უფლება არა აქვს კომისიის სახელით რაიმე საკითხზე დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
3.4. კომისიის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას იმ საკითხების საიდუმლოება, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში ფულის მიმოქცევისა და ეკონომიკის შემდგომი სტაბილიზაციის უზრუნველყოფასთან.
3.5. კომისიის სხდომების გამართვის ვადებისა და მუშაობის ფორმის საკითხებს წყვეტს კომისიის თავმჯდომარე.
3.6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ორგანიზაციას უწევს კომისიის სხდომების გამართვას და ამზადებს სხდომის მასალებს.