თბილისის საარბიტრაჟო პალატის დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401065, 08/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის საარბიტრაჟო პალატის დებულება

შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატა“
ტელ/ფაქსი: 995 (32) 38 03 42
tbac@tbac.ge
www.tbac.ge

დამტკიცებულია
შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“
2010 წლის 5 იანვრის პარტნიორთა კრების მიერ.
შეტანილია ცვლილება-დამატებანი
2010 წლის 7 ივლისის პარტნიორთა კრების მიერ

თბილისის საარბიტრაჟო პალატის დებულება

I. დებულებაში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინის განმარტება:
1.1. კოლეგია – შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობს კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორებთან შეთანხმებით ნიშნავს შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორი.
1.2. დავა – დავა, რომელიც მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას საარბიტრაჟო სარჩელით/შუამდგომლობით განსახილველად გადაეცა ან რომელიც დაექვემდებარა თბილისის საარბიტრაჟო პალატას.
1.3. მხარე – მხარე იმ დავისა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განსახილველად გადეცა ან დაექვემდებარა კოლეგიას – „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „საარბიტრაჟო მოპასუხე“, ამასთან, „საარბიტრაჟო მოსარჩელეზე“ ან „საარბიტრაჟო მოპასუხეზე“, როგორც მხარეზე, მითითება ნიშნავს არბიტრაჟისადმი მიმართვის რიგითობას.
1.4. არბიტრაჟი – მხარეთა ან კოლეგიის მიერ დავის გადასაწყვეტად ამ დებულების მიხედვით დასახელებული/დანიშნული არბიტრებიდან შემდგერი არბიტრაჟი.
1.5. არბიტრაჟის თავმჯდომარე – არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟის ერთადერთი წევრი.
1.6. საარბიტრაჟო შეთანხმება – ხელშეკრულებაში ჩაწერილი საარბიტრაჟო დათქმა ან ცალკე შეთანხმებით მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამა თუ იმ ქონებრივი დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით გადაწყვეტის შესახებ. ამასთან, თუ მხარეთა შორის არსებობს რამდენიმე ასეთი შეთანხმება, მაშინ ძალაშია თითოეულის ის ნაწილი, რომელიც არ ეწინააღმდეგება უფრო გვიან მიღწეულ შეთანხმებას და/ან არ გაუქმებულა უფრო გვიანდელი შეთანხმებით.
1.7. არბიტრაჟის გადაწყვეტილება – საარბიტრაჟო განხილვის პროცესში არბიტრაჟის მიერ სხვადასხვა ფორმით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
1.8. საარბიტრაჟო დათქმა – მხარეთა ხელშეკრულების ის დებულება, რომლითაც განისაზღვრება, რომ მათი სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის გამო მათ შორის წარმოქმნილი ყველა ან ზოგიერთი დავა განსახილველად და გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს საარბიტრაჟო დათქმა ამავდროულად მოიცავს პალატის საარბიტრაჟო განხილვის წესებს.

შენიშვნა: რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა

თუ ხელშემკვრელ მხარეებს სურთ, რომ მათ შორის დავა განიხილოს პალატამ, სასურველია, მხარეებმა დადებულ ხელშეკრულებაში ჩართონ შემდეგი საარბიტრაჟო დათქმა:
„ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, მათ შორის, თვით ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის, შეწყვეტის ან ბათილობის საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204418291), რომლის დებულებაც (დანართების ჩათვლით) ამ დათქმის განუყოფელ ნაწილად ითვლება“.
ხელშეკრულებაში ასეთი დათქმის არარსებობა მხარეებს არ ართმევს უფლებას, დავის გადასაწყვეტად მიმართონ თბილისის საარბიტრაჟო პალატას.

II. ზოგადი დებულებები

2.1. კოლეგია არის დავის საარბიტრაჟო განხილვის დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მისი დანართების შესაბამისად.
2.2. კოლეგია შედგება კოლეგიის თავმჯდომარისა და მის მიერ შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორთაგან დანიშნული 2 წევრისაგან. კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
2.21 კოლეგიის თავჯდომარეს, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელს, შპს `თბილისის საარბიტრაჟო პალატის” პარტნიორთაგან ნიშნავს პალატის დირექტორი.
2.3. კოლეგიის თავჯდომარე უფლებამოსილია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის საკითხი;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი;
გ) დებულების მიხედვით არბიტრაჟის წევრის (არბიტრის) დანიშვნის საკითხი;
დ) არბიტრის პირველი სხდომის გამართვის თარიღი და დრო;
ე) საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის გადახდის ოდენობა და ვადა:
ვ) საქმის სირთულიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის შემცირების საკითხი არა უმეტეს:
–  25%-ით, თუ მხარის მიერ გადასახდელი საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (დღგ-ის გარეშე) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრომდეა.
–  50%-ით, თუ მხარის მიერ გადასახდელი საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (დღგ-ის გარეშე) 50 000-დან 75 000 ევრომდეა.
–  75%-ით, თუ მხარის მიერ გადასახდელი საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (დღგ-ის გარეშე) 75 000 ევრო ან მეტია.
2.31 კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ დებულების 2.3 პუნქტში აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად მოიწვიოს კოლეგია.
2.32. საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღებული დავა გადაეცემა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად შექმნილ არბიტრაჟს.
2.33 კოლეგია მხარეებთან და არბიტრებთან ურთიერთობას ახორციელებს რეგისტრატურის მეშვეობით. რეგისტრატურის მუშაობას წარმართავს რეგისტრატორი, რომელსაც ნიშნავს შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის’’ დირექტორი. რეგისტრატორი ექვემდებარება კოლეგიას. რეგიტრატორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ საარბიტრაჟო სარჩელსა თუ საარბიტრაჟო შესაგებელს, ასევე შუამდგომლობებს, განცხადებებსა თუ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს. უგზავნის მხარეებს და არბიტრებს კოლეგიის გადაწყვეტილებას (დადგენილებას) და საარბიტრაჟო სხდომის უწყებას და დავასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს.
2.4. არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხს კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით წყვეტს ამ დავის განმხილველი არბიტრაჟი. ამასთან, საარბიტრაჟო შეთანხმება, როგორც ხელშეკრულების ნაწილი, განიმარტება, როგორც შეთანხმება, რომელიც დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა თავისთავად არ გამოიწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას. გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის და უფლებამოსილების შესახებ არბიტრაჟი იღებს თავისი შეხეხედულებით, სპეციალური დადგენილების სახით მხარეს უფლება აქვს, გააკეთოს წერილობითი განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა მას არ ართმევს ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 3 (სამი) დღის ვადაში არბიტრაჟის მიერ თავისი კომპეტენციის შესახებ მიღებული დადგენილება მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში.
2.5. თუ მხარეთა ცალკე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
2.6. არბიტრაჟის მიერ დავაზე თავისი კომპეტენციის ცნობის შემთხვევაში წინამდებარე დებულება განიხილება, როგორც საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება ამ დებულების რომელიმე წესს, მოქმედებს ამ დებულებით დადგენილი წესი.
2.7. კოლეგია, არბიტრაჟი და მხარეები მოქმედებენ ამ დებულების შესაბამისად. ამ დებულების რომელიმე წესის განმარტების, აგრეთვე ამ დებულებით მოუწესრიგებელი პროცედურული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს კოლეგიის თავმჯდომარეს, არბიტრაჟის თავმჯდომარის ან რომელიმე მხარის მიმართვის საფუძველზე.
2.8. თუ ამ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არმქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მისი დანარჩენი ნაწილებისა და მთლიანად დებულების იურიდიულ ძალაზე.
2.9. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა საარბიტრაჟო წესით გადაწყვიტონ ამ დებულების შესაბამისად, ითვლება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან არ მიმართონ სასამართლოს არბიტრაჟის კომპეტენციის ან უფლებამოსილების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს:
ა) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული შემთხვევა;
ბ) ორივე მხარის წერილობითი შეთანხმება.

III. არბიტრაჟის შექმნის წესი, ორგანიზაცია და საქმიანობა

3.1. არბიტრაჟი და მისი შემადგენლობა

3.1.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან, რომელთა დანიშვნის პირობები და წესი ამ თავით განისაზღვრება. არბიტრთა რაოდენობაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, როგორც წესი, არბიტრაჟი შედგება სამი არბიტრისაგან (გარდა ამ დებულების 3.1.8. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).
3.1.2. არბიტრაჟი შექმნილად ითვლება ყველა არბიტრის დანიშვნის შესახებ კოლეგიის გადაწყვეტილების დღიდან, იმისდა მიუხედავად, რომ სარჩელი არასრული იყო ან შესაგებელი დროულად არ იყო წარდგენილი.
3.1.3. მხარეები არბიტრებს/არბიტრს, ხოლო დანიშნული არბიტრები არბიტრაჟის თავმჯდომარეს ნიშნავენ კოლეგიის არბიტრთა სიიდან (გარდა ამ დებულების 3.1.10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), რომელსაც ადგენს შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პალატის პარტნიორთა კრება.
3.1.4. თუ არბიტრთა რაოდენობა განსაზღვრულია მხარეთა შეთანხმებით, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ამ შეთანხმების მიხედვით, ოღონდ თუ ეს რაოდენობა ლუწია, დანიშნულმა არბიტრებმა 3 (სამი) დღის ვადაში უნდა დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი – არბიტრაჟის თავმჯდომარე. ყველა სხვა შემთხვევაში არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება დავის სირთულის მიხედვით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით.
3.1.5. არბიტრთა კანდიდატურების შერჩევა ხდება კონკრეტული საქმის ყველა გარემოებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი იმ მოთხოვნებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ არბიტრები.
3.1.6. ერთწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში არბიტრად ინიშნება მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით შერჩეული არბიტრი. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში არბიტრს ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარე.
3.1.7. სამწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში თითო არბიტრს ნიშნავენ მხარეები მათთვის წარდგენილი არბიტრთა სიიდან, ხოლო ეს არბიტრები იმავე სიიდან 3 (სამი) დღის ვადაში ურთიერთშეთანხმებით ნიშნავენ მესამე არბიტრს – არბიტრაჟის თავმჯდომარეს; არბიტრთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მესამე არბიტრს – არბიტრაჟის თავმჯდომარეს ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთმა მხარემ არ დანიშნა არბიტრი არბიტრს ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარე.
3.1.8. თუ კოლეგია, დავის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს და მხარეებიც თანხმობას განაცხადებენ, არბიტრაჟი შეიძლება შეიქმნას ხუთი არბიტრისაგან. ასეთ შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ორ-ორ არბიტრს, ხოლო მეხუთე არბიტრს – არბიტრაჟის თავმჯდომარეს ირჩევენ უკვე დანიშნული არბიტრები არანაკლებ სამი ხმით. თუ მათ ვერ აირჩიეს მეხუთე არბიტრი ან მხარეებმა არ დანიშნეს მათ მიერ დასანიშნი ერთი ან მეტი არბიტრი, ამ არბიტრებს დანიშნავს კოლეგიის თავმჯდომერე.
3.1.9. თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე, მაგრამ ყველა მხარემ წერილობით არ გამოხატა თანხმობა, რომ არბიტრაჟის შექმნის მიზნით დავის ყველა მონაწილე დაიყოს ორ მხარედ – საარბიტრაჟო მოსარჩელედ და საარბიტრაჟო მოპასუხედ და არ გადანაწილდნენ ამ მხარეებად, კოლეგია დანიშნავს არბიტრაჟს მხარეთა მონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება გაიგება, როგორც მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ არბიტრაჟს ნიშნავს კოლეგია.
3.1.10. თუ არსებობს მხარეთა წინასწარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც არბიტრს/არბიტრებს თავისი შეხედულებით ნიშნავს/ნიშნავენ მხარე, მხარეები ან მხარეთა მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ამ დებულებით ასეთი შეთანხმება გაიგება, როგორც მხარეთა შეთანხმება, დანიშნონ არბიტრი/არბიტრები კოლეგიის თანხმობით. მხოლოდ კოლეგიას შეუძლია დაეთანხმოს წარდგენილი კანდიდატურის არბიტრად დანიშვნას, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ 3.1.5, 3.1.11 და 3.1.12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კოლეგიას შეუძლია უარი თქვას მხარეთა ან მესამე პირის მიერ წარდგენილი არბიტრის დანიშვნაზე, თუ მიიჩნევს, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ დებულების 3.1.5 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ან არ არის დამოუკიდებელი, ან არ არის მიუკერძოებელი, ან არის: ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე; მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა.
3.1.11. არბიტრები მხარეთაგან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ და უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. არბიტრობის ნებისმიერი კანდიდატი, ისევე როგორც თითოეული მხარე, ვალდებულია არბიტრაჟის შექმნამდე სრულად გაუმხილოს კოლეგიას ნებისმიერი გარემოება, რამაც შეიძლება საეჭვო გახადოს რომელიმე არბიტრის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ან გამოიწვიოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.
3.1.12. არბიტრების დანიშვნამდე ყოველმა არბიტრმა კოლეგიას უნდა წარუდგინოს: ა) თავისი ნამსახურეობის ნუსხა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ადრინდელი და ამჟამინდელი პროფესიული საქმიანობა და სამუშაოს ადგილი; ბ) სათანადო ინფორმაცია, თუ იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი, ან მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა. არბიტრმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას იმის შესახებ, რომ არ არსებობს მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გამოიწვიოს არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
3.1.13. მხარეს უფლება არა აქვს, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
3.1.14. კოლეგიას უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს, თუ:
ა) არბიტრმა წერილობით მიმართა მას, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება და ამ განცხადების პირი გადაეცა ყველა მხარესა და არბიტრაჟის დანარჩენ წევრებს (თუ არიან ასეთები);
ბ) არბიტრმა წერილობით მიმართა მას თვითაცილების შესახებ და ამ განცხადების პირი გადაეცა ყველა მხარესა და არბიტრაჟის დანარჩენ წევრებს (თუ არიან ასეთები), ან არბიტრი სერიოზულად დაავადდა, ან თავისი ფუნქციების შესრულებისათვის უუნარო აღმოჩნდა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა ერთ-ერთმა მხარემ ან არბიტრმა;
გ) მიიჩნევს, რომ არბიტრი განზრახ ან სისტემატურად არღვევს საარბიტრაჟო შეთანხმების პირობებს, მათ შორის, ამ დებულებას, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს, ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა ერთ-ერთმა მხარემ ან არბიტრმა.
3.1.15. თუ 3.1.14 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში კოლეგიამ 3 (სამი) დღის ვადაში უფლებამოსილება არ შეუწყვიტა არბიტრს, მხარეს უფლება აქვს, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნიდან 3 (სამი) დღის გასვლის შემდეგ სასამართლოს მიმართოს იმავე მოთხოვნით.
3.1.16. თუ არბიტრს უფლებამოსილება შეუწყდა 3.1.15 ან 3.1.16 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი არბიტრი აირჩევა და ინიშნება იმავე წესითა და პირობებით, როგორც მისი წინამორბედი.

3.2. არბიტრის აცილება

3.2.1. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილების შესახებ, თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს იწვევს მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში. აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას, რომელიც შეთანხმებით არის განსაზღვრული. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი, ვალდებულია, მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3.2.2. არბიტრის აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
3.2.3. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილების შესახებ, თუ იგი არის: ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე; მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა. სათანადო განცხადება უნდა წარედგინოს არბიტრაჟს, ხოლო არბიტრაჟის შექმნამდე – კოლეგიას, 3 (სამი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრად ამ პირის დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟი, ხოლო არბიტრაჟის შექმნამდე – კოლეგია, ვალდებულია, 3 (სამი) დღის ვადაში დააკმაყოფილოს აცილების შესახებ მხარის განცხადება. თუ ეს განცხადება არბიტრაჟმა/კოლეგიამ არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც ითხოვს აცილებას, უფლება აქვს, არბიტრაჟის/კოლეგიის ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში სასამართლოს მიმართოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
3.2.4. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს, არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ დებულებითა და კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 3 (სამი) დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

3.3. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილება

3.3.1. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილებასა და თვითაცილებაზე ვრცელდება იგივე საფუძველი და წესი, გარდა, რომლებიც ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია არბიტრის აცილებისა და თვითაცილებისათვის.

3.4. საარბიტრაჟო განხილვის ენა

3.4.1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.
3.4.2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).

3.5. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

3.5.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.
3.5.2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეთა მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.5.3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ასახელებს საარბიტრაჟო განხილვის ადგილს ან მასში მითითებული ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად მიიჩნევა არბიტრაჟის იურიდიული მისამართი.
3.5.4. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ადგილს.

3.6. გამოსაყენებელი სამართალი

3.6.1. საარბიტრაჟო შეთანხმების იურიდიული ძალისა და არბიტრაჟის იურისდიქციის დადგენისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა მიერ მითითებულ სამართალს, ხოლო თუ მითითებული არ არის, – საქართველოს სამართალს.
3.6.2. საარბიტრაჟო განხილვის პროცედურის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამართალი.
3.6.3. არბიტრაჟმა უნდა დაადგინოს სამართალი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება დავის მატერიალური სამართლის საკითხები მხარეთა არჩევანის ან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

3.7. კონფიდენციალობა

3.7.1. კოლეგია, არბიტრაჟი, მხარეები, აგრეთვე, საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ექსპერტები, მოწმეები და სხვა პირები, ვალდებულნი არიან სრული საიდუმლოებით შეინახონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მათი მონაწილეობის შედეგად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
3.7.2. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამხელა შეიძლება მხოლოდ სასამართლოსთვის, სხვა კომპეტენტური ორგანოებისა და პირებისთვის მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების, მისი შედეგების დადასტურების აუცილებლობის და/ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.8. კოლეგიის, არბიტრაჟისა და მხარეთა კომუნიკაცია

3.8.1. კოლეგიას, არბიტრაჟსა და მხარეთა შორის კომუნიკაცია არის წერილობითი და სრულდება საარბიტრაჟო განხილვის ენაზე.
3.8.2. შეტყობინება გაგზავნილად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს პირადად ჩაბარდა ან გაიგზავნა რეგისტრირებული ფოსტით (დაზღვეული წერილით), ტელექსის, ტელეფაქსის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა გაგზავნის დადასტურების ჩანაწერს.
3.8.3. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ადრესატის მიერ სპეციალურად მითითებულ საკომუნიკაციო მისამართზე. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ადრესატის კოლეგიისათვის ცნობილი უკანასკნელი საცხოვრებელი, იურიდიული ან საქმიანობის ადგილის მისამართზე.
3.8.4. თუკი არსებობს გაგზავნის დადასტურება, შეტყობინება მიღებულად      (მიწოდებულად) ჩაითვლება იმ დღეს, როცა ის პირადად ჩაბარდა ადრესატს ან ადრესატს უნდა მიეღო გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალების სახეობიდან გამოდინარე.
3.8.5. მიუხედავად ზემოთქმულისა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მეორე მხარეს გაუგზავნოს შეტყობინება იმ წესით, რომელიც განსაზღვრულია მათი წერილობითი შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მხარეთა შორის ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ან სხვა წესებით, რომელსაც განსაზღვრავს არბიტრაჟი.
3.8.6. არბიტრაჟის შექმნამდე მხარეთა და არბიტრებს შორის ყველა კავშირი ხორციელდება რეგისტრატორის მეშვეობით.
3.8.7. არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, თუ იგი აუცილებლად არ მიიჩნევს პირდაპირ კავშირს მხარეთა და არბიტრაჟს შორის, მთელი წერილობითი ინფორმაცია მათ შორის გადაიცემა რეგისტრატორის მეშვეობით.
3.8.8. თუ რეგისტრატორი უგზავნის რომელიმე მხარეს წერილობით შეტყობინებას, მაშინ მან სხვა მხარეებსაც უნდა გაუგზავნოს ამ დოკუმენტის ასლი. როცა რომელიმე მხარე რეგისტრატორს უგზავნის რაიმე შეტყობინებას (წერილობითი განცხადებებისა და დოკუმენტების ჩათვლით), მაშინ მხარე ვალდებულია დაურთოს მას ამ დოკუმენტების ასლები ყოველი არბიტრისათვის, გაუგზავნოს ასლები ყველა დანარჩენ მხარეს და რეგისტრატორს წერილობით დაუდასტუროს, რომ მან ეს უკვე გააკეთა ან რომ ეს უკვე კეთდება.

IV. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯი

4.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯი შედგება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა (რომელიც საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის ნაწილია), საარბიტრაჟო მომსახურების საფასურისა და არბიტრაჟის დამატებითი ხარჯისაგან (ექსპერტიზის ხარჯი, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების მომსახურების ანაზღაურება, მათი და არბიტრების გადაადგილების ხარჯი, მივლინების ხარჯი და სხვ.).
4.2. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს საარბიტრაჟო მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენასთან ერთად, რის გარეშეც კოლეგია საარბიტრაჟო სარჩელს არ მიიღებს. ამასთან, არბიტრაჟის მიერ დავის მიუღებლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, თანახმად საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის შესახებ დებულებისა, რომელიც ამ დებულების განუყოფელი ნაწილია (იხ. დანართი).
4.3. კოლეგიამ მხარეებს შეიძლება განუსაზღვროს საავანსო თანხის ოდენობა, რომელიც შეიტანება პალატის ანგარიშზე.
4.4. არბიტრაჟი არ იწყებს საარბიტრაჟო განხილვას, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო მომსახურების საფასური სრულად არ იქნა გადახდილი. არბიტრაჟი უფლებამოსილია არ წარმართოს საარბიტრაჟო განხილვა, ვიდრე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სრულად არ იქნება გადახდილი საარბიტრაჟო მომსახურების საფასური.
4.5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის გადახდას არბიტრაჟი დააკისრებს მთლიანად ერთ-ერთ მხარეს ან მხარეებს სათანადო პროპორციით. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის დაკისრების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია.
4.6. თუ აღმოჩნდება, რომ ამ დებულების 4.1 მუხლის შესაბამისად გადახდილი საარბიტრაჟო მომსახურების საფასური აღემატება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის დაკისრებულ ოდენობას, განსხვავება დაუბრუნდება ერთ-ერთ ან ორივე მხარეს (სათანადო პროპორციით) დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად. თუ საავანსო თანხა დაკისრებულ თანხაზე ნაკლებია, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაფარონ განსხვავება. არბიტრაჟის წევრები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ მხოლოდ მას შემდეგ, როცა კოლეგიისაგან მიიღებენ შეტყობინებას, რომ საარბიტრაჟო ხარჯი სრული ოდენობითაა დაფარული მხარეთა მიერ.
4.7. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის გარდა, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ მხარეს შეიძლება დაეკისროს მეორე მხარის მიერ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით გაწეული იურიდიული ხარჯების მთლიანად ან მისი გარკვეული ნაწილის ანაზღაურება.
4.8. თუ სარჩელის (ან შეგებებული სარჩელის) აღმძვრელი მხარე სრულად არ გადაიხდის მისთვის დადგენილ საარბიტრაჟო მომსახურების საფასურს, არბიტრაჟი ამას მიიჩნევს სარჩელზე ( შეგებებულ სარჩელზე ) უარის თქმად.

V. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის

5.1. საარბიტრაჟო წარმოების წარმართვა

5.1.1. მხარეებს უფლება აქვთ (და რეკომენდებულია), რომ თავისი შეხედულებისამებრ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის პროცედურაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ისინი განუხრელად დაიცავენ საარბიტრაჟო წარმოების შემდეგ საერთო წესებს :
ა) ყველა მხარის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულების უზრუნველყოფა, თითოეული მხარის მიმართ თავისი პოზიციის გადმოცემის საკმარისი შესაძლებლობისა და ოპონენტის პოზიციის გაქარწყლების საშუალების მიცემა;
ბ) ისეთი პროცედურის დადგენა, რომელიც შეესაბამება მოცემული განხილვის გარემოებებს, უსაფუძვლო შეფერხებებისა და ხარჯის თავიდან აცილება და, ამგვარად, დავის საბოლოო სამართლიანი და ეფექტიანი გზით გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
5.1.2. მხარეთა ასეთი შეთანხმება შედგენილი უნდა იყოს წერილობით ან მხარეთა თხოვნითა და თანხმობით კოლეგიის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული.
5.1.3. იმ შემთხვევაში, როცა მხარეთა შორის არ არსებობს 5.1.1 პუნქტის შესაბამისად დადგენილი შეთანხმება, არბიტრაჟს სრული უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეასრულოს თავისი მოვალეობა იმ წესის შესაბამისად, რომელსაც იგი ჩათვლის გამოყენებადად, ხოლო მხარეები ვალდებულნი არიან დროულად მიიღონ მათზე დამოკიდებული ყველა აუცილებელი ზომა საარბიტრაჟო განხილვის სამართლიანი, ეფექტიანი და სწრაფი განხილვის უზრუნველსაყოფად.
5.1.4. იმ შემთხვევაში, როცა არბიტრაჟი მოქმედებს ერთზე მეტი არბიტრის შემადგენლობით, არბიტრაჟის თავმჯდომარეს, სხვა დანარჩენი არბიტრების წინასწარი თანხმობით, შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საქმის განხილვის საპროცესო საკითხებზე.

5.2. საარბიტრაჟო სარჩელი

5.2.1. მოდავე მხარემ, რომელსაც სურს, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა, წერილობითი საარბიტრაჟო სარჩელით უნდა მიმართოს კოლეგიას. საარბიტრაჟო სარჩელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა სრულ დასახელებასა და მათ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს ან ადგილსამყოფელს; საიდენტიფიკაციო/სარეგისტრაციო მონაცემებს;
ბ) დავის საგნის მოკლე აღწერას;
გ) მხარეთა სარბიტრაჟო შეთანხმებას (ხელშეკრულებაში ჩაწერილ საარბიტრაჟო დათქმას ან ცალკე წერილობით შეთანხმებას);
დ) ყველა იმ დოკუმენტის ასლსა და ინფორმაციას, რომლებიც აქვს მოდავე მხარეს და კავშირშია დავის საგანთან;
ე) მოდავე მხარის მოთხოვნას;
ვ) სარჩელის ფასს ;
ზ) არბიტრად დასახელებული პირების სახელს, გვარს, პროფესიას, მისამართს, ტელეფონს და ელექტრონულ ფოსტას;
თ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს (ადგილმდებარეობას, ენას (ენებს), არბიტრების რაოდენობას, მათი შერჩევის პირობებს და ა. შ.);
ი) საარბიტრაჟო ხარჯის შესახებ დებულებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს, რომლის გარეშეც სარჩელი არ ჩაითვლება მიღებულად და საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება.
5.2.2. თუ სარჩელი არ აკმაყოფილებს 5.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ხარვეზების დადგენიდან 3 დღის ვადაში კოლეგიამ რეგისტრატორის მეშვეობით მოსარჩელეს წერილობით უნდა აცნობოს ამ ხარვეზების თაობაზე და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად. ამ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში კოლეგიას გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.
5.2.3. იმ შემთხვევაში, როცა გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი არბიტრის დანიშვნა, სარჩელი (ყველა დოკუმენტთან ერთად) კოლეგიას გადაეცემა ორ ეგზემპლარად, ხოლო თუ მოსარჩელე აპირებს, ან მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამი არბიტრი იქნება დანიშნული, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს ოთხ ეგზემპლარად (ხუთი არბიტრის შემთხვევაში – 6 ეგზემპლარად).
5.2.4. კოლეგია რეგისტრატორის მეშვეობით, საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, საარბიტრაჟო სარჩელისა და ამ დებულების ასლებს გაუგზავნის მოპასუხე მხარეს.
5.2.5. თუ მხარეთა შეთანხმებით საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ დადგენილია 5.2.1 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული მოთხოვნები, მაშინ 5.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა შესრულდეს ეს განსხვავებული მოთხოვნებიც.

5.3. პასუხი საარბიტრაჟო სარჩელზე (შესაგებელი)

5.3.1. საარბიტრაჟო მოპასუხემ საარბიტრაჟო სარჩელისა და ამ დებულების ასლების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში კოლეგიას უნდა მიაწოდოს თავისი პასუხი საარბიტრაჟო სარჩელზე (შესაგებელი). კოლეგია უფლებამოსილია, საარბიტრაჟო მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს აღნიშნული ვადა მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ერთი კვირის ვადით.
5.3.2. საარბიტრაჟო სარჩელზე პასუხი (შესაგებელი) უნდა შეიცავდეს:
ა) კომენტარს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ დავის საგნის აღწერაზე, იმ ნაწილების მითითებით, რომლებსაც მოპასუხე არ ეთანხმება ან უარყოფს;
ბ) დოკუმენტების ასლებს ან ინფორმაციას, რასაც არ შეიცავს საარბიტრაჟო სარჩელი და კავშირშია დავასთან;
გ) კომენტარს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნაზე;
დ) ნებისმიერ შეგებებულ სარჩელს (თუ ასეთი არსებობს), რომელიც საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ;
ე) არბიტრად დასახელებული პირი/ების სახელს, გვარს, პროფესიას, მისამართს, ტელეფონს და ელექტრონულ ფოსტას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს (ადგილმდებარეობას, ენას (ენებს), არბიტრების რაოდენობას, მათი შერჩევის პირობებს და ა. შ.).
5.3.3. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს 5.3.1 და 5.3.2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, საარბიტრაჟო დავის განხილვის პროცესი არ შეჩერდება. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ მიიჩნევა საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად და მოპასუხეს არ ერთმევა უფლება, საარბიტრაჟო განხილვისას უარყოს მოსარჩელის მოთხოვნები ან/და წარადგინოს შეგებებული სარჩელი.
5.3.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
5.3.5. თუ საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ, ან, თუ „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში, წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

5.4. საარბიტრაჟო სარჩელის ფასის განსაზღვრა

5.4.1. საარბიტრაჟო სარჩელის ფასი განისაზღვრება:
ა) თანხის ანაზღაურების სარჩელზე – მოთხოვნილი თანხით;
ბ) ქონების გამოთხოვის ან გადაცემის სარჩელზე – გამოსათხოვი ქონების ღირებულებით;
გ) გარკვეული მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ სარჩელზე – მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად;
დ) სარჩელზე, რომელიც ან რომლის ნაწილიც არ ატარებს ქონებრივ ხასიათს – საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასით.
5.4.2. საარბიტრაჟო სარჩელში, რომელიც შედგება რამოდენიმე მოთხოვნისაგან, თითოეული მოთხოვნის ღირებულება ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. ასეთ შემთხვევაში სარჩელის ფასი განისაზღვრება ყველა მოთხოვნის საერთო ღირებულებით.
5.4.3. თუ მოსარჩელემ არ განსაზღვრა ან არასწორად განსაზღვრა სარჩელის ფასი, მაშინ კოლეგია თავისი ინიციატივით ან საარბიტრაჟო მოპასუხის მოთხოვნით განსაზღვრავს სარჩელის ფასს არსებული მონაცემების საფუძველზე.

VI. საარბიტრაჟო განხილვა

6.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება

6.1.1. კოლეგია ვალდებულია საარბიტრაჟო მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ერთი კვირის ვადაში ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვისათვის დავის მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ (უარის მიზეზის მითითებით). მოდავე მხარეებს გადაეცემათ გადაწყვეტილების თითო ასლი.
6.1.2. საარბიტრაჟო განხილვისათვის დავის მიღების გადაწყვეტილებაში კოლეგიამ უნდა მიუთითოს მხარიოს მიერ გადასახდელი საარბიტრაჟო ხარჯი. საარბიტრაჟო ხარჯი უნდა დაიფაროს მთლიანად ერთ-ერთი მხარის მიერ, ან მხარეთა მიერ მათ შორის შეთანხმებული პროპორციით, მხარეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
6.1.3. არბიტრაჟის შექმნა ამ დებულების III თავის შესაბამისად დასრულდება საავანსო თანხის სრული ოდენობით გადახდის შემდეგ. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის ნაცვლად მიიღოს საბანკო ან მისთვის მისაღები სხვა გარანტია. ამასთან, საავანსო თანხის გადაუხდელობა, დაგვიანებით გადახდა ან ზემოაღნიშნული გარანტიის წარმოუდგენლობა საკმარისი საფუძველია საარბიტრაჟო განხილვისათვის დავის მიღების გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

6.2. საარბიტრაჟო განხილვის ზოგადი წესები

6.2.1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით დადგენილი წესით.
6.2.2. ყოველი არბიტრაჟი დამოუკიდებლად წყვეტს თავისი მუშაობის წესს ამ დებულების შესაბამისად და მხარეთა ერთობლივ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6.2.3. არბიტრაჟი, როგორც საპროცესო, ასევე დავის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ამასთან, საპროცესო საკითხებზე უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. საპროცესო საკითხები შეიძლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უფლებამოსილება მას მიანიჭეს მხარეებმა ან ყველა არბიტრმა.
6.2.4. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ ორივე მხარე არ მოითხოვს ღია განხილვის გამართვას. არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
6.2.5. მხარეებს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 (სამი) დღიდ ადრე უნდა ეცნობოთ მოსმენის გამართვის დრო და ადგილი, რათა მათ მოახერხონ ასეთ მოსმენაზე გამოცხადება.
6.2.6. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს და არბიტრაჟი ამას მისაღებად მიიჩნევს, საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება წარიმართოს მხოლოდ წერილობითი მასალის საფუძველზე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
6.2.7. არბიტრაჟს ზეპირი მოსმენის დაწყებამდე შეუძლია მხარეებს გადასცეს შეკითხვების სია, რომლებზეც მას განსაკუთრებულად და დაწვრილებით სურს მათგან პასუხის მოსმენა.
6.2.8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს დავასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახებს მოწმეებს, მოიწვევს ექსპერტებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და ა. შ.
6.2.9. მხარეები საქმეებს აწარმოებენ უშუალოდ ან/და ადვოკატის ან/და სხვა წარმომადგენლების მეშვეობით. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ დებულებით დადგენილი წესითა და ვადაში ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ხელს არ უშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუამდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად.
6.2.10. ნებისმიერ მხარეს შეუძლია საქმის განხილვის დამთავრებამდე შეცვალოს ან შეავსოს თავისი სასარჩელო მოთხოვნები ან შესაგებელი, რომლის დასაშვეობის საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
6.2.11. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ის გარემოებანი, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს. არბიტრაჟს შეუძლია მხარეებს მოსთხოვოს სხვა მტკიცებულებათა წარმოდგენაც.
6.2.12. მესამე პირის საქმეში დაშვება შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. მესამე პირის საქმეში ჩასართავად, აუცილებელია ამ პირის წერილობითი თანხმობაც თუ მესამე პირი არ არის თანახმა მონაწილეობა მიიღოს საარბიტრაჟო განხილვაში, მის მიმართ არ იწყება საარბიტრაჟო წარმოება.
6.2.13. მესამე პირის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ საქმის მომზადების სტადიაზე. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში იგი შესაძლებელია საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზეც იქნეს ჩართული. მესამე პირის საქმეში დაშვების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი/კოლეგია.
6.2.14. არბიტრაჟს სრული უფლება აქვს დაადგინოს ყველა სხდომისა და მოსმენის ან მათი ნაწილის ხანგრძლივობა.
6.2.15. ნებისმიერი მოსმენის დაწყებამდე არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი მხარისაგან იმ მოწმეთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთა გამოძახებასაც აპირებს მხარე. ინფორმაციაში უნდა აისახოს მათი ჩვენების საგანი და საარბიტრაჟო განხილვასთან მისი კავშირი.
6.2.16. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს დრო და ფორმა, რა დროშიც და რა ფორმითაც უნდა წარედგინოს ასეთი ინფორმაცია არბიტრაჟს, ასევე შეუძლია განსაზღვროს მოწმის (მოწმეთა) გამოსვლის დრო და ნებისმერ დროს შეაწყვეტინოს მას ჩვენების მიცემა, თუ იგი სცილდება კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხებს.
6.2.17. თუ არბიტრაჟი სხვაგვარად არ დაადგენს, მოწმის (მოწმეთა) ჩვენება ნებისმიერი მხარის მიერ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს წერილობით. ამასთან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს, რათა მოწმე, რომლის ჩვენებაც წერილობით იყო წარმოდგენილი, გამოძახებულ იქნეს საქმის ზეპირ მოსმენაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება საპატიო მიზეზის გარეშე, არბიტრაჟი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს ამ მოწმის წერილობითი ჩვენების მტკიცებულებად მიღების საკითხს.
6.2.18. ნებისმიერი მოწმე, რომელიც ზეპირ ჩვენებას იძლევა, შეიძლება დაკითხულ იქნეს ნებისმიერი მხარის მიერ. ამასთან, არბიტრაჟს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუსვას შეკითხვები მოწმეს ჩვენების მიცემისას.
6.2.19. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი კონკრეტულ საკითხზე არბიტრაჟისათვის დასკვნის მისაცემად.
6.2.20. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ მხარეს მოსთხოვოს ექსპერტისათვის წარსადგენი აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მოცემულ მხარესთან ინახება და მხარე ვალდებულია, არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ დროში წარმოადგინოს ასეთი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
6.2.21. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ექსპერტის (ექსპერტების) მოწვევა ზეპირ განხილვაზე. მის (მათ) მიერ წარმოდგენილი დასკვნის გამო მხარეებსა და არბიტრაჟს უფლება აქვთ დაუსვან მას (მათ) შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
6.2.22. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ნებისმიერი ექსპერტის ჰონორარი და ხარჯი ამ დებულების შესაბამისად გადაიხდება მხარეთა მიერ შემოტანილი ავანსების ხარჯზე, რომელიც შედის საარბიტრაჟო განხილვის ხარჯში.

6.3. არბიტრაჟის დამატებითი უფლებამოსილება

6.3.1. თუ მხარეები სხვა რამეზე წერილობით არ შეთანხმებულან, მათ მიერ თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბების შემდეგ არბიტრაჟი უფლებამოსილია :
ა) გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ხარჯის განაწილებასთან;
ბ) დაავალდებულოს ნებისმიერი მხარე, წარმოადგინოს ექსპერტიზისათვის საჭირო ნივთი და დოკუმენტაცია, რომელიც ამ მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რასაც კონკრეტული საქმის განხილვისას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცების ან სხვა წესების გამოყენების თუ გამოუყენებლობის შესახებ, რომლებიც ეხება საქმისათვის ნებისმიერი დოკუმენტის დაშვებას, შემხებლობას და მნიშვნელობას, აგრეთვე ნებისმიერი ფაქტის, საკითხის და ექსპერტის აზრის შესახებ და განსაზღვროს მხარეთა შორის დოკუმენტების გაცვლის დრო და ფორმა;
დ) განსაზღვროს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესწორების პროცედურა, რომელიც აუცილებელია რაიმე შეცდომის გამოსასწორებლად, რომელსაც არბიტრაჟი მხარეთა საერთო ინტერესად მიიჩნევს, ოღონდ იმ ფარგლებში, რაც დაშვებულია ამ ხელშეკრულებისათვის ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობით.
6.3.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდნენ დავის განხილვაზე ამ დებულების შესაბამისად, მაშინ იგულისხმება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან არ მიმართონ არც ერთი ქვეყნის სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც კოლეგიის კომპეტენციას მიეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეები წერილობით არიან სხვა რამეზე შეთანხმებულნი „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

6.4. საარბიტრაჟო საჩელის უზრუნველყოფის ზომები

6.4.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს კოლეგიას/არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
6.4.2 მხარის მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 72 საათის განნმავლობაში კოლეგია/არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
6.4.3 მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს კოლეგიას/არბიტრაჟს ამ დებულების 6.4.2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) და უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
6.4.4. დებულების 6.4.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც კოლეგია/არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
6.4.5. კოლეგია/არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
6.4.6 მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ კოლეგია/არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. კოლეგია/არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
6.4.7 კოლეგია/არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
6.4.8 კოლეგიის/არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს მხარის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის გზით ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

VII. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება

7.1. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის ან მხარეთა ინიციატივით შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს საქმის განხილვა. საქმის გადადების ან შეჩერების გადაწყვეტილებას არბიტრაჟი იღებს დადგენილების სახით.

VIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

8.1. არბიტრაჟმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, უნდა მიიღოს, საარბიტრაჟო განხილვის დაწებიდან 30 დღის ვადაში, ეს 30-დღიანი ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს, მაგრამ არა უმეტეს 30 დღით.
8.2. თუ მხარეები არ შეთანხმებულან გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე და გადაწყვეტილება გამოტანილი არ იქნა 8.1 მუხლში აღნიშნულ ვადაში, არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში დანიშნონ არბიტრაჟის ახალი წევრები ამ დებულების III თავის შესაბამისად.
8.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით, საარბიტრაჟო განხილვის ენაზე და მასში უნდა აღინიშნოს :
ა) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი;
ბ) სრული დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა;
გ) მხარეთა ვინაობა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისამართები;
დ) საარბიტრაჟო შეთანხმება;
ე) დავის საგანი;
ვ) სამოტივაციო ნაწილი იმ დასაბუთებით, რის საფუძველზეც არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას ან მხარეებმა დავა მორიგებით დაასრულეს);
ზ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო ხარჯის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ჩათვლით);
თ) იმ არბიტრის ვინაობა (თუ ასეთი არსებობს), რომელმაც უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე;
ი) განსხვავებული აზრის მქონე არბიტრის ვინაობა (თუ ასეთი არსებობს) და მისი განსხვავებული აზრი.
8.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა, თუ არბიტრაჟი ერთარბიტრიანია და არბიტრაჟის ყველა წევრმა, თუ არბიტრაჟი რამდენიმე არბიტრისაგან შედგება.
8.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
8.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგი საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.

IX. მხარეთა მორიგება

9.1. თუ საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე ეტაპზე მხარეები მიაღწევენ სრულ და საბოლოო შეთანხმებას ყველა სადავო საკითზე, საარბიტრაჟო განხილვა წყდება.
9.2. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით. ეს გადაწყვეტილება არბიტრაჟმა უნდა გამოიტანოს 8.3 – 8.6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, შესაბამისი თხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 30-ე დღისა.
9.3. მორიგების თაობაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

X. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

10.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში:
ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში დაშვებული შეცდომის, აგრეთვე წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომების გასწორება;
ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
10.2. არბიტრაჟმა, თუ დასაბუთებულად მიიჩნია ზემოაღნიშნული მოთხოვნა, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი შესწორება უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ან/და უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
10.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში თავისი ინიციატივით შეასწოროს 10.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შეცდომა.
10.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში არბიტრაჟს მოსთხოვოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
10.5. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, თავდაპირველად გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესის განმავლობაში.

XI. საქმისწარმოების შეწყვეტა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე

11.1. თუ საქმეზე არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო განხილვა წყდება დადგენილებით საქმის შეწყვეტის შესახებ.
11.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
11.3. არბიტრაჟის შექმნამდე დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოაქვს კოლეგიის თავმჯდომარეს.

XII. დასკვნითი დებულება
12.1. ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ დებულებით, კოლეგია, არბიტრაჟი და მხარეები მოქმედებენ ამ დებულების სულისკვეთებით და იყენებენ ყველა შესაძლებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიულად გამოყენებადი ძალა.

თბილისის საარბიტრაჟო პალატის
დებულების დანართი

დებულება
საარბიტრაჟო ხარჯის შესახებ

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1.1. „სარეგისტრაციო მომსახურების საფასური“ – საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის ნაწილი, რომელსაც არბიტრაჟში სარჩელის/სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის შემოტანისას წარმოშობილი ხარჯის დასაფარავად იხდიან არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის/უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის შემტანი პირები.
1.2. „საარბიტრაჟო მომსახურების საფასური“ – საფასური განკუთვნილი არბიტრაჟის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დასაფარავად, გადახდილი არბიტრაჟში განსახილველად შეტანილი ყოველი საარბიტრაჟო სარჩელისათვის/შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელისათვის (არბიტრების ჰონორარი, არბიტრაჟის აპარატის ხელფასი, საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯი და სხვ.).
1.3. „არბიტრაჟის დამატებითი ხარჯი“ – განსაკუთრებული ხარჯი, რომელიც გაიწევა კონკრეტული საქმის განხილვისას (ხარჯები ექსპერტიზის ჩატარებისათვის, ექსპერტთა ჰონორარი, სამივლინებო ხარჯები და სხვ.).
1.4. მხარეთა ხარჯი – ხარჯი, რომლებიც გაღებულია მხარეთა მიერ თავისი ინტერესების დასაცავად არბიტრაჟში საქმის განხილვის დროს, გარდა ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯისა.
მუხლი 2. სარეგისტრაციო მომსახურების საფასური
2.1. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ევროს (დღგ-ის გარეშე).
2.2. საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის გადახდისას სარეგისტრაციო მომსახურების საფასური ჩაითვლება საარბიტრაჟო მომსახურების საფასურში.
2.3. სარეგისტრაციო მომსახურების საფასური არ ექვემდებრება დაბრუნებას.
2.4 იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ იქნა შემოტანილი სარჩელი ან შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მაშინ გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური უბრუნდება პირს.
მუხლი 3. საარბიტრაჟო მომსახურების საფასური
3.1. საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (დღგ-ის გარეშე) განისაზღვრება ევროებში შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სარჩელის ფასი
საარბიტრაჟო მოსაკრებელი
1
10000-ის ჩათვლით
1000
2
10000-ზე მეტი - 50000-ის ჩათვლით
1000+6% 10000-ზე მეტი თანხისა
3
50000-ზე მეტი - 500000-ის ჩათვლით
3400+4% 50000-ზე მეტი თანხისა
4
500000-ზე მეტი - 1000000-ის ჩათვლით
21400+2% 500000-ზე მეტი თანხისა
5
1000000-ზე მეტი - 5000000-ის ჩათვლით
31400+1% 1000000-ზე მეტი თანხისა
6
5000000-ზე მეტი - 10000000-ის ჩათვლით
71400+0,5% 5000000-ზე მეტი თანხისა
7
10000000- ზე მეტი
96400+0,2% 10000000-ზე მეტი თანხისა
3.2. მოცემული ცხრილი განსაზღვრავს საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის ოდენობას დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე. ერთარბიტრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში საარბიტრაჟო მომსახურების საფასური მცირდება 15 %-ით, ხოლო ხუთარბიტრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში საფასურის ოდენობა იზრდება 30 %-ით.
მუხლი 4. საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის შემცირება
4.1. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის საქმის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ უწყების გაგზავნამდე გაითხოვა სარჩელი, საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (გარდა სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა) მცირდება 75%-ით.
4.2. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის საქმის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ უწყების გაგზავნის შემდეგ, მაგრამ საქმის განხილვის დღემდე გაითხოვა სარჩელი, იმის გამო, რომ მხარეებმა დავა მოაგვარეს მოლაპარაკების შედეგად, საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (გარდა სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა) მცირდება 50%-ით.
4.3. თუ საქმის განხილვა შეწყდა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, საარბიტრაჟო მომსახურების საფასური (გარდა სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა), მცირდება 25%-ით.
4.4. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის შემცირების შესახებ უნდა აისახოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ან გადაწყვეტილებაში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების შეწყვეტა ხდება არბიტრაჟის ფორმირებამდე, გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის შემცირების შესახებ იღებს კოლეგიის თავმჯდომარე.
4.5. წინამდებარე თავის მოთხოვნები, დაკავშირებული საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის შემცირებასთან, არ ვრცელდება სარეგისტრაციო მომსახურების საფასურზე.
მუხლი 5. საარბიტრაჟო მომსახურების საფასური შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელისათვის
შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე ვრცელდება საარბიტრაჟო სარჩელის შეტანისათვის დადგენილი სარეგისტრაციო და საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის გადახდის წესი და ოდენობა.
მუხლი 6. საარბიტრაჟო მომსახურების საფასურის განაწილება მხარეთა შორის
6.1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, საარბიტრაჟო მომსახურების საფასური ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
6.2. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მომსახურების საფასური საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრება დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, ხოლო მოსარჩელეს სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
მუხლი 7. საარბიტრაჟო ხარჯის გადახდის წესი
საარბიტრაჟო ხარჯი გადახდილად ითვლება შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.
მუხლი 8. მხარეთა ხარჯი
მხარე, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილია გადაწყვეტილება, უფლებამოსილია პალატას მოსთხოვოს მეორე მხარისათვის, საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული, აგრეთვე იურიდიული წარმომადგენლის/ადვოკატის მეშვეობით არბიტრაჟში თავისი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული, გონივრულად გაწეული ხარჯების დაკისრება.
მუხლი 9. საარბიტრაჟო ხარჯის სხვაგვარი განაწილება
9.1. კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს ამ დებულებით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული საარბიტრაჟო ხარჯისა და მხარეთა დანახარჯის განაწილების წესი, კერძოდ, შეუძლია ერთ მხარეს დააკისროს მეორე მხარის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ზედმეტი ხარჯის ანაზღაურება, რომელიც გამოიწვია ერთი მხარის არაკეთილსინდისიერმა და არამიზნობრივმა მოქმედებამ, მათ შორის, მოქმედებამ, რომელმაც გამოიწვია საარბიტრაჟო განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურება.
მუხლი 10. არბიტრების ჰონორარი
10.1. არბიტრების ჰონორარი, ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება არბიტრებსა და პალატას შორის არსებული ცალკე შეთანხმებით.
10.2. 10.1 პუნქტის მიხედვით განისაზღვრება არბიტრთა ჰონორარის საკითხი მათი აცილების ან თვითაცილების შემთხვევაშიც.