საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№388
1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ეკონომიკის მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების პირობებში მისი გეოპოლიტიკური მგომარეობა, საავტომობილო გზების განვითარების დონე და ისტორიული ტრადიციები განაპირობებენ საქართველოს დასავლეთითა და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ქვეყნებს შორის ტრანსკონტინენტურ ტვირთზიდვაში სრულყოფილ სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბების რეალურ პერსპექტივებს, რაც მომავალში ქვეყნის ბიუჯეტის შევსების სტაბილურ წყაროდ იქცევა. ასეთ პირობებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ავტოსატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც ამავე დროს შიდა სატრანსპორტო ტვირთზიდვაზე ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ამავე დროს ბოლო წლებში საგზაო დარგის დაფინანსებაში შექმნილი სიძნელეების გამო საგზაო სამუშაოთა ფაქტობრივი შეწყვეტისა და საკმაოდ ინტენსიური ექსპლოატაციის პირობებში ბუნებრივი ცვეთის, სტიქიური მოვლენებისა და საომარი მოქმედებების შედეგად საავტომობილო გზების მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა და მათი დღევანდელი ტექნიკური პარამეტრები მინიმალურად ვერ აკმაყოფილებენ მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფენ მზარდი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ტვირთების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას. ეს სერიოზულად აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას და დღის წესრიგში აყენებს საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის გადაუდებლად აღდგენა-განვითარების აუცილებლობას, ეს კი თავისთავად მოითხოვს მძლავრ საწარმოო ბაზასა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას.
სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ საქმიანობის სწორი ორგანიზების შედაგად საგზაო დარგში შენარჩუნებული საწარმოო და საკადრო პოტენციალი, განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ამ მიმართულებით ეფექტიან ღონისძიებათა განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე, „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ კანონი, სახსრების მობილიზაციის, მათი აღრიცხვისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემითურთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე:
1. მიჩნეულ იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ მიერ დამუშავებული საპროგრამო მოხსენება (ბ. სარალიძე) საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი აღდგენა-განვითარების მიმართულებათა შესახებ.
3. საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამუშავების, დაფინანსების წყაროების განსაზღვრისა და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა.
4. სამთავრობო კომისიამ:
– საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების შესახებ სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად საქართველოს ძირითადი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის პროექტი, სადაც სატრანსპორტო სქემის ყოველმხრივი გააზრების საფუძველზე განსაზღვროს პრიორიტეტული მარშრუტები და მათი რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ეტაპი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ავტომაგისტრალების საუღელტეხილო მონაკვეთების ზამთრის შენახვის, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი ობიექტების განთავსების საკითხებს;
– საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მარშრუტების რეაბილიტაციის ვადა განსაზღვროს 4 წლით:
– პროგრამის დამუშავებისას გაითვალისწინოს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია როგორც შიდასახელმწიფოებრივი რეზერვების ამოქმედების (საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მსხვილ კაპიტალდაბანდებებში საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარებისათვის სავალდებულო წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინება, „საგზაო ფონდის“ რეზერვების გამოვლენა-ამოქმედება, მსხვილგაბარიტიან და მძიმეწონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის ნებართვების გაცემა, აგრეთვე მაქსიმალურად შესაძლო სახსრების გათვალისწინება ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში), ისე უცხოური ინვესტიციების შესაძლო მოზიდვის გზით;
– ჩამოაყალიბოს ქვეკომისია, რომელიც მოამზადებს მეცნიერულად დასაბუთებულ წინადადებებს საავტომობილო გზების გასწვრივ განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, აგრეთვე ამ მიზნებისა და საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზაზე“ ან სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებზე წინმსწრები მიმაგრების საკითხებზე:
– განიხილოს საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მეწარმეთა დაბეგვრის სისტემა და აღნიშნული გადასახადით მიღებული შემოსავლების ზრდის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით ამა წლის 30 ივნისამდე მოამზადოს ზემოხსენებულ კანონში ცვლილებათა შეტანის საკითხები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი):
– კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის გავლით საერთაშორისო ტვირთზიდვით დაინტერესებულ ევროპისა და აზიის ქვეყნებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ საერთაშორისო საავტომობილო მარშრუტებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა შესახებ;
– გამოავლინონ სახელმწიფოები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ფარგლებში ევრაზიის საავტომობილო დერეფნის კეთილმოწყობის სამუშაოების ინვესტირებაში, განახორციელონ მათთან სათანადო მოლაპარაკება მოსალოდნელი ინვესტიციების საორიენტაციო მოცულობათა დადგენის მიზნით; განსაკუთრებით გაააქტიურონ მუშაობა ამ მიმართულებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალ და სხვა მოსაზღვრე ქვეყნებთან. შედეგები მომახსენონ ყოველწლიურად.
6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში მოამზადოს წინადადებანი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისათვის წილობრივი მონაწილეობის სავალდებულო გათვალისწინების წესის შესახებ და წარუდგინონ სამთავრობო კომისიას.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესასრულებლად:
– ყოველწლიურად გაითვალისწინოს საქართველოს ცენტრალურ და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მაქსიმალურად შესაძლებელი მოცულობის ასიგნებანი საგზაო დარგის დასაფინანსებლად;
– სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მეშვეობით აღმოუჩინოს საქმიანი დახმარება სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზას“, „საგზაო ფონდში“ სახსრების მაქსიმალური მობილიზაციის საქმეში „საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის შემოსავლის აღრიცხვის, კონტროლის, მიზნობრივი გამოყენებისა და გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ზომების ეფექტიანი განხორციელების გზით.
8. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნმა „საქავტოგზამ“ (ბ. სარალიძე):
– 10 დღეში წარადგინოს სახელმწიფო კანცელარიაში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების კლასიფიკაცია, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზები გადავლენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობაში;
– მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დაამუშაოს და წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დარგის ახალ ეკონომიკურ პირობებში მართვის სტრუქტურა, სადაც გაითვალისწინოს დარგის რესტრუქტურიზაცია;
– „საავტომობილო გზების შესახებ“ გადაზიდვებზე საქართველოს კანონის თანახმად და „მეგზევეთა სახელმწიფოთაშორისო საბჭოს (მსს) მონაწილე ქვეყნების (თანამეგობრობის ქვეყნების) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარების კოორდინირებული სისტემის“ მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელი, აგრეთვე საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრავი როგორც უცხო ქვეყნებში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონითი და გაბარიტული პარამეტრების კონტროლი და სათანადო ნებართვების გაცემა „საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ“ კანონის თანახმად საბაჟო ზონებში მოქმედი საგზაო-საგადასახადო პუნქტებისა და ქვეყნის შიგნით ამ მიზნით შექმნილი პოსტების მიერ;
– საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით მიმდინარე წელს დაამუშაოს და წარუდგინოს სამთავრობო კომისიას მაგისტრალური გზების რეკონსტრუქციისა და ქალაქების შემოსასვლელი გზების მშენებლობისათვის საჭირო გასხვისების ზოლის ტექნიკური დოკუმენტაცია;
– მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი ტექნოლოგიებისა და მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს საგზაო სამუშაოთა დაგეგმვის ეფექტიანობისა და სამუშაოთა შესრულების ხარისხის ამაღლების დარგობრივი სისტემა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამუშავების, დაფინანსების წყაროების განსაზღვრისა და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ვლასი გოგლიძე – საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე, ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ომეხ დარჯანია – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ ესაკია – სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლევან კენჭაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი
დიმიტრი კოტეტიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის კომუნიკაციების საკითხთა ჯგუფის უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
ვახტანგ ლომიძე – საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ოთარ მხეიძე – ინსტიტუტ „საქსახგზაპროექტის“ მთავარი კონსულტანტი
ვარდიკო ნადიბაიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
გურამ ნაკაიძე – საქართველოს ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის პრობლემური ცენტრის დირექტორი
ბორის სარალიძე – სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარე
ავთანდილ სილაგაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ტალი ტალიაშვილი – ინსტიტუტ „საქსახგზაპროექტის“ დირექტორი
შოთა ტოგონიძე – ინსტიტუტ „საქგზაპროექტის“ დირექტორი
თემურ ფიფია – საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი
კახა ქორიძე – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სამშენებლო კომპლექსისა და ურბანიზაციის საკითხთა საკონსულტაციო ჯგუფის უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
თამაზ შილაკაძე – სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარის მოადგილე, კომპლექსური ინსტიტუტის „საქგზამეცნიერების“ გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ჩხეიძე – ტრანსპორტის პრობლემათა ინსტიტუტის დირექტორი
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
იოსებ ხარატიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე