საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №576

1996 წლის 31 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსტიტუციო ეკონომიკური საბჭოს სამუშაოს თანდართული რეგლამენტი.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო

ეკონომიკური საბჭოს მუშაობის

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრის, ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა, საერთო-სახელმწიფოებრივი ეკონომიკური და სოციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, მათი განხორციელების სამართლებრივი ბაზის შექმნისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

2. საბჭოს მუშაობის დაგეგმვა

2.1. საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

2.2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე.

– ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საბჭოს წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფები თავიანთ წინადადებებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ საბჭოს მდივანს ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური საბჭოს აპარატის მეშვეობით, რის საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს – მომავალი წლის პერსპექტიული გეგმა.

2.3. საბჭოს მდივანი, ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური საბჭოს აპარატში შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმის პროექტს, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს.

2.4. საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის მეშვეობით კონტროლს უწევს სამუშაო გეგმის შესრულებას. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას და შედეგების შესახებ ყოველთვიურად მოახსენებს პრეზიდენტის თანაშემწეს ეკონომიკური რეფორმის საკითხებში.

საკოსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომის სამუშაო გეგმიდან საკითხის ამოღება ან მათი განხილვის ვადების შეცვლა დაიშვება საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწესთან შეთანხმებით.

 

3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა

3.1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილვას პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს თავმჯდომარე.

3.2. საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ხუთი დღით ადრე ბარდება საქართველოს პრეზიდენტს, სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, საბჭოს მდივანს, საბჭოს წევრებს.

3.3. საკოსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი ეგზავნებათ:

ა) მთლიანად – საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, მის მოადგილეებს, ხელმძღვანელ მუშაკებს, რომლებიც მუდმივად ესწრებიან საბჭოს სხდომებს;

ბ) ცალკეულ საკითხებზე – პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც მოწვეულნი არიან სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

 

4. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად

4.1. საბჭოს სხდომაზე განიხილება „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულების შესაბამისად ეკონომიკური საბჭოს დროებითი დებულებით განსაზღვრული საკითხები.

– სხდომაზე განსახილველი მასალები შესრულებული უნდა იყოს კომპიუტერზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროექტები – შეთანხმებული იუსტიციის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან.

სხდომაზე განსახილველ მასალებზე საქართველოს პრეზიდენტის მითითების შესაბამისად წინასწარ წერილობით დასკვნას ეკონომიკური საბჭოს წევრების გარდა წარმოადგენენ ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და სპეციალისტები.

 

4.2. საბჭო განიხილავს:

– საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;

– სამინისტროთა, უწყებათა, სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელების ინფორმაციების ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის საკითხებზე.

საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან ერთად ამზადებს დასკვნებს საქართველოს პრეზიდენტისათვის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოწერის მიზანშეწონილობის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე საკითხის გამოტანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს. საბჭოს სხდომაზე საინიციატივო წესით, საკითხის დასმის უფლება აქვს სამინისტროების, სამხარეო ადმინისტრაციების, დეპარტამენტებისა და სხვა უწყებათა ხელმძღვანელებს, რომლებიც არ არიან საბჭოს შემადგენლობაში.

4.3. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები და პროექტები; მოხსენებით ბარათს თან უნდა ახლდეს შესაბამისი გადაწყვეტილების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულების ან საოქმო ჩანაწერის) პროექტი.

– საქართველოს სამინისტროების, უწყებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან, მთავარ სახელმწიფო მრჩევლებთან, განყოფილების, ჯგუფის უფროსებთან ერთად ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა საბჭოზე შემოტანილი საკითხების, საოქმო გადაწყვეტილებათა, განკარგულების, ბრძანებულების პროექტების ხარისხისათვის, წარმოდგენილი მასალების სისრულისა და უტყუარობისათვის.

– მოხსენებითი ბარათი (ცნობა) უნდა იყოს ხელმოწერილი, ხოლო საოქმო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულების პროექტი და მათი დანართები – ვიზირებული იმ მინისტრების, უწყებათა და დეპარტამენტთა, სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელების, ქალაქის მერებისა და რაიონის გამგეობათა თავმჯდომარეების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი.

4.4. საბჭოს სხდომაზე განსახილველი პროექტები, რომლებიც შეეხება საქართველოს სხვა სამინისტროების, უწყებათა, დეპარტამენტთა, ქალაქებისა და რაიონების გამგეობათა ინტერესებს ან კომპეტენციას, წინასწარ უნდა იქნეს მათთან შეთანხმებული.

– საქართველოს სამინისტროების, უწყებათა, დეპარტამენტთა, ავტონომიური და სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები, სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი მუშაკები მოვალენი არიან მისცენ დასკვნა მათთან შესათანხმებელ საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტებს მათი მიღებიდან ათი დღის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან, დაასაბუთონ საწინააღმდეგო მოსაზრებანი და თან დაურთონ შემოთავაზებული რედაქცია.

4.5. საბჭოს სხდომის ჩატარებამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, უწყებები, დეპარტამენტები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი განყოფილებები ვალდებული არიან წარუდგინონ ეკონომიკური საბჭოს აპარატს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.

4.6. საბჭოს სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს ეკონომიკური საბჭოს აპარატი, საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის თანაშემწეებთან შეთანხმებით უბრუნებს საკითხის შემომტანთ ხელახალი გადამუშავებისათვის.

 

5. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს სხდომები

5.1. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მოიწვევიან (მოწვეულთ ატყობინებს ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური საბჭოს აპარატი):

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები – ყოველთვის;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის, დარგობრივი, თვითმმართველობისა და რეგიონალური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს საინფორმაციო საგამომცემლო კორპორაციის (საქინფორმის) გენერალური დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო საგანგებო გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსი, ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკორდინაციო სამსახურის უფროსი, დსთ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის საოქმო-საგამომცემლო, ეკონომიკური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები – ყოველთვის;

გ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები, განყოფილების უფროსები, სხვა პასუხისმგებელი პირები – განსახილველ საკითხებზე;

დ) სამინისტროების, დეპარტამენტების, სხვა უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკები – განსახილველ საკითხებზე.

5.2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე მომხსენებელს ეძლევა არა უმეტეს 15 წუთისა, თანამომხსენებელს 7 წუთი, საკითხის განხილვის წესით გამოსულთ – 5 წუთი.

5.3. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური საბჭოს აპარატი, საქართველოს სახელმწიფო ქვედანაყოფების მონაწილეობით.

5.4. საბჭოს სხდომებზე შენიშვნების გარეშე მიღებულ საქართველოს პრეზიდენტის აქტებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური საბჭოს აპარატი აფორმებს მეორე დღეს. განხილულ საკითხებზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებანი და მითითებანი პროექტებში შეაქვთ საკითხის შემომტანსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს. პროექტებს საბოლოო რედაქციით ვიზას აძლევენ შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, იურიდიული განყოფილების უფროსი, ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს მდივანი, ეკონომიკური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე და წარადგენენ ხელმოსაწერად.

5.5. საბჭოს ხელმოწერილ სხდომის ოქმებსა და პრეზიდენტის აქტებს საოქმო-საგამომცემლო განყოფილება უგზავნის ადრესატებს ხელმოწერიდან სამი დღის განმავლობაში.

5.6. საბჭოს ხელმოწერილი ოქმები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, განკარგულებები ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებს,ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი სიის მიხედვით.

საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.

ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომლებსაც ადგენენ საკითხის შემომტანნი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად.