საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №594

1996 წლის 13 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თანდართული დებულება.

 ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორთა საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებანი

 

1.1. საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო (შემდგომში – რექტორთა საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო. რექტორთა საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად.

1.2. რექტორთა საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, განათლებისა და მეცნიერების წინსვლისათვის კონსტიტუციურ დებულებათა ამოქმედებას, განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, უმაღლესი სასწავლებლების ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზებას ეროვნული მეურნეობის დარგების აღორძინებისა და განვითრებისათვის.

1.3. რექტორთა საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

2. რექტორთა საბჭოს მიზნები და ამოცანები

 

2.1. რექტორთა საბჭოს მიზნებია:

– საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება;

–        უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადების კონცეფციების შემუშავება;

– უმაღლესი სკოლის მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

– სწავლებაში უახლესი მეთოდების, აგრეთვე მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების განზოგადება და დანერგვა;

– სასწავლო პროცესის კანონზომიერებათა შესწავლა და ნორმატიული დოკუმენტების პროექტების მომზადება;

– უმაღლესი სკოლის პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის, აგრეთვე კერძო მეთოდიკათა აქტუალური პრობლემების დამუშავება;

– სასწავლო პროცესის მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებათა შემუშავება;            

– ახალი კათედრების, ლაბორატორიული ბაზებისა და სპეციალობების გახსნის აუცილებლობის დასაბუთება;

– სასწავლო გეგმებისა და ცალკეული სასწავლო დისციპლინების სამუშაო პროგრამების კორდინირების მეთოდიკა და დახვეწა;

– მისაღები კონტინგენტის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე დაგეგმვისა და უმაღლესი სკოლის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სრულყოფასთან დაკავშირებული სხვა პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება.

 

3. რექტორთა საბჭოს უფლებამოსილება

 

3.1. რექტორთა საბჭო, თავისი საკონსულტაციო ფუნქციიდან გამომდინარე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს თანამედროვე უმაღლესი სკოლის განვითარების პერსპექტივების, რეფორმის ძირითადი მიმართულებებისა და სპეციალისტების მომზადების სტრუქტურის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პრიორიტეტების, უმაღლესი განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესახებ, ამზადებს წინადადებებს უმაღლესი განათლების სახელმწიფო სტანდარტების, უმაღლესი განათლების სისტემის საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსების, პროფესორ-მასწავლებლებისა და დამხმარე სასწავლო პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ღონისძიებათა შესახებ.

3.2. რექტორთა საბჭო ორგანიზაციას უწევს არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვას ევროგაერთიანების პროექტებში, აგრეთვე საერთაშორისო ფონდებში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

3.3. რექტორთა საბჭო შეისწავლის და თავის სხდომებზე განიხილავს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

– სპეციალისტების მომზადებაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარება;

– მოწინავე მეთოდების განზოგადება და დანერგვა;

– კომპლექსური სამეცნიერო პრობლემების გადაჭრის კოორდინაცია;

– პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

– მოსწავლე ახალგაზრდობაში პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება;

– სასწავლო პროცესის დაკავშირება პრაქტიკასთან და სხვ.

3.4. ადგილობრივი პრობლემების შესწავლისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით რექტორთა საბჭო, გარდა ძირითადი სხდომებისა, მართავს გამსვლელ სხდომებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

 

 4. რექტორთა საბჭოს ორგანიზაცია

 

4.1. რექტორთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს რექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და აღმასრულებელ მდივანს.

4.2. რექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები.

4.3. საჭიროების მიხედვით, ცალკეული პრობლემების შესწავლის მიზნით, რექტორთა საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას კონკრეტული პრობლემების მკვლევართა ერთგზისი ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელი და შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს გადაწყვეტილებით.

4.4. რექტორთა საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საბჭოს წევრთა მესამედის გადაწყვეტილებით.

4.5. რექტორთა საბჭოს სხდომებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღება ხდება საერთო შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით და ფორმდება ოქმით.                       

4.6. რექტორთა საბჭოს საქმიანობა აღირიცხება საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში.