საქართველოს სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №595

1996 წლის 13 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შესახებ

 საქართველოს სამართლებრივი ინფორმატიზაციის სახელმწიფო სისტემის შექმნის პროცესის აქტივიზაციის, ოფიციალური ინფორმაციის ნაკადის თავისუფალი მიმოქცევის, კანონმდებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციულ-მეთოდური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნას სამართლებრივი ინფორმატიზაციის სერვისული, საკონსულტაციო ცენტრი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვროს სამართალშემოქმედებითი და სამართალდამცავი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა.

ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა მოხდეს იუსტიციის სამინისტროს ხარჯებით, დაინტერესებული ორგანიზაციების ინფორმაციულ-სამართლებრივი მომსახურების გაწევის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის საჭიროებისათვის შემუშავებული პროგრამულ-ტექნიკური პროდუქციის რეალიზაციის გზით.

2. სამართლებრივი ინფორმატიზაციის ცენტრს დაეკისროს:

- საქართველოს სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა:

- სამართლებრივი ინფორმაციის შეკრება, დაცვა, ინტეგრირება და სისტემატიზაცია;

- უცხოური კანონმდებლობის საინფორმაციო მასივის ფორმირება;

- კანონპროექტების შემუშავების საინფორმაციო უზრუნველყოფა, შედგენილი კანონპროექტების ტექსტების ბეჭდვითი და ტელეგამოსახულების ფორმით გაცემა;

- სამართლებრივი ინფორმატიზაციის ტექნოლოგიების და მეთოდიკის შემუშავება;

- სამართლებრივი ინფორმაციის საერთაშორისო და ნაციონალურ ბაზებთან ორგანიზებული ჩართვა და სახელმწიფოთაშორისი სამართლებრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;

- სამართლებრივი ინფორმატიზაციის საერთაშორისო სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებზე სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ურთიერთმოქმედება;

- სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთგაცვლის საკომუნიკაციო საშუალებათა განვითარება;

- საზღვარგარეთის ქვეყნების და საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესწავლა, მიმოხილვა, შედარებითი სამართლებრივი ანალიზი;

- სამართლებრივი ინფორმატიზაციის და ინფორმაციული პროცესების საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

- საკონსულტაციო და საცნობარო მომსახურების გაწევა.

3. თავისი ამოცანების შესასარულებლად სამართლებრივი ინფორმატიზაციის ცენტრი უფლებამოსილია:

- მოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებისაგან, დადოს ხელშეკრულებები სხვა ორგანოებთან ინფორმაციის მიღებისა და მომსახურების თაობაზე;

- დადოს ხელშეკრულებები ორგანიზაციებთან და სპეციალურ საინფორმაციო სააგენტოებთან და ცენტრებთან, მათ შორის უცხოურთან, ანალიტიკური მასალების მომზადებაზე და სამართლებრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე;

- კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად მოიწვიოს ცალკეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სახელშეკრულებო საფუძველზე შექმნას დროებითი შემოქმედებითი კოლექტივები.

4. საქართველოს ინფორმაციულ-სამართლებრივი რესურსი შეიქმნას საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასმართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისაგან.

5. მონაცემთა ბანკის ინფორმაციული მასივი შეიქმნას ინტეგრირებული საინფორმაციო ველის სახით, მონაცემთა ბაზის დოკუმენტურ და ფაქტოლოგიურ საფუძველზე.

6. მონაცემთა ეროვნული ეტალონური ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინაცია, მონაცემთა ინტეგრირებული ბაზის საკონტროლო (აქტუალურ) მდგომარეობაში ყოფნა, ინფორმაციული მონაცემის სისრულის, სიზუსტის და საიმედოობის უზრუნველყოფა დაეკისროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

7. სამართლებრივი ინფორმაციის მონაცემთა ეტალონური ბანკების ფორმირების უნიფიცირების მიზნით დამტკიცდეს თანდართული კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორი და სამართლებრივი ინფორმაციის კოდირების სისტემა.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ადგილობრივი მმართველობის, სასამართლოს, პროკურატურის ორგანოებმა სამართლებრივი ინფორმაციის სისტემატიზაციისას გამოიყენონ კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორი.

კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის განვითარება-სრულყოფა დაეკისროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

8. მონაცემთა ეროვნული ეტალონური ბაზების შესაქმნელად სამეცნიერო-მეთოდური, ინფორმაციული, ლინგვისტური და ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების გატარება მოხდეს ერთიან ინფორმაციულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების, სამართლებრივი ინფორმატიზაციის გაცვლის შესახებ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. პროგრამის ძირითად მოსარგებლეებად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტი, სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოები.

პროგრამის მოსარგებლეებად შეიძლება იყვნენ აგრეთვე:

- ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები;

- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადამჭრელი საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

10. საქართველოს სამინისტროების, კომიტეტების, უწყებების, ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ინფორმაციულ-სამართლებრივი მომსახურება მოხდეს ანაზღაურების გარეშე.

 ე. შევარდნაძე