ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №536
1997 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების
გაერთიანებული აპარატის შესახებ
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილია და მოქმედებს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია, აგრეთვე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაცია. გაფართოვდა კონტაქტები გაეროსთან, ეუთოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მთელი ამ საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი ი. მაჭავარიანი.
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის კოორდინირებულად წარმართვის, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის საქმიანობის აპარატული უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის №846 ბრძანებულებით შექმნილი ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის №324 განკარგულებით დამტკიცებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით:
1. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან – მიმართულების ხელმძღვანელთან შეიქმნას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატი.
2. გაერთიანებული აპარატს 1997 წლის მეოთხე კვარტალის ხელფასის ხარჯები აუნაზღაუროს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ. მამრაძე), რისთვისაც სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გამოიყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
3. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა – მიმართულების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად გაერთიანებული აპარატის საშტატო ნუსხა გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში; მანვე დააკომპლექტოს კადრებით გაერთიანებული აპარატი დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით.
4. გაერთიანებული აპარატის სამივლინებო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ. ამასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში და დაემატოს „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატი“.
5. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან (ი. ანდრიაძე) ერთად გამოძებნოს გაერთიანებული აპარატისათვის სამუშაო ფართობი დადგენილი ნორმების შესაბამისად.
ე. შევარდნაძე