განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდებისა და ლატარიის ბილეთების ლიკვიდაციის საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №635
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ.თბილისი
განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდებისა და ლატარიის ბილეთების ლიკვიდაციის საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ
საქართველოში ობლიგაციების, ლატარიის ბილეთების, ვაუჩერებისა და სხვა სახის განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების ლიკვიდაციის საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისადმი სათანადო კონტროლის დაწესების მიზნით დადგინდეს, რომ:
1. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ გამოშვებული ყველა სახის განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდი, ვაუჩერი, ობლიგაცია და ლატარიის ბილეთი ექსპერტიზისა და ლიკვიდაციისათვის ჩაბარდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განაღდებული ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზისა და განადგურების სამსახურს.
2. იურიდიულ პირს, რომელიც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, ჩამოერთვას ფასიანი ქაღალდებისა და ლატარიის ბილეთების გამოშვების უფლება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) მკაცრი კონტროლი დაუწესოს ქვეყანაში გამოშვებული ყველა სახის განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდისა და ლატარიის ბილეთის აღნიშნულ სამსახურში ჩაბარებას, შემოწმებასა და ლიკვიდაციას.
ე. შევარდნაძე