საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №837
1996 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამუშავების, დაფინანსების წყაროების განსაზღვრისა და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებული „საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამა“.
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 15 წლით, მათ შორის პრიორიტეტული მარშრუტების რეაბილიტაციისა – 5 წლით.
პროგრამის განხორციელება ჩაითვალოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.
2. პროგრამის განხორციელებისადმი სისტემატური კონტროლისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის კოორდინაციის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენა-განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამუშავების, დაფინანსების წყაროების განსაზღვრისა და ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამთავრობო კომისიის საქმიანობის გაგრძელება.
3. სამთავრობო კომისიამ:
– ყოველი წლის ნოემბრის ბოლომდე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას პროგრამის მომდევნო წლის დაზუსტებული მაჩვენებლები, ხოლო ყოველი წლის 1 აპრილამდე პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების წინა წლის შედეგები;
– სისტემუტურად განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლების მიხედვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში, რისთვისაც კომისიის თავმჯდომარის პირადი მონაწილეობით გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის გავლით საერთაშორისო ტვირთზიდვებით დაინტერესებულ როგორც ახლო, ისე შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებთან კრედიტებისა და სხვა ფინანსური დახმარების მისაღებად, ინვესტიციების მოსაზიდად;
– გაატაროს სათანადო ღონისძიებანი ამ მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დასამუშავებლად, მკაცრი კონტროლი დაუწესოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულებით დასახულ იმ დავალებათა შესრულებას, რომლებიც ეხება პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
– უზრუნველყოს პროგრამის ფართო პროპაგანდა ტელევიზიის, რადიოსა და პრესის საშუალებით.
4. ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და განვითარება ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების პრიორიტეტულ ამოცანად. დაევალოთ მათ აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ადგილობრივ ორგანოებს და სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" შესაბამის სამსახურებს "საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ" კანონით გათვალისწინებული გადასახადების სრულ და დროულ ამოღებაში, ყოველწლიურად გაითვალისწინონ სათანადო სახსრები ტერიტორიულ ბიუჯეტებში, შეუქმნან მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები საგზაო ორგანიზაციებს პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებაში.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე, დ. სალარიძე, თ. აბულაძე), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და ეროვნულმა ბანკმა (ნ. ჯავახიშვილი) ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზას" "საგზაო ფონდში" სახსრების მაქსიმალური მობილიზაციის საქმეში "საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ" კანონისა და "საქართველოში საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლის, მიზნობრივი გამოყენებისა და გადასახადებისათვის თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის შესახებ" დებულებით გათვალისწინებული ზომების ეფექტიანი გამოყენების გზით. არ დაუშვან "საგზაო ფონდის" შემოსავლების, საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების საბიუჯეტო ასიგნებებისა და ამ მიზნებისათვის სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯვა იმ დანიშნულებით, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოებიდან, დარგის საწარმოო ბაზის განვითარებასთან, აგრეთვე საგზაო მეურნეობის მართვის საკითხებთან.
6. სახელმწიფო კონცერნმა "საქავტოგზამ" (ბ. სარალიძე):
– უზრუნველყოს პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დადგენილ ვადებში და განსაზღვრული მოცულობით; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს უახლესი ტექნოლოგიების, მასალებისა და ორგანიზაციული სქემების დანერგვას, და იმას, რომ გზების საექსპლუატაციო მაჩვენებლები შეესაბამებოდეს მსოფლიო სტანდარტებს,რათა მიღწეულ იქნეს ქვეყნის ძირითადი საავტომობილო მარშრუტების კონკურენტუნარიანობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთზიდვის საქართველოსათვის ხელსაყრელი გეოგრაფია.
– დანერგოს სამუშაოთა საკონკურსო საწყისებზე შესრულების პრაქტიკა;
– განახორციელოს მაკოორდინირებული როლი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და მშენებლობის საქმეში; განსაზღვროს აღნიშნული გზების განვითარების მიმართულებანი და ტექნიკური პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელის თანაბარზომიერი განვითარება, რისთვისაც დაბალი საწარმოო პოტენციალის მქონე რაიონებს "საგზაო ფონდის" შემოსავლების ხარჯზე გაუწიოს ყოველწლიური ფინანსური დახმარება პროგრამთ გათვალისწინებულ მოცულობათა ფარგლებში;
– გაააქტიუროს საქმიანობა დარგის ეტაპობრივი რესტრუქტურიზაციის მიზნით.
ე. შევარდნაძე