საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №45

1997 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ენის ფუნქციონირების, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის, ენობრივ ურთიერთობათა სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფის, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის უკეთ ორგანიზების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა.

2. ენის სახელმწიფო პალატის ცენტრალური აპარატი განისაზღვროს 20 საშტატო ერთეულით (ტექნიკური პერსონალის ჩათვლით).

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) ენის სახელმწიფო პალატის შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები გაითვალისწინოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. დაევალოთ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურსა (ი. ანდრიაძე) და ქ. თბილისის მერიას (ბ. შოშიტაიშვილი) ენის სახელმწიფო პალატის შესაბამისი სამუშაო ფართობითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.

5. ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარემ ორ კვირაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად:

ა) ენის სახელმწიფო პალატის დებულება;

ბ) ენის სახელმწიფო პალატის სტრუქტურა;

გ) ენის სახელმწიფო პალატის ხარჯთაღრიცხვის პროექტი.

6. დაევალოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებსა და უწყებებს შესაბამისი რეგიონალური სტრუქტურების შექმნით ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ენის სახელმწიფო პალატის საქმიანობას.

7. ენის სახელმწიფო პალატის რეგიონალური ქვედანაყოფები ჩამოყალიბდეს ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით (ორმაგი დაქვემდებარების წესით).

ე. შევარდნაძე