„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№338
სარეგისტრაციო კოდი
010240060.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 20/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №338

2004 წლის 18 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2003 წ., №69, მუხლი 620):

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას; ამტკიცებს აპარატის მუშაობის წესს და საქმისწარმოების შინაგანაწესს; ანაწილებს დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; აპარატის მუშაკთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“;

ბ) დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-15 და მე-16 პუნქტები;

გ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კომისიის აპარატის სტრუქტურა

1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური;

გ) მონიტორინგის სამსახური;

დ) ფინანსური სამსახური;

ე) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახური;

ვ) სამართლებრივ საკითხთა სამსახური;

ზ) უნივერსალური მომსახურების სამსახური;

თ) სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახური;

ი) მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახური.“;

დ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი ფუნქციებია

1. ადმინისტრაციის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) აპარატის საქმიანობის ყოველკვარტალური გეგმის პროექტის მომზადება და დამტკიცებული გეგმის შესრულების თაობაზე კომისიის თავმჯდომარისათვის ინფორმაციის წარდგენა;

ბ) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების გამართვის ორგანიზება (კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტების შედგენა და ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება; საოქმო საქმიანობის წარმოება და სხვ.);

გ) კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის განხორციელების კონტროლი; კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების მონიტორინგი;

ე) კომისიის აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და კომისიის თავმჯდომარისათვის ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) კომისიის საარქივო საქმისწარმოება;

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება;

თ) კომისიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება; კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული კორესპონდენციის რეესტრის წარმოება; კომისიის აპარატში საქმიანი დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;

ი) კომისიის აპარატის მუშაკთა საკადრო საქმისწარმოება;

კ) კომისიის შიდაკომპიუტერული ქსელისა და მონაცემთა კომპიუტერული ბაზის მართვა;

ლ) კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა.

2. სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმებისა და პროექტების მომზადება;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომისიის საქმიანობის წლიური ანაგარიშის პროექტის მომზადება;

დ) კომისიის აპარატის მუშაკების მიერ მოვალეობათა ეფექტიანად შესრულების სამოტივაციო მექანიზმების შექმნა, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების გადამზადების დაგეგმვა; შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის ფორმირება და დანერგვა;

ე) სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი;

ვ) განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად პროექტების დაგეგმვა, განხორციელების ორგანიზაცია, მონიტორინგი და შეფასება; მიმდინარე პროექტებისა და გეგმების განხორციელების ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებების განსაზღვრა; ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;

თ) კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის განვითარების თაობაზე მიმოხილვის გამოცემის ორგანიზება.

3. მონიტორინგის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომისიის სამართლებრივი აქტებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი და დარღვევათა გამოვლენისას შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირთა და/ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთა მიერ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, დარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშებისა და წინადადებების კომისიისათვის წარდგენა.

4. ფინანსური სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) კომისიის საქმიანობის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად კომისიის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

ბ) კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება;

გ) სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვა და კონტროლი;

დ) კომისიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.

5. სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე ლიცენზიის გაუქმების (ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნით, მისი გარდაცვალების ან ლიკვიდაციის, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო) თაობაზე;

ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

გ) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;

დ) სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის ეკონომიკური (მათ შორის, კონკურენტუნარიანობის) კვლევა, ანალიზი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე პირებისა და მათი ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის რეგულირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ვ) ლიცენზიის მფლობელის მიერ დადგენილი ტარიფის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კვლევა;

ზ) ნუმერაციის რესურსების რეგულირებისა და განაწილების მიზნით კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.

6. უნივერსალური მომსახურების სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული უნივერსალური მომსახურების პროექტების განხორციელება; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების დადგენის მიზნით კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ბ) უნივერსალური მომსახურების პოლიტიკასთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, შეფასება და კომისიისათვის წინადადებების მომზადება;

დ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უნივერსალური მომსახურების სახსრების გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მართვისა და განაწილების უზრუნველყოფა;

ე) უნივერსალური მომსახურების ანალიტიკური და საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება და საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

7. სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) სამართლებრივი საკითხების მომზადება, კომისიის შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე მისი სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმომადგენლობა;

ბ) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების, აგრეთვე კომისიაში სხვა უწყებებიდან შესათანხმებლად შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა საჩივრებსა და განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების ადმინისტრაციული წარმოება;

ე) დავებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე პერიოდული ანგარიშების კომისიისათვის წარდგენა;

ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

8. სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) სიხშირული სპექტრის დაგეგმარების, დადგენისა და დანაწილების, ელეტრომაგნიტური თავსებადობისა და საერთაშორისო კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგის განხორციელება;

ბ) სიხშირული სპექტრის განაწილების გეგმის შედგენა;

გ) სიხშირული სპექტრის გამოყენების ზედამხედველობა და გამოვლენილ ხელშეშლებზე რეაგირება;

დ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით წინადადებებისა და კომისიის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ე) ნებართვების გაცემის ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უზრუნველყოფა და გაცემული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოება.

9. მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და მისი გათვალისწინებით ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შემუშავების ორგანიზება;

ბ) ტელერაიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ტელერადიომაუწყებლობის დამტკიცებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენა;

გ) საქართველოს ტელერადიოსამაუწყებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს პირობების შექმნის ხელშემწყობი წინადადებების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;

დ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან შეთანხმებებით, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობის განხორციელება.“.

 მ. სააკაშვილი