შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს" დებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დამტკიცებულია შპს „თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს“
პარტნიორთა კრების მიერ, 04 იანვარი, 2010 წელი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„თბილისის საარბიტრაჟო სასამართლოს“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება:
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან კანონით, მხარეთა შეთანხმებით და ამ დებულებით დადგენილი წესებით არჩეული (დანიშნული) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
ბ) მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება – შპს „თბილისის საარბიტრაჟო სასამართლო“.
გ) არბიტრი – არბიტრაჟის წევრი;
დ) კანონი – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
ე) კორესპონდენცია – საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხასიათის ინფორმაციის შემცველი წერილობითი დოკუმენტი;
ვ) საარბიტრაჟო განხილვის დაწყებად – მიიჩნევა, არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ზ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე – საარბიტრაჟო საქმეზე არბიტრთა შემადგენლობიდან არჩეული არბიტრი.
თ) საარბიტრაჟო წარმოება – პროცესი, რომელიც იწყება მოპასუხე მხარისათვის სააბრიტრაჟო პრეტენზიის ჩაბარებით და მთავრდება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანით.
ი) სარჩელი – საარბიტრაჟო პრეტენზია.
კ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ, საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია, ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელე-ფაქსით.
2. ფუნქციებს, რომლებიც ამ დებულების მიხედვით განეკუთვნება საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციას, ახორციელებს არბიტრაჟის თავმჯდომარე ან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება.
მუხლი 2. საარბიტრაჟო შეთანხმება
1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან დავა გადაწყვიტონ საარბიტრაჟო წესით.
2. საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობითი ფორმით დადებულად ითვლება, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია რაიმე ფორმით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულად ითვლება სასარჩელო განცხადებისა და შეპასუხების (შეგებებული სარჩელის) მეშვეობით, რომელშიც ერთი მხარე ადასტურებს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას, ხოლო მეორე მხარე ამას არ ეწინააღმდეგება.
4. ხელშეკრულებაში რაიმე დოკუმენტზე მითითება, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო დათქმას, წარმოადგენს საარბიტრაჟო შეთანხმებას იმ პირობით, რომ მოცემული დათქმა ხდება ხელშეკრულების ნაწილი.
5. თუ ერთ და იმავე დავასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებით დადებულია რამდენიმე საარბიტრაჟო შეთანხმება, ძალაშია ის საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული. ადრე დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება ან შეთანხმების ცალკეული ნაწილი მოქმედებს, თუ იგი არ ეწინააღმდეგება უფრო გვიან დადებულ შეთანხმებას.
6. საარბიტრაჟო შეთანხმება ავტონომიურია და არ არის დამოკიდებული იმ ხელშეკრულების პირობებზე, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. ხელშეკრულების ბათილობა ავტომატურად არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.
7. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადება კანონის აუცილებელი მოთხოვნაა.
მუხლი 3. ზოგადი დებულებები
1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის იმ ქონებრივი დავას, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
2. არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხს წყვეტს ამ დავის განმხილველი არბიტრაჟი. გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის და უფლებამოსილების შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილების სახით ან ეს საკითხი შეიძლება აისახოს საქმის არსებითად განხილვის შემდეგ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
3. არბიტრაჟი ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
4. თუ მხარეები სხვა რამეს არ დაადგენენ, მხარეთა შეთანხმება დავა განიხილონ ამ დებულების შესაბამისად გულისხმობს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან დავასთან დაკავშირებით არ მიმართონ არც ერთი ქვეყნის სასამართლოს ან სახელმწიფო ორგანოს არბიტრაჟის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
5. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.
6. არბიტრაჟი და მხარეები მოქმედებენ ამ დებულების შესაბამისად. ამ დებულების რომელიმე წესის განმარტების, აგრეთვე ამ დებულებით მოუწესრიგებელი პროცედურული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს არბიტრაჟს.
7. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
8. თუ აღმოჩნდება, რომ ამ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არმქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მისი დანარჩენი ნაწილებისა და მთლიანად დებულების იურიდიულ ძალასა და გამოყენებადობაზე.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
ნაწილი I
1. არბიტრთა რაოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.
2. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ განსაზღვრავს არბიტრთა რაოდენობას, არბიტრაჟი შედგება სამი წევრისაგან.
3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებულნი არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ დადგენილი არბიტრთა სიიდან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. არბიტრის დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება აქვს მხოლოდ არბიტრაჟს.
5. საარბიტრაჟო შეთანხმებაში პირდაპირ გათვალისწინებული მხარეთა ან მესამე პირის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის (წარდგენის) უფლება გაიგება, როგორც არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება.
6. მხარეების მიერ არბიტრის (არბიტრების) წარდგენა უნდა მოხდეს წერილობით.
7. მხარეთა მიერ არბიტრის არჩევა ხდება, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ დამტკიცებული არბიტრთა სიიდან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე და არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ერთზე მეტით, მოსარჩელეები და მოპასუხეები წარადგენენ არბიტრთა თანაბარ რაოდენობას არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში და წესით.
9. მხარის ან მესამე პირის მიერ წარდგენილი არბიტრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით, მხარეთა შეთანხმებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია უარი თქვას წარმოდგენილი კანდიდატურის არბიტრად დანიშვნაზე.
10. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
11. სამი ან მეტწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეები წარადგენენ არბიტრთა თანაბარ რაოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო დანიშნული არბიტრები დანიშვნიდან ხუთი დღის ვადაში ირჩევენ ერთ არბიტრს – არბიტრაჟის თავმჯდომარეს.
12. არბიტრობის კანდიდატი მის დანიშვნამდე ავსებს სპეციალურ ბლანკს, სადაც პირი წერილობით აცხადებს თანხმობას არბიტრად დანიშვნაზე და ვალდებულია მიუთითოს წერილობითი ინფორმაცია, განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გამოიწვიოს მის მიუკერძოებლობაში, დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში და ხომ არ არსებობს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება მის არბიტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
13. არბიტრობის კანდიდატი ვალდებულია სრულად აცნობოს საარბიტრაჟო სასამართლოს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ან გამოიწვიოს კანონის დარღვევა.
14. დანიშნულ არბიტრთან საარბიტრაჟო სასამართლო შეხედულებისამებრ დებს ან არ დებს ხელშეკრულებას.
15. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილებას შეუწყვეტს დანიშნულ არბიტრს და დანიშნავს ახალ არბიტრს, თუ:
ა)არბიტრი გარდაიცვალა;
ბ)არბიტრი უარს აცხადებს არბიტრობაზე;
გ) არბიტრი დაავადდა ან სხვა მიზეზებით ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს და მისი უფლებამოსილების შეწყვეტას წერილობით ითხოვს მხარე (მხარეები) ან დანარჩენი არბიტრები;
დ)არბიტრაჟის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არბიტრი განზრახ აჭიანურებს დავის განხილვას ან სისტემატურად არღვევს კანონის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ დებულების პირობებს, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს;
ე)არბიტრი არასაპატიო მიზეზით დატოვებს არბიტრაჟის სხდომას ან თუნდაც საპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება არბიტრაჟის სხდომაზე;
ვ)ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახალი არბიტრი ინიშნება (აირჩევა) იმავე წესითა და პირობებით, როგორითაც მისი წინამორბედი.
17. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას.
18. მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი ან ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული დებულებით.
ნაწილი II
მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე
1. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ისეთი გარემოებები, რომელიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევს არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
2. თუ განცხადებულ აცილებას ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
3. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
4. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
5. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
6. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
7. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოის თვითაცილება.
8. არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში მათ შეცვლამდე განხორციელებული ყველა საარბიტრაჟო მოქმედება უნდა განმეორდეს. ცალკეული არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოქმედების განმეორების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
9. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით. აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
მუხლი 5. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. მხარეს არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
2. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, ან აცილების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.
მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია
1. არბიტრაჟი იღებს დადგენილებას თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. თუ არბიტრაჟ ი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
მუხლი 7. საარბიტრაჟო განხილვის ენა
1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ სხვა ნებისმიერ საბუთს.
2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ერთოდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
მუხლი 8. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებათა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეთათვის.
2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 9. გამოსაყენებელი სამართალი
1. საარბიტრაჟო შეთანხმების იურიდიული ძალისა და არბიტრაჟის იურისდიქციის დადგენისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა მიერ მითითებულ სამართალს, ხოლო თუ ასეთი მითითებული არ არის, – საქართველოს სამართალს.
2. საარბიტრაჟო განხილვის პროცედურის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამართალი.
3. არბიტრაჟი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს, თუ რომელი (ქვეყნის) მატერიალური სამართალი იქნეს გამოყენებული დავის გადაწყვეტისას.
მუხლი 10. კონფიდენციალობა
1. არბიტრი და საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ყველა პირი ვალდებულნი არიან სრული საიდუმლოებით შეინახონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მათი მონაწილეობის შედეგად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამხელა შეიძლება მხოლოდ სასამართლოსთვის, სხვა კომპეტენტური ორგანოებისა და პირებისთვის გადაწყვეტილების აღსრულების, მისი შედეგების დადასტურების აუცილებლობის და/ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 11. ურთიერთობა საარბიტრაჟო სასამართლოს, ა რბიტრაჟსა და მხარეებს შორის
1. არბიტრაჟო სასამართლოს, არბიტრაჟსა და მხარეებს შორის ურთიერთობა ხდება წერილობით საარბიტრაჟო წარმოების ენაზე.
2. საქმესთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ინფორმაცია მხარეებსა და არბიტრებს ეგზავნებათ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მეშვეობით.
3. საჭიროების შემთხვევაში წერილობითი ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია არბიტრაჟის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტაციის გაგზავნა ხორციელდება არბიტრაჟის თავმჯდომარის ან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ.
4. საარბიტრაჟო სასამართლოსათვის (არბიტრაჟისათვის) მხარის მიერ გაგზავნილ კორესპონდენციას უნდა ერთოდეს ასლები ყოველი არბიტრისა და საქმეში მონაწილე დანარჩენი მხარისათვის.
5. არბიტრაჟი ვალდებულია ერთი მხარისაგან შემოსული კორესპონდენციის ასლი გადაუგზავნოს მეორე მხარეს მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, თუ ამ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ არის მითითებული.
6. შესაძლებელია ადრესატს კორესპონდენცია პირადად ჩაბარდეს, ან გაეგზავნოს ფოსტით ან ნებისმიერი ელექტრონული და ტექნიკური საშუალებით, რომელიც იძლევა გაგზავნის დადასტურების ჩანაწერს. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ადრესატს ჩაბარდა პირადად ამ თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
7. მხარეს კორესპონდენცია ეგზავნება სარჩელში (განცხადებაში) ან ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული წესები.
8. კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება იმ დღიდან, როდესაც ადრესატმა იგი მიიღო ან უნდა მიეღო.
მუხლი 12. ვადები
1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით.
2. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
3. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.
4. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
5. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა, ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
6. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დენა განახლდება.
მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები
1. საარბიტრაჟო ხარჯებია: მოსაკრებელი, არბიტრაჟის ხარჯი და მხარეთა ხარჯი.
2. მოსაკრებელს შეადგენს სარეგისტრაციო მოსაკრებელი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი. საარბიტრაჟო მოსაკრებლიდან გაიცემა არბიტრთა ჰონორარი.
3. არბიტრაჟის ხარჯი არის კონკრეტული საქმის მიღების, განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის გაწეული დანახარჯი.
4. მხარეთა ხარჯი შედგება საარბიტრაჟო განხილვის დროს თავიანთი ინტერესების დასაცავად მხარეთა მიერ გაწეული ხარჯისაგან, გარდა მოსაკრებლისა და არბიტრაჟის ხარჯისა.
5. ამ დებულებაში მითითებული საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.
6. სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 70 ლარს.
7. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეამციროს სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა.
8. სარეგისტრაციო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს სარჩელის წარდგენასთან ერთად. სარეგისტრაციო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუნდაც არბიტრაჟმა დავა არ მიიღოს წარმოებაში.
9. საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდევინება წარმოებს:
ა) სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე;
ბ) განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
10. სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა იანგარიშება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5% -დან 2,5-მდე. განისაზღვრება არბიტრაჟის თავმჯდომარის განკარგულებით.
11. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 ლარით.
12. თუ კონკრეტულ დავაზე არბიტრთა რაოდენობა ერთზე მეტია, სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა იზრდება ყოველ დამატებულ არბიტრზე 1 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარით.
13. განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 0,5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
14. გადახდა უნდა მოხდეს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.
15. საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის ხარჯი ავანსის სახით წინასწარ შეაქვს სარჩელის (თხოვნის) აღმძვრელ მხარეს ან ორივე მხარეს. არბიტრაჟის ხარჯის საავანსო თანხას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს თანხის გადახდა და დაუდგინოს გადახდის კონკრეტული ვადა (ვადები) საავანსო თანხის მითითებით. საავანსო თანხის ნაცვლად არბიტრაჟს შეუძლია მიიღოს საბანკო ან სხვა სახის გარანტია. დადგენილი თანხის გადაუხდელობა ჩაითვლება სარჩელზე (თხოვნაზე) უარის თქმად და არბიტრაჟი (საარბიტრაჟო სასამართლო) შეწყვეტს საქმის წარმოებას ან არ განიხილავს შესაბამის თხოვნას.
16. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეამციროს საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
17. დავის საგნის ღირებულებას მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟი.
18. თუ ერთ სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) მომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და შესაბამისად ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.
19. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს წინასწარ გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
20. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო განკარგულებით, რომელსაც არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოსცემს პუნქტი 10-ში მოცემული საპროცენტო განაკვეთების მიხედვით.
21. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
22. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, თანხის დაკისრება მოხდება შედეგის პროპორციულად.
23. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, სხვა კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟი შესაბამისად შეცვლის საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებასაც.
მუხლი 14 მტკიცებულებები
1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები და ამისათვის დაუწესოს გარკვეული ვადა.
3. თუ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადებში მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ მოთხოვნილ საქმის გარჩევასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს მის ხელთ არსებული მასალის საფუძველზე.
4. ნებისმიერი მოსმენის დაწყებამდე არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი მხარისაგან იმ მოწმეთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის გამოძახებასაც მხარე აპირებს. ინფორმაციაში უნდა აისახოს მათი ჩვენების საგანი და საარბიტრაჟო განხილვასთან მისი კავშირი.
5. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს დრო და ფორმა, რა დროშიც და რა ფორმითაც უნდა წარედგინოს ასეთი ინფორმაცია არბიტრაჟს, ასევე შეუძლია განსაზღვროს მოწმის (მოწმეთა) გამოსვლის დრო და ნებისმიერ დროს შეაწყვეტინოს მას ჩვენების მიცემა, თუ იგი სცილდება კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხებს.
6. თუ არბიტრაჟი სხვაგვარად არ დაადგენს, მოწმის (მოწმეთა) ჩვენება ნებისმიერი მხარის მიერ შეიძლება წარმოდგენილ იქნას წერილობით. ამასთან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს, რათა მოწმე, რომლის ჩვენებაც წერილობით იყო წარმოდგენილი, გამოძახებულ იქნას საქმის ზეპირ მოსმენაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება საპატიო მიზეზების გარეშე, არბიტრაჟი თავისი შეხედულებისამებრ წყვეტს ამ მოწმის წერილობითი ჩვენების მტკიცებულებად მიღების საკითხს.
7. ნებისმიერი მოწმე, რომელიც ზეპირ ჩვენებას იძლევა, შეიძლება დაკითხულ იქნას ნებისმიერი მხარის მიერ. ამასთან, არბიტრაჟს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუსვას შეკითხვები მოწმეს ჩვენების მიცემის დროს.
8. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის თხოვნის საფუძველზე დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი კონკრეტულ საკითხზე არბიტრაჟისათვის დასკვნის მისაცემად.
9. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ მხარეს მოთხოვოს ექსპერტისათვის წარსადგენი აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მოცემულ მხარესთან ინახება და მხარე ვალდებულია არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ დროში წარმოადგინოს ასეთი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
10. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ექსპერტის (ექსპერტების) მოწვევა ზეპირ განხილვაზე. ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გამო მხარეებსა და არბიტრაჟს უფლება აქვთ ექსპერტს (ექსპერტებს) დაუსვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
11. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ნებისმიერი ექსპერტის ჰონორარი და ხარჯი ამ დებულების შესაბამისად გადაიხდება მხარეთა მიერ შემოტანილი ავანსების ხარჯზე, რომელიც შედის საარბიტრაჟო განხილვის ხარჯში.
12. მხარის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნით არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.
13. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
14. შუამდგომლობაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.
15. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას. ასეთი დადგენილების მიღებით საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
16. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.
17. მხარის განცხადებით არბიტრაჟს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გამოტანის მოთხოვნით.
18. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
მუხლი 15. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი
1. საარბიტრაჟო წარმოება იწყება მოპასუხე მხარისათვის სააბრიტრაჟო სარჩელის ჩაბარებით.
2. მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელშიც მიუთითებს:
ა)მხარეთა სრულ დასახელებას და მისამართებს;
ბ)დავის საგნის აღწერასა და მოთხოვნას;
გ) გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
დ) სარჩელის ფასს, თუ შესაძლებელია მისი შეფასება;
ე)საარბიტრაჟო შეთანხმებას, თუ ასეთი არსებობს;
ვ)არბიტრობის კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს, პროფესიას და სხვა მონაცემებს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლება მინიჭებული აქვს მხარეს;
ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
თ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.
3. სარჩელში შეიძლება იყოს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (საარბიტრაჟო სასამართლოსადმი), რათა მან:
ა) დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას;
ბ) გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაიბაროს მოწმეები;
გ) მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მიმართოს სასამართლოს.
4. თუ სარჩელი შეტანილია ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, არბიტრაჟის თავმჯდომარე მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება მოსარჩელეს.
5. არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით მიიღოს იგი წარმოებაში ან უარი თქვას მის მიღებაზე.
6. წარმოებაში მიღებული სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
7. დავის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დირექტორი:
ა) გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელს და თანდართული საბუთების ასლებს;
ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას წერილობით შეადგინოს და წარმოადგინოს თავისი პასუხი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ;
გ) წინადადებას არბიტრის შერჩევის შესახებ.
8. მოპასუხე მხარემ სარჩელის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟს) უნდა მიაწოდოს თავისი პასუხი სარჩელზე. საარბიტრაჟო სასამართლო (არბიტრაჟი) უფლებამოსილია მოპასუხე მხარის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს აღნიშნული ვადა მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ერთი კვირით.
9. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
ა) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს;
ბ) თუ სარჩელს არ ცნობს, კომენტარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე და მოთხოვნაზე;
გ) შეგებებულ სარჩელს (მოთხოვნებს), თუ ასეთი არსებობს;
დ) გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებზედაც მოპასუხე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ე) არბიტრობის კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს, პროფესიას და სხვა მონაცემებს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის (არბიტრების) კანდიდატურის წარდგენის უფლება მინიჭებული აქვს მხარეს;
ვ) საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.
10. შესაგებლის გაუგზავნელობა მოპასუხეს უფლებას არ ართმევს უარყოს სასარჩელო მოთხოვნები ან/და წარადგინოს შეგებებული სარჩელი საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში.
11. შეგეგებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
12. თუ დებულების ან კანონის რომელიმე მოთხოვა, რომლისაგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ კანონით ან ამ დებულებით მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
მუხლი 16. სარჩელის უზრუნველყოფა
1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს ან არბიტრაჟს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
2. განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან, თუ არბიტრაჟი არჩეულია სრული შემადგენლობით, არბიტრაჟის თავმჯდომარე განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.
3. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
4. მხარის მიმართვის საფუძველზე გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით სარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და ამ დავის გადაწყვეტას.
5. მხარემ რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა” – „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებები:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების მიმართ ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ა”-“გ” ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
7. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.
8. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
9. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
10. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
11. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის შესახებ;
გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის შესახებ.
12. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს ხუთ დღეს და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.
13. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ არბიტრაჟს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.
14. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება ხდება დაუყოვნებლივ.
15. მხარის თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
16. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს საარბიტრაჟო სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
17. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟის) თავმჯდომარე.
18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
დ) სხვა ღონისძიებები, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
19. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.
20. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
21. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს (არბიტრაჟის) თავმჯდომარემ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ დაზარალებული მხარის მოთხოვნით შესაძლებელია არბიტრაჟმა დაადგინოს, რომ იმ მხარემ, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვა
1. არბიტრაჟი დამოუკიდებლად წყვეტს თავისი მუშაობის წესს ამ დებულების შესაბამისად და მხარეთა ერთობლივ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. არბიტრაჟი გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საპროცესო საკითხებზე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
3. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ ორივე მხარე წერილობით არ მოითხოვს ღია განხილვის გამართვას.
4. არბიტრაჟი ვალდებულია შეადგინოს საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ოქმი, თუ ამის შესახებ პირდაპირ მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან არბიტრაჟი ოქმის შედგენას მიიჩნევს აუცილებლად.
5. მხარეებს გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოთ მოსმენის გამართვის დრო და ადგილი, რათა მათ მოახერხონ ასეთ მოსმენაზე გამოცხადება.
6. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს და არბიტრაჟი ამას მისაღებად ჩათვლის, საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება წარიმართოს მხოლოდ წერილობითი მასალის საფუძველზე მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. არბიტრაჟს ზეპირი მოსმენის დაწყებამდე შეუძლია მხარეებს გადასცეს შეკითხვების სია, რომლებზეც მას განსაკუთრებულად და დაწვრილებით სურს მათგან პასუხის მოსმენა.
8. მხარეები საქმეებს აწარმოებენ უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ დებულებით დადგენილი წესითა და ვადაში ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ხელს არ უშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტლების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუამდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად.
9. ნებისმიერ მხარეს შეუძლია საქმის განხილვის დამთავრებამდე შეცვალოს ან შეავსოს თავისი სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.
10. აუცილებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის ან მხარეთა ინიციატივით შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს საქმის განხილვა. გადაწყვეტილებას საქმის გადადების ან შეჩერების შესახებ იღებს არბიტრაჟი დადგენილებით.
11. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შესაძლებელია საქმეში მესამე პირის ჩართვა. მესამე პირის ჩასართავად აუცილებელია ამ პირისა და დავის მონაწილე დანარჩენი მხარეების წერილობითი თანხმობები.
12. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 18. არბიტრაჟის და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დამატებითი უფლებამოსილებანი
ნაწილი I
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, არბიტრტაჟი უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით, ამ დებულებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით;
ბ) დაავალდებულოს ნებისმიერი მხარე წარმოადგინოს ექსპერტიზისათვის საჭირო ნივთი და დოკუმენტაცია, რომელიც ამ მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რასაც კონკრეტული საქმის განხილვისას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცების ან სხვა წესების გამოყენების თუ გამოუყენებლობის შესახებ, რომლებიც ეხება საქმისათვის ნებისმიერი დოკუმენტის დაშვებას, შემხებლობას და მნიშვნელობას, აგრეთვე ნებისმიერი ფაქტის, საკითხის და ექსპერტის აზრის შესახებ და განსაზღვროს მხარეთა შორის დოკუმენტების გაცვლის დრო და ფორმა;
დ) განსაზღვროს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესწორების პროცედურა, რომელიც აუცილებელია რაიმე შეცდომის გამოსასწორებლად, რომელსაც არბიტრაჟი მხარეთა საერთო ინტერესად მიიჩნევს, ოღონდ იმ ფარგლებში, რაც დაშვებულია ამ კონტრაქტისთვის ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებისათვის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, აგრეთვე შეაჩეროს საპროცესო ვადა.
ნაწილი II
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება უფლებამოსილია: განახორციელოს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საქმიანობა. მათ შორის, გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ხარჯის განაწილებასთან.
მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დამთავრებიდან ერთი თვის ვადაში.
3. თუ საარბიტრაჟო განხილვის რომელიმე ეტაპზე მხარეები მიაღწევენ სრულ შეთანხმებას ყველა სადავო საკითზე, არბიტრაჟი წყვეტს საარბიტრაჟო განხილვას და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მორიგების შესახებ განცხადების შეტანიდან 30 დღის განმავლობაში.
4. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. არბიტრი, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს. არბიტრებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით საარბიტრაჟო განხილვის ენაზე და მასში უნდა აღინიშნოს:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა;
გ)მხარეთა ვინაობა და მისამართები;
დ) საარბიტრაჟო შეთანხმება;
ე)დავის საგანი;
ვ)სამოტივაციო ნაწილი იმ დასაბუთებით, რის საფუძველზეც არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას);
ზ) არბიტრაჟის დადგენილება;
თ) გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.
6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.
8. ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელს (წარწერას) გასცემს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან არბიტრაჟის ინიციატივით, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის განმავლობაში დაიშვება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ან/და მასში დაშვებული მექანიკური, ტიპოგრაფიული, თუ გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის გასწორება საქართველოს კანონის „არბიტრაჟის შესახებ” 41-ე მუხლით დადგენილი წესებით. ასეთი განმარტება წარმოადგენს გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 20. საქმის წარმოების შეწყვეტა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
1. თუ საქმეზე არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო განხილვა წყდება დადგენილებით, საქმის შეწყვეტის შესახებ.
2. საქმის წარმოება წყდება:
ა) მოსარჩელის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმისას, თუ მოპასუხე ასეთი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ წამოაყენებს თავის პრეტენზიებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და არბიტრაჟი არ დაადგენს მოპასუხის კანონიერ ინტერესს დავის ბოლომდე მოწესრიგების თაობაზე;
ბ) თუ არსებობს მხარეთა შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე;
გ) თუ არბიტრაჟს მიაჩნია, რომ რაიმე მიზეზით შეუძლებელია ან საჭირო არ არის საქმის შემდგომი განხილვა, კერძოდ, თუ არ არსებობს ის წანამძღვრები, რომლებიც აუცილებელია საქმის არსებითად განხილვისათვის.
მუხლი 21. დასკვნითი დებულებები
1. სხვა არბიტრაჟის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვა წარმოებს ამ დებულებით გათვალისწინებული დავის განხილვის საერთო წესების დაცვით იმ განსხვავებით, რომ მხარეებს შეუძლიათ სარჩელის ნაცვლად საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანონ ერთობლივი საჩივარი.
2. ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ დებულებით, არბიტრაჟი და მხარეები მოქმედებენ კანონისა და ამ დებულების სულისკვეთებით და იყენებენ ყველა შესაძლებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიულად გამოყენებადი ძალა.