სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №583

1997 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ

სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის საფუძველზე მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ეფექტიანობის ამაღლების, სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვის კონტროლის გაძლიერების, პარალელიზმის აღმოფხვრის მიზნით:

1. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების დანიშვნის, გაცემის, ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის ორგანიზაცია 1998 წლის 1 იანვრიდან გადაეცეს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

2. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობამ (თ.გაზდელიანი) და დირექციამ (ო. ხუფენია) ერთ თვეში შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დებულებებში და წარმოადგინონ დასამტკიცებლად.

3. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა (ა. ცერცვაძე) ყველა დაინტერესებულ სამინისტროსა და უწყებასთან ერთად უზრუნველყონ სავალდებულო და კერძო სოციალური დაზღვევის, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პოლიტიკის ფორმირება, ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა და განვითარება.

4. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით სამხარეო ფონდებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე უზრუნველყონ მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განხორციელება.

5. საპენსიო დოკუმენტაციის ინვენტარიზაციისა და მათი ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გადაცემის პროცედურის სრულყოფილად და დროულად განხორციელების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებმა და მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით შექმნან დროებითი კომისიები. ამ კომისიებმა მუშაობა დაამთავრონ ამა წლის 15 დეკემბრამდე.

6. რეფორმის განხორციელების მიზნით სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების ქონება ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეთ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესაბამის საქალაქო და რაიონულ განყოფილებებს.

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა ხელი შეუწყონ ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

7. რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად წარმოადგინოს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრმა, ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თ. გაზდელიანმა.

ე. შევარდნაძე