საქართველოს 2002 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2002 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს 2002 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედოს წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%- ის ფარგლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5-4% -იანი საპროგნოზო ზრდის პირობებში.
2. 2002 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის წარმართვისას პრიორიტეტი მიენიჭოს ეკონომიკის ზომიერი მონეტიზაციის ტენდენციის შენარჩუნებას იმ პირობით, რომ ფასების მატებამ მის მიზნობრივ მაჩვენებელს არ გადააჭარბოს. ამისათვის მოხდეს ფულის მხოლოდ არაინფლაციური მიწოდება. ეკონომიკური ზრდისა და ფულის მოთხოვნის გათვალისწინებით ფართო ფულის ზრდა ძირითადად განხორციელდეს საბანკო შუამავლობით ხარისხის გაუმჯობესებისა და ფულის მულტიპლიკატორის ზრდის საშუალებით, იმ გაანგარიშებით, რომ ეკონომიკის მონეტიზაციის დონე წლის ბოლოს იყოს არანაკლებ 11%-ისა. სარეზერვო ფულის 8-10%-ით გაზრდა მოხდეს უპირატესად საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო აქტივების აკუმულირების გზით, რაც წარმოადგენს ფულის მიწოდების არაინფლაციურ წყაროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება განხორციელდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, უპირატესად ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მომსახურების მიზნით, ხოლო კომერციული ბანკების დაკრედიტება – ძირითადად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდით უზრუნველყოფილი მექანიზმების (ლომბარდული და რეპოოპერაციების) და საკრედიტო აუქციონის გამოყენებით იმგვარად, რომ წლის ბოლოსთვის ბანკების დავალიანებამ 14 მლნ ლარს არ გადააჭარბოს.
3. 2002 წელს სავალუტო პოლიტიკა დაეფუძნოს მცურავი კურსის რეჟიმს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები განხორციელდეს მხოლოდ უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მიწოდების მოთხოვნაზე გადამეტების შემთხვევაში. გაცვლითი კურსის გამყარებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას, რამაც, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საგარეო ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამავე დროს, საკურსო პოლიტიკა იმპორტს მკვეთრად არ უნდა ზღუდავდეს, რადგან ამან, შესაძლოა, ფასების საგრძნობი მატება განაპირობოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის რეალური კურსების დინამიკას. 2002 წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა იყოს არანაკლებ 1.75 თვის იმპორტის ეკვივალენტისა.
4. მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩაითვალოს ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე დაფუძნებული მონეტარული რეგულირების ახალი მექანიზმის – ღია ბაზარზე ოპერაციების – პრაქტიკაში დანერგვა.
5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა:
ა) საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირებისათვის პირობების შესაქმნელად ხელი შეუწყოს საბანკო სისტემაში კონკურენტული გარემოს გაღრმავებას, პერიოდულად განიხილოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმის გადასინჯვის მიზანშეწონილობის საკითხი;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილოს მთავრობის სასესხო დავალიანების ნაწილის გრძელვადიან სავალო ვალდებულებად გადაფორმების საკითხი; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელი გამოიყენოს ჭარბი ფულადი მასის სტერილიზაციისა და ფულად ბაზარზე კონიუნქტურული რყევის კორექციისათვის;
გ) საბანკო სისტემის კონსოლიდაციისა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად განსაზღვროს კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოცულობა, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობისა;
დ) საბანკო სფეროში ფინანსური სირთულეების გამოაშკარავებისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით უზრუნველყოს კომერციული ბანკების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა, დახვეწოს სისტემური რისკების მართვის მექანიზმები.
6. განვითარების სტადიაზე მყოფი, არამდგრადი ეკონომიკური და საფინანსო გარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკაზე გარე (საგადამხდელო ბალანსის მკვეთრი ცვლილება) თუ შიდა (ფისკალური კრიზისი, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და სხვა) ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენის შემთხვევაში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა წარიმართოს ისე, რომ ძირითადი მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრა მინიმუმადე შემცირდეს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2002 წლის 1 მარტი.
№1314 – IIს