საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №216

 1997 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თანდართული დებულება და სტრუქტურა.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის

სტრუქტურა

1. პალატის ხელმძღვანელობა

2. საორგანიზაციო განყოფილება

3. პრაგმონიმების განყოფილება.

 

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

 საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (შემდგომში – ენის სახელმწიფო პალატა) არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით.

    მუხლი 2

ენის სახელმწიფო პალატა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პარლამენტის დადგენილებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

ენის სახელმწიფო პალატა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

    მუხლი 3

ენის სახელმწიფო პალატას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები ბანკში, სახელმწიფოს გერბიანი ბეჭედი.

    მუხლი 4

ენის სახელმწიფო პალატის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო მისი ადგილობრივი ორგანოებისა – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

თავი II. ენის სახელმწიფო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი

    მუხლი 5

ენის სახელმწიფო პალატას აკისრია შემდეგი ფუნქციები:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ორგანოს, უწყების, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანიზაციის, აგრეთვე, საქართველოს იურისდიქციაში არსებული არასახელმწიფო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის განხორციელება;

გ) საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართულის (აფხაზეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე, აფხაზურის) განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის მშობლიური ენების შენარჩუნებისა და მათი შესაბამისი ინტერესების დაცვის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება.

    მუხლი 6

ა) ენის სახელმწიფო პალატა უფლებამოსილია კონკრეტული საკითხი განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო ენის მუდმივ სახელმწიფო კომისიას;

ბ) ენის სახელმწიფო პალატა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო ენის მუდმივ სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმებით აგვარებს კომისიის სხდომების მომზადებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას, ფართო პროპაგანდას ეწევა სალიტერატურო ენის დამტკიცებულ ნორმათა დასამკვიდრებლად;

გ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში ოპერატიულად განხორციელების მიზნით ენის სახელმწიფო პალატა უზრუნველყოფს კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს და კომისიის სხდომაზე შესაბამის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 7

ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრების მიზნით თვალყურს ადევნებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა ენას.

    მუხლი 8

მონაწილეობს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნაში, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საბაზო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და სხვა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს და ნერგავს შესაბამის ენობრივ სტანდარტებს და ნორმატივებს.

თავი III. ენის სახელმწიფო პალატის უფლებამოსილებანი

    მუხლი 9

ენის სახელმწიფო პალატა უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილებანი, რომელთა შესრულება სავალდებულოა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოსათვის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის;

ბ) გასწიოს ფართო საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ტერიტორიული ერთეულების, ქუჩების, მოედნების და სხვა ობიექტების სახელდებისას გასცეს წარმოდგენილი პროექტების ენობრივი გამართულობისა და შინაარსობრივი მიზანშეწონილობის დამადასტურებელი დასკვნა;

დ) ნებისმიერი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოს, დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციისათვის მათი მომართვის საფუძველზე გასცეს ბეჭდების, შტამპების, ბლანკების, საქმიანი ქაღალდების, საკანცელარიო ნაწარმის, მემორიალური დაფების, საგზაო მაჩვენებლების, ფასიანი ქაღალდების, პირადობის დამადასტურებელი და სხვა მოწმობების, სიგელებისა და დიპლომების, რეკლამების, ფირნიშების, აბრების, სამსახურებრივი სარგებლობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფორმების ენობრივი გამართულობის დამადასტურებელი ცნობები;

ე) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა, თუ ეს უფლება შეზღუდული არ არის კანონით;

ვ) სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის თვალსაზრისით მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტებზე, საქართველოს პრეზიდენტის აქტებსა და სხვა დოკუმენტებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში. წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებანი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიზნით;

ზ) დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნას კომისიები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეთანხმებულ საქმიანობას;

ი) კანონით დადგენილი წესით გამოსცეს პოპულარული და სპეციალური დანიშნულების ლიტერატურა;

კ) მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ სახელმწიფო ენის გამოყენების სფეროში არსებულ დარღვევათა ან ნაკლოვანებათა შესახებ და მისცეს შესაბამისი წინადადება მათ აღმოსაფხვრელად;

ლ) მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ, მოაწყოს მიზნობრივი კონფერენციები და კონკურსები, სხვა შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები ქართული ენის შესწავლის და განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;

მ) დაამყაროს საჭირო კონტაქტები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, ხელი შეუწყოს მათ მიერ ქართული ენის შესწავლის საქმის ორგანიზებას;

ნ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ენის სახელმწიფო პალატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;

ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

თავი IV. ენის სახელმწიფო პალატის ვალდებულებანი

    მუხლი 10

ენის სახელმწიფო პალატა ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების შესრულება;

ბ) დროულად და კვალიფიციურად შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის დავალებები და მოთხოვნები, სისტემატურად მოახსენოს მას პალატისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ;

გ) მჭიდროდ ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

დ) შეასრულოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.

თავი V. ენის სახელმწიფო პალატის მართვა

    მუხლი 11

ენის სახელმწიფო პალატას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 12

ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე (მათ შორის ერთი – პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პალატის თავმჯდომარე.

    მუხლი 13

ენის სახელმწიფო პალატის ქ.თბილისისა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოთა ხელმძღვანელები თავიანთ სამოქმედო რეგიონებში სარგებლობენ ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის მოადგილის უფლებებით.

    მუხლი 14

ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს ენის სახელმწიფო პალატის მიმდინარე საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ენის სახელმწიფო პალატას სხვა, მათ შორის საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანოებთან ურთიერთობისას;

გ) უშუალოდ, აგრეთვე, მოადგილეებისა და პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მეშვეობით წყვეტს პალატის უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;

დ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და პალატის სხვა თანამდებობის პირთა ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;

ე) ამტკიცებს ყველა საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას;

ვ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ენის სახელმწიფო პალატის დებულებას, დამტკიცებული რიცხოვნობისა და შესანახი ხარჯების ფარგლებში ამტკიცებს ენის სახელმწიფო პალატის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;

ზ) ხელმოწერით ადასტურებს გაცემულ დოკუმენტაციას და ოფიციალურ კორესპონდენციას;

თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ენის სახელმწიფო პალატის მუშაკებს;

კ) ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების სათანადო უწყებათა ხელმძღვანელების კანდიდატურებს;

ლ) მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ენის სახელმწიფო პალატის ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელებს;

მ) დებს შრომით ხელშეკრულებებს ენის სახელმწიფო პალატის მუშაკებთან, აგრეთვე, მოწვეულ სპეციალისტებთან;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და წინამდებარე დებულებებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ო) აუქმებს ან ცვლის საკუთარ გადაწყვეტილებებს მათი მართლსაწინააღმდეგო ხასიათის დადგენის შემთხვევაში.

    მუხლი 15

 ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის დავალებით ან მის მიერ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

თავი VI. ენის სახელმწიფო პალატის ადგილობრივი

სტრუქტურები

    მუხლი 16

ენის სახელმწიფო პალატის ადგილობრივი სტრუქტურები იქმნება ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, ორმაგი დაქვემდებარების წესით.

    მუხლი 17

ენის სახელმწიფო პალატის ადგილობრივ სტრუქტურებში თანამშრომელთა მიღება და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის ფარგლებში.

 

 

თავი VII. ენის სახელმწიფო პალატის რეორგანიზაცია ან გაუქმება

    მუხლი 18

ენის სახელმწიფო პალატის რეორგანიზაცია ან გაუქმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.