„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1453
სარეგისტრაციო კოდი
170.000.000.05.001.001.077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 03/06/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება და ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება

1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

2. ნოტარიუსი თანამდებობიდან თავისუფლდება, თუ:

ა) ნოტარიუსი გარდაიცვალა;

ბ) ნოტარიუსმა მიაღწია ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილ საპენსიო ასაკს;

გ) ნოტარიუსმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) ნოტარიუსი წავიდა უცხოეთში მუდმივ საცხოვრებლად;

ე) ნოტარიუსი გადადგა;

ვ) ნოტარიუსმა ჩაიდინა დანაშაული, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;

ზ) ნოტარიუსმა ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით დადგენილი გადაცდომა, რომელიც იწვევს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას;

თ) ნოტარიუსი დაინიშნა კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მიუხედავად დარღვევის ხანდაზმულობისა;

ი) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას;

კ) ნოტარიუსმა დაარღვია ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტი, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ან/და 22-ე მუხლი;

ლ) გამოვლინდა სხვა ისეთი გარემოებები, რაც დაუშვებელს ხდის პირის ნოტარიუსად მუშაობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა ან სანოტარო დოკუმენტის გაყალბება (მიუხედავად ყალბი დოკუმენტის შედგენის ან სანოტარო დოკუმენტის გაყალბების ხანდაზმულობისა), რაც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

3. ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, უნდა ამოირიცხოს საქართველოს ნოტარიუსთა სახელმწიფო რეესტრიდან.

4. ნოტარიუსს უფლებამოსილება უჩერდება, თუ:

ა) ნოტარიუსის მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება;

ბ) ნოტარიუსმა ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით დადგენილი გადაცდომა, რომელიც იწვევს მისი უფლებამოსილების შეჩერებას.

5. ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო საქმიანობა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შესაბამისი აქტების მიღების დღიდან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილების შეჩერება გრძელდება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, გამამართლებელი განაჩენის ან გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლამდე. გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერება იცვლება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებით.

7. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ბრძანებას გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ბრძანების გამოცემამდე იუსტიციის მინისტრი ისმენს ნოტარიუსისა და ნოტარიუსთა პალატის მოსაზრებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არასაპატიო მიზეზით იუსტიციის მინისტრთან ნოტარიუსის გამოუცხადებლობა არ არის ბრძანების გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოება. ბრძანება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და უნდა გაეგზავნოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატებს.

8. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უნდა გადაეცეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატებს.

9. ნოტარიუსს, რომელსაც შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, უფლება აქვს გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 18 მაისი.

№1453–რს