საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №104/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110616021, 17/06/2011
matsne.gov.ge 1,720 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 პრობლემის სამეცნიე­რო აქტუალობა, კვლევის სიახლე
2 პროექტის შემსრულე­ბელთა პროფესიული კვალიფიკაცია
3 პროექტში დასახული მიზნების მიღწევის რეალურობა და მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა
4 რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს ახალ­გაზრდა (40 წლამდე) მეცნიერთა/სტუდენტთა პროფესიულ განვითა­რებას
5 რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის
N კრიტერიუმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №104/ნ 2011 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №2 შესაბამისად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი №1 საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება; ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. 2. კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში – ფონდი) და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – CNRS) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან. 3. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესრულების მონიტორინგის წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;  ბ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;  გ) CNRS – საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) 2007 წლის 28 ივნისს გააფორმა ,,სამენიერო კვლევის ეროვნულ ცენტრსა (საფრანგეთის რესპუბლიკა) და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმი“;  დ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – ქართველი/ფრანგი დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;  ე) მეცნიერთა ჯგუფი – გრანტის მიმღები ქართველი და ფრანგი ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;  ვ) საბაზო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ­თლი­ს იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; საბაზო ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;  ზ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;  თ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტში მონაწილე ფიზიკურ პირთა მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი, მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;  ი) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა, რომელიც შედგება შემდეგი ხარჯვითი კატეგორიებისაგან: გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საგრანტო დაფინანსება, მივლინება.  კ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;  ლ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 12-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები;  მ) ექსპერტი – შესაბამისი დარგის ადგილობრივი, დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტები, რომელიც პირველ ეტაპზე მოახდენს საგრანტო პროექტების შეფასებას.     მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება  1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი და CNRS (შემდგომში – დამფინანსებელი მხარეები).  2. პროექტის მონაწილე ქართველ მეცნიერთა (გრანტის მიმღებთა) დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი.  3. ფონდი უზრუნველყოფს:  ა) CNRS-თან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;  ბ) CNRS-თან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;  გ) პროექტების შეფასებას დამოუკიდებელ ადგილობრივ ექსპერტთა მეშვეობით;  დ) CNRS-ისა და ადგილობრივ ექსპერტთა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით პროექტების დამტკიცებას დასაფინანსებლად;  ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.  4. დამფინანსებელი მხარეები წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს მიღებული /რეგისტრირებული საპროექტო წინადადებების შესახებ.     მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდსა და CNRS-ში ერთობლივი განაცხადი შემოაქვს ქართველი და ფრანგი მეცნიერებისგან შემდგარ ჯგუფს. 2. პროექტში მონაწილე როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ჯგუფს ჰყავს, შესაბამისად, ქართველი და ფრანგი სამეცნიერო ხელმძღვანელი. 3. პროექტში დაგეგმილი კვლევის საქართველოში განსახორციელებელი ნაწილი სრულდება საბაზო ორგანიზაციაში. 4. საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილე შეიძლება იყოს: მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე. 5. საქართველოს მხრიდან პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სულ მცირე ერთი ახალგაზრდა (40 წლამდე) მეცნიერის მონაწილეობა და მისი (მათი) CNRS-ის პარტნიორ ორგანიზაციაში წელიწადში 2-დან 3 თვემდე ვადით მივლინება.     მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 თვე. 2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში. 3. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე. ტრანშების მოცულობა იგეგმება შესაბამის პერიოდში/ეტაპზე პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით. თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა 12 თვეა. 4. ფონდის მხრიდან პირველი ტრანში, ავანსის სახით, გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მომდევნო ტრანში – წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარმოდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე. ბოლო ტრანშის სახელფასო ნაწილის 25% გაიცემა პროექტის საბოლოო ანგარიშგების შემდგომ.     მუხლი 6🔗. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საგრანტო დაფინანსება; ბ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად.     მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარმოდგენა ელექტრონული სახით კომპაქტდისკზე (CD–R) კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ერთობლივ განცხადებასთან ერთად; გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტების შეფასება ადგილობრივ დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; ე) 80 ქულაზე მეტი საშუალო შეფასების მქონე პროექტების რანჟირებული სიის გადაგზავნა CNRS-ში; ვ) რანჟირებული სიიდან CNRS-ის მიერ შერჩეული სამი პროექტის ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება; ზ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან და საბაზო ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.     მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.     მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება 1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა სულ ცოტა ორ დამოუკიდებელ ადგილობრივ ექსპერტს. 20 ქულაზე მეტი განსხვავების შემთხვევაში პროექტი ეგზავნება მესამე ადგილობრივ ექსპერტს. მიღებული სამი შეფასებიდან დაწყვილდება ერთმანეთთან ყველაზე ახლო მდგომი ორი შეფასება და მათი საშუალო არითმეტიკული იქნება პროექტის საბოლოო შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ სამი შეფასებიდან უმცირესი და უმაღლესი შეფასება თანაბრად განსხვავდება საშუალო შეფასებიდან, პროექტის საბოლოო შეფასებად ჩაითვლება საშუალო შეფასება (მაგალითად, თუ პროექტის შეფასებებია 60, 80 და 100 ქულა, საბოლოო შეფასებად ჩაითვლება 80 ქულა). 2. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. იმ პროექტების რანჟირებული სია, რომლებმაც ადგილობრივ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გასაშუალოების შედეგად მიიღეს არანაკლებ 80 ქულისა, გადაიგზვნება CNRS-ში, სადაც მოხდება 3 პროექტის შერჩევა. CNRS-ის მიერ შერჩეული 3 პროექტის სია დასამტკიცებლად გადაეცემა ფონდის სამეცნიერო საბჭოს; 3. პროექტის მონაწილეთა მიერ მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარ პროექტზე გაკეთებულ საექსპერტო დასკვნების გაცნობას უზრუნველყოფს ფონდი. 4. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე პროექტის დასრულებიდან 3 წლის მანძილზე, პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიში, დოკუმენტაცია და პროექტის შედეგები დაუქვემდებაროს დამოუკიდებელ სამეცნიერო ექსპერტიზას.     მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და–ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და–ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.     მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებთან და საბაზო ორგანიზაციებთან. 2. პროექტის შესრულების დროს გრანტის მიმღების მიერ შექმნილ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით. 3. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში. 4. ქართველი მეცნიერები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ჩართულნი არიან მკვლევართა გაცვლის პროცესში, CNRS-ის ინსტიტუტში/ლაბორატორიაში მუშაობის დაწყებამდე ხელს აწერენ ”შეთანხმებას კონფიდენციალობის შესახებ”, რითაც იღებენ ვალდებულებას ამ ორგანიზაციაში ჩატარებული კვლევების შესახებ პარტნიორებთან შეუთანხმებლად ინფორმაციის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით.     მუხლი 12🔗. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღების ფიზიკური პირებისა და CNRS–ს მიერ მოწოდებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე. 4. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების შესაბამისად. 5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში. 6. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. დანართი №2 საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები N კრიტერიუმი ქულების დიაპაზონი ქულა კომენტარი 1 პრობლემის სამეცნიე­რო აქტუალობა, კვლევის სიახლე 0–25 2 პროექტის შემსრულე­ბელთა პროფესიული კვალიფიკაცია 0–20 3 პროექტში დასახული მიზნების მიღწევის რეალურობა და მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა 0–20 4 რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს ახალ­გაზრდა (40 წლამდე) მეცნიერთა/სტუდენტთა პროფესიულ განვითა­რებას 0–20 5 რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის 0–15