დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.416

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება N42

1998 წლის  26 ნოემბერი

ქ.თბილისი

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ

"დაზღვევის  შესახებ" საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის “გ"ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების, სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების უზრუნველყოფის შემდგომი გარანტიების შექმნის მიზნით,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების  მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი" (თან  ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების

წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

"დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი" შემუშავებულია "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის  შესრულების  მიზნით და განსაზღვრავს  სადაზღვევო  ორგანიზაციების მიერ დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების (შემდგომში _ სადაზღვევო რეზერვები) განთავსების ძირითად  მიმართულებებსა და განაწილების წესს.

    მუხლი 2

წინამდებარე წესი არ ვრცელდება დაგროვებადი და დაბრუნებადი სახის დაზღვევის სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა და  ინვესტირებაზე.

    მუხლი 3

სადაზღვევო  ორგანიზაციები, ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და  სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების  მიზნით, ახორციელებენ საკუთარი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა  და ინვესტირებას.

    მუხლი 4

სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება ხდება დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.

    მუხლი 5

1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის ერთ საინვესტიციო ობიექტად ითვლება:

ა) ერთი სახის სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი, მათი რაოდენობისა და  ნაირგვარობის მიუხედავად;

ბ) ერთი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ემისირებული ფასიანი ქაღალდები, მიუხედავად ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ნაირგვარობისა;

გ) ერთი სააქციო საზოგადოების მიერ ემისირებული ფასიანი ქაღალდები;

დ) ერთ ბანკში განთავსებული ანაბრები ლარებში ან უცხოურ ვალუტაში, მიუხედავად სადეპოზიტო ანგარიშების რაოდენობისა;

ე) ერთი ქვეყნის ვალუტა, ამ ვალუტით შეძენილი ფასიანი ქაღალდების  ჩაუთვლელად;

ვ) ერთი დასახელების ძვირფასი ქვები და ლითონები;

ზ) უძრავი ქონების ერთი ობიექტი;

თ) ერთი საკრედიტო დაწესებულება თუ სადაზღვევო ორგანიზაცია სადაზღვევო რეზერვებით იძენს ამ ორგანიზაციის ფასიან ქაღალდებს და განთავსებული  აქვს  სადაზღვევო რეზერვები ამ ორგანიზაციის სადეპოზიტო ანგარიშზე.

2. ანგარიშსწორების ანგარიშზე განთავსებლი სადაზღვევო რეზერვები არ მიეკუთვნება საინვესტიციო ობიექტს.

    მუხლი 6

იკრძალება სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება ნებისმიერი სხვა მიმართულებით,  რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესის მე-8 მუხლით.

    მუხლი 7

სადაზღვევო რეზრვების არანაკლებ 80% ინვესტირებული უნდა იქნეს  საქართველოს  ტერიტორიაზე, თუ კანონმდებლობით და/ან საქართველოს მონაწილეობით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი II

სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების მიმართულებანი

    მუხლი 8

1. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების ძირითადი მიმართულებებია:

ა) სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი (I1) ;                                        

ბ) მუნიციპალური სასესხო ვალდებულებანი (I2);

გ) სადეპოზიტო და საშემნახველო სერტიფიკატები (I3);

დ) სხვა სახის ფასიანი ქაღალდები (გარდა სააქციო საზოგადოების  ჩვეულებრივი  აქციებისა) (I4);

ე) უძრავი ქონება (I5);

ვ) ძვირფასი თვლები და ლითონები (I6);

ზ) სავალუტო ფასეულობები (I7);

2. სადაზღვევო რეზერვები შესაძლებელია განთავსებულ იქნ ე ს სადაზღვევო  ორგანიზაციის ანგარიშსწორების ანგარიშზე (I8);

    მუხლი 9

1. საქართველოს  ტერიტორიაზე  სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება, ამ წესის  მე-8  მუხლით განსაზღვრული მიმართულებებით, ხდება მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომელთა ემისიის პროსპექტები რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

2. საქართველოს  ტერიტორიაზე  სადაზღვევო  რეზერვები განთვსებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ სადეპოზიტო და საშემნახველო  სერტიფიკატებში, რომელთა გამოშვება და  მიმოქცევა დამტკიცებულია ემიტენტი ბანკის მიერ,მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

3. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება სავალუტო ფასეულობებში ხდება სავალუტო რეგულირების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

თავი III

სადაზღვევო რეზერვების განთავსება და ინვესტირება

    მუხლი 10

სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო  ხელშეკრულებათა საფუძველზე  აღებული სადაზღვევო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიზნით, ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არანაკლებ 5  პროცენტისა განთავსებულ უნდა  იქნეს ბანკში სადაზღვევო ორგანიზაციის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

    მუხლი 11

I1  და I2მიმართულებით ერთად შესაძლებელია ინვესტირებულ იქნეს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არა უმეტეს 95%;

    მუხლი 12

1. I3მიმართულებით  შესაძლებელია ინვესტირებულ იქნეს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არა უმეტეს 50%;

2. I3მიმართულებით ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს  არანაკლებ სამ საინვესტიციო ობიექტში;

    მუხლი 13

1. I4მიმართულებით  ინვესტირებული  თანხის  საერთო ოდენობა არ  შეიძლება იყოს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის 15 %-ზე მეტი;

2. I4მიმართულებით  ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს არანაკლებ ორ საინვესტიციო ობიექტში;

    მუხლი 14

1. I5მიმართულებით  ინვესტირებულ  უნდა იყოს ტექნიკური  რეზერვის თანხის სრულიოდენობის არა უმეტეს 30%.

2. I5მიმართულებით ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს  არანაკლებ ორ საინვესტიციო ობიექტში.

    მუხლი 15

I6მიმართულებით  შესაძლებელია  ინვესტირებულ იქნეს  ტექნიკური  რეზერვის  სრული თანხის არა უმეტეს 20%.

    მუხლი 16

გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის ინვესტირება ხდება ინვესტირების  ნებისმიერი  მიმართულებებით  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის  სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.