შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მიღების თარიღი 23.05.2006
ძალაში შესვლა 04.05.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480300000.03.030.000646
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 14/05/2007
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა,
სურთ რა ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადების გზით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2🔗
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, მოძრავი ან უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) ჩეხეთის რესპუბლიკაში;
(i) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(ii) გადასახადი იურიდიულ პირთა შემოსავლებზე;
(iii) უძრავი ქონების გადასახადი;
(შემდგომში „ჩეხეთის გადასახადი“);
b) საქართველოში:
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) მოგების გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3🔗
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ჩეხეთის რესპუბლიკა“ ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას, რომელზეც ჩეხეთის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის სუვერენული უფლებები;
b) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინები „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკას ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნას ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი „საწარმო“ გამოიყენება ნებისმიერი ბიზნესის მიმართ;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
i)ტერმინი „ბიზნესი“ ნიშნავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს მოგების, ანაზღაურების ან კომპენსაციის მიღებას, ასეთი საქმიანობის შედეგების მიუხედავად. ის აგერთვე მოიცავს პროფესიული მომსახურების გაწევას და დამოუკიდებელი ხასიათის სხვა საქმიანობას;
J) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
K) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
i) ჩეხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
ii) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.
მუხლი 4🔗
რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს და მის ნებისმიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში ან იქ განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადეგნს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს არცერთ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ შეუძლებელია მისი სტატუსის დადგენა a)-c) ქვეპუნქტების შესაბამისად,; მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 5🔗
მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს, კერძოდ:
a) ფილიალს;
b) ოფისს;
c) ფაბრიკას;
d) სახელოსნოს, და
e) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ასევე მოიცავს:
a) სამშენებლო მოედანს, სამშენებელო, საამწყობო ან სამონტაჟო ობიექტს არ მათთან დაკავშირებულ საზედამხედველო საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში; თუ ამგვარი მოედანი, პროექტი ან საქმიანობა გრძელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
b) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებას, მათ შორის საკონსულტაციო ან მმართველობითი ხასიათის, ამ მიზნით საწარმოს პერსონალის ან სხვა დაქირავებული პირების გამოყენებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სახის საქმიანობა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგის შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგის შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხამარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას a )-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად; იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას; რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იმავე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობის გარდა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული თუნდაც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, აღნიშნული პუნქტის დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის; კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6🔗
შემოსავლი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის, საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.
4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 7🔗
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო; როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა მიღებულია საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ მე-2 პუნქტი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს დასაბეგრი მოგების ოდენობის ამგვარი განაწილების წესით განსაზღვრაში. განაწილების მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.
5. მუდმივ დაწესებულებას არავითარი მოგება არ მიეწერება საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს.
მუხლი 8🔗
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს ამ გემის მიწერის ნავსადგური. ამგვარი მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, ვის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლუატაციას ახორციელებს.
3. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგერთვე იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.
მუხლი 9🔗
ასოცირებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში; მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როედსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვარს ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანდო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
3. მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოყიენება თაღლითობის, დაუდევრობის ან გამიზნული შეუსრულებლობის შემთხვევებში.
მუხლი 10🔗
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შეიძელბა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციარული მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 25 პროცენტს;
b) დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყნებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე სხვა შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციარული მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხედლი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებული მუდმივ დაწესებულებას. გადასახადით არ იბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11🔗
პროცენტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 8 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.
3. მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, პროცენტი გადასახადისგან თავისუფლდება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც იგი წარმოიქმნება, თუ:
a) მისი მიმღები და ბენეფიციარული მფლობელია:
(i) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა; მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ცენტრალური ბანკი ან ამ მთავრობის კუთვნილი ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი; ან
(ii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ გარანტირებულ სესხთან ან კრედიტთან დაკავშირებით;
b) მისი გადახდა ხდება ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით.
4. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი. ტერმინი „პროცენტი“ არ მოიცავს შემოსავლის სახეობებს, რომლებიც მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად განიხილება როგორც დივიდენდი.
5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოყიენება, თუ პროცენტის ბენეფიციარული მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რმოლის საფუძველზე გადახდილია პროცენტი, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
6. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. ამასთან, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელეშმკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12🔗
როიალტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების გარდა, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ამგვარად გადახდილი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
a) როიალტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს, მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების შემთხვევაში.
b) როიალტის მთლიანი თანხის 10 პპოცენტს, მე-3 პუნქტის c) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების შემთხვევაში.
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.
3. ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება:
a) ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერ ნაშრომზე საავტორო უფლების, კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, კინემატოგრაფიული ფილმების, სატელევიზიო ან რადიომაუწყებლობის ფილმებისა და ფირების ჩათვლით;
b) ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის;
c) ნებისმიერი პატენტის, სასქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის და კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების მიღებისათვის.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეოებით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როიალტი ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწფოში წარმოქმნილად, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა როიალტის გადახდის ვალდებულება და ასეთი როიალტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ როიალტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
6. თუ როიალტის გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13🔗
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებით მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან ამგვარი გემებისა და ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
მუხლი 14🔗
დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი
1. მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დასაქმება არ ხორციელდებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დასაქმება ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივ დაწესებულებაში, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. მეორე პუნქტის b) ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიმნი „დამქირავებელი“ ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს მოცემული სამუშაოს შესრულების უფლება და გააჩნია პასუხისმგებლობა სამუშაოს განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკთან მიმართებაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
მუხლი 15🔗
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან კომპანიის სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 16🔗
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპეორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
მუხლი 17🔗
პენსიები
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, წარსულ პერიოდში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 18🔗
სახელმწიფო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისულების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
(ii)არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისულების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისფულების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 19🔗
სტუდენტები
ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 20🔗
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლისაგან, თუ ასეთი შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა; უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
მუხლი 21🔗
კაპიტალი
1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, წარმოდგენილი ქონებით, რომელიც ქმნის საწარმოს კომერციული ქონების ნაწილს და შედგება ასეთი საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდებისაგან ან ამ გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებისაგან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 22🔗
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:
a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და ვითარების შესაბამისად მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაბეგრილიყო ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მიუხედავად იმისა, როდესაც შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
მუხლი 23🔗
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, პივრელი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგერთვე იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ რეზიდენციის თვალსაზრისით.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კუთვნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელეშმკვრელ ისახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება ნებისმიერი სახის და აღწერილობის გადასახადების მიმართ.
მუხლი 24🔗
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მათ შეუძლიათ აგრეთვე ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.
მუხლი 25🔗
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების განსახორციელებლად, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. პირველი პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს (საზოგადოებრივ წესრიგს).
მუხლი 26🔗
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანმხება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულეების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 27🔗
ძალაში შესვლა
თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით აუწყებს მეორეს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ; ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები ამოქმედდება:
a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე, რომელიც გადახდილია ან დარიცხულია შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე სხვა გადასახადებისა და კაპიტალზე გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე ან კაპიტალზე ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 28🔗
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე მისი მოქმედება არ შეწყდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გადაცემის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც გადახდილია ან დარიცხულია შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალზე სხვა გადასახადების ან კაპიტალზე გადასახადების მიმართ, შემოსავალზე ან კაპიტალზე, ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია 2006 წლის 23 მაისს, ქ. თბილისში, ორ პირად, ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და ჩეხურ ენებზე ტექსტებს შორის ნებისმიერი განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
(ხელმოწერილია)
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)