სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.123
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №469
1997 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში ბოლო წლებში სკოლამდელ დაწესებულებათა ქსელში გამოიკვეთა არაჯანსაღი ტენდენციები: მოსახლეობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად იხურება ბაგები, ბაგა-ბაღები და საბავშვო ბაღები –1989-1997 წლებში სკოლამდელ დაწესებულებათა რაოდენობა 1164 ერთეულით შემცირდა; არარაციონალურად გამოიყენება ისედაც მწირი საბიუჯეტო სახსრები; ფაქტობრივად ნადგურდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; მინიმუმამდეა დაყვანილი საზოგადოების როლი ქსელის დაფინანსებაში; უკონტროლოდ ხდება ბიუჯეტგარეშე სახსრების მოზიდვა და მათი ხარჯვა.
საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებათა ქსელის მაქსიმალურად შენარჩუნების, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მათზე განკუთვნილი სახსრების რაციონალურად გამოყენების, უმწეო ოჯახების ბავშვთა სოციალური დაცვის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა, ქ. თბილისის მერიის განათლების მთავარმა სამმართველომ ხელისუფლების მართვის ორგანოებთან ერთად, ყველა ზომა იხმარონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ქსელის შენარჩუნების, ამ მიზნით ბიუჯეტგარეშე სახსრების მაქსიმალურად მობილიზებისა და რაციონალურად გამოყენებისათვის, მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მუშაობის ნაწილობრივ თვითდაფინანსების პრინციპზე გადასვლას.
2. 1997 წლის 10 ოქტომბრიდან სკოლამდელ დაწესებულებებში (ბაგები, ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები) მუსიკის მასწავლებლის, მეორე ცვლის აღმზრდელის, მზარეულის თანაშემწის შრომის ანაზღაურება მოხდეს თვითდაფინანსების პრინციპით.
3. ორ სააღმზრდელო ჯგუფზე დაწესდეს აღმზრდელის თანაშემწის ერთი საშტატო ერთეული.
4. დაევალოს განათლების სამინისტროს ეკონომიკურ სამსახურს (ბ-ნი კ. გედევანიშვილი):
ა) აღნიშნული ბრძანების შესაბამისად სათანადო ცვლილებები შეიტანოს სკოლამდელ დაწესებულებათა მოქმედ ტიპობრივ შტატებში და პირველ ნოემბრამდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად;
ბ) ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად ინსტრუქცია წინამდებარე ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლში გათვალისწინებული საფასურის ოდენობის შესახებ.
5. ტერიტორიული მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინაშე დაისვას საკითხი საკუთარი საშემოსავლო წყაროების ხარჯზე უმწეო კატეგორიის ოჯახების ბავშვების მეორე მუხლში დაწესებული საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ.
6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს ქ-ნ მ. გოცირიძეს და ბ-ნ თ. ტატიშვილს.
თ. კვაჭანტირაძე