განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.261
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №169
1998 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
დამტკიცდეს განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების წესის შესახებ თანდართული დებულება.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. შარვაშიძე
დებულება
განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამით გათვალისწინებული
სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების წესის შესახებ
1. მოცემული დებულება განსაზღვრავს განათლების რეფორმის რეალიზაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების განთავსებისათვის ტენდერის ჩატარების პირობებს, წინადადებების განხილვისა და გამარჯვებულის გამოვლინების წესებს.
2. ტენდერში მონაწილე იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ.
3. მიღებული განცხადება რეგისტრირდება ტენდერის ორგანიზატორის მიერ სპეციალურ ჟურნალში, ტენდერში მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი კომპონენტის სატენდერო დოკუმენტაცია (სატენდერო დავალება, ინსტრუქცია) და დასტურდება ორივე მხარის მიერ.
4. სატენდერო წინადადებები მიიღება მხოლოდ დაბეჭდილ ორმაგ კონვერტებში, შიდა კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული სატენდერო წინადადება, ხოლო გარე კონვერტში – ინფორმაცია ტენდერის მონაწილის შესახებ (რომელშიც არ უნდა იყოს ნახსენები არავითარი ინფორმაცია სატენდერო წინადადების შესახებ). გარე კონვერტზე უნდა იყოს ნაჩვენები ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის და პრეტენდენტის მისამართები.
5. შემოსული სატენდერო წინადადების გარე კონვერტი იხსნება სატენდერო კომისიის უფლებამოსილი პირის მიერ შემოსვლისთანავე. თუ გარე კონვერტში მოთავსებული დოკუმენტები აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, შიდა კონვერტი გაუხსნელად ინახება სპეციალურ სეიფში. გარე კონვერტში მოთავსებული დოკუმენტების არასრულყოფილების შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ მიიღება და შიდა კონვერტი გაუხსნელად უბრუნდება პრეტენდენტს.
6. სატენდერო წინადადებების მიღება წყდება განცხადებაში მოცემული ვადების შესაბამისად. კონვერტის გახსნა ხდება სატენდერო კომისიის სხდომაზე. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ განიხილება და უბრუნდება პრეტენდენტებს კონვერტების გაუხსნელად. სატენდერო წინადადებების მიღების შეწყვეტის შემდეგ ტენდერის მონაწილეებს არ შეუძლიათ თავის სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა.
7. იმ შემთხვევაში, თუ, ტენდერის საგნის არსიდან გამომდინარე, საჭიროა შემოსული სატენდერო წინადადებების სპეციალისტების მიერ შესწავლა და მათი ექსპერტიზის ჩატარება, სატენდერო წინადადებების განხილვის და შეფასების ვადებს ადგენს სატენდერო კომისია კონვერტების გახსნის შემდეგ, ხოლო თუ სატენდერო წინადადებების განხილვას ხანგრძლივი პერიოდი არ სჭირდება, მათი შეფასება ხდება კონვერტების გახსნისთანავე. სატენდერო წინადადებების განხილვისას პირველ რიგში მოწმდება მათი გაფორმების სისწორე. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ შეესაბამებიან სატენდერო დოკუმენტაცის მოთხოვნებს, არ განიხილება.
8. ტენდერში გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს ერთი ან რამდენიმე მონაწილე. გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია ან მის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა ორგანიზაცია აფორმებს გამარჯვებულთან კონტრაქტებს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე უარს აცხადებს კონტრაქტის გაფორმებაზე მის სატენდერო წინადადებაში მოყვანილი პირობებით, ან დამატებით აყენებს მიუღებელ პირობებს, კონტრაქტი ფორმდება მონაწილესთან, რომელმაც დაიკავა მომდევნო ადგილი.
9. სატენდერო კომისია აცხადებს ტენდერს არშემდგარად, თუ სატენდერო წინადადებების მიღების ვადაში არ შემოვიდა, ან მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო არ იყო მიიღებული არც ერთი სატენდერო წინადადება.
10. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების განხილვის შედეგად გამოვლინდება, რომ არც ერთი სატენდერო წინადადება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს და ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, ტენდერი ითვლება ჩატარებულად, მაგრამ უარყოფითი შედეგით.
11. სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება ხდება არა უგვიანეს ათი დღისა. სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობას იღებენ:
- სატენდერო კომისიის წევრები;
- მოწვეული ექსპერტები და კონსულტანტები;
ტენდერის მონაწილეთა წარმომადგენლები სატენდერო წინადადებების განხილვაზე არ დაიშვებიან. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებების განხილვის პროცესში მოიწვიოს მონაწილეთა წარმომადგენლები მათი წინადადებების ახსნა-განმარტების მიზნით, ან მოითხოვოს მათგან დამატებითი ინფორმაცია.
12. ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვის, შეფასების და მათი შინაარსის შესახებ გავრცელებას არ ექვემდებარება და არ ეცნობება პირებს, რომელნიც ოფიციალურად არ არიან დაკავშირებული ტენდერის ჩატარებასთან. სატენდერო კომისიის წევრები და ტენდერზე მოწვეული ექსპერტები პასუხს აგებენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
13. სატენდერო წინადადებებში დაშვებული შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ასეთი წინადადებების განუხილველად დატოვების ან მისი შემომტანი ორგანიზაციის წარმომადგენლების მოწვევის შესახებ.
14. სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლინება ხდება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე. ყურადღება ექცევა აგრეთვე სატენდერო წინადადებების ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარეებს, და აგრეთვე მონაწილეთა რეპუტაციას.
15. სატენდერო წინადადებების განხილვის შემდეგ სატენდერო კომისიის ყველა წევრი კენჭს უყრის ტენდერზე წარმოდგენილ წინადადებებს, მათი პრიორიტეტების მიხედვით რანჟირების, შეფასების გზით. სატენდერო წინადადებების განხილვაზე მოწვეულ ექსპერტებსა და კონსულტანტებს ხმის უფლება არ გააჩნიათ. ტენდერში გამარჯვებულს ავლენს სატენდერო კომისია კნჭისყრის შედეგად მიღებული ხმების (ან ქულების) უმრავლესობის მიხედვით. სატენდერო კომისია ახდენს, აგრეთვე, ტენდერში მონაწილე წინადადებების საბოლოო რანჟირებას.
16. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულთა გამოცხადების შესახებ ფორმდება ოქმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სატენდერო კომისიის შემადგენლობა;
- სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირთა სია;
- კენჭისყრის შედეგები;
- სატენდერო წინადადებების რანჟირებული ნუსხა;
აღნიშნული ოქმი მტკიცდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მიერ.
17. სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულთა გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულსა და განათლების სამინისტროს შორის ფორმდება კონტრაქტი.
18. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მიჩნეული იქნება არშემდგარად, ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, სატენდერო კომისიას აქვს უფლება, ხელმეორედ გამოაცხადოს იგივე ტენდერი.
19. პასუხისმგებლობა ტენდერის ჩატარებაზე ეკისრება სატენდერო კომისიას.
20. კონტროლს გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესრულებაზე ახორციელებს ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია.
21. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ქვეყნდება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში”.