განჩინება შპს "კონელტექი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2011 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი მარიამ ქიტოშვილი
განმცხადებელი: შპს ,,კონელტექი”
დირექტორი: თეიმურაზ სარიშვილი
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 22 მარტს განცხადებით მიმართა შპს ,,კონელტექის“ დირექტორმა თეიმურაზ სარიშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება.
2011 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებით შპს ,,კონელტექის“ კრედიტორთა კრებაზე შემოწმებულ იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და გაკოტრების მმართველად დაინიშნა თემურ მამასახლისი.
2011 წლის 05 ივლისს შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების მმართველმა თემურ მამასახლისმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, წარმოადგინა ანგარიში და განმარტა, რომ 2011 წლის 25 ივნისს დანიშნულ აუქციონზე მოხდა შპს ,,კონელტექის“ მთლიანი აქტივების, კერძოდ ჰაერის კომპრესორის რეალიზაცია 950 ლარად. აღნიშნული თანხიდან მეურვის გასამრჯელო 100 ლარი გადაირიცხა თემურ მამასახლისის ანგარიშზე. დარჩენილი თანხა 850 ლარი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თემურ მამასახლისმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორის ინფორმაცია და მიაჩნია, რომ შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შპს ,,კონელტექის“ კუთვნილი სამურვეო ქონების _ ჰაერის კომპრესორის რეალიზაცია მოხდა 2011 წლის 25 ივნისს დანიშნულ აუქციონზე 950 ლარად, საიდანაც მეურვის გასამრჯელო ს სახით 100 ლარი გადაირიცხა თემურ მამასახლისის ანგარიშზე. დარჩენილი თანხა 850 ლარი ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე (ს.ფ. 101-106).
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
2011 წლის 20 ივლისის კრედიტორთა კრებაზე, შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების მმართველის თემურ მამასახლისის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოწონებული იქნა კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. გაკოტრების მმართველმა მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,კონელტექის“ სამეურვეო ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით რეალიზებულ იქნა პირველ აუქციონზე, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,კონელტექის“ საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს შპს ,,კონელტექის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,კონელტექის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 205005046) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,კონელტექის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 205005046) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,კონელტექის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე