„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ კანონით აგრეთვე წესრიგდება 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფის საკითხები.“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საპარლამენტო პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში ენიშნება:
ა) პარლამენტის წევრს „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად;
ბ) 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს – ამ კანონის შესაბამისად;
გ) ყოფილი პარლამენტის წევრს;
დ) დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის არასრულწლოვანი შვილი (შვილები) და კმაყოფაზე მყოფი ან შრომისუუნარო მეუღლე.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი წესითა და ოდენობით საპარლამენტო პენსია ენიშნება 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს ან მის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს.“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მარჩენალის დაკარგვის პენსია
მარჩენალის დაკარგვის პენსია ენიშნება დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.“.
5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან საქმიანობის შეუთავსებლობის გამო, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპარლამენტო სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით.“.
მუხლი 2
1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1868–რს