„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 1997, გვ. 32) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფუნქციები კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული გამგებლობის სფეროსა და მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით.
მუხლი 3
ძალაში დარჩეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ გამოცემული, დადგენილი წესით რეგისტრირებული და გამოქვეყნებული ნორმატიული აქტები. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მათი გაუქმება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4
საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხარჯები შესაბამისი პერიოდის განმავლობაში დაიფარება კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დადგენილი ხარჯების გათვალისწინებით.
მუხლი 5
ეთხოვოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
მუხლი 6
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს:
ა) ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
ბ) უზრუნველყოს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
მუხლი 7
1. ეს კანონი, გარდა მე-5 და მე-6 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
2. ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2031-IIს