„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2145
სარეგისტრაციო კოდი
120.190.000.05.001.001.244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 02/06/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 30.05.1998, №19-20, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“.

2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი ადგენს შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, ნედლეულის, მასალების, მოწყობილობების, ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და მათ წარმოება-გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელების საფუძვლებსა და წესს საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესების შესაბამისად და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების განსამტკიცებლად.“.

3. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროდუქცია – ამ კანონით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, ტექნოლოგიები, მოწყობილობები, მომსახურება და ინფორმაცია;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნომენკლატურა – საკონტროლო სიები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის, ბირთვული და სპეციალური არაბირთვული მასალები, მოწყობილობები, ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია და მომსახურება, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი გადატანის საშუალებების შექმნისას;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საექსპორტო და საიმპორტო კონტროლი – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ კანონით, სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება და ამ წესების დარღვევის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა;“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) იმპორტი – უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის შემოტანა მუდმივი განთავსების ან გამოყენების მიზნით, მომსახურების გაწევა და უფლებების მინიჭება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკასთან ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან;

ნ) იმპორტიორი – უცხო სახელმწიფოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის იმპორტს საქართველოში.“.

5. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელების პრინციპები

საქართველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა;

ბ) საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელებისას პოლიტიკური ინტერესების პრიორიტეტულობა;

გ) გაუვრცელებლობის რეჟიმების ფარგლებში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის საბოლოო გამოყენების შემოწმება;

დ) საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ

საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონსა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.“.

6. მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია“.

7. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია“;

ბ) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას განეკუთვნება:“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლში ჩამოთვლილი პროდუქცია, მისი მესაკუთრის, წარმოშობის ადგილისა და დროის მიუხედავად, ექვემდებარება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს.“.

8. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი III. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში“.

9. მე-5–7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში;

ბ) ქმნის და ავითარებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სისტემას;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ საუწყებათაშორისო კომისიას წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საქართველოს საბაჟოს გავლით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე);

დ) ახორციელებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის საკანონმდებლო რეგულირებას.

    მუხლი 6. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი

საქართველოს პრეზიდენტი:

ა) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის მოსაწესრიგებლად და განსახორციელებლად;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პროდუქციის და მომსახურების ნუსხას;

გ) ხელმძღვანელობს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას;

დ) განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში;

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს რაოდენობრივ შეზღუდვებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე);

ვ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას.

    მუხლი 7. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებანი

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები:

ა) უზრუნველყოფენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სისტემის რეალიზებასთან, წესებისა და პროცედურების უნიფიცირებასთან, ახდენენ მათ კორექტირებას;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ საუწყებათაშორისო კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ამოწმებენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტსა და ტრანზიტს;

ე) ახორციელებენ ექსპორტზე (იმპორტზე) განაცხადთა ექსპერტიზას;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში განმცხადებლებს აძლევენ დასკვნებს ექსპორტირებადი (იმპორტირებადი) პროდუქციის იმ კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს;

ზ) აღკვეთენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის უკანონო გადაადგილებას საქართველოს საბაჟოს გავლით.

2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე) საქართველოს საბაჟოს გავლით.“.

10. მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი IV. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელება“.

11. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლი და მისი განხორციელების წესი

1. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი (იმპორტი) ხორციელდება მასობრივი განადგურების იარაღის, სხვა სახის იარაღისა და მათი შექმნის ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც შეიარაღებაზე (მათ შორის, იარაღზე), სამხედრო ტექნიკაზე, ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, მომსახურებასა და საბრძოლო მასალებზე გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროდუქცია ამ კანონის მე-6 მუხლის “ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არის აღნიშნული; ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, წარუდგენს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის მაძიებელი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარუდგენს:

ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტს;

ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს.

5. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციისა და “ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავს მიმღები ქვეყნის ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ამ პროდუქციის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენებისა და ექსპორტიორი ქვეყნის თანხმობის გარეშე მისი მესამე ქვეყნისათვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ.

6. შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამატებით უნდა წარედგინოს:

ა) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებულ განზრახულობათა ოქმი;

ბ) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული კონტრაქტის ან გაფორმებულ განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;

გ) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატი, თუ ნებართვის მაძიებელი თვითონ არ წარმოადგენს მომხმარებელს.

7. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ნებართვას გასცემს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის მე-4–6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.

8. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული პროდუქციის, ასევე სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზისა და საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა წარმოებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის გარეშე.

9. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტის დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოებს.

10. ბირთვული და სპეციალური არაბირთვული მასალების, აგრეთვე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისას (იმპორტისას) კონტრაქტში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ შეამოწმონ ამ პროდუქციის საბოლოო გამოყენება.

11. ბირთვული, სპეციალური არაბირთვული მასალების, განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულების, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, რომლებიც საკონტროლო ნუსხებში აღინიშნება ვარსკვლავით, ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებიც არ ფლობენ ბირთვულ იარაღს, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ ქვეყნების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების თანხმობა იმის შესახებ, რომ მათ მიერ მიღებული საექსპორტო და საიმპორტო პროდუქცია, აგრეთვე მათი გამოყენების შედეგად წარმოებული ბირთვული ან სპეციალური არაბირთვული მასალები, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, დანადგარები, მოწყობილობები:

ა) არ იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღისა და ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად ან სხვა სამხედრო მიზნით;

ბ) დაექვემდებარება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლს (გარანტიას) მათი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში, მიმღებ ქვეყანასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის გარანტიების შესახებ შეთანხმებების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკური დაცვის საშუალებებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ რეკომენდებული დონის შესაბამისად;

დ) რეექსპორტირებული (ექსპორტირებული) იქნება ან გადის მიმღები ქვეყნის იურისდიქციიდან მხოლოდ ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პირობებით; ხოლო 20%-ის ზევით გამდიდრებული ურანის, აგრეთვე პლუტონიუმის ან მძიმე წყლის რეექსპორტი შეიძლება მხოლოდ ატომური ენერგიის საკითხებში უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს წერილობითი თანხმობით.

12. ნებართვის მისაღებად წარდგენილ ცნობათა უტყუარობაზე პასუხისმგებელია ის პირი, რომელმაც შეიტანა განაცხადი ნებართვის მისაღებად.

13. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც გასცა ნებართვა, შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ნებართვის მოქმედება, თუ ექსპორტიორმა (იმპორტიორმა) დაარღვია საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციათა ჩატარების წესი, ასევე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეშვიდე თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

14. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის უფლებამოსილ ორგანოს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია შეამოწმოს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია.

15. საქართველოს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და სამხედრო დანიშნულების დამხმარე ქონების, აგრეთვე მათი შემადგენელი ნაწილების ნიმუშების რემონტის მიზნით გადაადგილება საქართველოს საბაჟოზე ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის შესახებაც ეცნობება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ საუწყებათაშორისო კომისიას.

16. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს საბაჟოს გავლით გატანას აკონტროლებენ საქართველოს საბაჟო ორგანოები.“.

12. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის რეექსპორტი ხორციელდება ამ კანონით ექსპორტისათვის დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი, გარდა ისეთი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის “ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არ არის აღნიშნული, ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით. ნებართვის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ საუწყებათაშორისო კომისიას.“.

13. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ისეთი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქცის ტრანზიტის შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არ არის აღნიშნული, საბაჟო ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და იუსტიციის სამინისტროებს.".

14. მე-10 მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საქართველოს მონაწილეობა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლთან დაკავშირებულ საერთაშორისო სანქციებში

„1. საქართველოს მონაწილეობა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლთან დაკავშირებულ საერთაშორისო სანქციებში ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მიმართ განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა საფუძველზე.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკური სანქციების შემოღების შემთხვევაში ექსპორტიორებისათვის (იმპორტიორებისათვის) ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

15. მე-11–14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 11. ექსპორტის შეზღუდვა

1. საქართველოს უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვები, ემბარგოს ჩათვლით, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე უცხო სახელმწიფოების მიერ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებით, რომელთა წევრიც არის საქართველო.

2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ინტერესების შესაბამისად, ამტკიცებს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე საქართველოს საბაჟოს გავლით.

    მუხლი 12. ინფორმაციის დაცვა

საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროდუქციის ექსპორტიორებისაგან (იმპორტიორებისაგან) მიღებული ინფორმაციის დაცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 13. საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა

საქართველო მონაწილეობს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების უზრუნველყოფასა და განმტკიცებასთან დაკავშირებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც მოქმედებენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სფეროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2145-IIს