შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110909018, 14/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხის“

დებულება

თავი I

შესავალი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1.  წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამავე დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი”, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ, მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას და რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისი დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ)  საარბიტრაჟო სასამართლო/არბიტრაჟი – არბიტრაჟის დებულებით განსაზღვრული წესით შექმნილი ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს;

გ)  საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე – დავის ერთი არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – დავის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი, ხოლო რამდენიმე არბიტრის მეშვეობით განხილვის შემთხვევაში – არბიტრი, რომელსაც არბიტრაჟის მიერ დაეკისრა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქცია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა პროცედურა არ იქნა დადგენილი;

დ) არბიტრი – ფიზიკური პირი, რომელსაც არბიტრაჟთან დადებული აქვს ხელშეკრულება არბიტრაჟის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის თაობაზე და რომელიც დანიშნულ იქნება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, მხარეთა, ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ;

ე) დავა – მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად დაექვემდებარა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს;

ვ) კანონი – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ”;

ზ) დებულება – წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს დავის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში/არბიტრაჟში განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს;

თ) საარბიტრაჟო წარმოება – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისა და სააბიტრაჟო სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა;

ი) მტკიცებულება – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მხარეთა მოთხოვნების სამართლებრივობას, ჭეშმარიტებას და დასაბუთებულობას;

კ) საარბიტრაჟო მოსაკრებელი – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟში დავის განხილვისათვის დაწესებული თანხა;

ლ) მხარე – საარბიტრაჟო მოსარჩელე ან საარბიტრაჟო მოპასუხე;

მ) მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე ერთობლივად;

ნ) საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავის გადაწყვეტის მიზნით საარბიტრაჟო სარჩელით მიმართავს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს;

ო) საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომლის წინააღმდეგაც წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;

პ) საარბიტრაჟო შეთანხმება – მხარეთა შორის საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე/დაწყების შემდეგ წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, მათ შორის, არსებული ან მოსალოდნელი ყველა ან ზოგიერთი დავის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ. საარბიტრაჟო შეთანხმებად განიხილება აგრეთვე ისეთი დოკუმენტი, რომელშიც გაკეთებულია დათქმა დავის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

ჟ) სასამართლო – უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო)/საპელაციო/უზენაესი სასამართლო.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს.

2. ერთსა და იმავე საკითხზე მხარეთა შორის რამდენიმე საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ძალაშია საარბიტრაჟო შეთანხმებების ის დებულებები, რომლებიც არ გამორიცხავს, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ გაუქმებულა უფრო გვიან მიღწეული შეთანხმებით.

3. საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ან იყო გათვალისწინებული, როგორც სხვა ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, განიხილება როგორც მხარეთა შორის არსებული დამოუკიდებელი შეთანხმება, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა ხელშეკრულებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ხელშეკრულება არ არსებობს, ან იურიდიული ძალის არმქონეა, საარბიტრაჟო შეთანხმება რჩება ძალაში.

4. მუდმივმოქედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მოქმედების ჩატარების დროს.

5. დავის კანონიერად გადაწყვეტის მიზნებისთვის, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ქმედება.

6. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს საარბიტრაჟო წარმოების დებულებით დადგენილისაგან განსხვავებულ წესს, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისთვის/საარბიტრაჟო სასამართლოსათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს კანონით აქვთ მინიჭებული.

7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე. რაიმე ზემოქმედება მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟზე/საარბიტრაჟო სასამართლოზე ან ჩარევა მის საქმიანობაში დაუშვებელია.

8. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ან საარბიტრაჟო წარმოების მარეგულირებელი კანონი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

9. თუ კანონის, დებულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

10. საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები უფლებამოსილნი არიან საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დავა დაამთავრონ მორიგებით, საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს, ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.

11. მხარე/მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

12. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, საარბიტრაჟო წარმოების მხარე  ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

13. დებულებით გაუთვალისწინებელ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, საარბიტრაჟო სასამართლო და მხარეები მოქმედებენ დებულების სულისკვეთებით, გონივრულობის ფარგლებში იმისათვის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიული ძალმოსილება.

14. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო/სარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება დებულებით ან/და კანონით, გადაწყდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

15. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს/საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დავის განხილვასთან ან/და გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ითვლება საბოლოოდ და სავალდებულოდ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის.

16. დებულების მუხლებს აქვთ სათაურები მისი ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები მხედველობაში არ მიიღებიან მისი შინაარსის განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტავად.

თავი II

საარბიტრაჟო წარმოების პრინციპები

    მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების ზოგადი პრინციპები

1. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2. საქმის გარემოებათა გასარკვევად საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. მხარეებს ეძლევათ უფლება (და რეკომენდირებულია), თავისი შეხედულებისამებრ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების პროცედურებზე, იმ პირობით რომ ის არ მოვა წინააღმდეგობაში კანონთან ან/და დებულების წესებთან და ამასთან, განუხრელად იქნება დაცული საარბიტრაჟო წარმოების საერთო პრინციპები:

•    თითოეული მხარის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულება, რითაც თითოეულ მხარეს მიეცემა თანაბარი საშუალება, წარმოადგინოს თავისი პოზიცია და უარყოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები;

•    თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი ხარჯი და დროის გაჭიანურება დავის საბოლოო გადაწყვეტისათვის.

4. მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელონ მათზე დამოკიდებული ყველა ღონისძიება საარბიტრაჟო წარმოების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარებისათვის.

    მუხლი 4. კონფიდენციალურობა

1.  საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან/შეთანხმდებიან ან, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.  წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.

3.  არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულნი არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

4.  მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან კონფიდენციალურობის საერთო პრინციპი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე საარბიტრაჟო განხილვის დეტალებისა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პროცედურის, დოკუმენტის, ინფორმაციის შესახებ, თუ ეს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია საარბიტრაჟო განხილვამდე არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია. ამ საერთო წესისაგან არსებობს გამონაკლისები, კერძოდ, როცა:

ა) მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვისა და გადაწყვეტილების საჯაროობას;

ბ) მხარეს სჭირდება ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გახმოვანება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლებების (გადაწყვეტილების ცნობა, აღსრულება, იძულებითი აღსრულება, გასაჩივრება სასამართლოში კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) სარეალიზაციოდ.

5. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი არ აქვეყნებს (არ ხდის საჯაროს) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან მის ნაწილს, თუ ამაზე არა აქვს მიღებული საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარისა და საარბიტრაჟო სასამართლოს წინასწარი წერილობითი თანხმობა.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა

1. არც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, არც მისი თანამშრომლები, არც საარბიტრაჟო სასამართლო (მათ შორის, თავმჯდომარე), არც არბიტრ(ებ)ი, სპეციალისტები და ექსპერტები არ არიან პასუხისმგებელნი არც ერთი მხარის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში წინამდებარე დებულების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებებისა და უმოქმედობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარე დაამტკიცებს, რომ ეს მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს წინასწარ განზრახ სამართალდარღვევას იმ პირის თუ ორგანოს მიერ, რომელიც მხარის მტკიცებით იყო პასუხისმგებელი ამ მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე.

2. მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მასში დებულების მიხედვით შესწორებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობა ამოწურული, არც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, არც მისი თანამშრომლები, არც საარბიტრაჟო სასამართლო (მათ შორის, თავმჯდომარე), არც არბიტრები, სპეციალისტები და ექსპერტები არ არიან ვალდებულნი, გააკეთონ რაიმე სახის კომენტარები ან განცხადებები რომელიმე პირის წინაშე საარბიტრაჟო წარმოების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, მოიწვიოს რომელიმე ეს პირი როგორც მოწმე რომელიმე სასამართლო საქმეზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას არბიტრაჟის შედეგებიდან გამომდინარე.

თავი III

საარბიტრაჟო წარმოების დაწყება

    მუხლი 6. საარბიტრაჟო სარჩელი

1. მხარე, რომელსაც სურს ამ დებულების შესაბამისად დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა, საარბიტრაჟო სარჩელს წარადგენს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში.

2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:

ა) მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელება;

ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

გ) ინფორმაცია საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი, სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

ე) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისას;

ვ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ;

ზ) მტკიცებულებები და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც საფუძვლად უდებს საარბიტრაჟო მოსარჩელე თავის მოთხოვნებს;

თ) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, თუკი მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;

ი) არბიტრობის სასურველი კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოსარჩელეს, თუ მხარეები არ შეთანხმებულან არბიტრის/არბიტრების მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ დანიშვნის წესზე;

კ) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით (საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; საარბიტრაჟო მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ.).

ლ) დავის საგნის ღირებულება;

მ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს;

3. საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელი და მასზე დართული დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმდენ ეგზემპლარად, რომ ერთი ეგზემპლარი დარჩეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, ხოლო თითო ეგზემპლარი გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საარბიტრაჟო მოპასუხისათვის.

4. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით, ან არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, საარბიტრაჟო სარჩელი დარჩება განუხილველი.

5. საარბიტრაჟო სარჩელი არ მიიღება ან საარბიტრაჟო წარმოება შეწყდება და მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო არ განიხილავს/შეწყვეტს საარბიტრაჟო სარჩელს/დავას, თუ:

ა) მოცემულ დავასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ) სასამართლო წამოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ) მოცემულ დავასთან დაკავშირებით არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზეც მხარეები არ შეთანხმებულან ან, შეთანხმების მიუხედავად, დარღვეულია გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული ვადა;

დ) არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;

ე) საქმე არ არის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ქვემდებარე, ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის განსჯადი;

ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ზ) დაინტერესებული პირის სახელით საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის არბიტრაჟში წარმოებაზე;

თ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საარბიტრაჟო სარჩელში არსებული ხარვეზი.

6. საარბიტრაჟო სარჩელის/დავის განუხილველად დატოვების/შეწყვეტის შესახებ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.

7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში შეამოწმებს, დავა ექვემდებარება თუ არა არბიტრაჟის მიერ განხილვას, ასევე შეამოწმებს, არის თუ არა გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, ხომ არ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები და იღებს გადაწყვეტილებას დავის წარმოებაში მიღების შესახებ, ან განუსაზღვრავს ვადას საარბიტრაჟო მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად (არსებობის შემთხვევაში), ან იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის ერთ ეგზემპლართან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საარბიტრაჟო სარჩელის წარმობაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს. საარბიტრაჟო წარმოებისას წარდგენილი ყველა სხვა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.  

9. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო მოსარჩელეს კი – შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი) იმგვარად, რომ უარი არ თქვას მის მოთხოვნაზე. საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) გამოხმობის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) განუხილველად დატოვებისა და მისი საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

    მუხლი 7. საარბიტრაჟო შესაგებელი

1.  საარბიტრაჟო მოპასუხემ საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო სარჩელზე შეპასუხება (საარბიტრაჟო შესაგებელი), რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელებას;

ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელს (სახელწოდებას), მისამართს (იურიდიულ მისამართს), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

გ) ინფორმაციას საარბიტრაჟო მოპასუხის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი, სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ შესაგებელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნების უარყოფას ან მათ სრულ/ნაწილობრივ აღიარებას;

ე) საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შემხვედრი მოთხოვნების ხასიათისა და გარემოებების მოკლე აღწერას;

ვ) კომენტარებს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებზეც აფუძნებს თავის მოთხოვნებს საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელში, ასევე იმ საპროცესო საკითხებზე, რომლის თაობაზე შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;

ზ) მტკიცებულებებსა და იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებსაც საარბიტრაჟო მოპასუხე საფუძვლად უდებს თავის შესაგებელს;

თ) არბიტრობის სასურველი კანდიდატის სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართს (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს საარბიტრაჟო მოპასუხეს, თუ მხარეები არ შეთანხმებულან არბიტრის/არბიტრების მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ დანიშვნის წესზე;

ი) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალს, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოპასუხე შესაგებლით (საარბიტრაჟო მოსარჩელეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოპასუხე ამყარებს თავის შესაგებელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ);

კ) დოკუმენტების ნუსხას, რომელსაც საარბიტრაჟო მოპასუხე თან ურთავს შესაგებელს.

2. საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო შესაგებელი და მასზე დართული დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმდენ ეგზემპლარად, რომ ერთი ეგზემპლარი დარჩეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, ხოლო თითო ეგზემპლარი გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის.

3. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს საარბიტრაჟო შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას. საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად. ამასთან, საარბიტრაჟო შესაგებლის წარუდგენლობა არ ართმევს საარბიტრაჟო მოპასუხეს შესაძლებლობას, უარყოს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნები ან წარადგინოს შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი.

    მუხლი 8. შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი

1. თუ საარბიტრაჟო მოპასუხეს სურს საარბიტრაჟო მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განხილულ იქნეს მისი შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი, მან ამ უფლებით უნდა ისარგებლოს პირველი საარბიტრაჟო სხდომის გამართვამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელი განიხილება დამოუკიდებლად, თუ მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა, ხოლო თუ საარბიტრაჟო სასამართლო ფორმირებულია – საარბიტრაჟო სასამართლომ, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე არ მიიღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

2. საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენაზე სრულად ვრცელდება საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისა და წარდგენისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. საარბიტრაჟო სარჩელისა და შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვისას, მათ იხილავს ის საარბიტრაჟო სასამართლო, რომლის ფორმირებაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი შესაგებლის ან/და შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ ეგზემპლარს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მისი მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში უგზავნის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც ეძლევა 3 (სამი) დღის ვადა შესაგებელზე/საარბიტრაჟო სარჩელზე საკუთარი წერილობითი პოზიციის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის წარსადგენად. ამ ვადის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობა არ ართმევს საარბიტრაჟო მოსარჩელეს შესაძლებლობას, უარყოს საარბიტრაჟო მოპასუხის მოთხოვნები.

    მუხლი 9. გზავნილი და შეტყობინება  

1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე უწყებით (შეტყობინებით)/გზავნილით აცნობებს მხარეს/მის წარმომადგენელს არბიტრაჟის ყოველსხდომისა და მოსმენის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ.

2. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტების ან/და თარჯიმნების დაბარება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოებს აგრეთვე შეტყობინებით.

3. ნებისმიერი შეტყობინება ან/და გზავნილი ან/და მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს წერილობით. შეტყობინება/გზავნილი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილით (ფოსტით) ან კურიერის მეშვეობით, ან ფაქსით, ელექტრონული ფოსტით, ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს გზავნილის მიღების რეგისტრაციას. ნებისმიერი გზავნილი და შეტყობინება ჩაითვლება გაგზავნილად და გადაცემულად, თუ მათი გაგზავნა განხორციელდა შეტყობინების/გზავნილის მიწოდებისათვის დებულებით განსაზღვრული წესების დაცვით.

4. საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ მხარეს უნდა ეცნობოს შესაბამისი მოქმედების გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

•    მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელებას;

•    მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ;

•    საქმის დასახელებასა და დავის საგანს;

•    დასაბარებელი პირის ვინაობას და იმას, თუ რა სტატუსით არის დაბარებული და მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს მუდმივმოქმედ კერძო აბიტრაჟს გამოუცხადებლობის მიზეზები;

•    წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება.

6. შეტყობინების/გზავნილის ჩაბარების დრო აღინიშნება შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს.

7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს, შეტყობინების/გზავნილის გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს ან/და რომელ მისამართზე გაგზავნოს იგი.

8. შეტყობინება/გზავნილი უნდა ჩაბარდეს უშუალოდ ადრესატს, ორგანიზაციის შემთხვევაში, შეტყობინების/გზავნილის ჩაბარების მიზნებისათვის, ადრესატად განიხილება ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

9. თუ შეტყობინება/გზავნილი ვერ ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს, იგი შესაძლებელია ჩაბარდეს ადრესატის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ოჯახის სრულწლოვანი წევრებიც არ იმყოფებიან ადგილზე, მაშინ – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან, გადასცენ შეტყობინება/გზავნილი ადრესატს. მიმღები პირი ვალდებულია შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. შეტყობინება/გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება აღნიშნული პირების მიერ მისი მიღების დღიდან. ამასთან, ეს პირები ვალდებულნი არიან გზავნილი/შეტყობინება დაუყოვნებლივ ჩააბარონ ადრესატს.

10. საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში მხარის ნამდვილ მისამართად შეტყობინებისა და გზავნილის გადასაცემად, მიიჩნევა მხარის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის/საარბიტრაჟო სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართი, თუ ეს მხარე წერილობით არ აცნობებს საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარეს, არბიტრებს და მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს მისამართის შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას, შეტყობინება/გზავნილი იგზავნება მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის/საარბიტრაჟო სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, შეტყობინება/გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

11. თუ ადრესატი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.

12. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას შეტყობინება/გზავნილი შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა შეტყობინების/გზავნილის მიტანა, ვალდებულია უკან დააბრუნოს შეტყობინების/გზავნილის მეორე ეგზემპლარი შეტყობინების/გზავნილის მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

13. არბიტრაჟმა/საარბიტრაჟო სასამართლომ დასაბარებელ პირს შეტყობინება/გზავნილი შეიძლება გადასცეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შენობაში (მის იურიდიულ მისამართზე).

14. თუ საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება/გზავნილი ჩაბარდება მას, რომელიც ვალდებულია, ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს შეტყობინების/გზავნილის ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

15. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის შეტყობინების/გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოიტანოს გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის მეშვეობით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

16. თუკი გზავნილი/შეტყობინება ჩაბარდა დებულებით განსაზღვრული წესით, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს დავა მხარის/მხარეთა დაუსწრებლად, მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში მოცემულ დავასთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.

17. შეტყობინების და გზავნილის გადაცემის ვადის ათვლის დაწყების თარიღად მიიჩნევა მათი ადრესატისათვის ჩაბარების დღე, ხოლო ელექტრონული საშუალებით შეტყობინების/გზავნილის მიწოდებისას, ელექტრონული შეტყობინების/გზავნილის გადაცემის დღე.

18. დებულებით გათვალისწინებული ვადები იწყებენ დენას შეტყობინების/გზავნილის მიწოდების დღიდან. თუ ადრესატის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას, სადაც განხორციელდა გზავნილის/შეტყობინების მიწოდება, ვადის ამოწურვის ბოლო დღე წარმოადგენს უქმე დღეს, ვადის ამოწურვა გადაიდება მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე. უქმე და დასვენების დღეები, რომლებიც ექცევიან ვადის შუაში, ჩაითვლებიან ამ ვადაში.

19. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს გაახანგრძლივოს (მათ შორის ვადის ამოწურვის შემდეგაც) ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, გათვალისწინებული დებულებით ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებით.

    მუხლი 10. წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა

1.  ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში საქმე აწარმოონ პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

2.  მხარეს შეუძლია აგრეთვე საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

3.  წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ფიზიკურ პირთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეუწყვიტოს წარმომადგენელს უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს არბიტრაჟს და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის წარმოების გადადების საფუძველს. წარმომადგენლის მიერ კანონისა და დებულების შესაბამისად უფლებამოსილების შეწყვეტამდე შესრულებული ყველა მოქმედება ინარჩუნებს იურიდიული მნიშვნელობას.

5.  წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან/და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.

6.  საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ, ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

ა) სააარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

7. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით.

 

თავი IV

საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირება

    მუხლი 11. არბიტრის დანიშვნა

1. საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრება ერთი ან რამდენიმე არბიტრით, კანონის, ამ თავში მოცემული წესებისა და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო სასამართლოში არბიტრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.

2. არბიტრები ინიშნებიან მხოლოდ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრთა რიგიდან. თითოეულ არბიტრს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჰონორარზე შეთანხმებას და პასუხისმგებლობას დავის განხილვაში მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, ასევე წარდგენილი აქვს ნამსახურობის ნუსხა. არბიტრად დანიშვნისათვის საჭიროა დასანიშნი კანდიდატურის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმის განხილვის თაობაზე. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.

3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას, დანიშნოს არბიტრი. იგი საარბიტრაჟო სასამართლოს აკომპლექტებს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც დათქმულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით (თუკი იგი ითვალისწინებს ასეთ კრიტერიუმებს), ასევე არბიტრის შერჩევისას მხედველობაში იღებს საქმის ხასიათს, საქმის გარემოებებს, მხარეთა ადგილმდებარეობასა და ენას.

5. თუ საარბიტრაჟო დავა განიხილება ერთი არბიტრის მიერ, რომლის დანიშვნის უფლებამოსილება მხარეებმა მიანიჭეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, მას ნიშნავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი იგივე ვადაში ნიშნავს არბიტრებს მაშინაც, როდესაც დავა განხილულ უნდა იყოს რამდენიმე არბიტრის მიერ, რომელთა დანიშვნის უფლებამოსილებაც მხარეებმა მიანიჭეს აგრეთვე მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს.

6. თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება არბიტრ(ებ)ის დანიშვნის პროცედურაზე, მაშინ არბიტრ(ებ)ის დანიშვნა განხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს შექმნა ფორმდება მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ბრძანებით.

    მუხლი 12. არბიტრის აცილება

1.  თითოეული არბიტრი, რომელიც მონაწილეობს საარბიტრაჟო დავის განხილვაში, ვალდებულია, იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და მხარეებისაგან დამოუკიდებელი. ის არ უნდა გამოდიოდეს ამა თუ იმ მხარის ინტერესების დამცველად. არბიტრს არა აქვს უფლება, მისცეს მხარეს რჩევები საქმის არსებით გარემოებებზე.

2.  მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. აცილების გამცხადებელი მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს აცილების საფუძვლიანობა და მიუთითოს ამის შესახებ აცილების განცხადებაში.

3. არბიტრის აცილების საფუძველი შეიძლება იყოს, თუ არბიტრი:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირია;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;

გ) მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა;

დ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სხდომის მდივნად;

ე) მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმაა.

4. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

5. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

6. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან რაიმე სხვა მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობისას, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

 

 

თავი V

უზრუნველყოფა

    მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (მის ფორმირებამდე – მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

2. საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების ჩატარება მიაჩნია მხარეს საჭიროდ.

3. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, საარბიტრაჟო სასამართლო (მის ფორმირებამდე – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი) წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;

ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

4. საარბიტრაჟო სასამართლო (მის ფორმირებამდე – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი) უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

5. საარბიტრაჟო სასამართლოს (მის ფორმირებამდე – მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს) საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლია გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებები ან რამდენიმე საშუალება ერთად.

თავი VI

საარბიტრაჟო წარმოება

    მუხლი 14. საარბიტრაჟო წარმოების დაწყება

საარბიტრაჟო წარმოება იწყება საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების დღეს, ხოლო საარბიტრაჟო განხილვა – მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან თუ სახეზეა აღნიშნული შეტყობინების მოპასუხისათვის მიწოდებისა და ჩაბარების კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული მცდელობა, აღნიშნულ დღეს.

    მუხლი 15. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

1.  საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.

2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 16. გამოსაყენებელი სამართალი

საარბიტრაჟო წარმოებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, თუ სად ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა და სად იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 17. საარბიტრაჟო წარმოების ენა

1. საარბიტრაჟო წარმოება, როგორც წესი, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუ მხარეები სხვა რამეს არ გაითვალისწინებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში.

2. თუ რომელიმე დოკუმენტი შედგენილია სხვა ენაზე, ვიდრე საარბიტრაჟო წარმოების ენაა, საარბიტრაჟო სასამართლოს, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, შეუძლია დაავალდებულოს მხარე, რომელმაც წარმოადგინა ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე შესრულებული თარგმანის გარეშე, წარმოადგინოს ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე დამოწმებული თარგმანის სახით.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოცხადდება ქართულ ენაზე და იმ ენაზე, რომელზეც მიმდინარეობდა საარბიტრაჟო წარმოება. ამასთან, არბიტრი/არბიტრები ხელს მოაწერენ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ მხარეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მიაწვდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმანს საარბიტრაჟო წარმოების ენაზე. ამასთან, ტექსტებს შორის შეუსაბამობისას უპირატესობა მიენიჭება გადაწყვეტილების ქართულ, ძირითად ტექსტს.

    მუხლი 18. საარბიტრაჟო სხდომა

1. საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს ყველა სხდომის და ზეპირი მოსმენის თარიღს, საათს და ადგილს და ამის შესახებ სხდომის გამართვამდე 5 (ხუთი) დღით ადრე აცნობებს მხარეებს.

2. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს, საარბიტრაჟო სასამართლომ მოუსმინოს მას საქმის არსებით გარემოებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები შეთანხმებულნი არიან, საარბიტრაჟო წარმოება ჩატარდეს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ წერილობით დოკუმენტებზე დაყრდნობით.

3. საარბიტრაჟო წარმოებისას პროცესუალურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად საარბიტრაჟო სასამართლოს სახელით.

4. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საქმის ზეპირი მოსმენის დაწყებამდე გადასცეს მხარეებს ის კითხვარი, რომლებზეც ითხოვს პასუხებს.

5. საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს სხდომის და ზეპირი მოსმენის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.

6. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და დახურულად აცხადებს საარბიტრაჟო სხდომას.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. არბიტრაჟის სხდომის მდივანი მოახსენებს არბიტრაჟს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაბარდათ თუ არა შეტყობინებები გამოუცხადებელ პირებს დებულებით განსაზღვრული წესის დაცვით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ამოწმებს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

8. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, საარბიტრაჟო სასამართლომ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილოს, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო მოთხოვნილი ზეპირი მოსმენის დანიშვნამდე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან საარბიტრაჟო სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

9. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ არბიტრის მოკლე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს.

10. თავდაპირველად საარბიტრაჟო სასამართლო მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს საარბიტრაჟო სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლო მოისმენს საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს საარბიტრაჟო სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

11. თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, საარბიტრაჟო სასამართლოს, მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

12. საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვები დაუსვან მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრის მიზნით.

13. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ აღნიშნულის შესახებ მხარეები შეთანხმებულნი არიან წერილობით. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შეისწავლის საარბიტრაჟო მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართულ დოკუმენტებს და საარბიტრაჟო მოპასუხის შესაგებელს და თანდართულ დოკუმენტებს. თუ საარბიტრაჟო სასამართლო ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის და საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას შეუძლია თითოეულ მხარეს გაუგზავნოს შეკითხვები და მოსთხოვოს მათ ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების მოწოდება. ამასთან, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია საქმის გარემოებების და მხარეთა მიერ მოწოდებული დოკუმენტების გათვალისწინებით დანიშნოს სხდომა მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მისაღებად.

    მუხლი 19. კომპეტენცია

1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, მათ შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობისა და იურიდიული ძალმოსილების თაობაზე ნებისმიერ სადავო საკითხზე. არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს შეუძლიათ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრონ სასამართლოში, რაც არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შეჩერების საფუძველს.

2. საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება იმის თაობაზე, რომ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს არ გააჩნია დავის განხილვის კომპეტენცია, წარდგენილ უნდა იქნეს შესაგებლის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ხუთდღიან ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე არ ხდის სადავოს მუდივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციას. ასევე განცხადება იმის შესახებ, რომ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო აჭარბებს თავისი კომპეტენციის ფარგლებს, უნდა იყოს გაკეთებული დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო გამოხატავს განზრახვას, მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც, რომელიმე მხარის აზრით, სცილდება მის კომპეტენციას. ამგვარი განცხადების ჯეროვნად წარუდგენლობა ასევე განიხილება უპირობო უარად, მხარემ გახადოს სადავოდ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაგვიანებული განცხადება, თუ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ჩათვლის, რომ დაგვიანება მოხდა საპატიო მიზეზით.

3. მხარეთა წერილობითი შეთანხმება, დავა საარბიტრაჟო წესით გადაწყვიტონ მოცემული დებულების შესაბამისად, გაიგება როგორც მათი ვალდებულება, არ მიმართონ სასამართლოს ან სხვა ორგანოებს არბიტრაჟის კომპეტენციისა და უფლებამოსილების თაობაზე და დავის განხილვისას უპირობოდ დაემორჩილონ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას.

4. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის, იგი საჩივრდება მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი VII

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

    მუხლი 20. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა

1.  მხარეთა და საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე სხვა პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, საარბიტრაჟო სასამართლო შეუდგება წარდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, რის შემდეგაც გამოაქვს გადაწყვეტილება ან ნიშნავს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს.

2.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

    მუხლი 21. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა

1.  საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს საქმის ერთპიროვნულად განმხილველმა არბიტრმა. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

2.  გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

3. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება:

•    გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

•    გადაწყვეტილების გამომტანი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა;

•    არბიტრაჟის სხდომის მდივანი;

•    საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა არბიტრაჟი;

•    მხარეები, მათი წარმომადგენლები;

•    დავის საგანი.

4. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე;

5. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:

•    არბიტრაჟის მიერ დადგენილი გარემოებანი;

•    მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება არბიტრაჟის დასკვნები და გადაწყვეტილება;

•    მოსაზრებანი, რომლებითაც არბიტრაჟი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას;

•    კანონი ან/და სხვა სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც არბიტრაჟი ხელმძღვანელობდა.

6.  გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნას სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ასევე მითითებას საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების თაობაზე.

7.  საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე დავის განმხილველი ყველა არბიტრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

    მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლოს (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის) დადგენილების საფუძველზე.

2. საარბიტრაჟო სასამართლო (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი) უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

    მუხლი 23. მხარეთა მორიგება

1.  თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს საქმის განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით სამოტივაციო ნაწილის გარეშე და შესაბამისად, სავალდებულო არ არის, გადაწყვეტილებაში მიეთითოს მორიგების პირობების მოტივები. გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს საქმის ერთპიროვნულად განმხილველმა არბიტრმა. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

2.  არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3.  მხარეთა მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ასევე მოწმდება სანოტარო წესით, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებისათის დებულებით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 24. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება, შუალედური და დამატებითი გადაწყვეტილება

1. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია დავის განხილვის პროცესში მიიღოს შუალედური გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა დროს. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე. ამ გადაწყვეტილებებს აქვთ იგივე სამართლებრივი ძალა, როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და ძალაში შედიან მათი მიღების დღიდან.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, გასწორებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული ისეთი შეცდომები, როგორიცაა გაანგარიშებაში, ასევე ხელნაწერში და ბეჭდვისას დაშვებული და სხვა მსგავსი ტექნიკური ხასიათის შეცდომები. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია, მხარის მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს თუ არა შესაბამისი შესწორებანი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეცდომების გასწორებაზე საარბიტრაჟო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები და მოწმდება სანოტარო წესით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცდომების გასწორების შესახებ წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.

3. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ზემოაღნიშნული ტექნიკური ხასიათის შეცდომები.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, განმარტებულ და დაზუსტებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილი. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება განმარტების ან განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებას ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს წევრები და მოწმდება სანოტარო წესით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო სასამართლოს თავისი ინიციატივით, ან მხარეთა წერილობითი მომართვის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება საკითხებზე, რომელიც განხილული იყო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, მაგრამ არ აისახა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, კერძოდ:

ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვდა მხარე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული;

ბ) უფლების საკითხის გადაწყვეტის მიუხედავად, გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) გადაწყვეტილებაში არ არის ჩამოყალიბებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მხარეებს შორის განაწილების საკითხი.

დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს საარბიტრაჟო სხდომაზე, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ მხარეებს. მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია.

    მუხლი 25. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა

1.  თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და იგი სავალდებულოა მხარეთათვის.

2.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

    მუხლი 26. საარბიტრაჟო სხდომის ოქმი

1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.

2. საარბიტრაჟო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

•    საარბიტრაჟო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

•    საარბიტრაჟო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

•    საქმის განმხილველი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელება, საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა და საარბიტრაჟო სხდომის მდივანი;

•    სხდომაზე განსახილველი საქმის დასახელება;

•    ცნობები მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;

•    ცნობები მხარეთათვის/წარმომადგენელთათვის მათი საპროცესო უფლებების განმარტების შესახებ;

•    მხარეთა/წარმომადგენელთა შუამდგომლობები;

•   მხარეთა/წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;

•    ცნობები მოწმ(ეებ)ის ჩვენების, ექსპერტის დასკვნის, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ;

•    მხარეთა პაექრობის შინაარსი;

•    ცნობები გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ.

3. სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი ან საქმის კოლეგიურად განხილვის შემთხვევაში – არბიტრები.

თავი VIII

საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები

    მუხლი 27. ზოგადი დებულებები

1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და დამატებითი ხარჯები. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული, მტკიცებულებათა გამოთხოვის ან/და მათ უზრუნველსაყოფად, ასევე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გაწეული, აგრეთვე მხარეთა სხვა ხარჯები.

2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:

ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;

ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე.

3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3%-ს, რასაც ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 (ხუთასი) ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი (დღგ-ს გარეშე) დავის საგნის ღირებულების მიუხედავად.

4. თუ მხარეები შეთანხმებულები არიან საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს და დავა გადაწყდეს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რასაც ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 (ხუთასი) ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი (დღგ-ს გარეშე) დავის საგნის ღირებულების მიუხედავად.

    მუხლი 28. საარბიტრაჟო მოსაკრებლის შემცირება ან/და გადავადება

საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შესაძლებელია შემცირდეს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ მხარის შუამდგომლობით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია, გადაუვადოს მხარეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა.

    მუხლი 29. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა

1. დავის საგნის ღირებულება უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სარჩელში (ან შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელში). თუ არ არის მითითებული დავის საგნის ღირებულება ან მითითებული ღირებულება აშკარად შეუსაბამობაშია დავის საგნის ნამდვილ ღირებულებასთან, დავის საგნის ღირებულებას თავისი ინიციატივით განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი.

2. დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება:

•    თანხის ანაზღაურების მოთხოვნისას - მოთხოვნილი თანხით;

•    ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების მოთგხოვნისას – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;

•    გარკვეული მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ მოთხოვნაზე - მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად.

3. საარბიტრაჟო სარჩელში, რომელიც შედგება რამდენიმე მოთხოვნისაგან, მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.

4. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის დროს არსებული ფასები.

5. თუ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.

    მუხლი 30. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები

1. საარბიტრაჟო წარმოების პროცესში შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი ხარჯები:

ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო წარმოების ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (ქირა, ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და ა.შ.);

ბ) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

დ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;

ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

2. მოწმების, ექსპერტების, სპეციალისტების და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, როგორც წესი, გაიღებს მხარე (გადაიხდის ავანსის სახით), რომელმაც იშუამდგომლა მათ მოწვევაზე, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ სხვა რამ არ იქნება დადგენილი.

3. მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს შეუძლია ხარჯების დაფარვის მიზნით დააკისროს მხარეებს ვალდებულება, გააკეთონ ერთჯერადად ან რამდენჯერმე შუალედური ან საბოლოო გადახდები. ეს თანხები ავანსის სახით უნდა ჩაირიცხოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ანგარიშზე, რომელსაც ის საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში გამოიყენებს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის, საარბიტრაჟო სასამართლოს წევრების, სპეციალისტების, ექსპერტების მომსახურების და სხვა დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.

4. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ შეიტანს ან უარს განაცხადებს შეიტანოს საჭირო ავანსი მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს/საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია, სხვა მხარეს მოსთხოვოს ამ მხარის ნაცვლად ავანსის თანხის შემოტანა იმისათვის, რომ გაგრძელდეს საარბიტრაჟო განხილვა (ეს უნდა აისახოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში). ამ შემთხვევაში, მხარეს რომელმაც სხვა მხარის სანაცვლოდ განახორციელა გადახდა, უფლება აქვს, დავის დასრულებისთანავე მოითხოვოს ეს თანხა წაგებული მხარისგან, თუ დავა მის სასარგებლოდ დასრულდა (ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება აისახება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში).

    მუხლი 31. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა

1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე მთლიანად.

2. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 50%-ით, თუ მხარეებმა მორიგებით დაასრულეს დავა. საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) გამოხმობის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხორციელდება საარბიტრაჟო სასამართლოს პირველი საარბიტრაჟო სხდომის გამართვამდე, საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80%, საარბიტრაჟო სხდომის გამართვის შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) გამოხმობის შემთხვევაში კი საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნებს მის მიერ არბიტრაჟისათვის გადაცემულ საბუთებს და მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%-ს.

3. ზედმეტად გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ.

4. იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საარბიტრაჟო სასამართლო,  როგორც წესი, აკისრებს მეორე მხარეს (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან). თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამასთან, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით, საარბიტრაჟო წარმოების დასრულებამდე შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც წესი, დააკისრებს მოპასუხეს.

5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ან/და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ავანსის სრულად და დაუყოვნებლივ გადაუხდელობა მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც საარბიტრაჟო სარჩელზე ან შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე უარად.

თავი IX

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება

    მუხლი 32. ზოგადი წესი

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილ სასამართლოსადმი მიმართვის გზით.