„სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სანაშენემეცხოველეობისშესახებ“ საქართველოსკანონშიცვლილებისადადამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.96, გვ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ფრინველის, ბოცვრის, თევზისა და ფუტკრის მოშენების და გამოყენების სფეროზე.
2. ეს კანონი არ ვრცელდება სასაქონლო წარმოებაში შინაურ და გარეულ ცხოველთა გამოყენების სფეროზე.
3. აკრძალულია გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენება სანაშენე მეცხოველეობაში.
4. ამ კანონში გამოყენებულია შემდეგი ძირითადი ცნებები:
ა) სანაშენე საქმიანობა მეცხოველეობაში – სანაშენე ცხოველთა მოშენება და სანაშენე პროდუქციის წარმოება;
ბ) სანაშენე ცხოველი – ჯიშის აღწარმოებისათვის განკუთვნილი ცხოველი, რომელიც რეგისტრირებულია არსებული წესით;
გ) სანაშენე პროდუქცია – სანაშენე ცხოველი, მისი თესლი და ემბრიონი;
დ) სანაშენე მეცხოველეობის საწარმო – იურიდიული პირი, გლეხური (ფერმერული) მეურნეობა, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სანაშენე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ან სანაშენე მეცხოველეობის მომსახურების სფეროში;
ე) ბონიტირება – სანაშენე ცხოველის სანაშენე და პროდუქტიული თვისებების შეფასება და აღიარება;
ვ) სანაშენე ღირსება – ცხოველის გენეტიკური პოტენციალი და მისი გავლენა შთამომავლობის სამეურნეო-სასარგებლო თვისებებზე;
ზ) სანაშენე ცხოველთა პროდუქტიულობა – სანაშენე ცხოველთა სამეურნეო-სასარგებლო თვისებათა ერთობლიობა, მათგან მიღებული პროდუქციის ხარისხის ჩათვლით;
თ) ხალასჯიშიანი ცხოველი – ერთი და იმავე ჯიშის მშობლებისაგან წარმოშობილი სანაშენე ცხოველი;
ი) ხალასჯიშიანი მოშენება – ერთი და იმავე ჯიშის ცხოველთა მოშენება ჯიშისათვის დამახასიათებელი თვისებების კონსოლიდაციისა და ტიპიზაციის მიზნით;
კ) მცირერიცხოვანი (გენოფონდური) ჯიში – გენეტიკურ-სელექციური თვისებებით განსხვავებული და გაქრობის წინაშე მყოფი განსაზღვრული ჯიშის იშვიათ ცხოველთა ჯგუფი;
ლ) სანაშენე პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაცია – სანაშენე პროდუქციის შესახებ ცნობების ფიქსაცია სახელმწიფო სანაშენე წიგნში ან სახელმწიფო სანაშენე რეესტრში ცხოველთა შთამომავლობის განსაზღვრისა და პროდუქტიულობის დასადგენად მათი იდენტიფიკაციის მიზნით;
მ) სახელმწიფო სანაშენე წიგნი – ცხოველთა ხალასჯიშიანი მოშენების შედეგად მიღებული ჯიშისათვის განსაკუთრებული ღირსების სანაშენე თვისებათა მონაცემების კრებული;
ნ) სახელმწიფო სანაშენე რეესტრი – სანაშენე ნახირის (კოლტის, ჯოგის) შესახებ მონაცემების კრებული;
ო) სერტიფიკატი (მოწმობა) – ცხოველის წარმოშობის, პროდუქტიულობის და სხვა სანაშენე თვისებების, თესლის ან ემბრიონის ხარისხობრივი მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი;
პ) ნიშანდება – სანაშენე პირუტყვის დანომვრა, ტატუირება, დადაღვა და ცხოველისათვის სხვა განუყოფელი ნიშნის დადება, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას.“.
2. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161–164 მუხლები:
„მუხლი 161. სანაშენე მეცხოველეობის სფეროს ლიცენზირება
სანაშენე მეცხოველეობის სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებია:
ა) სანაშენე საქმიანობა მეძროხეობაში;
ბ) სანაშენე საქმიანობა მეკამეჩეობაში;
გ) სანაშენე საქმიანობა მეცხენეობაში;
დ) სანაშენე საქმიანობა მეცხვარეობაში;
ე) სანაშენე საქმიანობა მეთხეობაში;
ვ) სანაშენე საქმიანობა მეღორეობაში;
ზ) სანაშენე საქმიანობა მეფრინველეობაში;
თ) სანაშენე საქმიანობა მებოცვრეობაში;
ი) სანაშენე საქმიანობა მეთევზეობაში;
კ) სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში.
მუხლი 162. სალიცენზიო პირობები
1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
2. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული ცნობა სადგომი ბინის ვეტერინარულ-სანიტარიული მდგომარეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია ხალასად მოსაშენებელი ჯიშების შესახებ;
გ) ინფორმაცია კადრების (მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესზე პასუხისმგებელი პირების) კვალიფიკაციის შესახებ.
3. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს ცნობა ცხოველთა მოშენების ტერიტორიაზე ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 163. სალიცენზიო მოწმობის ფორმა
სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 164. სალიცენზიო პირობების შემოწმების წესი
1. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით ადგილზე შეამოწმოს სალიცენზიო პირობები სათანადო წერილობითი დასკვნის გაფორმებით. თუ ადგილზე შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზია არ გაიცემა.
2. თუ ამ კანონის 162 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით დასტურდება ცხოველთა მოშენების ტერიტორიაზე არაკეთილსაიმედო ეპიზოოტიური მდგომარეობა, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეათე თავი:
„თავი X. გარდამავალი დებულება
მუხლი 40. გარდამავალი დებულება
ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობით დაკავებული პირები ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში აიღონ შესაბამისი ლიცენზია.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2189-IIს