შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111102001, 07/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – მხარეები),მხარეების სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტის, თანასწორობის, ურთიერთსარგებლობისათვის ურთიერთგაგების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მიზნით,მხედველობაში იღებენ რა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას,ხელმძღვანელობენ რა, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებებისაგან თავიანთი სახელმწიფოების მოქალაქეების და სხვა პირების ეფექტური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად დაცვის მისწრაფებით,ითვალისწინებენ რა, შეთანხმების ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების, გაეროს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი მისი სპეციალიზებული ორგანოების რეზოლუციების, აგრეთვე ევროპის საბჭოს დოკუმენტების მიზნებსა და პრინციპებს, რომლებიც ძალაშია მხარეების სახელმწიფოებისათვის,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1
თანამშრომლობის მიზანი
1. მხარეები თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობენ დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ კი შემდეგ სფეროებში:
ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
ბ) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
გ) ტერორიზმი და მისი დაფინანსება;
დ) ორგანიზებული დანაშაული;
ე) ადამიანებით ვაჭრობა და სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზება;
ვ) კომპიუტერის, ავტომატიზებული სისტემების და კომპიუტერული ქსელების გამოყენების სფეროში ჩადენილი დანაშაული;
ზ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი პრეკურსორების უკანონო ბრუნვა;
თ) იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, ბირთვული, რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების უკანონო წარმოება, შენახვა, ვაჭრობა, აგრეთვე საზღვარზე მათი უკანონო გადატანა;
ი) მხარეების სახელმწიფოების ყალბი ეროვნული ვალუტის ან უცხოური ვალუტის დამზადება და მათი გავრცელება;
კ) ისტორიული და კულტურული ფასეულობების უკანონო ბრუნვა;
ლ) უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებების, ფასიანი ქაღალდების და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება, აგრეთვე მათი გამოყენება;
მ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება);
ნ) კორუფცია (თანამდებობრივი საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაული);
ო) საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშრებული დანაშაულები.
2. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც დანაშაული მზადდება ან ჩადენილია ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დანაშაული შესაძლოა გავრცელდეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან საფრთხე შეუქმნას მეორე მხარის სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
3. წინამდებარე შეთანხმება ზეგავლენას არ ახდენს მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებებზე, რომლებიც არეგულირებს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების საკითხებს, აგრეთვე ზეგავლენას არ ახდენს მხარეების ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

მუხლი 2
თანამშრომლობის ფორმები
თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, მხარეები:
ა) გაცვლიან ინფორმაციას დანაშაულზე, რომელიც მზადდება ან ჩადენილია წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებულ სფეროებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე ან დანაშაულებრივ ორგანიზაციებზე, მათ სტრუქტურასა და კავშირებზე, მათი საქმიანობის საშუალებებსა და მეთოდებზე იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დანაშაულის თავიდან აცილებისათვის ან გახსნისათვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
ბ) ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დანაშაულის თავიდან აცილებისა და გახსნის მიზნით, განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებსაც ეხება მოთხოვნა. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ასეთი ღონისძიებების განხორციელებისას მეორე მხარის წარმომადგენელთა დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობაზე. დაუშვებელია მხარეების წარმომადგენელთა მონაწილეობა ოპერატიულ ღონისძიებებში;
გ) გაატარებენ შეთანხმებულ ღონისძიებებს წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად, აგრეთვე გაცვლიან გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში;
დ) ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ კონტროლირებად მიწოდებას წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად;
ე) მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდიან მეორე მხარეს საგნებისა და ნივთიერებების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო დოკუმენტების, პასპორტების, სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენისას, ან რომლებიც გამოიყენებოდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩასადენად;
ვ) გაცვლიან კვლევის შედეგებს, კერძოდ კრიმინოლოგიის, კრიმინალისტიკისა და კრიმინალისტიკური ტექნიკის სფეროებში;
ზ) განახორციელებენ გამოცდილების გაცვლას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით;
თ) უზრუნველყოფენ მოწმეების, დაზარალებულებისა და სხვა პირების დაცვას მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის ან სხვა ისეთი სერიოზული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;
ი) დაგეგმავენ და განახორციელებენ დანაშაულის თავიდან აცილების ერთობლივ პროგრამებს;
კ) აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობიდან გამომდინარე, წარგზავნიან უფლებამოსილ წარმომადგენლებს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პირდაპირი კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით;
ლ) აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობიდან გამომდინარე, განახორციელებენ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებსა და მხარეების სახელმწიფოების საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
მუხლი 3
კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
1. შესაძლებლობის ფარგლებში მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, კერძოდ შემდეგი საშუალებებით:
ა) ერთობლივი სემინარების, სწავლებებისა და ტრენინგის კურსების ჩატარება;
ბ) სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება.
2. მხარეები აგრეთვე აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით.
მუხლი 4
პირებისა და საგნების ძებნის სფეროში თანამშრომლობა
1. მხარეები თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გაატარებენ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნას დაქვემდებარებული პირების აღმოჩენის, დაკავების, დაპატიმრების ან მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუ აღნიშნული პირები იმყოფებიან ძებნის ინიციატორი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
2. მხარეები აგრეთვე თანამშრომლობენ საგნების ძებნის სფეროში, მათ შორის, ქონების აღმოჩენისა და კონფისკაციისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარების კუთხით.
მუხლი 5
თანამშრომლობის განხორციელება
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ ენაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
2. მოთხოვნები ინფორმაციის მიწოდებაზე ან დახმარების აღმოჩენაზე წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში იგზავნება მხარეების მიერ წერილობითი ფორმით. გადაუდებელ შემთხვევებში, დასაშვებია მოთხოვნის ზეპირი ფორმით წარდგენა. ასეთი მოთხოვნა დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 დღისა, უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.
3. ინფორმაციის მიწოდებაზე ან დახმარების აღმოჩენაზე მოთხოვნაში უნდა მიეთითოს:
ა) მომთხოვნი მხარისა და მოთხოვნის მიმღები მხარის დასახელება;
ბ) მოთხოვნის მიზანი და მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მისი შესრულებისათვის;
გ) საკითხების ჩამონათვალი, რომლებზედაც აუცილებელია პასუხის მიღება;
დ) მოთხოვნაზე პასუხის სასურველი ვადები.

მუხლი 6
მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნის შესრულებაზე, ან დააწესოს მის შესრულებაზე პირობები ან შეზღუდვები, თუ მისმა შესრულებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს, ან თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმა აგრეთვე შესაძლებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნასთან დაკავშირებული ქმედება არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
3. მომთხოვნ მხარეს წერილობით ეცნობება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც წესი, მითითებული უნდა იქნეს უარის თქმის მიზეზები.
მუხლი 7
ინფორმაციის დაცვა
1. საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივი დაცვა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთდაცვის შესახებ 2002 წლის 17 ივლისის შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არ უნდა გაეცნოს მესამე მხარეს იმ მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელმაც ის გადასცა.
მუხლი 8
პერსონალური მონაცემები
თითოეული მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პერსონალური მონაცემები, შემდგომში წოდებული როგორც „მონაცემები”, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიეწოდება და გამოიყენება შემდეგი დებულებების დაცვით:
ა) მხარე, რომელიც იღებს მონაცემებს, იმ მხარის თხოვნის საფუძველზე, რომელიც აწვდის ასეთ მონაცემებს, აცნობებს მას მონაცემების გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ბ) მხარე, რომელიც იღებს მონაცემებს, გამოიყენებს მათ მხოლოდ იმ მიზნით, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით და იმ პირობების დაცვით, რომელიც დადგენილია მხარის მიერ, რომელიც ასეთ მონაცემებს აწვდის. დასაშვებია აგრეთვე ამ მონაცემების გამოყენება დანაშაულის თავიდან აცილების ან გამოძიების მიზნით და ასევე ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნებით;
გ) მხარე, რომელიც აწვდის მონაცემებს, ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემას დაქვემდებარებული მონაცემების უტყუარობა, აგრეთვე გაითვალისწინოს მათი გადაცემის აუცილებლობა და მიზნებთან შესაბამისობა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მონაცემების გადაცემაზე დაწესებული აკრძალვები, რომლებიც დადგენილია მონაცემების მიმწოდებელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
დ) არასწორი მონაცემების ან ისეთი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, რომლებიც არ ექვემდებარებოდა გადაცემას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომელმაც მიიღო ისინი. ასეთ შემთხვევაში, მხარე, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, ვალდებულია დაუყოვნებლივ გაასწოროს ან გაანადგუროს ისინი;
ე) პირის უფლება _ მიიღოს მის შესახებ არსებულ მონაცემებზე ინფორმაცია, განისაზღვრება იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იქნა წარდგენილი განცხადება ასეთი ინფორმაციის მიწოდების შესახებ;
ვ) მონაცემების გადაცემისას მხარე, რომელიც აწვდის მათ, უთითებს ამ მონაცემების შენახვის ვადას, რომელიც გათვალისწინებულია მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ამოწურვის შემდეგაც მონაცემები უნდა განადგურდეს. აღნიშნული ვადის მიუხედავად, გადაცემული მონაცემები უნდა განადგურდეს მაშინვე, როდესაც ისინი აღარ არის აუცილებელი იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ისინი გადაიცა;
ზ) მხარე, რომელიც აწვდის მონაცემებს, და მხარე, რომელიც იღებს მონაცემებს, ვალდებულნი არიან აწარმოონ მათი აღრიცხვა;
თ) მხარე, რომელიც აწვდის მონაცემებს, და მხარე, რომელიც იღებს მონაცემებს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გადაცემული მონაცემების ეფექტური დაცვა არაუფლებამოსილი მოპოვებისაგან, მასში ცვლილებების შეტანისაგან ან გამჟღავნებისაგან.
მუხლი 9
კონსულტაციები და შეხვედრები
მხარეების წარმომადგენლები, აუცილებლობიდან გამომდინარე, მართავენ კონსულტაციებსა და შეხვედრებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგების შეჯამების, მისი ხარისხის შეფასების, ახალი სტრატეგიის განხილვისა და სამომავლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.
მუხლი 10
ხარჯები
მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს მოთხოვნის მიმღები მხარე, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 11
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 12
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
2. თითოეულ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
3. მხარეების წერილობითი თანხმობით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 1992 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ.
შესრულებულია 2011 წლის 20 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას რაიმე უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით

ხელმოწერილია

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით

ხელმოწერილია