შეთანხმება ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111102002, 07/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა
და
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა
და
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა
(შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მხარეები”),სურთ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება;
აცნობიერებენ რა ორივე სახელმწიფოს იმ მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის ხელშეწყობის აუცილებლობას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და არ არიან აკრედიტებულნი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე იმ პერიოდით, რომელიც შესვლის თარიღიდან არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღეს და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია.
მუხლი 2
პირველ მუხლში მითითებული პერიოდის გაგრძელებაზე თანხმობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ, წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 3
მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები მიმართავენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.
მუხლი 4
თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების წევრები ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც შეადგენენ ამ პირების ოჯახის ნაწილს და ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე მათი მივლინების პერიოდში და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია, იმ პირობით, თუ ისინი შეასრულებენ მეორე მხარის სააკრედიტაციო მოთხოვნებს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
მუხლი 5
წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან.
მუხლი 6
თითოეული მხარის მოქალაქეები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის დროს, დაიცავენ ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს.
მუხლი 7
ეს შეთანხმება არ ზღუდავს არც ერთი მხარის უფლებას უარი განუცხადოს მის ტერიტორიაზე შესვლაზე ან ყოფნის ვადის შემცირებაზე მეორე მხარის მოქალაქეებს, რომელსაც იგი მიიჩნევს არასასურველად.
მუხლი 8
მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან ამ შეთანხმებაში მითითებული მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღისა.
დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების ახალი ნიმუშის გამოშვების ან არსებული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიაწვდიან ერთმანეთს ამ პასპორტების ნიმუშებს, რომლებსაც თან უნდა ახლდეს დეტალური ინფორმაცია მათი ძალაში შესვლის შესახებ, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 9
თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 10
ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შევა მეორე დიპლომატიური ნოტის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ, რომლითაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
ამ შეთანხმებაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით. შესწორებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბრაზილიაში, 2011 წლის 26 აგვისტოს, ორ პირად, თითოეული ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ანტონიო აგიარ პატრიოტა
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა მინისტრი