„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №12-55
2011 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა", 18.04.2009, №77-78 გვ. 6-17) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე პუნქტი:
,,65. მიშენება – შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც საანგარიშო ზედაპირის მხრიდან მთლიანად ან მათ ნაწილზე (მათ შორის, მიწისქვეშა და არასრული სართულის დონეზე), ჰორიზონტალური მიმართულებით ხდება მისი მოცულობით-გეგმარებითი განვითარება (ახალი სამყოფ(ებ)ის, სათავს(ებ)ის, სადგომ(ებ)ის და სხვ. დამატება).“.
ბ) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) – წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ. ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა) აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა:
ა) განათების;
ბ) სარწყავი სისტემის;
გ) სარეკლამო ბილბორდის;
დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის;
ე) კიბეების, გზების, ბილიკების.“.
გ) მე-19 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს, მიწისქვეშა შენობა-ნაგებობებს).“.
დ) მე-19 მუხლის მე-18 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) რეკომენდებულია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს საერთო ოდენობის 60%-ის.’’.
ე) მე-19 მუხლის მე-19 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის.“.
ვ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი:
,,26. ამ მუხლში მითითებული ყველა ზონისათვის ძირითად დასაშვებ სახეობას წარმოადგენს ზონის ან/და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხაზობრივი ნაგებობები და დამხმარე ან/და დროებითი შენობა-ნაგებობები.“.
ზ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, სახურავის მთელ პერიმეტრზე, დამუშავებული პროექტის ფარგლებში, ნებადართულია მსუბუქი, თვითმზიდი კონსტრუქციებით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის (მათ შორის, სხვენის არსებობის პირობებში მანსარდის) დაშენება.
2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადზე, რომელზედაც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვს დასრულებული არქიტექტურული იერსახე, მიშენება ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში, იერსახის მოწესრიგების მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით რეგულირებად საკითხებზე.
3. მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებზე შიდა ეზოს სივრცის მხარეს, რომელიც არ იკითხება ქუჩის (გარდა შიდაკვარტალური ქუჩების და ჩიხების) მხრიდან და რომელზეც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, მიშენება ნებადართულია ინდივიდუალურად, იერსახის მოწესრიგების მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით რეგულირებად საკითხებზე. “.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა სართულების სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 2.7 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნიათ ლიფტი და რომელთა ექსპლუატაციის ვადა განსაზღვრულია მაქსიმუმ 50 წლამდე.
5. მე-4 პუნქტში მითითებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დასაშვებია მიშენების/დაშენების დასრულება, თუ სამუშაოები ნაწარმოებია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტაციის საფუძველზე ერთიანი პროექტის ფარგლებში და ჩატარებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილია საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართობი, ამასთან, მიშენების/დაშენების დასრულება არ უნდა აუარესებდეს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობას.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ისტორიულად ჩამოყალიბებული დაბალი ან/და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ე. წ. ,,თბილისურ ეზოებზე“. აღნიშნულ შემთხვევაში მიშენება/დაშენების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო.
7. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისთვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ, არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ ვადაში მშენებლობის დაუმთავრებლობის შემთხვევაში მენაშენეს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ამ მუხლში მითითებული მშენებლობის კონსერვაცია დაუშვებელია.“.
თ) 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) 34-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება ამ მუხლის მე-151; მე-16; მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.”
კ) 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-151 პუნქტი:
,,151. ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობი: კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. აღნიშნული წესის საფუძველზე მოწყობილი ღიობი ვერ ჩაითვლება დაბრკოლებად მომიჯნავე ნაკვეთებზე ახალი მშენებლობისას.“
ლ) 34-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე;
ბ) 3.0 მ-დან 7.5 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე;
გ) 7.5 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე.“.
მ) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
,,12. აკრძალულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრებზე ღობის (მესერი, ლითონის ბადე და სხვ.) მოწყობა, თუ ეს განსაზღვრული არ არის თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციით.“.
ნ) წესების დანართი-1-ის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს – ,,სასტუმრო’’;
ო) წესების დანართი-1-ის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს – ,,სასტუმრო’’;
პ) წესების დანართი-1-ის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატოს – ,,სასტუმრო’’;
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი