„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№831
სარეგისტრაციო კოდი
040.170.020.05.001.000.907
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 19/04/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლში:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტში სიტყვები „ტერიტორიული ერთეულების“ შეიცვალოს სიტყვით „ადგილობრივი“, ხოლო „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ.“, „ა.ე.“, „ა.ვ.“ და „ა.ზ.“ ქვეპუნქტები:

„ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით;

ა.ე) უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონი კოლიზიაში შედის შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულია შესყიდვების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული ამ კანონისაგან განსხვავებული წესები);

ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით;

ა.ზ) სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – საქართველოს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მმართველობითი ორგანოები, საბიუჯეტო დაწესებულება-ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებები და საწარმოები, რომლებიც საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვებს ახორციელებენ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„თ) ფასთა კოტირება – გამარტივებული მეთოდი საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50000 ლარს და ნაკლებია 120000 ლარზე;

ი) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა – განსაკუთრებული სახის შესყიდვა, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტები, საპროექტო სამუშაოები, სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსება;

კ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგნები (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობები, მოწყობილობები, შენობა-ნაგებობები, წარმოების სხვა საშუალებები და მოხმარების საგნები) როგორც მყარ, ასევე თხევად და აიროვან მდგომარეობაში, აგრეთვე ელექტროენერგია, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, როცა ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება თვით საქონლის ღირებულებას;

ლ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი საქონლისა და სამუშაოების გარდა.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში–სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.

3. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, კონტროლის პალატის წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

4. სააგენტოს სტრუქტურა და დებულება უნდა გამომდინარეობდეს ამ კანონიდან და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

5. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.

6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;

გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის, სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

დ) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ვ) მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;

ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ანგარიშგებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენის დაარსება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა;

კ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

     „მუხლი 41. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

1. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის;

ბ) შიგაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;

გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;

ზ) სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობაზე.

    მუხლი 42. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი

1. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭო:

ა) თავის სხდომებზე განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

ბ) ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და თავის სხდომებზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცეს დაუბრკოლებლად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები;

გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.

2. სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შეამოწმოს მათი სისწორე.

3. სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეთვალყურეო საბჭოში არსებული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვით „სააგენტოს“, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოს მიერ შემუშავებული და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს სტატისტიკური ანგარიში განხორციელებული შესყიდვის შესახებ;“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

     „მუხლი 51. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგი სახის საქმიანობას:

ა) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;

ბ) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებაზე სხვა პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისკუსიებისა და მოლაპარაკებების ჩატარება;

ვ) დახურული ტენდერის ჩატარებისას პოტენციურ მონაწილეთა შერჩევა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.

2. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას (მის ხელმძღვანელს, თანამშრომელს) ან სახელმწიფო მართვის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.

3. დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების მომზადება, განხორციელება ან/და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ახლო ნათესაურ კავშირშია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამშრომელთან ან უშუალო მონაწილესთან, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია;

ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია, ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირების დამყარებაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელ სამუშაოებში.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება:

ა) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეებზე;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე მოლაპარაკებაში მონაწილეებზე.

6. ღია ან დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების ვადის დასრულებისთანავე სატენდერო კომისიის ყველა წევრი, მოწვეული კონსულტანტი (ექსპერტი) და შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დაკავშირებულია ამ შესყიდვის განხორციელებასთან, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

7. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის დროს მხედველობაშია მისაღები, რომ:

ა) კონსულტანტმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან/და მისმა ფილიალმა) მონაწილეობა არ უნდა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვის ისეთ პროცედურებში, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ კონსულტანტის სხვა დავალებას;

ბ) ნებისმიერმა კონსულტანტმა (ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პროფესიული, ობიექტური და მიუკერძოებელი რჩევის მიცემა ამ ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით.

    მუხლი 52. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. მრავალწლიანი შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვასა და განხორციელებას შემსყიდველი ორგანიზაცია აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებს.

3. წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ მისი დაფინანსება ხდება ერთიანი წყაროდან.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ არა უგვიანეს 20 დღისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებულ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს.“.

6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ფასთა კოტირების მეთოდი და ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

7. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს სიტყვების „სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე.“.

8. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით, უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დახმარებისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, სახელმწიფო გარანტიით მიღებული კრედიტებით, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა) სახსრებით“, ხოლო მე-2 პუნქტს სიტყვების „აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ასევე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეცსახსრებით.“.

9. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურული ტენდერის ჩატარებისას განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით ან გააგრძელოს დაწყებული ტენდერი ან შეწყვიტოს იგი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.“.

10. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 50000 ლარს;“.

11. VI თავის სათაურში სიტყვების „სახელმწიფო შესყიდვების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მონიტორინგი და“.

12. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–8 პუნქტები:

„5. ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიშს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, ადგილობრივი საფინანსო ორგანოები ვალდებულნი არიან სისტემატურად (ყოველთვიურად) მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის სახსრების ფაქტობრივი გამოყოფის შესახებ.

7. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვებში მონაწილე პირთაგან მოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.

8. სახელმწიფო შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა და სამართლიანობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

„თავი VI1.  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვისა და გასაჩივრების წესი

    მუხლი 241. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი

1. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოსა ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვისას დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შელახულ იქნა მათი უფლებები.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში პრეტენზიის მქონე პირს შეუძლია თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას გადასინჯოს სატენდერო კომისიის ან შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება ან/და განიხილოს წარმოქმნილი დავა.

3. პრეტენზიის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა იმ გარემოებების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომლებმაც გამოიწვიეს პრეტენზია ან დავა. საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც უშუალოდ ეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოქმნილი საჩივარი.

4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს.

5. სააგენტოში საჩივრის შეტანა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჩივართან დაკავშირებით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება მათ არ დააკმაყოფილებთ.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა გამოაქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობება საჩივრის წარმდგენ პირს და შემსყიდველ ორგანიზაციას.

7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს მას შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოების წინაშე დააყენოს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის საკითხი.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ ნებისმიერი საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.

9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება პრეტენზია, თუ იგი ეხება:

ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების შერჩევას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სერიოზული საფუძველი და ახლდეს მომჩივანის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში, სააგენტოში ან სასამართლოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები 10 დღით. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მისი საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეჩერების შესახებ მიღებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს მიერ.

12. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გასაჩივრების პერიოდში სააგენტოსთან შეთანხმებით არ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელების დაყოვნება შეუძლებელია ან გაუმართლებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

13. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.

14. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება გადახდილ იქნეს მომჩივანისთვის, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

     „მუხლი 261. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნა და ამ კანონის   ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სააგენტოდ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2001 წლის 1 მაისამდე გამოცემულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნისა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. სააგენტომ თავის უფლებამოსილებათა განხორციელება დაიწყოს და სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს პირველი შემადგენლობა დაინიშნოს 2001 წლის 1 მაისიდან.

3. 2001 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი დამატებების შეტანით დაადგინოს პასუხისმგებლობის ფორმები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის.

4. 2001 წლის 1 ივნისამდე სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცეს ბრძანება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.

5. 2001 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი.

6. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2001 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ეროვნული ბანკის მიერ განსახორცილებელი შესყიდვების წესი.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 30 მარტი.

№831-IIს