შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111207002, 13/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა

და

ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის

შემოსავლებზე

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და

გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის

შესახებ

 

საქართველოს მთავრობა

და

ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა

სურთ რა გააფორმონ შეთანხმება შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება

ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

    მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება

1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, აგრეთვე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.  

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);

 b) ისრაელში:

(i) საშემოსავლო გადასახადი და კომპანიის გადასახადი (ნამეტ შემოსავალზე გადასახადის ჩათვლით); და

(ii) ქონების გასხვისებიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე დარიცხული გადასახადი, უძრავი ქონების დაბეგვრის შესახებ კანონის შესაბამისად(შემდგომში„ისრაელის გადასახადი”).

4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

    მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

 a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „ისრაელი” ნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს და როდესაც გამოყენებულია გეოგრაფიული მნიშვნელობით, მოიცავს ტერიტორიას, რომელზეც ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას აქვს დაბეგვრის უფლება, ასევე მოიცავს მის ტერიტორიულ ზღვას და მის საზღვრებთან მიმდებარე ტერიტორიას, ზღვის სიღრმეს და წიაღისეულს მის ქვეშ, რომლებზეც ისრაელის სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლისა და ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს ან სხვა უფლებებს და იურისდიქციას.

c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ისრაელს, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა  ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება, როგორც კორპორაციული ერთეული;

f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ფაქტობრივი მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii) ისრაელის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი  სახელმწიფოს მოქალაქეობა;

 (ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

j)  ტერმინი „ბიზნესი“ ასევე მოიცავს პროფესიული  მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის სხვა საქმიანობებს.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით. 

   

    მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, დაფუძნების ადგილის ან რეგისტრაციის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ ი ს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;

d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი.

    მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკა-ქარხანას;

e) სახელოსნოს, და

f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგის დასაწყობებას მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან შუალედური პროდუქტის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას a-e ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი ერთობლიობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ასეთი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

   მუხლი 6

   შემოსავალი უძრავი ქონებიდან

    1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

    მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით. განაწილების მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.

5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან შუალედური პროდუქტის მხოლოდ შეძენის საფუძველზე.

6. ამ მუხლის წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

    მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლოატაციის განმახორციელებელი პირი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

    მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო, თუ ამ შესწორებას ჩათვლის მართებულად, მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

    მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია კომპანია (გარდა ამხანაგობებისა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;

b) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი ცენტრალური ბანკი;

c) დივიდენდების მთლიანი თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია საპენსიო ფონდი ან საპენსიო სქემების განმახორციელებელი სხვა ინსტიტუტი, რომელში მონაწილეობაც საპენსიო სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საპენსიო ფონდი ან სხვა მსგავსი ინსტიტუტი დაფუძნებულია და აღიარებულია საგადასახადო მიზნებისათვის მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობით;

d) დივიდენდების მთლიანი თანხის 5%-ს ყველა სხვა შემთხვევაში.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს ამ კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ფლობა, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

    მუხლი 11

პროცენტი

1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გადასახადისგან თავისუფლდება ამ სახელმწიფოში, თუ მისი გადახდა ხდება:

a) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან მათი ცენტრალური ბანკისათვის;

b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან მათი ცენტრალური ბანკის მიერ;

c) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საპენსიო ფონდისათვის;

d) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ისეთ კორპორაციულ ობლიგაციებთან დაკავშირებით, რომლის მიმოქცევაც ხდება პირველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საფონდო ბირჟაზე და რომელიც გამოიცა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ;

e) სესხებთან, სავალე ვალდებულებებთან ან კრედიტთან დაკავშირებით, რომლებიც გარანტირებულია ან დაზღვეულია საერთაშორისო ვაჭრობის საფინანსო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

4. პირველი და მე-2 პუნქტების პირობები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი გადაეხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც წარმოადგენს პროცენტის ბენეფიციურ მფლობელს და ასეთი პროცენტი გადახდილია ამ პირის მიერ პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ნებისმიერი საქონლის ან ინდუსტრიული, კომერციული ან სამეცნიერო მოწყობილობის განვადებით გაყიდვასთან დაკავშირებული სავალე მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

5. ტერმინი „პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

7. პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს მთავრობა ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

8. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალე ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს როიალტის ბენეფიციური მფლობელი.

2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის (ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით), ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე, ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი აქციების ან სხვა მსგავსი წილების გასხვისებიდან, რომელთა ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავ ქონებას, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი, თუ ამგვარი კაპიტალის მატებით მიღებული შემოსავლების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი.

    მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. ამ შეთანხმების მე-15, მე-17, და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.         

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c)  ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.                          

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

    მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

    მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ ვრცელდება ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად დაფინანსებულია ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მათი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელმწიფო სახსრებიდან, ან ისეთი ინსტიტუტის მიერ, რომლებიც რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც არაკომერციული ინსტიტუტი. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება, შესაბამისად, ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლების მიხედვით.

    მუხლი 17

პენსიები

1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წარსულ პერიოდში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებული სხვა გადახდები დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

    მუხლი 18

საჯარო სამსახური

1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისთვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3. ამ შეთანხმების მე-14 მე-15, მე-16, და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზე.

    მუხლი 19

პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ ი მუშაკები

1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერი მუშაკი, რომელიც ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა უმეტეს ორი წლის პერიოდისა, ამ სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან სხვა სასწავლო ან კვლევით დაწესებულებაში სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით და რომელიც უშუალოდ ამ ვიზიტამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, სწავლებიდან ან კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ ნებისმიერ ანაზღაურებაზე იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში. ამასთან, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მხოლოდ ორი წლის პერიოდის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირი პირველად ეწვევა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აღნიშნული მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არა უპირატესად მესამე პირის ან პირების პირადი ინტერესებისათვის.

    მუხლი 20

სტუდენტები

ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

    მუხლი 21

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

    მუხლი 22

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

 1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ისრაელში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ისრაელში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ისრაელში;

b) როდესაც ასეთი შემოსავალი არის დივიდენდი, რომელიც გადახდილია ისრაელის რეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოს რეზიდენტი კომპანიისათვის და რომელიც ფლობს დივიდენდის გამცემი კომპანიის სააქციო კაპიტალის არა ნაკლებ 25 პროცენტისა, გამოქვითვის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის იმ მოგებაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.

2. ისრაელის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა აცილებული იქნება შემდეგნაირად:

a) როდესაც ისრაელის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ისრაელი დაუშვებს (უცხოური გადასახადების ჩათვლასთან დაკავშირებული ისრაელის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას არ მოახდენს ამ პუნქტის ძირითად პრინციპზე) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში;

b) როდესაც ასეთი შემოსავალი არის დივიდედი, რომელიც გადახდილია საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ისრაელის რეზიდენტი კომპანიისათვის და რომელიც ფლობს დივიდენდის გამცემი კომპანიის სააქციო კაპიტალის არა ნაკლებ 25 პროცენტისა, გამოქვითვის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის იმ მოგებაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.

3. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამის მიუხედავად, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

    მუხლი 23

დისკრიმინაციის თავიდან აცილება

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.

2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის,     მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6პუნქტის დებულებები ვრცელდება, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახის და ფორმის გადასახადზე.

    მუხლი 24

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. კომპეტენტური ორგანო, თუ განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

    მუხლი 25

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან მიმართებაში, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების მიხედვით დაბეგვრა არ მოდის ამ შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი მუხლით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს პირველი პუნქტით განსაზღვრული გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვს, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიების მის ხელთ არსებული ზომები, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებული ვალდებულებაზე მე-3 პუნქტისშეზღუდვები გავრცელდება, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იქნება ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის არ ესაჭიროება.

5. მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს ინფორმაცია არის ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაში, ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.

    მუხლი 26

შეღავათების შეზღუდვა

1. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის პირობების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი არ ისარგებლებს რაიმე შეღავათით მეორე სახელმწიფოს მიერ დაწესებული და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადების შემცირების ან დაბეგვრისგან გათავისუფლების სახით, თუ მთავარი მიზანი ან ერთერთი მთავარი მიზანი, ასეთი რეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირისა მდგომარეობს იმაში, რომ მიიღოს შეთანხმებითგათვალისწინებული შეღავათები.

2. წინა დებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც კომპანია დაკავებულია მნიშვნელოვანი სამეწარმეო საქმიანობით იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც ის არის და შეღავათი, რომელსაც ის ითხოვს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსგან ეხება იმ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებულია ამგვარ საქმიანობასთან.

3. შეთანხმებაარ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს გამოიყენოს თავისი შიდა კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება გადასახადების გადაუხდელობასთან ან გადასახდებისაგან თავის არიდებასთან ბრძოლას.

    მუხლი 27

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და

საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

    მუხლი 28

ცვლილებები და დამატებები

ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნ ე ს ამ შეთანხმებაშინოტების გაცვლის გზით. ეს ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ამ შეთანხმების29-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.  

    მუხლი 29

 ძალაში შესვლა

ეს შეთანხმებაძალაში შედის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და ამ შეთანხმებისდებულებები მოქმედებენ:

a) წყაროს დაკავებული გადასახადების შემთხვევაში შემოსავალზე, რომელიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) სხვა შემოსავლებზე გადასახადების შემთხვევაში, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმებისძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

    მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება წყვეტს მოქმედებას გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიცემის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2010 წლის 12 მაისს, რომელიც შეესაბამება 5770 წლის 28 იარსს ქ. იერუსალიმში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

                        ხელმოწერილია

 

ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის  სახელით

                         ხელმოწერილია

 

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს

მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან

აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის

შესახებ შეთანხმების

ოქმი

     საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

ამ შეთანხმების მიზნებისათვის „რეგისტრაციის ადგილი’’ კრიტერიუმები არ ეხება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციას.

მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით

საქართველოსთან შემთხვევაში „ცენტრალური ბანკი’’ ნიშნავს „საქართველოს ეროვნულ ბანკს’’.

 

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.                                                                                                                                                                          

 

შესრულებულია 2010 წლის 12 მაისს, რომელიც შეესაბამება 5770 წლის 28 იარსს ქ. იერუსალიმში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

  საქართველოს მთავრობის         ისრაელის სახელმწიფოს

  სახელით                                       მთავრობის სახელით

                           ხელმოწერილია                            ხელმოწერილია