„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, № 19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებანი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები:
ა) უზრუნველყოფენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო განხორციელებას;
ბ) შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის სისტემის რეალიზებასთან, წესებისა და პროცედურების უნიფიცირებასთან, ახდენენ მათ კორექტირებას;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ამოწმებენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტსა და ტრანზიტს;
ე) ახორციელებენ ექსპორტზე (იმპორტზე) განაცხადთა ექსპერტიზას;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში განმცხადებლებს აძლევენ დასკვნებს ექსპორტირებადი (იმპორტირებადი) პროდუქციის იმ კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს;
ზ) აღკვეთენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის უკანონო გადაადგილებას პორტალის გავლით.“.
3. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნებართვის გაცემა დაუშვებელია იმ სუბიექტებზე, რომელთა მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფს დაწესებული აქვს შეზღუდვები.“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საერთაშორისო სანქციებით დადგენილი შეზღუდვები
1. საქართველოს უფლება აქვს, დააწესოს შეზღუდვები, ემბარგოს ჩათვლით, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე უცხო სახელმწიფოების მიერ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებით, რომელთა წევრიც არის საქართველო.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ინტერესების შესაბამისად, აწესებს შეზღუდვებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე და ამ შეზღუდვების შესასრულებლად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე, ტრანზიტზე, დროებით შემოტანაზე ან/და გატანაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 ნოემბერი.
№ 5357-IIს